სოლიდარული მოგონებები, ანუ იატაკზე გაწოლილი კაცის ამბავი...

ეს სურათი გდანსკში, 1980 წლის აგვისტოშია გადაღებული

"როცა 1939 წელს თავისუფლებას ვკარგავდით, გვაკლდა არა იმდენად იარაღი, გეგმები და სწორი ტაქტიკა, რამდენადაც ადამიანური არსი, ის, რაც ადამიანებს აერთიანებს, როცა ისინი საფრთხეში არიან; ის, რამაც, 50 წლის შემდეგ პოლონეთი და ევროპის ნაწილი თავსუფალ სამყაროს დაუბრუნა. ამიტომაც, თუ ვინმე მკითხავს, რა იყო მეოცე საუკუნის ისტორიის რეალური მამოძრავებელი ძალა, დაუფიქრებლად ვუპასუხებ - ღალატი და შემდეგ მისი უარყოფა. საკუთარ ბედს მიპყრობილთა ეპოქა, პოლიტიკური გათვლების და ცინიზმის ხანა, საზიზღრობის გამარჯვება, მაშინაც, როცა საქმე მილიონობით ადამიანის ბედს ეხებოდა. და შემდეგ ეპოქა, როცა ბოროტება დამარცხდა არა ჯარითა და სისხლიანი ბრძოლებით, არამედ ადამიანურ საწყისებთან დაბრუნებით. დაბრუნებით სოლიდარობისკენ... ადამიანური სოლიდარობისკენ..."

ეს გახლავთ ნაწყვეტი გაზეთ "Polska. The Times"-ის მთავარი რედაქტორის პაველ ფონფარას ესეიდან, რომელიც, მისივე თქმით, პოლონეთის თავისუფლების დაბრუნების 20 წლისთავს ეძღვნება.

მაგრამ ამბავი გაცილებით ადრე დაიწყო.

80-იანი წლების დასაწყისში. იმ დროს, როცა ჯერ არავინ იცოდა, რომ "სოლიდარნოშჩი", თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ლეგენდარული "ბრენდი" გახდებოდა, და კომუნისტური რეჟიმების დაცემის სიმბოლოდ გადაიქცეოდა.

გდანსკი, ლენინის სახელობის გემსაშენი. 1980 წლის აგვისტო
დღეს ამ ამბებს, ჩვენთან ერთად, ორი პოლონელი გაიხსენებს: ადამ მიხნიკი და მაგდა ნოვაკოვსკა. ერთი - იმ მღელვარე მოვლენების შემოქმედი, ლეხ ვალენსას თანამებრძოლი და ლეგენდარული "გაზეტა ვიბორჩას" დამაარსებელი; მეორე კი, უბრალოდ, პატარა პოლონელი გოგო, რომლის ცნობიერებაშიც ეს ამბები ფანჯარასთან მდგარი ტანკებით შემოვიდა.

1981 წლის ზამთარი იდგა.

"მახსოვს ის განწყობა, მახსოვს ის სურათები და ჩემი მშობლების საუბრები ღამით", მეუბნება მაგდა ნოვაკოვსკა. "და მახსოვს ტანკები ქუჩაში."

ეს ის დრო იყო, როცა საპროტესტო ტალღა განსაკუთრებით გაძლიერდა და როცა პოლონეთის ახალმა პარტიულმა ლიდერმა გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ "სოლიდარობა" კანონგარეშე გამოაცხადა, მისი ლიდერები დააპატიმრა და ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო. მოშიმშილე მუშების საამქროები მაშინ გდანსკში შტურმით აიღეს და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიციის სპეცრაზმები სასტიკად ახშობდნენ განსხვავებული აზრის ყოველგვარ გამოვლინებას.

მაგდა იხსენებს, როგორ მოდიოდნენ მათთან სტუმრები, იხსენებს მათ სახეებს და დაძაბულ საუბრებს. იხსენებს ამბებს, რომლებიც მის ოჯახში და მშობლების მეგობრების წრეში ხდებოდა. იხსენებს... იატაკზე გაწოლილ მამას, და უცებ ამბობს: "მე მამაჩემი ჩავუშვი, მინდა ვაღიარო."

მერე ელოდება რეაქციას ამ სიტყვებზე და სიცილით განაგრძობს: "მამაჩემი აქტიურად უსმენდა რადიო თავისუფლებას და რადგან პოლონეთში ეს ძირითადად ღამის პერიოდში ხდებოდა, ჩუმად უნდა მოგესმინა. რა თქმა უნდა, ეს აკრძალული იყო და თან მთავრობა ახშობდა ტალღას. ხალხი იგონებდა ათასგვარ საშუალებას, რომ ეს სიგნალი გაეძლიერებინა და სახლებში კუსტარული წესით დამზადებულ მიმღებებს ამონტაჟებდა. თან, რადიო რატომღაც კარგად იჭერდა იატაკთან. ჰოდა მამაჩემიც ღამ-ღამობით ასე, იატაკზე წამოწოლილი უსმენდა რადიო თავისუფლებას. და მე ერთ-ერთი საბავშვო ღონისძიების დროს ხმამაღლა გამოვაცხადე, მამაჩემი ღამე იატაკზე წევს და რადიოს უსმენს-მეთქი. თანაც, ეს მისი თანმშრომლების თანდასწრებით ვთქვი."

