Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა? - ჭყონია ბრალდებებს პასუხობს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

"მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება ბროშურაზე, რომელიც მისი რესტორნების ქსელში საბავშვო მენიუს ახლავს და "ქართული ოცნების" ბრალდებების საპასუხოდ, მის დანიშნულებას განმარტავს.

წიგნი, რომელიც Happy Meal-ის მენიუს მოჰყვება, გლობალური მაკდონალდსის კამპანიის ნაწილია და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ბავშვობის შესახებ ჰყვება. ერთ-ერთი ბოლო გამოშვება მუსიკოსებს, არეტა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს ეხება. ბროშურის თავშივე ავტორი მკითხველს მიმართავს:

"შენ ახლა გაიცნობ მსოფლიოს ორ უნიჭიერეს მუსიკოსს. ორივე მათგანს იმედები, შიშები, სიხარული და გამოწვევები ჰქონდა, ასევე - საკუთარი განსაკუთრებული ოცნება. მათი ისტორიები გიჩვენებს, რომ თუ შენს ოცნებას მიჰყვები და საკუთარ ძალას ირწმუნებ, ყველაფერს შეძლებ!"

ინტერვიუს დროს ბიზნესმენი თემურ ჭყონია მომღერალ ელტონ ჯონზე გამოცემული ბროშურის კითხვას იწყებს:

"სათაური აქვს ასეთი, "მე შემიძლია, ვიყო ნიჭიერი მუსიკოსი", - ეს არის სლოგანი ბავშვისთვის", - და ელტონ ჯონის ბავშვობაზე გვიყვება:

"თქვენ ეს იცოდით? მე, მაგალითად, არ ვიცოდი, რომ ელტონ ჯონს ბავშვობაში რეჯი ერქვა, რომელიც მარტოსულად გრძნობდა თავს და პიანინოზე უკრავდა, ე.ი. მშობლებმა მარტოსულად არ უნდა დატოვონ ბავშვი, მე ასე გავიგე ეს თემა...", - გვეუბნება ჭყონია და ისევ ბროშურიდან კითხულობს:

"ასე დაიწყო მელოდიების წერა... ერთ დღეს ხმის ჩამწერი კომპანიის რეკლამა შეიტყო, რომელიც ახალ ტალანტებს ეძებდა. შემდეგ მოხდა რაღაც ჯადოსნური და ორი ულამაზესი მელოდია დაწერა. რეჯიმ უმშვენიერესი სიმღერები შექმნა, სახელი შეიცვალა და ელტონი დაირქვა", - კითხვას წყვეტს და ამბობს: "ეს მეც არ ვიცოდი, ჩემი მეუღლე მელომანია და რომ მოვუყევი, არ იცოდა", - ისევ ბროშურას უბრუნდება:

"შემდეგ გახდა სუპერვარსკვლავი და მილიონობით ადამიანს უყვარდა. მიუხედავად ამისა, ის მარტოსულად გრძნობდა თავს. თავისი მეგობარი დევიდი გაიცნო საავადმყოფოში, მან ურჩია ელტონს: ცხოვრება მეტისმეტად მშვენიერია იმისათვის, რომ ფუჭად გაფლანგოო", - რა კაი სიტყვებია! "ელტონმა პირობა დადო, რომ პატივს სცემს მეგობარს და გახდებოდა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია", - წარმოუდგენელი სიტყვებია! "დაიწყო კარგი კვება, კარგი გამოძინება და თავის მოვლა. უფრო წარმატებული გახდა მამაკაცის სოლო შემსრულებელი და ამ კაცთან დაქორწინდა", - ბიზნესმენი აქ კითხვას ასრულებს და ამბობს:

"აქ სექსზე, ან რაიმეზე კი არ არის საუბარი, ორმა მოხუცმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა, შემდეგ ბავშვები აიყვანეს და ზრდიან. მორჩა! სად არის აგიტაცია?.. პროპაგანდა რას ნიშნავს? პროპაგანდით შეიძლება წყობა შეცვალო, მაგრამ ორიენტაცია როგორ უნდა შეუცვალო, ვერ წარმომიდგენია.

მთავარი რა არის? ეს ხდება ყველაზე კონსერვატიულ ქვეყანაში, ინგლისში - ამ ადამიანს [ელტონ ჯონს] დედოფალმა ელიზაბეტმა ლორდის წოდება მიანიჭა. თემურ ჭყონია ვინ ვარ, რომ მაგაზე დავიწყო საუბარი, ან რა ჩემი საქმეა? ჩვენ, ბოდიში, დაგვიღია პირი და ვაბრალებთ "მაკდონალდსს" ლგბტ პროპაგანდას, ამაზე ჩამორჩენილობა და სირცხვილი რა უნდა იყოს?"

ჭყონიას თქმით, პრობლემა არა "მაკდონალდში", არამედ საზოგადოების არასწორ ინფორმირებულობაშია:

"ჩვენ ხომ განათლებას ერთმანეთთან საუბრით ვიღებთ და არა წიგნების კითხვით, ