საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, 1 ოქტომბრიდან აიკრძალება ავტომობილებით ხორბლის იმპორტი. 3 ათასამდე მძღოლი და ავტომობილის მფლობელი მინისტრის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
- ვინ არიან ე. წ. წვრილი იმპორტიორები
- რა ბრძანა მინისტრმა
- ვინ გვაჭმევს პურს
- ძვირი პური და იაფი სანახაობა
ვინ არიან ე. წ. წვრილი იმპორტიორები
ყველა სახის გადასახადს ვიხდით, ყველანაირ შემოწმებას გავდივართ, კანონს არ ვარღვევთ, თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველანაირად ცდილობენ ხელი შეგვიშალონ მუშაობაში.
სულიკო ირემაძე, რომელიც სტავროპოლის მხარიდან ტრაილერით ეზიდება ხორბალს, რამდენიმე ასეულ სხვა მძღოლთან ერთად ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აპროტესტებს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომელიც, მისი თქმით, შემოსავლის გარეშე ტოვებს „ხორბლის ბიზნესში“ ჩართულ 3 ათასამდე ადამიანს (მძღოლი პლუს ავტომობილის მფლობელი) და მათი ოჯახების წევრებს.
„ავტომობილები ბანკის კრედიტით გვაქვს შეძენილი. თუ გავჩერდით, დავიღუპებით. ერთი მანქანა ინახავს 20 ადამიანს. ტურისტებს უშლით ხელსო... რა სისულელეა! დიდ ავტომობილებს თავისი არხი აქვთ საბაჟო-გამშვებ პუნქტებში და მსუბუქებს - თავისი. ასეც რომ არ იყოს, ტურისტმა უნდა დაისვენოს საქართველოში და ჩვენ უნდა დავიხოცოთ საქართველოში?“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სულიკო ირემაძემ.
ერთ რეისზე ტრაილერების მძღოლებს, საშუალოდ, 25 ტონა ხორბალი მოაქვთ, რისთვისაც 600-700 კილომეტრის გავლა უწევთ.
„ყველა სახის გადასახადს ვიხდით, ყველანაირ შემოწმებას გავდივართ, კანონს არ ვარღვევთ, თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველანაირად ცდილობენ ხელი შეგვიშალონ მუშაობაში, უმიზეზოდ გვაყოვნებენ საბაჟო ტერმინალში, რაღაც დამატებითი გადასახადი დაგვიწესეს, 240 ლარი. ამასაც ვიხდით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერმა იმპორტიორმა.
Your browser doesn’t support HTML5
რა ბრძანა მინისტრმა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2018 წლის 22 აგვისტოს ხელი მოაწერა N 314 ბრძანებას, რომელმაც 2018 წლის 1 ოქტომბრიდან შესაძლოა შემოსავლის გარეშე დატოვოს ხორბლის 1 500-მდე წვრილი იმპორტიორი და საგრძნობლად გააძვიროს საქართველოში პურისა და ხორბლის ფასი. მინისტრის ბრძანებით, ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა (ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა) შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით (ბრძანება უშვებს გამონაკლისს ცალკეული შემთხვევების სახით და მხოლოდ შემოსავლების სამსახურის თანხმობით). მინისტრის ბრძანება 15 სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა იმპორტიორების პროტესტის გამო (გადაკეტეს ცენტრალური მაგისტრალი ლილოში გაფორმების ეკონომიკური ზონის წინ და ავტომობილებით ჩახერგეს საბაჟო ტერმინალი). ივანე მაჭავარიანის თქმით, ავტომობილებით ხორბლის შემოტანა აფერხებდა ტურისტების ნაკადს რუსეთ-საქართველოს საზღვართან.
„კრიზისი იყო შექმნილი, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან, ტურიზმში ვკარგავდით სერიოზულ შემოსავლებს. ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ეკონომიკის. ასევე, „როსტურიზმის“ განცხადებას შეგახსენებთ, სადაც ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აირიდონ თავი დისკომფორტისგან, მრავალკილომეტრიანი რიგებიდან, რომელიც საქართველოს საზღვართან არსებობდა და თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. ასევე უამრავი ადამიანი თავის ახლობლებს და მეგობრებს რეკომენდაციას უწევდა, რომ არ წასულიყვნენ საქართველოს მიმართულებით. შესაბამისად, ამის დაშვება და ამასთან შეგუება შეუძლებელი იყო”, - განაცხადა ივანე მაჭავრიანმა.