მამა სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა და ამ ჩემი აღიარების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნაო, იხსენებს მაგდა.

იოლი წარმოსადგენია ეს პრობლემები. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, შეგიძლია სიცილით გაიხსენო ყველაფერი, თუმცა მაგდა ამბობს, რომ იმ მძიმე დროსაც იუმორი შველოდათ: "რომ არ გაგეცინა, ალბათ გაგიჟდებოდი, იმდენად მძიმე ცხოვრება იყო! ეს პურის რიგები, ეს ცარიელი მაღაზიები... სისტემა სრულიად მოშლილი იყო და თან ძალიან ცუდი ზამთარი დაემთხვა. მამაჩემს ჩვენთვის მოჰქონდა კონტრაბანდა, ანუ არალეგალური ძეხვი. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მივყავდი მამაჩემს მანქანით - პატარა, საყვარელი, ხუჭუჭთმიანი გოგონა და მილიციას რომ გავეჩერებინეთ, მე ერთგვარი ალიბი ვიყავი."

ამასობაში კი საპროტესტო მოძრაობა ძალას იკრებდა. მან ცხრანახევარი მილიონი პოლონელი გააერთიანა - ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი. "სოლიდარობა" განუმეორებელი მოვლენა იყოო, იხსენებს მაგდა ნოვაკოვსკა და მიხსნის, რაში მდგომარეობდა მისი განსაკუთრებულობა და განუმეორებლობა: "ის მოიცავდა საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ფენას."

"სოლიდარობის" ლიდერი ლეხ ვალენსა და რომის პაპი იოანე პავლე მეორე, 1987 წლის 11 ივნისი.

სწორედ ამ დროს დაუკავშირდა "სოლიდარობას" ადამ მიხნიკი. ლეხ ვალენსას თანამებრძოლი გახდა და რამდენიმეჯერ იჯდა ციხეში. როცა პირველად დააპატიმრეს, ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. "მაგათ არაფერი უთხრა!" - მიაძახა მამამ, როცა მიჰყავდათ. მას შემდეგ მთელი ცხოვრება ცდილობს, ილაპარაკოს და ხალხს სიმართლე უთხრას. სწამს, რომ ყველა სიტუაციაში არსებობს გამოსავალი: "ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო ასეთი ანეკდოტი: გვეკითხებიან, არის თუ არა გამოსავალი გამოუვალ მდგომარეობაში? პასუხი: ვერ გიპასუხებთ, რადგან პოლონეთის საკითხის სპეციალესტები არ ვართ."

გამოსავალი პოლონეთმა ერთიანობაში იპოვნა. გაფიცვები და ქუჩის გამოსვლები რევოლუციის გარეგანი გამოხატულება იყო. ადამ მიხნიკი ამბობს, რომ მთავარი რევოლუცია ხალხის თავებში მოხდა.

ერთ-ერთი საერთო-სახალხო პროტესტი პოლონელმა ხალხმა ტელევიზორების ცნობილი აქციით გამოხატა: "მაშინ ინტერნეტი არ იყო," განაგრძობს თავისი ამბის თხრობას მაგდა. "ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა სიტყვით. დაიგეგმა ასეთი აქცია: საღამოს სატელევიზიო ახალი ამბების გამოშვების დროს, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და პროპაგანდით, მოქალაქეებს ტელევიზორები ფანჯრებისკენ უნდა შეეტრიალებინათ - თქვენს ტყუილებს თვითონვე უყურეთო. ამ აქციაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უხმო პროტესტი იყო, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი!"

მაგდა სხვა საპროტესტო აქციებსაც იხსენებს. ასეთი ბევრი იყოო, ამბობს. განსაკუთრებით სტუდენტები აქტიურობდნენ, დიდ საუნივერსიტეტო ქალაქებში, მაგალითად, კრაკოვში. იქ იმ პერიოდში თურმე ცნობილი იყო ასეთი ჯგუფი: "ფორთოხლისფერი ალტერნატივა".

მაგდა: "კრაკოვის მთავარ მოედანზე გაჩერდა დიდი სატვირთო მანქანა. მოულოდნელად ბორტები გაიხსნა და გამოჩნდა, რომ ძარა უნიტაზებით ყოფილა დატვირთული, ზედ კი ხალხი იჯდა. მერე აქციის მონაწილეებმა სასწრაფოდ გაშალეს ტრანსპარანტი წარწერით: 'თაფლის წარმოება რუსეთისთვის'. ვიდრე მილიცია გონს მოეგებოდა, უნიტაზებიანი მანქანა იქაურობას გაეცალა."

