ევროკავშირი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ანგარიშის გამოსაქვეყნებლად ემზადება

ჰაიდი ტალიავინი

ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატები უარყოფენ გაჟონილ ინფორმაციას, თითქოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს, ომის დაწყებაში საქართველოს დაადანაშაულებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ანგარიშის გამოქვეყნების წინ სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირებას აძლიერებს.

საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, ომის მიზეზების შესახებ დასკვნას, სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, გამოაქვეყნებს.

გასულ კვირაში გერმანიის ავტორიტეტიანმა გამოცემა ”შპიგელმა” გამოაქვეყნა გაჟონილი ინფორმაცია, რომ, ამ დასკვნის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში მთავარ დამნაშავედ საქართველო იქნება მიჩნეული. მაგრამ ბრიუსელში მომუშავე ევროპელი დიპლომატები ამას უარყოფენ. მათი თქმით, ექსპერტთა ჯგუფი დოკუმენტის საბოლოო დახვეწის პროცესშია და მის დასკვნებს ახლა ქართველ, რუს, ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან ათანხმებენ ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში.

”ინფორმირებული წყაროების თანახმად, გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც გერმანიის ჟურნალმა „შპიგელმა“ გამოაქვეყნა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ანგარიში ჯერ არ არის დასრულებული, მასში კვლავ შედის საბოლოო შესწორებები, გათვალისწინებულ იქნა დიდძალი ახალი მასალა - განსაკუთრებით საქართველოს მხრიდან მიღებული ინფორმაცია”, – გვატყობინებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში, აჰტო ლობიაკასი. - ”ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ „შპიგელმა“ უკვე ერთგვარი ტრადიციაც კი შექმნა ამბების ნაადრევად და არასწორად გამოქვეყნებისა, რასაც, ბევრის აზრით, ტენდენციური ელფერი დაჰკრავს. ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ეს ტენდენცია პროქართულობით არ გამოირჩევა.”

კომისიამ მუშაობა, ევროკავშირის დავალებით, 2008 წლის დეკემბერში დაიწყო. თავდაპირველად კომისიას ანგარიში ივლისში უნდა დაესრულებინა, მაგრამ, ახალი მტკიცებულებების გაჩენის გამო, ტალიავინს კიდევ ორი თვე მიეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ახალი მტკიცებულებების დიდი ნაწილი საქართველოში მოიპოვეს. როგორც ჩვენს კორესპონდენტს ბრიუსელში უთხრეს, თავდაპირველად საქართველოს მთავრობა კომისიასთან დიდი ენთუზიაზმით არ თანამშრომლობდა, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა და თბილისმა კომისიას დიდძალი დამატებითი მასალა მიაწოდა. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საქართველოს მხარეს უნდა ჰქონდეს სამხრეთ ოსეთში წარმოებული მობილური სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.

”ევროკავშირისთვის წარმოუდგენელია, რომ ამ ანგარიშმა ბრალი მხოლოდ ან დიდწილად საქართველოს დააკისროს. ეს ანგარიში შესაძლოა უშუალოდ ევროკავშირის არ იყოს, თუმცა ის ევროკავშირის მიერ არის შეკვეთილი, და ევროკავშირისთვის ძალიან რთული იქნება ისეთი შედეგი, რომელიც საქართველოს აქცევს ერთადერთ დამნაშავედ, რუსეთს კი გაამართლებს”, - ამბობს აჰტო ლობიაკასი და დასძენს:”ამდენად, უკვე ეს ფაქტორი მოწმობს, რომ ანგარიში დაბალანსებული იქნება. ჩემი ინფორმაციით, დასკვნა არ იქნება ცალმხრივი. საქართველოს მთავრობამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ საქართველოში რუსეთის ჯარი შეიჭრა და ამას არავინ უგულებელყოფს.”

ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, მათი მთავარი მიზანია ერთმანეთთან შესარიგებლად წაახალისონ თბილისი, მოსკოვი და საქართველოს ორი პრომოსკოვური სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ანგარიშის გამოქვეყნების წინ სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირება გააძლიერა.

პარალელურად, ევროკავშირის დიპლომატები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მიმართ, სადაც 17 სექტემბერს მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ პოტენციური შეთანხმების ძირითადი პრინციპები განიხილეს. შემდეგი, მერვე, რაუნდი 11 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

ამავე დროს, ევროკავშირი მუშაობს წინასწარ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა მინისტრების ერთ-ერთ მომავალ შეხვედრაზე - შესაძლოა, ნოემბერში - ევროკავშირის საქართველოსთან დაკავშირებული სტრატეგია უნდა განიხილონ. ევროკავშირის აღმასრულებელმა კომისიამ გამოთქვა იმედი, რომ ბლოკის წევრი ქვეყნები თანხმობას განაცხადებენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად ნოემბერში.