Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად - ინტერვიუ ეკა კიკნაძესთან


ცვლილება მოულოდნელი არ ყოფილა - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილ მმართველს, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძეს, ეს მოლოდინი მაშინ გაუჩნდა, როცა კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის მოსვლის შემდეგ მუზეუმში მენეჯმენტიც შეიცვალა და კულტურის პოლიტიკაც. ამ ცვლილების ერთ-ერთი პირველი სამიზნე კი, როგორც ეკა ამბობს, სწორედ ეროვნული მუზეუმი აღმოჩნდა.

ეკა კიკნაძე მმართველის პოზიციას ჩამოაშორეს. სამუშაო პოზიცია შეუცვალეს მუზეუმის კიდევ სამ თანამშრომელს, თუმცა ეს ამბავი მას მერე გახდა ცნობილი, რაც ეკა კიკნაძემ ახლად დანიშნულ ნიკა ახალბედაშვილისგან წერილობით მოითხოვა მუზეუმის ექსპონატების ევაკუაციის გეგმის დეტალები, პასუხად კი მიიღო, რომ ის აღარ იკავებს ეროვნული გალერეის მმართველის პოსტს.

თეა წულუკიანის დავალებით, კომპანია „კარიატიდის” მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაში ჩაიწერა, რომ მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა „არარენტაბელურია“, ხოლო მეორე ნაწილის რღვევა ვერ შეჩერდება, ამიტომ უნდა დაინგრეს და იმავე მასალებით ხელახლა აშენდეს.
მუზეუმის დაცლის ვადად 6 თვე დასახელდა.

მუზეუმის გუნდის მიერ მომზადებული გეგმა კი, რომელიც, ერთი წელია, არსებობს და რომელშიც გაწერილია, თუ დროებით სად, როგორ, რა პირობებში უნდა გადაეტანათ მუზეუმში დაცული საგანძური, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა ისე, რომ კულტურის სამინისტროსგან ეკა კიკნაძეს და მის გუნდს არ მიუღიათ პასუხი, რატომ არ მივიდა პროცესი ბოლომდე.

ახლა კულტურის სამინისტრო ყველაფერს თავიდან იწყებს სხვა ადამიანების ხელმძღვანელობით და, რაც მთავარია, უმოკლეს დროში ფიქრობს მუზეუმის დაცლას. 5 აგვისტოს უნდა გაირკვეს, თუ სად გეგმავენ გადაიტანონ ხელოვნების მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები, თუმცა ეკა კიკნაძისა და მისი კოლეგებისათვის უცნობია, ვინ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, რამდენად იქნება დაცული ექსპონატების უსაფრთხოება და, საერთოდ, რას უპირებენ შენობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.


XS
SM
MD
LG