ვნებიანი თხრობა თუ პრეზიდენტის რეზიუმეები

დღევანდელი ბლოგი სექტემბერში დაწერილ ერთ ბლოგს ებმის. მაშინ იქ ვერ მოვახერხე ამაზე საუბარი, ძალიან მიგრძელდებოდა სიტყვა, აქ კი, იმედია, მოვუყრი თავს სათქმელს და კიდევ ერთხელ ჩავეძიები მიზეზებს, რის გამოც დღევანდელ საქართველოში დაკარგა აზრი ლიტერატურამ, ვნებიანმა თხრობამ, ამბავმა, ამ ამბის კითხვამ, სხვისი ნაწერით (გამონაგონით თუ რეალური ისტორიით) ტკბობამ.

რა თქმა უნდა, დღეს საკითხს ვერ ამოვწურავთ და კიდევ არაერთი ბლოგის დაწერა მოგვიწევს მიზეზებში გასარკვევად. ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი წერილი უბრალოდ მორიგი ნაბიჯია (მეორე, მეოთხე, მეხუთე...).

იმ სექტემბრის ბლოგში 2003 წლის რაღაც ხდომილებას ვახსენებდი, რომელსაც ზუსტ სახელს ვერ ვარქმევდი, მაგრამ ერთ რამეში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ მაშინ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგვეპარა, მნიშვნელოვანი დავკარგეთ. რა იყო ეს? შანსი ახალი ქართული ლიტერატურის დაბადების მომსწრენი გავმხდარიყავით?... მოკლედ, აღარ გავაგრძელებ ამ დანაკარგების ჩამოთვლას და არც იმას გავიმეორებ, თუ რამ ჩაანაცვლა იგი თანამედროვე საქართველოში, არამედ შევეცდები ცოტათი კიდევ უკან დავიხიო და 90-ან წლებშიც მოვიკითხო რამდენიმე მიზეზი (მომავალში 80-იანებსაც შევეხები).

90-იანებიდან ძალიან ბევრი რამ მახსენდება, თუმცა ყველას და ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, ეს წერილი მიმოხილვა არაა, არამედ, როგორც არისტოტელე იტყოდა, “აუცილებლობით და ალბათობით” შეკრებილი ამბავი. პირველ რიგში ის ადგილები მახსენდება, სადაც თავად ვტრიალებდი და ვსწავლობდი, ანუ “არილი”. შემდეგ ე.წ. თავისუფალი მწერლების შედარებით ძლიერი თუ სუსტი ფლანგები, რომლებიც კარგად ჩაჯდნენ “ოთხმოცდაათიანელების” ცნებით ნაგულისხმევ მნიშვნელობაში. ზოგი კომფორტითაც კი მოეწყო ამ ცნებაში, სხვები გაიმიჯნენ, ზოგმა ახალი ათასწლეულის დასაწყისში დაძლია ეს ცნება და ყველას დაავიწყა, რომ იგი ერთ დროს ქრესტომათიული 90-იანელი იყო. კიდევ ბევრი რამ მახსენდება, უბრალოდ ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა რომ არ გამომივიდეს (რასაც ვერ ვიტან), ამიტომ ზემოთ დასმულ საკითხს დავუბრუნდები, ანუ 90-იანების დანაკარგებს.

რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში რეალური დანაკარგები იყო, კონკრეტული პოეტის თუ მწერლის წასვლა ამ ქვეყნიდან, მაგრამ გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში ბევრი ისეთი რამ დაიწყო, რამაც უფრო მძიმე შედეგები მოგვცა. პირველ რიგში ის, რომ მაშინდელმა ახალმა, თანამედროვე ლიტერატურამ აქტიური მკითხველი ვერ შეიძინა. ანუ, ჯერ ერთი, არ მოხდა იმ ძველი, 80-იანელი (გნებავთ საბჭოთა) მკითხველების “გადმობირება” და, მეორე მხრივ, ვერც ჩემი ასაკის ყმაწვილებისგან (რომლებიც მაშინ 18-20 წლის იყვნენ) შექმნა კარგი მკითხველი. მე მგონი, სწორედ იმ პერიოდში მოხდა ერთ-ერთი საბედისწერო მოვლენა ამ თვალსაზრისით. რას ვგულისხმობ? იმას, რომ ლამის ყველა მკითხველი, ვინც მაშინდელ “თანამედროვე ლიტერატურას” კითხულობდა, უცებ თავად გახდა მწერალი, რამაც სულ მალე რაღაც უცნაურ კლანებად დაყო ქართული მწერლობა, სადაც ყველანი ერთდროულად მწერლებიც იყვნენ და მკითხველებიც. პოტენციური მკითხველი კი ტელევიზორებს მიუჯდა.

ერთხელ მეგობარს გავუზიარე ჩემი ეს აზრი და მიპასუხა, რომ მთავარი მიზეზი საბჭოთა მკითხველის გაქრობა და ის სიცარიელე იყო, რაც მის შემდეგ გაჩნდაო. როგორც ხედავთ, ამ მოსაზრებამ ჩემთანაც გაიელვა, როცა ძველი მკითხველის “გადმობირება” ვახსენე, თუმცა არ მინდოდა სოციოლოგიური კუთხით დამენახა მკითხველის პრობლემა, არამედ უფრო რეცეფციული ესთეტიკის თვალით და სწორედ ამიტომ ვახსენე რამდენიმეჯერ თანამედროვეობა, მკითხველის მწერლად გადაქცევა და სხვ.

