ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, 14 ოქტომბერს გაავრცელა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი.
- 2011 წელი. "სერგო თეთრაძის საქმე"
- 2014 წელი. "შალვა თათუხაშვილის საქმე"
- 2006 წელი. 12 იანვარი. "ნავთლუღის სპეცოპერაცია"
- 2006 წელი, 27 მარტი. "ციხის ბუნტი"
- 2015 წელი, 28 მარტი. "ბესიკ ხარძიანის საქმე"
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.
ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.
ჩანაწერში, რომელიც საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდება, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის სერგო თეთრაძის სიკვდილის, ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობისა და „ციხის ბუნტის“ საქმეებზე.
მირზა სუბელიანი ამბობს, რომ მას ამ საქმეებთან დაკავშირებით მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს ისეთი კომპრომატები, რომლებსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ დამთავრება“.
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს. მისი თქმით, ის პენიტენციურ დაწესებულებაში შესული იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატი და ის მირზა სუბელიანს რამდენჯერმე, თავად დაკავებულის ოჯახის თხოვნით შეხვდა. რაც შეეხება სუბელიანის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს, დეპუტატის თქმით, მას მისი საუბარი სერიოზულად არ ჩაუთვლია: „მე მირზას საუბარი არ ჩავთვალე სერიოზულად. არც ახლა ვუყურებ სერიოზულად. ამიტომაც არავითარი რეაგირება არ მომიხდენია. ყველაფერი არასერიოზულია. რას ლაპარაკობს ნორმალურს?! როგორ წარმოგიდგენიათ, ბანდა ჰყავდა, ჯარი ჰყავდა მირზა სუბელიანს და ვერავინ დაინახა? არასერიოზულია ეს ყველაფერი“.
"სერგო თეთრაძის საქმე". 2011 წელი
„...როგორ შეიძლება ჩემნაირ ადამიანზე, ადამიანმა თქვას რომ ხვალ და ზეგ რო საქმე გასკდეს... უკაცრავად, ბოდიში მომიხდია და თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ბუნტის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია? მე რომ როდესმე მდომოდა, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები... ესენი რო იჯდნენ და ყ...ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რომ თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს? მე რომ რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს - ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბო...იშვილი ვიყო, რუსთაველი გამოვა და ოცნება აღარ იქნებით მეთქი, დამიჯერე. პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ ასეთ რაღაცას“.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ომის ვეტერანი, 57 წლის სერგო თეთრაძე, ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წლის 19 სექტემბერს საკუთარ სახლში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს. ჩხრეკა ჩატარდა დამსწრეების გარეშე. 24 სექტემბერს ოჯახს გლდანის ციხიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სერგო თეთრაძის გვამი წაესვენებინათ სახლში.
ასევე ნახეთ ”თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მოკლეს”რა უთხრა რადიო თავისუფლებას 2011 წლის 28 სექტემბერს თეა წულუკიანმა, „თავისუფალი დემოკრატების“ მაშინდელმა თავმჯდომარის მოადგილემ, სერგო თეთრაძის გარდაცვალების შესახებ. ”როდესაც სახლში მოასვენეს, აღმოჩნდა, რომ მას სახეზე გაკეთებული ჰქონდა მაკიაჟი, რომელიც ფარავდა ცუდი მოპყრობის კვალს. ის იყო გაკვეთილი და ორგანოები, როგორც ჩანს, წაღებული იყო ექსპერტიზაზე. გამოძიებას სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით ატარებს კალმახელიძის უწყება და გამომძიებელი ელოდება ექსპერტიზის დასკვნას იმის შესახებ, თუ რის გამო გარდაიცვალა ეს ადამიანი გლდანის მერვე საპყრობილეში. მაგრამ, ამავე დროს, გამომძიებელი აკეთებს განცხადებებს, რომ არ არის გამორიცხული, რომ სერგო თეთრაძე გარდაიცვალა ინფარქტით”, - ამბობს თეა წულუკიანი.
სერგო თეთრაძის გარდაცვალებიდან თითქმის შვიდი წლის თავზე, 2018 წლის 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის განცხადებით, 2011 წელს ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მეგის ქარდავასა და მე-8 საპყრობილის დირექტორთან, ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა, წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამებით მიეღო აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა „ჯაშუშური ჯგუფის“ არსებობის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის აღმოჩნდა თადარიგის პოლკოვნიკი, სერგო თეთრაძე, რომელმაც პირადად ახალაიას, ქარდავასა და მუხაძის მხრიდან სასტიკად ცემის მიუხედავად ბრალი არ აღიარა, რის შემდეგაც ახალაიამ ქარდავასთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას პატიმართა მხრიდან. პროკურატურის ცნობითვე, 2011 წლის 23 სექტემბერს, სერგო თეთრაძე წამებისას ცუდად გახდა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად.
