რელიგიის თავისუფლების პრობლემები ეგვიპტეში

აშშ-ის სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, ეგვიპტე, რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით, ყველაზე უარესი ქვეყნების სიაში უნდა მოხვდეს, ქრისტიანებზე გახშირებული თავდასხმებისა და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო. აშშ-ის რელიგიის თავისუფლების კომიტეტმა მორიგი ყოველწლიური ანგარიშის შედგენისას ამჯერად 28 ქვეყანა შეისწავლა.

მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების ხარისხის შემსწავლელი აშშ-ის სამთავრობო კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ეგვიპტე „უარესთა შორის ყველაზე უარესი“ ქვეყნების სიაში მოხვდეს, ქრისტიანებზე თავდასხმების გახშირებისა და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო.

კომისია ამ რეკომენდაციით ობამას ადმინისტრაციას მიმართავს. რეკომენდაცია გამოთქმულია ანგარიშში, რომელიც კომისიამ 28 ქვეყნის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ შეადგინა.

დამოუკიდებელი კომისია 1998 წელს შეიქმნა და პრეზიდენტისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესისთვის ევალება რეკომენდაციების შემუშავება.

წლევანდელი ანგარიში კომისიის ხელმძღვანელმა ლეონარდ ლეომ 28 აპრილს წარადგინა ვაშინგტონში: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიამ ბევრი რელიგიური თემის უფლებები დაიცვა - უიღური მუსულმანებისა ჩინეთში, შიიტი და ისმაიტელი მუსულმანებისა საუდის არაბეთში, ქრისტიანებისა და აჰმაიდელებისა პაკისტანსა და ინდოეთში, ებრაელებისა ვენესუელაში, ქრისტიანებისა და დისიდენტი მუსულმანებისა ირანში, ბუდისტებისა ვიეტნამსა და ჩინეთში და არაერთი მკვიდრი ჯგუფისა და მოძრაობისა ჩინეთში, ეგიპტეში, ერაყში, ვიეტნამში და სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობის მქონე“ ქვეყნებად რვა სახელმწიფოს მიიჩნევს - ჩინეთს, ერიტრეას, ირანს, ბირმას, ჩრდილოეთ კორეას, საუდის არაბეთს, სუდანს და უზბეკეთს.

ამ სიაში მოხვედრას შეიძლება ეკონომიკური სანქციები მოჰყვეს, მთავრობები ვითარების გაუმჯობესებისთვის ნაბიჯებს თუ არ გადადგამენ.

რვა ქვეყნისგან შემდგარი ამ სიისთვის ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ ახალი სახელმწიფოები არ დაუმატებია, რასაც კომისია მართებულ ნაბიჯად არ მიიჩნევს. ლეომ იმედი გამოთქვა, რომ რელიგიის თავისუფლების საკითხებში თეთრი სახლის ახალი წარმომადგენელი კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და სიას გაზრდის.

ისევე როგორც შარშან, კომისია სახელმწიფო დეპარტამენტს ურჩევს ამ სიას ერაყი, ნიგერია, პაკისტანი, თურქმენეთი და ვიეტნამი დაუმატოს. წლევანდელ რეკომენდაციაში კიდევ ერთი ქვეყანა - ეგვიპტე - მოხვდა.

კომისიის განცხადებით, ეგვიპტის დამატების მიზეზი გახდა ამ ქვეყანაში „რელიგიის თავისუფლების მძიმე დარღვევები“, რაც ვეტერანი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ მიმართულ გამოსვლებამდე და მუბარაქის ჩამოგდების შემდეგაც ხდება. კომისია საუბრობს უმცირესობების - კოპტი ქრისტიანების და ზოგიერთი მუსულმანური ჯგუფის - შევიწროებასა და დამნაშავეთა დაუსჯელობაზე.

აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელსაც ეგვიპტის სამხედრო სტრუქტურებთან კავშირების ხანგრძლივი ისტორია აქვს, კომისია ურჩევს, კაიროს თავდაცვისთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილი უმცირესობათა დაცვას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოახმაროს.

რუსეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი და ბელორუსია კომისიას იმ ქვეყნების სიაში შეჰყავს, რომლებიც განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებენ. ეს კატეგორია ყველაზე უარესი ქვეყნების ჯგუფს მოსდევს.

კომისიის წარმომადგენლის, ფელის გეარის თქმით, რუსეთში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია გაუარესებისკენ მიდის: „რუსეთში რელიგიის თავისუფლებისთვის პირობები სულ უფრო მეტად უარესდება. შარშან მთავრობამ გაახშირა ანტიექსტრემისტული კანონმდებლობის გამოყენება იმ რელიგიური ჯგუფების მიმართ, რომლებიც ძალადობასა ან ძალადობის მხარდაჭერაში არ არიან შემჩნეულნი. ეროვნული და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები ავიწროებენ მუსულმანებს და იმ რელიგიური ჯგუფების წევრებს, რომლებსაც ისინი არატრადიციულად მიიჩნევენ.“

კომისია განვლილი წლის პოზიტიურ მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას - მაგალითად, მარტში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ რამდენიმე მუსულმანური ქვეყნისთვის ნათქვამ უარზე, შეექმნათ მკრეხელობის საერთაშორისო კანონი; აგრეთვე სამხრეთ სუდანში იანვარში ჩატარებულ რეფერენდუმზე, რომლითაც სამხრეთსუდანელმა ქრისტიანებმა და ანიმისტებმა, კომისიის თქმით, ჩრდილოეთში შემხვედრი „ისლამის რადიკალური ვერსიისგან“ მოიპოვეს დამოუკიდებლობა.