როგორ დავიცვათ შვილები ინტერნეტში ისე, რომ არ შევუზღუდოთ წვდომა სასარგებლო ინფორმაციაზე?
ეფლის და ანდროიდის მოწყობილობებისთვის ბევრი აპლიკაცია არსებობს, თუმცა მათი უმეტესობა, ყოველ შემთხვევაში ისინი, რომლებსაც საუკეთესო შეფასებები აქვს, ფასიანია, ხოლო უფასო ვერსიებზე ფუნქციები ძალიან არის შეზღუდული. ამიტომაც, ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ მართოთ თქვენი შვილის ციფრული აქტივობა მარტივად, უსაფრთხოდ და უფასოდ.
ზოგ შემთხვევაში დაგჭირდებათ აპლიკაციების ჩამოტვირთვა როგორც თქვენს, ასევე შვილების მოწყობილობებზე (ტელეფონებზე თუ ტაბლეტებზე). ზოგ შემთხვევაში კი ასეთი ფუნქციები მოწყობილობებშივეა ჩაშენებული.
დააწკაპუნეთ აქ ⬇ თუ აპლიკაცია ანდროიდისთვის გჭირდებათ.
დავიწყოთ IOS სისტემით, ანუ აიფონებით და აიპედებით.
ეფლმა თავისი მობილური ოპერაციული სისტემის, IOS-ის ბოლო განახლებაში არასრულწლოვნების მოწყობილობების მართვა მშობლებისთვის საგრძნობლად დახვეწა.პირველ რიგში, შედით თქვენი შვილის ტელეფონის Setting-ში ⚙ და იპოვეთ Screen Time, ან აკრიფეთ საძიებო ველში Parental Controls.
აქ შეგიძლიათ, ნახოთ რა დროს და რაზე ხარჯავს თქვენი შვილი ინტერნეტში. ამისთვის გაქვთ ოთხი პარამეტრი, რომლებითაც შეგიძლიათ ტელეფონზე შეზღუდვები დააწესოთ. მივყვეთ მიმდევრობით:
1. Downtime - შეზღუდეთ ეკრანის წინ გატარებული დრო.
აქ შეგიძლიათ, მიუთითოთ პერიოდი, როდესაც ტელეფონში ყველა აპლიკაცია ავტომატურად დაიბლოკება და არ გაიხსნება მანამ, სანამ დრო არ ამოიწურება, ან თქვენ არ მოინდომებთ ამას.
2. App Limits - მართეთ აპლიკაციებზე წვდომა
აქ შეგიძლიათ, გააკონტროლოთ რა დრო დაუთმოს თქვენმა შვილმა სხვადასხვა აქტივობას, მაგალითად სოციალურ ქსელებს, თამაშებს, გართობას და ა.შ.
3. Always allowed - მუდამ დაშვებული აპლიკაციები
შეზღუდვები კარგია, მაგრამ ყველაფრის აკრძალვამ, შეიძლება უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს და შვილს ტელეფონი ისე დავუბლოკოთ, რომ ჩვენ თვითონაც ვერ შევძლოთ მასთან დაკავშირება.
ამ ფუნქციით შეგიძლიათ, აირჩიოთ ის აპლიკაციები, რომლის გამოყენებაც მას ყოველთვის შეეძლება. ეფლის სისტემაში ერთადერთი ფუნქცია, რომელიც ავტომატურად მუდამ დაშვებულია, არის დარეკვის და ზარების მიღების ფუნქცია - დანარჩენი კი შეგიძლიათ, სურვილისამებრ აირჩიოთ.
4. Content and Privacy Restrictions - გააკონტროლეთ, რის ნახვას ვერ შეძლებს თქვენი შვილი ინტერნეტში.
აქ შეგიძლიათ:
შეზღუდოთ აპლიკაციების ჩამოწერის ან წაშლის ფუნქციები;
გათიშოთ ტელეფონიდან აპლიკაციები, რომლებიც არ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა გამოიყენოს;
მიუთითოთ, რა სახის მუსიკას, ფილმებს, პოდკასტებს, სერიალებს და წიგნებს ვერ ნახავს თქვენი შვილი. მაგალითად, შეგიძლიათ შეზღუდოთ ფილმები, დაშვებული ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.
ასევე Web Content-ის გრაფაში შეგიძლიათ, მიუთითოთ მხოლოდ ის ვებგვერდები, რომლების ნახვის უფლებასაც თქვენს შვილს მისცემთ და მას სხვა დანარჩენ საიტებზე წვდომა არ ექნება.