ვინ გვაჭმევს პურს
საქსტატის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტის მაჩვენებელმა:
2016 წ - 38 ათას 176 ტონა; 2017 წ - 173 ათას ტონა; 2018 წ. VII თვე - 142 ათასი ტონა.
საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტის მაჩვენებლის ზრდამ ნეგატიური კვალი დაამჩნია საზღვაო ტრანსპორტითა და რკინიგზით განხორიციელებულ ხორბლის იმპორტს:
საქართველოს მთავრობამ დაარღვია საქართველოს კანონი კონკურენციის შესახებ და წინასწარ მოამზადა ყველაფერი იმისთვის, რომ სარკინიგზო გადაზიდვებში ყოფილიყო მონოპოლია. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ იანვრის თვეში ყველა ის ვაგონი, რომელიც განკუთვნილია ხორბლის გადაზიდვისთვის, გამოიტანა აუქციონზე და ერთი წლით გაასხვისა იჯარით.ვასილ ურუშაძე
საზღვაო ტრანსპორტი:
2016 წ. – 397,4 ათასი; 2017 წ - 263,8 ათასი; 2018 წ. VII თვე - 72,8 ათასი ტონა.
სარკინიგზო ტრანსპორტი:
2016 წ - 21 ათასი ტონა; 2017 – 78 ათასი ტონა; 2018 წ VII თვე -105 ათასი ტონა.
ვიდრე ხორბლის ათასობით წვრილი იმპორტიორი გაჩნდებოდა, ბაზარს სრულად ფარავდა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანებული მსხვილი კომპანიები, რომლებმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დათმეს პოზიციები. ხორბლის წვრილი იმპორტიორები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ მსხვილი იმპორტიორები ცდილობენ ბაზრის დაკარგული ნაწილის დაბრუნებას.
საქსტატის მონაცემებიდანაც კარგად ჩანს, რომ „ჩიტი ბრდღვნად ღირს“. 2017 წელს იმპორტირებული 514 ათასი ტონა ხორბლიდან საავტომობილო გადაზიდვებზე მოვიდა დაახლოებით მესამედი - 173 ათასი ტონა. ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტოს N 314 ბრძანების ამოქმედების შემდეგ გამოთავისუფლდება ხორბლის ბაზრის მესამედი, რომელსაც, ცხადია, მსხვილი იმპორტიორები შეავსებენ. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ ურუშაძის თქმით, მინისტრის ეს ბრძანება კლასიკური მაგალითია სახელმწიფო ბერკეტებითა და ხელოვნური ბარიერების შექმნით მონოპოლიის ხელშეწყობისა. ვასილ ურუშაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ თადარიგი ისე დაიჭირა, რომ ხორბლის ავტოტრანსპორტით იმპორტიორებმა, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ შეძლონ ტრანსპორტის სახეობის გამოცვლა, მაგალითად, ავტომობილების რკინიგზით ჩანაცვლება.
რკინიგზამ 300 მლნ ზარალით დაამთავრა წელი. შესაბამისად, აიძულებენ იმპორტიორებს, რომ მხოლოდ ზღვით და რკინიგზით შემოიტანონ ხორბალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრიდან ერეკებიან საშუალო და წვრილ იმპორტიორებს, რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს მომხმარებელს.რომან გოცირიძე
„საქართველოს მთავრობამ დაარღვია საქართველოს კანონი კონკურენციის შესახებ და წინასწარ მოამზადა ყველაფერი იმისთვის, რომ სარკინიგზო გადაზიდვებში ყოფილიყო მონოპოლია. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ იანვრის თვეში ყველა ის ვაგონი, რომელიც განკუთვნილია ხორბლის გადაზიდვისთვის, გამოიტანა აუქციონზე და ერთი წლით გაასხვისა იჯარით. დღეს რეალურად ნებისმიერი კერძო მეწარმე, რომელიც იქნება დაინტერესებული თუნდაც რკინიგზით მოახდინოს ხორბლის იმპორტი საქართველოში, ამას ვერ მოახერებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რკინიგზას ინვენტარულ პარკში ხორბლის გადასაზიდი ერთი თავისუფალი ვაგონიც კი არ გააჩნია. ეს არის იმის კლასიკური მოდელი, თუ როგორ ქმნის ხელისუფლება ხელოვნურად მონოპოლიას და ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას ბაზარზე. ვაპირებთ მინისტრის ეს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ სასამართლოში“, - უთხრა ვასილ ურუშაძემ რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა უწყებამ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ეწევა უკანონო საქმიანობას კერძო ინტერესების სასარგებლოდ, რის მაგალითადაც გამოდგება ჯერ ირანის ცემენტის იმპორტიორებზე შეტევა, შემდეგ კი ცემენტის ადგილობრივი საწარმოების შევიწროება ერთი მსხვილი კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ.