ასე შემოვიდა - როგორც თვითონ ამბობს - "კომუნისტური ბავშვობის მქონე" მაგდა ნოვაკოვსკას ცხოვრებაში "სოლიდარნოშჩი", ასე მოჰქონდათ მისი თაობისთვის "სოლიდარნოშჩის" დროშა და თავისუფლების გემო ადამ მიხნიკისნაირ ადამიანებს.

და აი, ზუსტად 20 წლის წინათ პოლონეთში სოლიდარობა და თავისუფლება მოვიდა. მოვიდა მისი სიმბოლო - ლეხ ვალენსა.

სწორედ მაშინ, 1989 წელს, დააფუძნა თავისი გაზეთი ვალენსას თანამებრძოლმა ადამ მიხნიკმა - "გაზეტა ვიბორჩა", ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემა ევროპაში.

გამოხდა ხანი და ცხოვებამ მრავალჯერ გადააფასა მას შემდეგ განვითარებული მოვლენები.

"იცით, არა მარტო პოლონეთში, ყველა ჩვენს ქვეყანაში არის ასეთი, მე ვიტყოდი, ავტორიტარული ტენდენციები, რაღაც ავტორიტარიზმსა და პოპულიზმს შორის. მაგრამ მე მგონია, რომ ქარიზმატული ლიდერების დრო - ეს რევოლუციების დროა", ამბობს ადამ მიხნიკი. – "ასეთ დროს მასა ქარიზმატულ ლიდერებს წამოსწევს. პოლონეთში ეს იყო ლეხ ვალენსა, ჩეხოსლოვაკიაში - ვაცლავ ჰაველი, რუსეთში - ბორის ელცინი. მაგრამ მერე სხვა დრო მოდის ხოლმე..."

ვოიცეხ იარუზელსკი პოლონელებს სამხედრო მდგომარეობის შემოღებას ამცნობს

"ვუყურებდი ჩემს ლიდერს, - განაგრძობს მიხნიკი, - "ჩემი ქვეყნის კერპს - ვალენსას. იატაკქვეშეთის პერიოდში ჩვენ ძალიან ახლობლები ვიყავით, ის ჩემი შვილის ნათლიაა. მაგრამ მერე, გამარჯვების შემდეგ, მე ვნახე, რომ ის კოლეგა აღარ არის, არამედ კეისარია, მეფეა. ერთხელ გავაკრიტიკე, მეორედ, მესამედ, მეოთხედ. ის მიპასუხებდა თავის პროლეტარულ ენაზე - ძალიან მკაცრად. და ბოლოს მე მას ვუთხარი: ლეხ, შენ ხარ როგორ რობინ ჰუდი დაუნინგ სთრითზე. ეს რაღაც გაუგებრობაა... შენ ხარ პოლონეთის თავისუფლების დიდი ლეგენდა, დაიდგმება შენი ძეგლები, მაგრამ შენ არ ხარ დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი, მაპატიე-მეთქი. სხვათა შორის, ახლა კვლავ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ რომ ახლა მას ძველი მლიქვნელები ესხმიან თავს."

რა თქმა უნდა, ადამ მიხნიკს აქვს უფლება, ასე ილაპარაკოს ვალენსაზეც და საკუთარ თავზეც.

მაგდა ნოვაკოვსკა კი მისი თაობის სახელით, ამ ამბებიდან 20 წლის თავზე ამბობს: "ლეხ ვალენსა არის ლეგენდა და როცა თავისი მოღვაწეობა დაიწყო, უკვე სიბოლო იყო. ის ამისთვის იყო დაბადებული. ის სახალხო ლიდერი იყო."

და მაინც, რა მოიტანა ხანგრძლივმა ბრძოლამ და 20 წლის წინანდელმა მოვლენებმა? როგორია პოლონეთის ახალი თაობა? ახლანდელი თაობა ევროპელები არიანო, მეუბნება. მე კი არ ვეშვები: რას ნიშნავს, იყო ევროპელი?

"ეს ნიშნავს ჩემთვის ძალიან გახსნილ გონებას, რომ ადამიანი იზრდება მართლა თავისუფალ გარემოში. და ასეთი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოებას სრულიად სხვაა. ეს არის თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება."

"ქართველ ახალგაზრდობას რა აკლია იმისთვის, რომ გახდეს ევროპელი?" - ეს ჩემი ბოლო შეკითხვაა.

"სწორედ ეს", მეუბნება მაგდა. "არჩევანის საშუალება. მეტი არაფერი. აქ არის ერთადერთი - რომ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, თქვას ის, რასაც ფიქრობს. ისწავლოს ის, რაც უნდა. იმუშაოს თავისი პროფესიით, იყოს კარგი მოქალაქე. ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ თუ უსამართლობა მოხდა, სასამართლო დაიცავს; და თუ მას რაღაც არ მიაჩნია სწორად, ამის შეცვლაზე გავლენის მოხდენა შეუძლია."

"და ეს ხდება დღეს პოლონეთში?" - ეს კი მართლა ბოლო შეკითხვაა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხდება დღეს პოლონეთში."