Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვს პერსპექტივა არ აქვს - რა ირკვევა მთავრობის დასკვნიდან


გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვსა და ნერგეეთზე დასკვნები მოამზადა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვსა და ნერგეეთზე დასკვნები მოამზადა

შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, გაფრთხილების სისტემა კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა - ეს წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ დასკვნაში, რომელიც გეოლოგების ჯგუფთან ერთად მომზადდა და ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან მერვე თვეს გასაჯაროვდა. დასკვნაში შესაძლო საფრთხეებზეც წერია - შოვში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შოვსა და ნერგეეთზე გეოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის საბოლოო შედეგები გაასაჯაროვა. შოვზე მომზადებული დოკუმენტი 69-გვერდიანია და დეტალურად მიმოიხილავს სტიქიურ მოვლენებს, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარდა, კურორტი შოვი გაანადგურა და 32 ადამიანის სიცოცხლე იმხვერპლა, ერთი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

პრეზენტაციაზე გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ თქვა, რომ ის, რაც შოვში მოხდა, „სწრაფად განვითარებული სტიქიური პროცესი“ იყო, რომლის წინასწარ პროგნოზირება „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიცაა“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს

რა მოხდა შოვში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ჩატარებული საველე კვლევებით დაადგინეს, რომ „მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოწოლილი კლდეზვავი მყინვართან შევიდა კონტაქტში. ამ პროცესს მყინვარის ჩამონგრევა და ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება მოჰყვა“. ზედაპირზე კლდეზვავის ხახუნმა მყინვარი უსწრაფესად გაადნო და წარმოქმნა ღვარცოფი, რომელიც ხეობისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა.

ღვარცოფული მასა წამში საშუალოდ, 24 მეტრს ფარავდა. ამ გათვლით ღვარცოფულ ნაკადს შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე 7-10 წუთში უნდა მიეღწია. კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ღვარცოფული პროცესის სისწრაფის გამო განგაშის სისტემა შოვში ეფექტური ვერ იქნებოდა და საფრთხეებსაც ვერ შეამცირებდა.

ვასილ გედევანიშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი
ვასილ გედევანიშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი

ვასილ გედევანიშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: „კლდეზვავის ჩამოწოლის ზუსტი დროის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. განგაშის სისტემას კი დათვლა-გაანგარიშება სჭირდება. ის რომ სტიქია 7 წუთში განვითარდა, არ ნიშნავს, რომ განგაშის სისტემა 7 წუთით ადრე გვაცნობებდა ამის შესახებ“.

რადიო თავისუფლება: საშუალოდ რამდენ ხანში გვაცნობებდა, ეს დათვლილია?

ვასილ გედევანიშვილი: ახლა ამის დადგენა შეუძლებელია, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომელ სისტემასა და სტიქიურ პროცესზე ვსაუბრობთ.

რადიო თავისუფლება: ამ ლოგიკით, მაშინ რამდენად სანდოა თქვენგან იმის თქვა, რომ განგაშის სისტემა არ იქნებოდა ეფექტური?

ვასილ გედევანიშვილი: კლდეზვავი, მყინვარის დნობა, ღვარცოფი - შეუძლებელია ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც ამ ყველაფრის გათვალისწინებით წინასწარ გაანგარიშებას გააკეთებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია გაიზიარეს სპეციალისტებმა. თუმცა, მათ სხვა არგუმენტები აქვთ. კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელი, გიორგი გოცაძე ამბობს, რომ შეცვლილ კლიმატურ პირობებს ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა, მოძველებულია კვლევის მეთოდები და ტექნოლოგია.

„იქ, სადაც ადამიანი იძინებს, განგაშის სისტემებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ანუ სადაც ასეთი სისტემის საჭიროება არსებობს, იქ არ უნდა ცხოვრობდე. რა უნდა ვქნათ იქ, სადაც არ ვიცით, არის თუ არა რისკი? ახალი მეთოდებით კარგად უნდა გამოვიკვლიოთ და განსახლების სისტემაც თავიდან უნდა გადავიაზროთ. ეს არის ის ფაზა, რომლისთვისაც ჩვენი ერი და ჩვენი ცოდნა მზად არ იყო და არა მარტო ჩვენი, ეს არის გლობალური პრობლემა და სხვა ქვეყნებიც გადადიან ახალ მიდგომებზე, მოდელებსა და კვლევებზე“, - თქვა გიორგი გოცაძემ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 2023 წლის 3 აგვისტომდე კურორტ შოვში კვლევები ჩატარებული არ ჰქონდათ, ხეობაში არ მუშაობდა მონიტორინგის სისტემა.

„შოვზე ჩვენი ისტორიული ფონდებიდან და სხვა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსგავსი ტიპის რაიმე პროცესს ადგილი არასდროს ჰქონია და ვერც დავუშვებდით, რომ ექნებოდა, შესაბამისად, მაგ ადგილის ჩვენი მხრიდან შესწავლა არ ყოფილა...“, - თქვა გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ვასილ გედევანიშვილმა.

სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ „სტიქიის განვითარებამდე მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყალი შეგუბებული არ იყო“.

შეწყდეს მშენებლობა შოვში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურორტი შოვი ისევ რისკის ზონაა. თუ ამ ადგილას სტიქიური პროცესები გასული წლის აგვისტოს მსგავსად მორიგ ჯერზე თავს მოიყრის, ხეობაში შესაძლოა 700 000 მ³ მოცულობის ღვარცოფი გააქტიურდეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, სპეციალისტები ამბობენ, რომ შოვში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

ამ დრომდე მოქმედებს შოვის განვითარების გეგმა, რომელიც სტიქიის ზონაში 13-სართულიანი შენობების მშენებლობას აკანონებს. ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე ამ გეგმის დაუყოვნებლივ გაუქმებას მოითხოვს.

ნინო ჩხობაძე, „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე
ნინო ჩხობაძე, „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე

„დღეს დავაგვიანეთ, გუშინ უნდა დაგვეწყო. კანონში წერია, რომ მუნიციპალიტეტს შეეძლო, ანუ ვალდებული არ იყო, მიემართა სააგენტოსთვის და გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჩაეტარებინა, არც მიმართეს, არც ჩაატარეს.., საკრებულოში განხილვისას მხოლოდ ის აინტერესებდათ, ვის რა ტერიტორია ეკუთვნოდა შოვში. საინფორმაციო ბიულეტენების არ იყოს, დაიგზავნა მუნიციპალიტეტში, წაიკითხეს? ვინ წაიკითხა? ვინ გაიგო?“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

გეოლოგების დასკვნაში წერია, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირების არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიება ეფექტური ვერ იქნება. გაიცა რეკომენდაცია, მოეწყოს გამაფრთხილებელი ნიშნები და შემუშავდეს გადაადგილების წესები მდ. ბუბისწყლის ხეობასა და კურორტ შოვში; სტიქიის ახალი რისკის ზონების გამოსავლენად კვლევებიც გაგრძელდება.

ვინ რაზეა პასუხისმგებელი?

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვი 2023 წელს იმ ზონაში მოაქცია, სადაც ღვარცოფის განვითარების მაღალი რისკი იყო და რეკომენდაციებიც გასცა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, მეწყრულ-კლდეზვავური უბნებიდან ნაშალი მასალა პერიოდულად უნდა გაეტანათ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დაადასტურა, რომ რისკის ზონებთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება არ არსებობს.

სპეციალისტები გამოსავალს საკანონდებლო ცვლილებებში ხედავენ.

„დღეს გეოლოგი რეგიონში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩადის, თუ მოსახლე იჩივლებს, რომ სახლი ენგრევა, იწერება დასკვნები. ასეთია რეალობა, არადა, კანონში უნდა იყოს გაწერილი, ვინაა მონიტორინგზე პასუხისმგებელი. საკანონმდებლო ცვლილებების მთელი კასკადი გვჭირდება“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

რა წერია ნერგეეთზე კვლევაში

შოვის მსგავსად სტიქიის განმეორების მაღალი რისკია ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთშიც. მოსახლეობა მეწყერსაშიში ზონიდან უკვე გაყვანილია. გრძელდება მონიტორინგი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ რისკზონებში სოფელი ნერგეეთიც მოხვდა, ამის მიუხედავად, სპეციალისტები ანგარიშში წერენ, რომ „კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა“.

ამასთან, მოწყვეტილმა მიწის მასამ დასახლებულ პუნქტამდე 30-40 წამში მიაღწია, ამიტომ „განგაშის სისტემა ეფექტური ვერ იქნებოდაო“, - წერია დოკუმენტში.

სოფელი ნერგეეთი, სადაც მეწყრის ჩამოწოლას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სოფელი ნერგეეთი, სადაც მეწყრის ჩამოწოლას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა გეგმა აქვს სახელმწიფოს?

მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოსავალს მაინც ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვასა და განვითარებაში ხედავს. უწყების მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გასცა დაპირებები, რომ:

  • წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 245 დაკვირვების ჰიდრო-მეტეოსადგური იმუშავებს;
  • წყალდიდობის ზონებში ადრეული გაფრთხილების სისტემა მოეწყობა;
  • დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომელიც ამინდის პროგნოზს გააუმჯობესებს;
  • 11 მეწყრულ კერაზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება და მათი ოდენობა, ჯამში, 29 იქნება;
  • შეფასდება ადრეული საფრთხეები და მომზადდება რეკომენდაციები მყინვარულ ხეობებში;
  • დაიწყება სამუშაოები მდინარე დურუჯის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გაფრთხილების სისტემის მოსაწყობად.

XS
SM
MD
LG