„ახლა ხდება ხორბლის მსხვილი იმპორტიორებისა და რკინიგზის ლობირება. რკინიგზამ 300 მლნ ზარალით დაამთავრა წელი. შესაბამისად, აიძულებენ იმპორტიორებს, რომ მხოლოდ ზღვით და რკინიგზით შემოიტანონ ხორბალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრიდან ერეკებიან საშუალო და წვრილ იმპორტიორებს, რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს მომხმარებელს, რადგან გამოიწვევს ხორბლისა და პურის ფქვილის გაძვირებას“, - უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.
ძვირი პური და იაფი სანახაობა
მსხვილ იმპორტიორებს ტონა ხორბალი 220-240 დოლარად შემოაქვთ, ავტომობილებით შემოტანილი ხორბლის ფასი კი 10-15 %-ით იაფია საბაზრო ფასზე, რის გამოც წისქვილკომბინატები დიდი ხალისით ყიდულობენ წვრილი იმპორტიორების მიერ შემოტანილ ხორბალს.
რადიო თავისუფლებამ უშედეგოდ სცადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის დეპუტატთან, "ქართული ოცნების" წევრ გოდერძი ჩანქსელიანთან დაკავშირება. უმრავლესობის წევრი დეპუტატი, ამავდროულად, მარცვლეულის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის, "ბევრილი ჯგუფის", 70 %-იანი წილის მფლობელია. გოდერძი ჩანქსელიანი კატეგორიულად უარყოფს ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ჩართულობას და დაინტერესებას მინისტრის ბრძანების მომზადებაში, თუმცა „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ხორბლის ავტომობილებით იმპორტი ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს, მათ შორის აზიანებს და გადატვირთულობის გამო გაუვალს ხდის გზებს.
„ჩვენი მეზობელი სომხები თუ აზერბაიჯანელები გაცილებით მეტ ფულს ტოვებდნენ საქართველოში გემით და რკინიგზით გადაზიდვებისას, ვიდრე ავტოტრანსპორტით. გარდა ამისა, ხორბალი სტრატეგიული და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია და საავტომობილო გადაზიდვების დროს საფრთხე ექმნებოდა სტრატეგიულ მარაგებს ქვეყანაში - გზა რომ ჩაიკეტოს ლარსზე და ხორბალი ვერ შემოვიდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!“ - კითხულობს გოდერძი ჩანქსელიანი, რომლის ვარაუდით, საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტზე უარის თქმა მხოლოდ მცირედით - 3-5 დოლარით - გააძვირებს ხორბალს.
მსხვილ იმპორტიორებს ტონა ხორბალი 220-240 დოლარად შემოაქვთ, ავტომობილებით შემოტანილი ხორბლის ფასი კი 10-15 %-ით იაფია საბაზრო ფასზე, რის გამოც წისქვილკომბინატები დიდი ხალისით ყიდულობენ წვრილი იმპორტიორების მიერ შემოტანილ ხორბალს.
ფინანსთა მინისტრის ბრაძანების ძალაში შესვლის შემთხვევაში, იაფი ხორბლის ადგილს ზღვითა და რკინიგზით შემოტანილი ძვირი ხორბალი დაიკავებს, რაც, სავარაუდოდ, პურის ფასსაც გაზრდის. სწორედ ამის გამოა, რომ ლილოში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტოს N 314 ბრძანების ამოქმედება ცხოვრებას გაურთულებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
ხორბლის წვრილი იმპორტიორები არ წყვეტენ საპროტესტო აქციას ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში და ფინანსთა მინისტრისგან იმ ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც 1 ოქტომბრიდან ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტს კრძალავს.