გაიგე, ვის სურს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობა

საზოგადოებრივი მაუწყებლობის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის 9 მსურველიდან მეორე - გასაუბრების - ეტაპზე 8 კანდიდატი გადავიდა. მრჩეველთა საბჭოსთან გასაუბრება 30 და 31 მაისსაა დაგეგმილი.

ვის სურს დირექტორობა?

რადიო თავისუფლება მათ მოკლე პროფესიულ ბიოგრაფიებსა და გეგმებს გთავაზობთ.

ირმა ზოიძე

ირმა ზოიძე ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტია. იგი 25 წელია, რაც სხვადასხვა მედიაში მუშაობს, მათ შორის აჭარის ტელევიზიაში (2003 – 2005 წწ.). იგი ამბობს, რომ სარედაქციო გადაწყვეტილებებში ტელევიზიის მაშინდელი დირექტორის ჩარევის გამო საინფორმაციო სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა. 2018 წლიდან იგი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრია. რამდენიმე წელია, რაც მან დააფუძნა საგამოძიებო ფილმების სტუდია “რეკი”, რომელიც აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლობს.

ძალიან უხეში შეცდომები იყო დაშვებული, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ დღეს ტელევიზიაში არის მართვის კრიზისი

ირმა ზოიძე

„ჩემთვის სამოქალაქო საზოგადოება არ არის უცხო. პირიქით, მე მგონია, რომ მათ წარმოვადგენ. ამავე დროს, არც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კოლექტივია უცხო, ასევე - მედიასექტორიც და თამამად შემიძლია თქმა, რომ მათ წარმოვადგენ. ძალიან უხეში შეცდომები იყო დაშვებული, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ დღეს ტელევიზიაში არის მართვის კრიზისი და ამას ვერავინ უგულებელყოფს. ვინც უნდა მოვიდეს, მოუწევს ამ თემებზე მუშაობა”, ამბობს ირმა ზოიძე.

ნათია ზოიძე

ნათია ზოიძეს მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს - მათ შორის გაზეთ „ბათუმელებში“, ტელეკომპანია „ტვ 25“-ში, ტელეკომპანია „იმედში“. აჭარის ტელევიზიაში ის 2005-2008 წლებში საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო და ისიც პროტესტის ნიშნად წამოვიდა ტელევიზიიდან. ამჟამად ნათია ზოიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

იგი ფიქრობს, რომ ბოლო წლებში მიღწეული სარედაქციო დამოუკიდებლობა და სანდოობა უნდა შენარჩუნდეს:

თუ მრჩეველთა საბჭო გააკეთებს აქცენტს ჩემს კანდიდატურაზე, არა მარტო გაძლიერდება სარედაქციო პოლიტიკა, არამედ მედიაპროდუქტი, რომელსაც ჩვენ შევქმნით, იქნება უფრო პროგრესული
ნათია ზოიძე

„თუ მრჩეველთა საბჭო გააკეთებს აქცენტს ჩემს კანდიდატურაზე, არა მარტო გაძლიერდება სარედაქციო პოლიტიკა, არამედ მედიაპროდუქტი, რომელსაც ჩვენ შევქმნით, იქნება უფრო პროგრესული, ანუ ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ხარისხზე, იმიტომ რომ მთავარი მონაპოვარი უკვე არის. პროფესიონალიზმი თავისუფლების გარეშე არ არსებობს, მაგრამ როდესაც თავისუფლება გაქვს, უკვე პროფესიონალიზმი არის არსებითი და მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ, საზოგადოებრივ მაუწყებელს, თავისთავად გაგვიზრდის აუდიტორიას“, - ამბობს იგი.