აქვე შეგიძლიათ, გააკონტროლოთ/შეზღუდოთ მოწყობილობის ადგილმდებარეობის (Location) გაზიარების, ბლუთუსის, მიკროფონის და სხვა შესაძლებლობების გამოყენების ფუნქციები.
დაბოლოს, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ თქვენი შვილი მარტივად შევა თავისი მოწყობილობის Parental Control-ში და ყველა ამ შეზღუდვას გამორთავს?
ამიტომაც, ყველაზე მთავარია, დააყენოთ პაროლი, რომ მისი ჩართვა ან გათიშვა მხოლოდ თქვენ შეგეძლოთ.
ანდროიდის შემთხვევაში საქმე ცოტა რთულადაა, მაგრამ არ შეშინდეთ, უბრალოდ აქ ოდნავ მეტი ნაბიჯის გავლაა საჭირო.
საქმე ისაა, რომ ანდროიდის სისტემას არ აქვს მშობლების მიერ ბავშვის ინტერნეტ აქტივობების კონტროლის (Parental Control) ჩაშენებული სისტემა, თუმცა არსებობს გუგლის ოფიციალური უფასო და საკმაოდ კარგი აპლიკაცია - Google Family Link.
თუ ბმულზე გადასვლისას შეგხვდათ წარწერა, რომ ეს აპლიკაცია თქვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის, არ შეშინდეთ - სწორედ ამ პატარა სირთულეზე გეუბნებოდით, თუმცა ამასაც მარტივად გადავწვეტთ.
არსებობს ორი გზა, როგორ ჩამოვტვირთოთ ისეთი აპლიკაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის. თუ თქვენთვის ეს ახალი არ არის, დააჭირეთ აქ, რომ გადავიდეთ პირდაპირ აპლიკაციის განხილვაზე.
- შეუცვალოთ ადგილმდებარეობა თქვენს ტელეფონს და გადაიყვანეთ ის აშშ-ზე (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამის გაკეთება წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი).
- ჩამოტვირთეთ VPN სერვერის რომელიმე აპლიკაცია და ამავე აპლიკაციაში ადგილმდებარეობად აშშ მიუთითეთ. VPN აპლიკაციების სანახავად გადადით ამ ბმულზე. ასევე, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე, რომ ნახოთ, როგორ გამოიყენება VPN.
ჩამოტვირთეთ აპლიკაცია და დასაწყისში მიყვევით შემოთავაზებულ ნაბიჯებს.
IOS სისტემისგან განსხვავებით ეს აპლიკაცია უნდა დაყენდეს როგორც თქვენს, ასევე თქვენი შვილის მოწყობილობაში, რომ მისი გაკონტროლება შეძლოთ.
როგორ გამოვიყენოთ Google Family Link?
1. Manage Settings - აქ შეგიძლიათ დააყენოთ ყველა პარამეტრი, რისი გაკონტროლებაც გჭირდებათ:
მაგალითად, Controls on Google Play-ში შეგიძლიათ მიუთითოთ, რა ასაკობრივი კატეგორიისთვის განსაზღვრული აპლიკაციები, წიგნები და მუსიკა იყოს მისაწვდომი თქვენი შვილისთვის.
ასევე, აქ შეგიძლიათ დააყენოთ საიტებისა და სხვა სახის ძებნის ფილტრები Google Chrome-ს, იუთუბისა და Google-ის საძიებო სისტემაზე.
2. Location - ნახეთ სად არის თქვენი შვილი.
ამ ფუნქციის გააქტიურებით, თქვენი ტელეფონი გააკონტროლებს თქვენი შვილის ტელეფონის ადგილმდებარეობას.
ყველა ამ ფუნქციის გააქტიურებით თქვენ ასევე შეძლებთ, გააკონტროლოთ, რა დროს ატარებს ის ამა თუ იმ აპლიკაციაში.
3. Screen Time - გააკონტროლეთ, რა პერიოდში ვერ შეძლებს თქვენი შვილი ტელეფონის გამოყენებას.
აქ შეგიძლიათ, დააყენოთ არამარტო დრო, როდის დაიბლოკება თქვენი შვილის ტელეფონი, არამედ ისიც, თუ რა დრო გაატაროს დღეში ეკრანთან.
IOS სისტემისგან განსხვავებით აქ ეს ფუნქცია გაუმჯობესებულია და შეგიძლიათ წინასწარ დააყენოთ ტელეფონის თუ ტაბლეტის გამოყენების გრაფიკი მთელი კვირისთვის.
თუ ეს აპლიკაციები თქვენთვის საინტერესო არ იყო, შეგიძლიათ სცადოთ სხვა სერვისებიც ანდროიდისთვის და IOS-ისთვის.
ან, თუ უკვე იყენებთ ასეთ აპლიკაციას, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.