Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცუდსა და უარესს შორის - სამი სცენარი საქართველოს ეკონომიკისთვის


საქართველოში წელს შესაძლოა, რეცესია, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა დაფიქსირდეს. 90-იანი წლების შემდეგ ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ - 2009 წელს მოხდა. მაშინ დარტყმას, რომელიც ქვეყანას აგვისტოს ომმა მიაყენა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც დაემატა. ახლა სავარაუდო რეცესია კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

„ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით“, - განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, 4 პროცენტით შემცირდეს. ამ ეტაპზე შედარებით ოპტიმისტურია აზიის განვითარების ბანკის (0%) და მსოფლიო ბანკის (–0.2-დან +2%-მდე) პროგნოზები. საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტს“, რომელიც სანდო და ზუსტი ეკონომიკური პროგნოზებითაა ცნობილი, საქართველოს ეკონომიკისთვის სამი სცენარი აქვს.

სამივე ვერსია იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის მოახერხებს ქვეყანა ვირუსის საბოლოო შეკავებას.

ოპტიმისტური სცენარი

პირობა: ვირუსის კონტროლი - აპრილ-მაისში, ეკონომიკური ვარდნა - მარტიდან მაისამდე პერიოდში.

ამ სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ივნისიდან „გამოცოცხლდება“, 2020 წლის ბოლოსთვის კი მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა 2.1 პროცენტს შეადგენს. თუმცა „გალტის“ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ სცენარის ალბათობა დაბალია - 10%.

შუალედური სცენარი

პირობა: ვირუსის შეკავება - აპრილ-მაისში, ოქტომბერში კი მისი ხელახალი გავრცელება.

ამ შემთხვევაში მარტიდან მაისამდე ეკონომიკური ვარდნა იქნება, ივნის-სექტემბერში - „გამოცოცხლება“, ოქტომბრიდან კი - ისევ ვარდნა. „გალტის“ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების ალბათობა ყველაზე მაღალია - 50%. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა წელს 2.7 პროცენტით შემცირდება.

პესიმისტური სცენარი

პირობა: ვირუსის გავრცელება საქართველოში წლის ბოლომდე ვერ შეჩერდა.

ამ ყველაზე პესიმისტური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, რომლის ალბათობა საკმაოდ მაღალი - 40 პროცენტია, ქვეყნის წლიური ეკონომიკური ვარდნა 6 პროცენტს მიაღწევს.

რომელ სფეროებს მიადგება დარტყმა

კორონავირუსის გამო ყველაზე მეტს ქართული ტურიზმი დაკარგავს. ოპტიმისტური სცენარით, ეს წელს 1,2 მილიარდი დოლარის დანაკლისში გამოიხატება, პესიმისტურით კი - 2,8 მილიარდის.

შემცირდება ქართული პროდუქციის ექსპორტიც - საუკეთესო შემთხვევაში - 200 მილიონი დოლარით, უარესში კი - 1 მილიარდით. ფულადი გზავნილები უცხოეთიდან შესაძლოა, 200-300 მილიონი დოლარით შემცირდეს. ისედაც მწირ უცხოურ ინვესტიციებს, სავარაუდოდ, 100-დან 400 მილიონ დოლარამდე დააკლდება. თუმცა ამ დანაკლისის კომპენსირება შესაძლებელია. მაგალითად, თუ ექსპორტთან ერთად იმპორტიც შემცირდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმპორტი შესაძლოა, 1,7-დან 2,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს. ასევე, დანაზოგები გვექნება, რადგან საერთაშორისო ფრენების აკრძალვის გამო საქართველოს მოქალაქეები არ იმოგზაურებენ (200-500 მილიონი დოლარი). ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები საჭირო იქნება პანიკური გაუფასურებების დროს (200-400 მილიონი დოლარი). დამატებით კი, მინიმუმ, მილიარდი დოლარის მოზიდვა გვჭირდება ლარის დასახმარებლად და ეკონომიკური აქტივობისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა.

მოვლენების ზუსტი პროგნოზირება ახლა არავის შეუძლია. საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, ხელისუფლებას 2020 წელს დაგეგმილი ხარჯების შემცირება და ფულის ახალ პრიორიტეტებზე გადანაწილება მოუწევს.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

XS
SM
MD
LG