მე-8 საპყრობილის დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს თეთრაძის საქმეზე 2014 წლის 27 იანვარს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასთან ერთად 9-9-ლიანი პატიმრობა მიესაჯათ ამავე დაწესებულების თანამშრომლებს, ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას.
2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ თეთრაძის საქმეში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, მეგის ქარდავას. ზუსტად ერთი წლის თავზე, სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო თეთრაძის საქმეში და მას 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ძებნილი მეგის ქარდავა 2017 წლის შემოდგომაზე, უკრაინაში დააკავეს.
"შალვა თათუხაშვილის საქმე". 2014 წელი
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 23 მარტს გარდაიცვალა. ის იყო მოწმე 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე. შალვა თათუხაშვილმა 2014 წლის 24 თებერვალს პროკურატურას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. დათა ახალაია „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. კერძოდ, მოწმე საუბრობდა 3 უიარაღო პირის ალყაში მოქცევასა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მათი მისამართით სროლაზე, რასაც ის თავად ”კედელთან მიყენებასა” და ”დახვრეტას” უწოდებდა. მისი მტკიცებით, სპეცოპერაციას თავად დათა ახალაია ხელმძღვანელობდა. მოწმე იმასაც ამბობდა, რომ მოგვიანებით დათა ახალაიამ ერთ-ერთი პირის მისამართით ”მოახდინა საკონტროლო გასროლა”, ასევე მოიქცა სპეცოპერაციაში მონაწილე კიდევ ერთი პირი და რომ შემდეგ გვამებს იარაღიც დაუწყვეს.
ასევე ნახეთ მასალები და შეკითხვები მოწმე თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტის გარშემო2014 წლის 24 თებერვალს, ჩვენების მიცემის შემდეგ, შალვა თათუხაშვილმა მოითხოვა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა, რის საფუძველზეც მას დაენიშნა დაცვა და გადაყვანილ იქნა კონსპირაციულ ბინაში. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ ბინაში მან მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. მეორე დღეს 25 თებერვალს კი, პროკურატურისვე ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილი დაცვის წარმომადგენლებს საკუთარი სახლის ფანჯრიდან გაექცა. გაქცევის მიზეზად მან შიში დაასახელა და განმარტა, რომ პროკურატურის მხრიდან მის მიმართ არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა, რომ, პირიქით, სამართალდამცველებმა მას დაცვა შესთავაზეს, თუმცა, მან მაინც გაქცევა გადაწყვიტა: ”ჩემი შიშიდან გამომდინარე, - როგორც ყველამ ვიცით, ახალაიები რა და როგორი ხალხიც არიან, - მე მოვითხოვე პროკურატურისგან დაცვა, მოვითხოვე კონკრეტული დაცვა, რომ ჩემი პირადი სიცოცხლისთვის არაფერი დაეშავებინათ. მაგისდა მიხედვით, მე წამიყვანეს, ჩემს ადვოკატებთან ერთად ჩავედი, იმ დაცვამ მიმიყვანა სახლში... ეგ მეორე დღეს ხდება. სახლში რომ მივედი, მერე მე მაინც შემეშინდა და უცბად ტანსაცმელი გამოვიცვალე და გავიქეცი სახლიდან, იმიტომ რომ მაგათ ხელში ჩემი მტერი ჩავარდეს”.
თათუხაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ შალვა თათუხაშვილი სასურველი ჩვენების მისაღებად პროკურატურის გამომძიებლების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა. „მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა (24 მარტს გაუჩერდა გული). პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას“, - ამბობდა შალვა თათუხაშვილის მამა.
ასევე ნახეთ გენერალი თათუხაშვილი მთავრობას: „შვილი მომიკალით!“შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა 2014 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა. დასკვნის თანახმად, „შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე. ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ ყველა დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გარდაცვლილის სხეულს, არის მსუბუქი კატეგორიის და არანაირი კავშირი არ აქვს სიკვდილის დადგომასთან. დადგინდა, რომ გვამზე არსებული მსუბუქი დაზიანებები თეორიულადაც კი დროში არ ემთხვევა მისი პროკურატურაში ყოფნის პერიოდს, გარდა მისი მარჯვენა ხელის ცერა თითზე არსებული მცირე ზომის დაზიანებისა. შესაბამისად, დადასტურდა ის ფაქტი, რომ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან მის წამებას ადგილი არ ჰქონია”.
