Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძეგლი, „სტალინობა“ და მუზეუმი - სტალინისტების მოთხოვნები საბჭოთა დიქტატორის დაბადების დღეზე


სტალინისტები მუზეუმის ეზოში
სტალინისტები მუზეუმის ეზოში

გორში 20-მდე სტალინისტი საბჭოთა დიქტატორის დაბადების დღეს მის მონუმენტთან, მუზეუმის ეზოში შეიკრიბა.

85 წლის მიხეილ გეგელაშვილი ყოველი წლის 21 დეკემბერს სოფელ სკრიდან ჩადის გორში და საბჭოთა ბელადს დაბადების დღეზე ლექსებს და სიმღერებს უძღვნის. სტალინის დაბადების 143-ე წლისთავზეც ის სახლ-მუზეუმთან წითელი დროშით მივიდა, ამჯერად, დროშაზე საბჭოთა სიმბოლიკა ნამგალი და ურო აღარ ყოფილა.

„ფეხზე დგომით კი არა, ხან სკამზე ავდივარ, ხან მაგიდაზე და ისე ვიძახი სტალინის სადღეგრძელოსა"- თქვა მიხეილ გეგელაშვილმა და სტალინის ძეგლთან გამართულ მიტინგზე გამოსვლა ლექსით დაასრულა: „რამდენ ქართველს უთქვამს შენზე, გორო, ქართლის გული ხარო, გაიხარე ქართლის გულო, სტალინივით გულმართალო. ხტის კალმახი ტალღებს შორის, ლიახვის პირს გასცდა წერო, ოო, როგორ მსურს ყველა ლექსი, რომ სტალინზე დაიწეროს“.

სტალინი, იგივე იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, საბჭოთა ბელადი, რომელიც ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნაზე, მასობრივ რეპრესიებზე, დახვრეტებსა და მილიონობით ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი, 1878 წლის 21 დეკემბერს, თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში, მეწაღე ხელოსნის სახლში დაიბადა.

სტალინისტებმა საბჭოთა დიქტატორის დაბადების დღე აღნიშნეს.
სტალინისტებმა საბჭოთა დიქტატორის დაბადების დღე აღნიშნეს.

გორში წელს ჩასული სტალინისტების ტრადიციულ მოთხოვნებს ახლებიც დაემატა - გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის დაბრუნების გარდა, ისინი სტალინის სახელობის მუზეუმი მათთვის გადაცემას და მუზეუმის შემოსავლების გორში დატოვებას ითხოვენ. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმის მთლიანი შემოსავალი თბილისს მიაქვს.

მიტინგზე ზურაბ ზუმბულიძე ხელისუფლებას დაემუქრა, რომ "ქართული ოცნება" კომუნისტების და სტალინისტების ხმებს დაკარგავს, თუ სტალინს გორის ცენტრში არ დააბრუნებენ.

„ხელისუფლებაში რომ არიან ეს ჩვენი დამსახურებაა. აი, ამ ადამიანების დამსახურებაა."- მიუთითა ზუმბულიძემ მუზეუმთან აღმართული ძეგლის გარშემო შეკრებილებზე და განაგრძო, "ამ ხელისუფლებას არ ეგონოს ის, რომ 2012 წელში თავისი რესურსებით მოიგეს. სტალინის ძეგლის დემონტაჟით გაბრაზებულებმა ასიათასობით ხმა მივეცით ამათ. ათი წელია, პირადად მე "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე ვეხმარები, იმის გამო, რომ ძეგლი დაედგათ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კარდაკარ რომ დაიწყებენ სიარულს, ხალხთან მისასვლელი პირი უნდა ჰქონდეთ. ჩვენ პატარა არმია არა ვართ.“

სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრში 1952 წლიდან იდგა და მისი დემონტაჟი 2010 წლის ივნისში მოხდა. ამის შემდეგ სტალინისტების და კომუნისტების ჯგუფი ყოველწლიურად ითხოვს გორის ცენტრში სტალინის ექვსმეტრიანი მონუმენტის ხელახლა დადგმას.

თუკი არსებობს თბილისობა, ბათუმობა, ქუთაისობა, რატომ არ უნდა არსებობდეს სტალინობაო?! - ეს წინადადება ერთ-ერთმა სტალინისტმა თამაზ ზუბიაშვილმა წამოაყენა და მიტინგზე შეკრებილ სტალინისტებს ხელმოწერების შეგროვება იქვე სთხოვა, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ისინი მერიას მიმართავენ.

სტალინისტებმა საბჭოთა დიქტატორის დაბადების დღე აღნიშნეს.
სტალინისტებმა საბჭოთა დიქტატორის დაბადების დღე აღნიშნეს.

გორის ცენტრში სტალინის მონუმენტის აღდგენას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საბჭოთა დიქტატორის სახელი არც ქალაქის მთავარ ქუჩას უნდა ერქვას. საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრები, მოითხოვენ, რომ გორში სტალინის ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი ეწოდოს. გარდა ამისა სამოქალაქო აქტივისტები „თავისუფლების ქარტიის“ კანონის სრულად ამოქმედებისა და ტოტალიტარიზმის სიმბოლოების აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან. მათი აზრით, სტალინის ძეგლი, სწორედ ტოტალიტარიზმის სიმბოლოა. საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრი თეონა ფანქველაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელისუფლების არაერთხელ მოსთხოვეს კანონის დაცვა:

„თითქმის 6 წელია იმას ვითხოვთ, რომ კანონი „თავისუფლების ქარტია“ ამოქმედდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ ფაშისტური და ტოტალიტარიზმის სიმბოლოები - ძეგლები, ბარელიეფები, ქუჩების სახელწოდებები - აღმოფხვრილი იყოს. გვაქვს სტალინის ქუჩა, გორსა და სოფლებში კიდევ მრავალი ძეგლია. დიდი ხანია ვითხოვთ, მაგრამ არ იღებენ. რამდენიმე წერილი გავგზავნეთ პრემიერ-მინისტრის სახელზე, ასევე სხვადასხვა უწყებაში, თუმცა რეაგირება არის ნული. გვეუბნებიან, რომ საბჭო შეიკრიბება, შემდეგ დაითვლიან ამ ყველაფერს, რომელ სოფელში და ქალაქში რა სიმბოლოა, მაგრამ რეაგირებას ჯერ ვერ ვხედავთ.“

წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები ადამიანი იკრიბება იმ თარიღების აღსანიშნავად, რომელიც საბჭოთა პერიოდში მასობრივად აღინიშნებოდა. სტალინის დაბადების დღეზე მისულებმა 21 დეკემბერს დათქვეს, რომ კიდევ ერთხელ, მომავალი წლის 5 მარტს, საბჭოთა დიქტატორის გარდაცვალების დღეს შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG