ოფიციალური თბილისი გმობს უგო ჩავესის გადაწყვეტილებას

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის - დამოუკიდებელ სუბიექტებად მაღიარებელთა წრე ვენესუელის ხარჯზე ფართოვდება. ამ ქვეყნის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა 10 სექტემბერს გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ასე რომ, რუსეთის და ნიკარაგუის შემდეგ გამოიკვეთა მესამე სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობს საქართველოს ამბოხებულ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს. ოფიციალურმა თბილისმა დაგმო ჩავესის ეს გადაწყვეტილება.

2005 წელს ვენესუელამ რუსეთთან გააფორმა შეთანხმება 100 000 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის -”კალაშნიკოვის”- შესყიდვის თაობაზე და მაშინ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა თქვა: ” მე წარმოდგენაც არა მაქვს რა უნდა უყონ ამ 100 000 „კალაშნიკოვს“, წარმოდგენა არა მაქვს რაში სჭირდება ვენესუელას ეს 100 000 ავტომატიო”. მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ვენესუელასა და რუსეთს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეშფოთების პასუხად მოსკოვი აცხადებდა, რომ ეს თანამშრომლობა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს ვენესუელელმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა კარგა ხანია ახალი ტიპის დიქტატორი უწოდეს...

ჩავესი იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც შეხვდა სადამ ჰუსეინს კუვეიტზე ერაყის სამხედრო აგრესიის შემდეგ. მის თანამშრომლობას ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან - ამას გარდა, რუსეთსა და ირანთან - ძლიერი ანტიამერიკული ფრონტის ჩამოყალიბების იდეა კვებავს. სწორედ ჩავესმა თქვა, ვენესუელა იდგება ირანის გვერდით ნებისმიერ სიტუაციაშიო... - თანაც, ეს თქვა ზუსტად იმ დროს, როცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ირანს ბირთვულ პროგრამაზე ხელის აღებისკენ მოუწოდა. ჩავესი მეორე ლიდერია, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების მადლობა დაიმსახურა იმით, რომ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. რუსეთის ლიდერს ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა - და ახლა უკვე ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესიც - უდგას გვერდით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საქმეში . რას ცვლის ან ცვლის თუ არა ეს რამეს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მდგომარეობის თვალსაზრისით? ამასთან დაკავშირებით აზრის გაზიარება პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს ვთხოვე.

”სამართლებრივად მნიშვნელობა არა აქვს ეს ვენესუელა იქნება, შეერთებული შტატები თუ კოსტარიკა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვიღაცამ აღიარა ეს წმინდა სამართლებრივად. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ აღიარა. ამერიკის შერთებულ შტატებს რომ ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა, ცხადია, მის მაგალითს ბევრი მიჰბაძავდა, მაგრამ ვენესეულის მაგალითი ქვეყნების უმრავლესობისთვის არაფერს ნიშნავს. ”

უგო ჩავესის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში. განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ გააკეთა: ”ჩვენ, ისევე როგორც ქვეყნების უმრავლესობას მსოფლიოში, უწინდებურად გვჯერა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს რეგიონებია. მათი დამოუკიდებლობის აღიარება გამოსავალი არ არის. გამოსავალს წარმოადგენს ამ რეგიონებში სტაბილურობის მიღწევა და შემდეგ მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობა აღიარებულ საქართველოში.”

”დარწმუნებული ვართ, ვენესუელის დიქტატორის ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოხდება საერთაშორისო სამართლის პატივისმცემელი სახელმწიფოების შემდგომი კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პრინციპის გარშემო” - ეს უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაა. საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ უგო ჩავესმა გადაწყვეტილება რუსეთისგან დაპირებული ასეულ მილიონიანი კრედიტისა და იარაღის სანაცვლოდ მიიღო და ნაყიდ აღიარებას არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ვენესუელელი ხალხის ნებასთან.

”სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა და ვენესუელა მისცემს ბიძგს ამ პროცესს”, - თქვა 10 სექტემბერს, მოსკოვში ყოფნისას, უგო ჩავესმა. ამასვე ამბობდა თავის დროზე მისი ნიკარაგუელი კოლეგა დანიელ ორტეგა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საქმეში რუსეთის ლიდერებს პირველმა აუბა მხარი. უგო ჩავესს ორტეგას მაგალითის გაზიარებისთვის ერთწლიანი ფიქრი დასჭირდა და გადაწყვეტილება მიღებულია. იზრდება თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების შანსი გახდნენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები? ამ შეკითხვაზე საპასუხოდაც არჩილ გეგეშიძის მოსაზრებას მოვიშველიებ:”ამას არა აქვს მნიშვნელობა. ათმა, ოცმა, ორმოცდაათმა ქვეყანამაც რომ აღიაროს, ვერ გახდებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, იმიტომ რომ არ იქნებიან გაეროს წევრები და არ იქნებიან საერთაშორისო ვალდებულებების მქონენი. ამიტომ საერთაშორისო სუბიექტები ვერ იქნებიან.”