ასევე ნახეთ ექსპერტთა ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები თათუხაშვილის საქმეზესაპირისპიროს შესახებ ლაპარაკობდა ოჯახის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელმაც შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შესახებ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით.
„ნავთლუღის სპეცოპერაცია“. 2006 წელი, 12 იანვარი
„ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ...ე-თქო, ქალაქის პროკურორი რომ იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რომ იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რომ ამათ გაეხსნათ.
ვ - ვის ცემდით?
მ - აბა, როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და, აბა, როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?!
ვ - სოზარმა რა თქვა, ხომ იცი? შაყულაშვილმა გახსნაო.
მ - ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეებს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ ვუზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. ეს, ლუკა, მიშა“...
„..ამ სპეცოპერაციის თემაც ამათი გაკეთებულია. ყველაფერი ამათი გაკეთებულია, ამხელა თემები რო აქვს კაცს გაკეთებული... გახარია რომ ბიზნესომბუდსმენი იყო, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუტ...ნავდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი“...
ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე გამოძიებამ შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი 2013 წლის მარტში დააკავა. იმავე პერიოდში, გამოტანილ იქნა დადგენილება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ. 2013 წლის 13 მარტს, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობდით: „დადგინდა, რომ 2006 წლის იანვრის დასაწყისში, იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახლად დანიშნულმა ბაჩანა ახალაიამ და მისმა ძმამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, პატიმართა შორის და საზოგადოებაში შიშისა და ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის” სინდრომის დანერგვისათვის, გადაწყვიტეს საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ განსაკუთრებული სისასტიკე. აღნიშნულის მისაღწევად დავით ახალაიამ, თითქოსდა პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით, სისხლიანი სპეცოპერაცია დაგეგმა.
2006 წლის 12 იანვარს დავით ახალაია თავის თანამშრომლებთან - ლევან ქარდავასთან, გიორგი მაზმიშვილთან, სპეცდანიშნულების რაზმის უფროსთან შალვა თათუხაშვილთან და ასევე ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა თანამშრომლებთან ერთად ავტოსადგურ „ნავთლუღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც მათი ინფორმაციით, დაახლოებით საღამოს 9 საათზე ერთ-ერთი პატიმრის, გია გორგაძის ძმა, წინასწარ შერჩეული და მოსაკლავად განწირული – 17 წლის შოთა გორგაძე და მისი მეგობრები – 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე უნდა მისულიყვნენ. ხსენებულ ტერიტორიაზე უიარაღო მ. გორგაძის და მისი მეგობრების მისვლისთანავე მათკენ გაემართნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და კუდ-ის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც დავით ახალაიას ორგანიზებით უდანაშაულო ახალგაზრდები ალყაში მოაქციეს და მათი გადარჩენის რაიმე თეორიული შესაძლებლობა თავიდანვე მოსპეს. სროლების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო სამივე მათგანი მიწაზე დაეცა. ჩაცხრილულ ახალგაზრდებს დავით ახალაია მიუახლოვდა. ძირს დაცემულ შოთა გორგაძეს ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და საკონტროლო გასროლა მოახდინა.
მათვე გორგაძის, სურმანიძის და ართმელაძის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირების მიზნით, მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და გვამებთან დაალაგეს წინასწარ მომზადებული, სპორტული ხელჩანთით შემთხვევის ადგილზე მიტანილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. მალევე, ბაჩანა ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად უმალვე მეგის ქარდავასთან და სოდ-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სასტიკად აწამა ახლად გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები.
მოგვიანებით ზემოთ მითითებული სპეცოპერაციის ჩატარების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა, თითქოსდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში მყოფი გია გორგაძის ძმა – მურად გორგაძე, მეგობრებთან - მარად ართმელაძესთან და რომან სურმანიძესთან ერთად, პატიმართა მასობრივი გაქცევის ორგანიზების მიზნით, გეგმავდნენ N1 დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას, თუმცა აღნიშნული საკითხი, არც სპეცოპერაციის დაწყებამდე და არც მისი ჩატარების შემდგომ, არც ერთ სამართალდამცავ ორგანოში არ გამოძიებულა, მაშინ, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას 3 უდანაშაულო ახალგაზრდა ემსხვერპლა“.
