გაეროსა და ეუთოს მისიები საქართველოს ტოვებენ

რუსეთის ვეტო

საქართველოდან - კერძოდ, აფხაზეთიდან - 30 ივნისს გაეროს სადამკვირვებლო მისიის გაყვანა დაიწყო. სწორედ 30 ივნისს უნდა დაეტოვებინა აფხაზეთის ტერიტორია გაეროს მისიის დამკვირვებელთა პირველ ჯგუფს. ამასთან, 30 ივნისს ამოეწურა მანდატი საქართველოში ეუთოს მისიას. მისიის თბილისის ოფისი უკვე დაცლილია, დამკვირვებელთა მისიის ოფისი იხურება ცხინვალის კონფლიქტის ზონაში. რუსეთის პირისპირ საქართველო ევროკავშირის მისიის ანაბარა რჩება, ევროკავშირის მონიტორებს კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ.

საქართველოში, აფხაზეთში, გაეროს მისიის ყოფნა რუსეთმა ამ ცოტა ხნის წინ დაბლოკა, როცა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც მისიისთვის მანდატის ტექნიკურ რეჟიმში 2 კვირით გაგრძელებას ითვალისწინებდა. გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას რუსეთი აგვისტოს ომით შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებას მოითხოვდა. მისთვის მიუღებელი იყო გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუცია, იმიტომ რომ, საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის შესაბამისად, ის წინა რეზოლუციების მითითებით გამოხატავდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რუსეთმა მისია დაბლოკა და ამის მერე აფხაზეთიდან საერთაშორისო მისიის წასვლაზე პასუხისმგებლობა უშიშროების საბჭოს სხვა წევრებს დააკისრა - იმათ, რომლებიც არ აღიარებენ რუსეთის მიერ ძალადობით დამკვიდრებულ ახალ რეალობას.

30 ივნისს დაიწყო აფხაზეთიდან გაეროს მისიის თანამშრომელთა გაყვანა. 15 ივლისისთვის აფხაზეთიდან ყველა დამკვირვებელი და მისიის საპოლიციო კომპონენტის ყველა თანამშრომელი გავა. ადმინისტრაციული და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები კი კიდევ 2-3 თვეს დარჩებიან - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ სამშვიდობო ოპერაციებში ედმუნდ მულეტმა განაცხადა. ის აფხაზეთში მისიის დახურვისას საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის დასახმარებლად ჩავიდა. გაეროს მისია აფხაზეთში მთელი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა. ედმუნდ მულეტმა იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად რთულ პირობებში უწევდა მისიას მუშაობა, მოიყვანა მისიის თანამშრომლების გაძარცვის ფაქტები - თქვა, რომ სულ 16 ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მოკლედ, 16 წლიანი მუშაობის შემდეგ, გაეროს მისია საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ ზონას, აფხაზეთს, ტოვებს. ამ ფაქტის პარალელურად კი, საქართველოს ტოვებს ეუთოს მისიაც. კონფლიქტის ზონაში დამკვირვებელთა მისია იხურება - ეუთოს დამკვირვებლებმა უკვე დატოვეს იქ პოსტი. საქართველოდან წასვლის წინ ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ ცხინვალის რეგიონიდან კონფლიქტის ხელახალი ესკალაციის საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამ ფაქტმა რისკის ალბათობა აამაღლა. ერთადერთი შემაკავებელი იარაღი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა, რომლის წარმომადგენლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ, მაგრამ რომლებიც მსოფლიოს ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან ადგილიდან და, როგორც ამას წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ აღნიშნა, აქარწყლებენ რუსების მიერ შექმნილ მითს იმის შესახებ, რომ საქართველოს მხარე ძალის გამოსაყენებლად ემზადება. საქართველოს ამოცანაა, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლით, რამენაირად მიაღწიოს საქართველოში დარჩენილი ერთადერთი საერთაშორისო მისიის, ევროკავშირის მისიის, გაფართოება-გაძლიერებას. ამოცანა რთულია, თუმცა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი მისიის მომავალს საქართველოში ოპტიმისტურად უყურებს. აი, რა განაცხადა მან რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას:

ჰანსიორგ ჰაბერი
”კვლავაც ოპტიმისტურად ვუყურებ. რასაკვირველია, უნდა დავაკვირდეთ, რამდენად არის ეს ტენდენცია. ერთი ფაქტორი ნამდვილად შეიცვალა - ჩვენ ახლა აქ ვართ ერთადერთი საერთაშორისო მისია. დანარჩენი ორი ახლა ან დახურვის პროცესში იმყოფება, ან უკვე შეწყვიტა პატრულირება. ასე რომ, თუკი ვინმეს სურს განახორციელოს მოქმედება საერთაშორისო მისიის წინააღმდეგ, ჩვენკენ იქნება მომართული. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ ზოგადად ძალადობის დონე საკმაოდ დაბალი იყო და ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება. თუმცა სამომავლოდ ამაში დარწმუნებული ვერ ვიქნებით.”

რუსეთის ძალისხევით, საქართველოდან გაეროსა და ეუთოს მისიების გასვლის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოლაპარაკებებს ჟენევის ფორმატში. დასავლელი დიპლომატები მხარეებს მოუწოდებენ კონსტრუქციულობა გამოიჩინონ ჟენევის მოლაპარაკებებზე, მოძებნონ შეხების წერტილები და ამით ხელი შეუწყონ ვითარების ესკალაციის რისკის განეიტრალებას. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დასასწრებად ჟენევაში უკვე გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია.

გავრცელებული ცნობებით, ამ რაუნდისთვის არსებობს რუსეთის გეგმა ჟენევის ფორმატის ჩასაშლელად. გეგმის თანახმად, ამ რაუნდზე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა, რუსეთის დელეგაციასთან ერთად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას უნდა მიაღწიონ.

”ეს არ არის ახალი თემა და ჩვენ გავიმეორებთ იმას, რასაც აქამდე ვლაპარაკობდით. პირველი: ვისა და ვის შორის ფორმდება შეთანხმება და ვინ არის გარანტორი. თუ ამაზე რუსებს აქვთ სერიოზული ხედვა, კი ბატონო, თუ უნდათ, რომ ეს გაფორმდეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის, შეუძლიათ დაივიწყონ,” თქვა ჩვენთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. ეს თემა ახალი არ არისო, შენიშნა მან. შეგახსენებთ: სეპარატისტული რეჟიმები და, მათთან ერთად, რუსეთი შარშან, ომამდე, დაჟინებით მოითხოვდნენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას სწორედ ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის... მაშინ რუსეთს არ ჰქონდა აღიარებული თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დღეს, როცა რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს აღიარებულ იქნეს აგვისტოს ომის შემდგომი რელობა, ცხადია, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება, რუსეთის გეგმით, ახალ რეალობაზე უნდა იყოს მორგებული, რაზეც საქართველო არ დათანხმდება. მოლაპარაკებები ჟენევაში 1 ივლისს იწყება.