ბაჩო გურაბანიძე

ბაჩო გურაბანიძე აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემის ხელმძღვანელია. განათლებით იურისტს, 17-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს. იგი აჭარის რადიოში, შემდეგ კი ტელევიზიაში ჯერ კიდევ იმ დროიდან მუშაობს, როდესაც ეს მედია აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო. ბაჩო გურაბანიძე ამბობს, რომ დირექტორად არჩევის შემთხვევაში მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს შეასრულებს, რასაც მრჩეველთა საბჭო საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე ადგენს:

უნდა იყოს ახალი პროექტები, რომელიც პროგრამულ პრიორიტეტებს უპასუხებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კონსტიტუცია
ბაჩო გურაბანიძე


„პირველ რიგში, რაც მაუწყებლის ყველაზე დიდი მონაპოვარია, ეს არის მისი მიუკერძოებლობა - პოლიტიკური და კომერციული ზეგავლენისგან თავისუფალი მაუწყებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას კანონიც გვავალდებულებს ჩვენ და ეს არის პირველი, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და უნდა შევინარჩუნოთ. მაუწყებელი ასევე უნდა განვითარდეს. უნდა იყოს ახალი პროექტები, რომელიც პროგრამულ პრიორიტეტებს უპასუხებს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კონსტიტუცია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბაჩო გურაბანიძე.

მერაბ წულუკიძე

ჟურნალისტი მერაბ წულიკიძე ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია. აჭარის ტელევიზიაში 1998 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად და უფროს რედაქტორად. 2004 წლიდან 2009 წლამდე ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტი იყო, 2008-2013 წლებში - აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემის ხელმძღვანელი .

იგი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რაიმე სახის ნათესაური კავშირი ჰქონდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად არჩევის შემთხვევაში მისთვის მთავარი იქნება ეს მედია ყველაზე სანდო მაუწყებელი გახდეს რეგიონში:

მაუწყებლის მიერ მომზადებული პროდუქცია მოსახლეობისთვის უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც არ საჭიროებს გადამოწმებას.
მერაბ წულუკიძე

„მაუწყებლის მიერ მომზადებული პროდუქცია მოსახლეობისთვის უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც არ საჭიროებს გადამოწმებას. ეს იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრესის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. დღეს, როდესაც ჩვენ, ფაქტობრივად, ვიმყოფებით ჰიბრიდული ომის გამოწვევის წინაშე და გვაქვს ქვეყანაში პოლარიზებული მედია; ის, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადამიანები დაობდნენ იმაზე, უნდა იყოს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი და უნდა იხდიდეს თუ არა დამატებით გადასახადს ამაში მოსახლეობა, ეს კითხვა დღეს გაქრა. ამდენად, ჩემი ხედვით, საჭიროა დღეს სანდო საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა“. - ამბობს კანდიდატი.

თორნიკე მჟავანაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი თორნიკე მჟავანაძეა. 2014–15 წლებში ის აჭარის ტელევიზიის საავტორო გადაცემა „ეკონომისტის“ წამყვანი იყო. ახლა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრია. იგი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს წარსულში ის პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო და ამბობს, რომ ამ პარტიის დამკვირვებლებისთვის ატარებდა ტრენინგებს საარჩევნო თემაზე.

მას 2012 წლიდან აქვს აგრეთვე სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება - მათ შორის უმაღლეს საბჭოში, ბათუმის საკრებულოში და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებისას გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე მჟავანაძე რეგიონალური მაუწყებლის დირექტორობას აპირებდა, რაზეც მჟავანაძე ამბობს, რომ ამის სურვილი მას წლების წინაც ჰქონდა და ამას არც მალავდა. ამიტომ, როგორც ამბობს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარებაზე ადრეც უფიქრია:

ჩემთვის საზოგადოებრივი, უპირველეს ყოვლისა, არის მაუწყებელი, რომელიც არის ორიენტირებული მთლიანად საზოგადოებაზე და არა განსაკუთრებით ერთ ჯგუფზე.
თორნიკე მჟავანაძე

„ჩემთვის საზოგადოებრივი, უპირველეს ყოვლისა, არის მაუწყებელი, რომელიც არის ორიენტირებული მთლიანად საზოგადოებაზე და არა განსაკუთრებით ერთ ჯგუფზე. ის უნდა მოიცავდეს ყველა დემოგრაფიულ, ეთნიკურ თუ სოციალურ ჯგუფს. უნდა საუბრობდეს ყველას პრობლემებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს მაღალი სტანდარტით ფართო კონტექსტში დანახული საკითხების წარმოჩენა“.