ერთადერთი “ლიტერატურა”, რომლის ველშიც მკითხველის მწერლად ასეთი გადაქცევა არ ხდებოდა, აკა მორჩილაძის ბელეტრისტიკა იყო (ბელეტრისტიკადაც ალბათ მოგვიანებით იქცა აკა მორჩილაძის ნაწერები, რასაც ვერ ვიტყვით მის პირველ სამ რომანზე), რომელიც მაშინ მხოლოდ მკითხველზე იყო პასუხისმგებელი და მხოლოდ მის შექმნაზე ზრუნავდა.

“ბაკურ სულაკაურის” მიერ გამოცემულ “მადათოვამდე...” (1998) გიოს პირველი რომანები ლამის “სამიზდატურად” იყო დაბეჭდილი (1994-ში “მოგზაურობა ყარაბაღში”, 1996-ში “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”) და ჯერ მხოლოდ მზადდებოდა მკითხველის დაბადების საფუძვლები. ეს ახალი მკითხველი რამდენიმე წელიწადში იშვა. იმავე პერიოდში გავიგონე “ცოცხალი კლასიკოსებისგან”, რომ მათაც კი წაიკითხეს აკა მორჩილაძე. თუმცა როცა მკითხველმა დაინახა, რომ მას ვერავინ აუბა მხარი, რომ მის გარდა ნამდვილი, გემრიელი, ჭკვიანური სატყუარა ვერავინ შექმნა, მკითხველი მალე გადაიღალა.

მცდელობები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ეს ნაწერები ან აკას ემსგავსებოდა, ან ძალიან ეტყობოდა, რომ არ სურდა მას დამგვანებოდა. რაღაც ახლის შექმნის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა 2002 წელს ზაზა ბურჭულაძეს (ამ დროს გამოვიდა მისი “წერილი დედას”), მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ სურვილი იყო. ამის შემდეგ მან სხვა გზით წასვლა ამჯობინა (“სიმპსონები”), შემდეგ ისევ შეცვალა გეზი (“მინერალური ჯაზი”), გადაეშვა ლექსიკონებში (“ვირის სახარება”), კიდევ სადღაც გადაუხვია (“ხსნადი კაფკა”). ბევრი იმუშავეს მისმა გამომცემლებმაც, “ინტელექტუალურმა ფეისებმაც”, რომელთა გამონათქვამებითაც აჭრელებული იყო მისი წიგნის ყდები. ტელევიზიამაც. თუმცა ახალი ლიტერატურის (მითუმეტეს მკითხველის) დაბადების მცდელობა ისევ უშედეგოდ დამთავრდა. ზურჭულაძემ მკითხველი უფრო დააფრთხო, ვიდრე მიიზიდა. და ამით იგი გასცდა კიდეც ლიტერატურის ფარგლებს და სადღაც კვების მრეწველობასა და ენერგეტიკას შორის დაიკავა ადგილი (მე მაინც დიდი იმედი მაქვს ზაზასი და მგონია, რომ იგი დაუბრუნდება ლიტერატურას და თავის თავს).

ცალკე საკითხია ბეჭდური და სატელევიზიო მედია, მკითხველის მოპოვების ყველაზე მძლავრი იარაღი მთელს მსოფლიოში, რომელიც საქართველოში იმდენად სუსტია, რომ მისი წყალობით ლიტერატურა დღეს ყველაზე მოსაწყენ რამეებთან ასოცირდება. თავი დავანებოთ იმას, რომ ლიტერატურას არავინ აჭაჭანებს პრემიალურ საეთერო დროში (მოკლე-მოკლე სიუჟეტები არ ითვლება), მხოლოდ ჩვენი საინფორმაციოების საკვირაო გამოშვებების გახსენება იქნებოდა საკმარისი.

მოგეხსნებათ, კვირაობით პოლიტიკური ნიუსები არაა და ეს ჩვენი საინფორმაციოები ისე საცოდავად გამოიყურებიან ხოლმე, რომ გული მოგიკვდებათ. ჯერ ერთი, მაგრად იბნევიან, იმიტომ, რომ იძულებული არიან სოციალურ თემებზე ან კულტურულ სიახლეებზე ილაპარაკონ. და, აი, აქ იწყება ტანჯვა, გარდა იმისა, რომ საერთოდ არ აინტერესებთ ეს თემები, წარმოდგენა არა აქვთ რაზე ლაპარაკობენ. ოპერაზე ისე ლაპარაკობენ, თავი უიმბლდონზე გეგონება, მწერლის გარდაცვალება კი მათთვის უფრო დაჯილდოების ცერემონიალია... ისინი წლების მანძილზე მიეჩვივნენ, რომ საინფორმაციო გამოშვება მხოლოდ რაღაც ობიექტის გახსნისას ვიღაც ჩინოსანის მიერ წარმოთქმული სიტყვის რეზიუმეა და მორჩა.

სად ვიყავით და სად მოვედით?! ვნებიანი თხრობით დავიწყეთ და პრეზიდენტის რეზიუმეებით ვამთავრებთ.

სხვათა შორის, უყურეთ იმ დღეს, ბათუმში რომ გველეშაპის საცეცებზე და გიგანტურ თვალზე ჰყვებოდა მითს პრეზიდენტი? მოისმინეთ ჟურნალისტის რეზიუმე? წიგნებს ისედაც არ ვკითხულობთ და იქნებ ამ მითის რეკონსტრუქცია-ანალიზისთვის მაინც მიგვეხედა.