ნინო გვენეტაძის შემდეგ: გაშვებული „ბოლო შანსი“

პრეზიდენტმა არ შეასრულა მოქმედი კონსტიტუციით მინიჭებული ფუნქცია და არ გამოიყენა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი - ასეთია პოზიცია სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილისა, რომელიც იმედით უყურებდა თავად პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ პროცესს. ის, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურას აღარ დაასახელებდა, 24 აგვისტოს გახდა ცნობილი და ამან ძალიან ბევრის გაკვირვებაც გამოიწვია. რატომ გადაუხვია პრეზიდენტმა თავისივე არჩეული გზიდან, არის თუ არა ეს კონსტიტუციის იგნორირება და რატომ მოელის სავალალო შედეგებს სამოქალაქო საზოგადოება?

რა ჩაიფიქრა და რა მიიღო პრეზიდენტმა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო გვენეტაძის მოულოდნელი და ბურუსით მოცული გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, სასამართლო სისტემის გადარჩენის მიზნით, ამბიციური, ხმაურიანი პროცესი წამოიწყო და გაისმა მოწოდება - მოდით, ყველამ ერთად შევარჩიოთ უზენაესი სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარეო.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაზე

პრეზიდენტის ეს ინიციატივა „ბოლო შანსად“ შეაფასა არასამთავრობო სექტორის დიდმა ნაწილმა. 6 აგვისტოდან დაიწყო კიდეც პრეზიდენტის კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, გაიმართა არაერთი შეხვედრა, მაგრამ ბოლოს პროცესი შუა გზაში შეწყდა. იმის გამო, რომ 24 აგვისტოს კანდიდატურის არდასახელების გადაწყვეტილება არა თავად პრეზიდენტმა, არამედ მისი ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, გამოაცხადა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მაინც შერჩა იმედი, რომ პრეზიდენტმა შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, ახლა გადაწყვეტილების შეცვლა არასერიოზული ფაქტი იქნება.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია?

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასახელება ეს არის პრეზიდენტისთვის მოქმედი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება, პრეროგატივა, რომლითაც მან უნდა მოახდინოს ზეგავლენა სასამართლო პოლიტიკაზე. თუმცა იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არ შეილახოს, პრეზიდენტი მოკლებულია უფლებამოსილებას, გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე“ - რადიო თავისუფლებასთან ასე განმარტავს ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის ნორმებს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არ გამოიყენა სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი შანსი, პრეზიდენტმა არ შეასრულა საკუთარი კონსტიტუციური ფუნქცია და რომ არა დღეს არსებული კონტექსტი, შესაძლოა დღის წესრიგში დამდგარიყო მისი იმპიჩმენტის საკითხიც.

Your browser doesn’t support HTML5

ვახუშტი მენაბდე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

ვისი ბრალია „ბოლო შანსის“ დაკარგვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებამ აზრი დაკარგა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის ფონზე ფართო კონსენსუსის მიუღწევლობის გამო. ვინც პროცესებს ადევნებდა თვალყურს, იოლად მიხვდება, რომ კონსენსუსის მიუღწევლობას პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარკვეულწილად არასამთავრობო სექტორსაც აბრალებს. პრეზიდენტის სასახლეში 20 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე სწორედ არასამთავრობო სექტორმა უთხრა უარი პრეზიდენტს კონკრეტული კანდიდატურის დასახელებაზე და ურჩია, რომ, ვინაიდან საბოლოოდ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის შეთანხმებული საერთო კანდიდატის დასახელება შეუძლებელი იქნებოდა და ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგებოდა, პასუხისმგებლობა თავად პრეზიდენტს აეღო და სხვადასხვა დროს დასახელებული გვარებიდან შეერჩია საუკეთესო.

გარკვეულწილად არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობაზეც მიანიშნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც, როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილების ახსნას ცდილობს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ფართო კონსენსუსის არარსებობის პირობებში, პრეზიდენტს გაუჭირდებოდა ღირსეული კანდიდატურის დათანხმება იმაზე, რომ დრო დაეკარგა წინასწარ წაგებული თამაშისთვის. თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა, ანა დოლიძის შეფასებით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეკისრება.

Your browser doesn’t support HTML5

ანა დოლიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

„ქართული ოცნების“ ანტაგონისტური დამოკიდებულების მიუხედავად, პრეზიდენტს აუცილებლად უნდა დაესახელებინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, - უთხრა რადიო თავისუფლებას არასამთავრობო სექტორის არაერთმა წარმომადგენელმა. მაგალითად, როგორც საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე აღნიშნავს, არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოების სხვა ჯგუფებს პრეზიდენტისთვის მხოლოდ კონსულტაციების გაწევა შეეძლოთ და ამისთვის ყველა მზად იყო, თუმცა კანდიდატურის კონკრეტული გვარი თავად პრეზიდენტს უნდა დაესახელებინა.

Your browser doesn’t support HTML5

სულხან სალაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

სულხან სალაძის თქმით, პრეზიდენტს ბოლომდე უნდა მიეყვანა პროცესი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონკრეტული კანდიდატურის წარდგენით ფაქტის წინაშე დაეყენებინა „ქართული ოცნება“. გაუმართლებელია, როცა პროცესის შეჩერება მარცხის წინასწარი შეგრძნების გამო ხდება.

რა ბედი ელის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს

მას შემდეგ, რაც ძველი კონსტიტუციით გათვლილ პროცედურაზე პრეზიდენტმა უარი თქვა, ლოგიკურად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახალი კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად აირჩევა. კონსტიტუციის ახალი ვერსია კი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში და კანდიდატურის წარდგენის პრეროგატივა უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში გადაინაცვლებს. საბჭოს წევრებმა შესაბამისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობიდან უნდა შეარჩიონ. როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს, რადგან, ახალი კონსტიტუციით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რიცხვი 28-მდე უნდა გაიზარდოს და 17 ახალი მოსამართლის შერჩევა, თავის მხრივ, გარკვეულ დროს მოითხოვს. ამასთან, როგორც საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, არის საფრთხე, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევა სასამართლო სისტემაში არსებული (ხშირად კლანად მოხსენიებული) გავლენიანი ჯგუფის მიერ მოხდეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზეც ამ ჯგუფისთვის სასურველი ადამიანი ვიხილოთ.