დავით ჩხარტიშვილი

„აჭარის ტელევიზია და რადიო ყველა მოსაზრებისთვის უნდა იყოს ღია“, - ამბობს რეგიონალური მაუწყებლის დირექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი, დავით ჩხარტიშვილი, რომელიც ამ კონკურსში უკვე მეორედ მონაწილეობს. იგი 2005 წლიდან 2007 წლამდე გაზეთ „აჭარის“ რედაქტორი იყო. პუბლიცისტია და ამბობს, რომ “წერს პოსტსაბჭოთა სივრცის ინტერნეტსაიტებისთვის”. მუშაობს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში.

იდეალური ტელევიზია არ არსებობს. ჩვენ ეკლექტიკას შევქმნით.
დავით ჩხარტიშვილი

„მთელი ეს პერიოდი აჭარის მაუწყებელს სამთავრობო ზეწოლა ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა გადავარდა სხვა უკიდურესობაში - ულტრალიბერალური დაჯგუფების დიქტატი მიდიოდა და ერთი დისკურსის ფარგლებში იყო ეს თავისუფლება. რაც შეეხება საინფორმაციო თავისუფლებას, ვპირდები აჭარის ჟურნალისტებს, რომ ბევრად მეტ თავისუფლებას მიიღებენ, მაგრამ სხვადასხვა დისკურსის ფარგლებში. იდეალური ტელევიზია არ არსებობს. ჩვენ ეკლექტიკას შევქმნით. ასევე აქცენტი გვექნება საგანმანათლებლო კულტუროლოგიურ პროგრამებზე. რა სიყვითლეც არის დღეს აჭარის მაუწყებელში, იმას მოვაშორებთ. როცა საზოგადოება 8 მილიონი ლარით გაფინანსებს, საზოგადოებას აქვს უფლება მოსთხოვოს მაუწყებელს, რომ საზოგადოებრივი სიკეთეები დაამკვიდროს. დღეს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, -ეუბნება იგი რადიო თავისუფლებას.

ბაჩუკი (ნუგზარ) ჩხეიძე

საჯარო სამსახურში მუშაობის არაერთწლიანი გამოცდილება აქვს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატს, ბაჩუკი(ნუგზარ) ჩხეიძეს. 2010-2011 წლებში ის აჭარის მთავრობის პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2011-2012 წლებში აჭარის მთავრობის აპარატში მრჩევლად გააგრძელა მუშაობა. პარალელურად 2011 წელს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, 2006-2011 წლებში - ბათუმის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე. იგი საზოგადოება „ბათუმელის“ გამგეობის წევრია.

ფაქტები უნდა აისახოს, მე უნდა ვიცოდე, რა ხდება ხულოში, მაგალითად, და, საერთოდ, მაღალმთიან აჭარაში. ეს აკლია ამ ტელევიზიას
ბაჩუკი (ნუგზარ) ჩხეიძე

„სტატუსი, რომელიც აჭარის ტელევიზიას დღეს გააჩნია, ეს არის დიდი მონაპოვარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია უდიდესი როლი შეასრულოს ჩვენი რეგიონის განვითარებაში. ტელევიზიას დაეტყო თავისუფლების ხარისხი. ტელევიზიისთვის მთავარია მძლავრი საინფორმაციო სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის. ფაქტები უნდა აისახოს, მე უნდა ვიცოდე, რა ხდება ხულოში, მაგალითად, და, საერთოდ, მაღალმთიან აჭარაში. ეს აკლია ამ ტელევიზიას“, - ამბობს დირექტორობის მსურველი კანდიდატი.

გიორგი კოხრეიძე

გიორგი კოხრეიძე 2014-2018 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, 2005-2014 წლებში კი ტელეკომპანია „202-ის“ დირექტორი იყო. 1999 წლიდან 2004 წლამდე გიორგი კოხრეიძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, შშმ პირთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად კენჭისყრას 31 მაისს საღამოს 7 საათზე ჩაატარებს.

მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან აპრილში გადააყენა. ნათია კაპანაძეს ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. მისი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი შეჩერებულიყო. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.