„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე 2014 წლის ოქტომბერში პატიმრობა მიესაჯათ საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას. ამ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალაია წამების მუხლით ცნო დამნაშავედ. წამების მუხლით ახალაიას გარდა 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, მეგის ქარდავას. ბრალდების მხარის განცხადებით, ახალაიამ და ქარდავამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემეს პატიმრებს, რომელთა გაქცევის ორგანიზებას, დაცვის მხარის მტკიცებით, გეგმავდნენ ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლული პირები.
დათა ახალაიას „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, განზრახ მკვლელობისა და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2016 წლის დეკემბერში დაუსწრებლად მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დათა ახალაიამ საქართველო 2012 წლის ოქტომბერში დატოვა. იმავე წლის დეკემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა და მასზე ძებნა გამოაცხადა. 2014 წლის მარტში ახალაია საბერძნეთის ქალაქ პატრაში დააკავეს, საიდანაც ის ოთარ ურუშაძის პასპორტით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. საბერძნეთის სასამართლომ მისთვის პატიმრობის შეფარდება არ ჩათვალა მიზანშეწონილად, ხოლო 2016 წლის მარტში ინტერპოლმა ახალაიას ძებნა საერთოდ შეწყვიტა, რადგან მის დევნაში პოლიტიკური ნიშნები დაინახა. დათა ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, "ევროპული ქვეყნის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით ახალაიას მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი იმყოფება პოლიტიკური დევნის ქვეშ. ამდენად, დავით ახალაიას ძებნა არის შეწყვეტილი".
"ციხის ბუნტი". 2006 წელი, 27 მარტი
„..ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რომ ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა როგორ გავხსენით, გაიხსენე. მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შევეცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი“...
ასევე ნახეთ სააკაშვილმა ახალაია „ციხის ბუნტის“ საქმეზე შეიწყალა2006 წლის 27 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარ ამბოხებას, ოფიციალური მონაცემებით, 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამ ყოფილ მაღალჩინოსანს, 2013 წლის ოქტომბერში მიესაჯათ პატიმრობა. ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო პატიმრის ცემაში მაშინ, როცა ბაჩანა ახალაია სათავეში ედგა სასჯელაღსრულების სისტემას. გამოძიების თანახმად, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ციხის ბუნტი. განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაია „ციხის ბუნტის“ საქმეზე შეიწყალა. როგორც პრეზიდენტი თავის განცხადებაში წერდა, „ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლო ‘ბუნტის’ საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია.“
"ბესიკ ხარძიანის საქმე". 2015 წელი, 28 მარტი
„..ვინ არის ბიჭო, ოქუაშვილი კი არა, დედამოტ...ნული ტერაბაიტებით გვაქვს სასწაულები, ამათ რო არ დაესიზმრებათ. ესენი ბიჭო მთავრობაში რო მოვიდნენ ინფორმაციები აღარ ჰქონდათ არაფერი, რა მერეზეა ლაპარაკი, ვინ, ბიჭო, კორძაიას პროსტა იმის გამო რომ დაჯდა და თქვა, რომ რაღაცა მოვისმინეო, პოლიტიკური თავშესაფარი და ბინა უყიდეს, შენმა ძმაკაცმა და ჩემმა ყოფილმა ძმაკაცმა უდესიანმა“...
49 წლის ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ გასროლით მოკლეს. ხარძიანის მკვლელობიდან რამდენიმე საათშივე გაჩნდა მოსაზრებები, მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ. ბესიკ ხარძიანმა სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „მე ვიძლევი ცუდ გაფრთხილებას: თუ არ აღდგება სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში. არავის არ ვაშინებ. პირიქით, ფრთხილად ვიყოთ საზოგადოება, წასული ხელისუფლებაც და ახალიც“.
ასევე ნახეთ ბიზნესმენის დაანონსებული მკვლელობაბესიკ ხარძიანი „კუს ტბის“ აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო. ის 2011 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ბიზნესმენი მტკიცედ უარყოფდა. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ბესიკ ხარძიანი ჟურნალისტებთან ინტერვიუებში ამბობდა, რომ „კუს ტბის“ აქციები მას ციხეში ყოფნის დროს იძულებით დაათმობინეს. ბიზნესმენის განმარტებით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი უდესიანმა "კუს ტბის" წილი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ის დააკავეს. ბესიკ ხარძიანმა „კუს ტბის“ ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა. გამოძიების შემდეგ მას „კუს ტბის“ აქციები დაუბრუნდა. თუმცა „კუს ტბის“ წილთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა გაგრძელდა.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობდნენ, რომ მკვლელობის კვალი გიორგი უდესიანამდე მიდიოდა, რომელიც 2012 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს. ისევე როგორც თავად გიორგი უდესიანი, მისი და ნატო უდესიანიც ჟურნალისტებთან საუბრისას მისი ძმის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდა მოკლული ბიზნესმენის ახლობლებს.
გიორგი უდესიანი არ იყო ერთადერთი ადამიანი და ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის გვარ-სახელიც გაისმა ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ. ბიზნესმენის მეგობარი, ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილსა და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილ აღმასრულებელ მდივანსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებდა. ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფდა. მისი მტკიცებით, გიორგი უდესიანსა და ზვიად ჯანყარაშვილს არანაირი ბიზნესურთიერთობა არ ჰქონიათ.
ბესიკ ხარძიანის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში, პირველ ივნისს, „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც გია უდესიანსა და ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირდებოდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ კაფე „რუმსში“ შეხვედრა დაუთქვეს ჯერ კიდევ ბესიკ ხარძიანის დასაფლავებამდე:
“შეხვედრის დასაწყისში ბატონი ვიქტორი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა იმ დროს უკვე გარდაცვლილ ბესო ხარძიანს, საუბრობდა მის ადამიანურ ნაკლოვანებებზე. ამ დროს მე უკვე 2 თუ 3 დღის განმავლობაში ვსაუბრობდი ბესოს მკვლელობაზე, რომ ბესოს ჰყავდა ერთადერთი მტერი, ეს მტერი იყო გიორგი უდესიანი, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თავდაპირველად ლაშა ნაცვლიშვილი, შემდეგ პრემიერ-მინისტრის ნათესაობამ, ზვიად ჯანყარაშვილმა და შესაძლოა გია ზედელაშვილმა საერთო გამონახეს ამ ადამიანთან და ამ გამონახვის მიზეზით ხდებოდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეყოვნება, ყოველ შემთხვევაში, ხარძიანის შემთხვევაში ასე იყო…
თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ არსი იყო ერთი რამ, რომ იქნებ შეთანხმდეთო. ასეთი რაღაც მითხრა ბატონმა ვიქტორმა და ალბათ გარკვეული ჯილდოს სანაცვლოდ უნდა გავჩუმებულიყავი. ბესოს ემტერებოდა უდესიანი და უდესიანს გარკვეულ მფარველობას უწევდნენ ეს ადამიანები. შეთანხმება უნდა მომხდარიყო, ალბათ, იმ ადამიანებთან, ვის მიმართაც მე გარკვეულ ბრალდებებს გამოვთქვამდი. საუბარში იყო ნახსენები პრემიერ-მინისტრი, უდესიანიც, ჯანყარაშვილიც, ზედელაშვილიც”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ირაკლი კორძაიამ 2015 წლის პირველ ივნისს.
თბილისის საქალაქო სასამართლო ბესიკ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული პირები, მკვლელობამდე 2 თვით ადრე, თბილისში, კიევიდან ჩამოფრინდნენ და დაიწყეს მზადება შეკვეთის სისრულეში მოსაყვანად. საქმეზე სასამართლო განხილვა ბრალდებულების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა, ვინაიდან მათ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და მათზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.
14 ოქტომბერს, „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც მირზა სუბელიანი ხარძიანის საქმესა და ამ საქმეში გია უდესიანის ინტერესებზე ლაპარაკობს, უდესიანის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს და მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს: „ხარძიანის საქმეში გიორგი უდესიანის წინააღმდეგ მთავარი “შეკერილი” მოწმეები არიან ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საპატიმროში მყოფი პირები, რომლებიც გიორგი უდესიანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს იძლევიან. შესაბამისად, სუბელიანის გუშინდელი ჩანაწერებით ცხადი ხდება, რომ ამ პირების ჩვენებები არის არა სიმართლე, არამედ მირზა სუბელიანისა და მისი ბანდის მიერ ძალით და ფალსიფიკაციით მიღებული ინფორმაცია, რისი მსხვერპლიც არის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი - გიორგი უდესიანი“, - აცხადებენ გიორგი უდესიანის ადვოკატები.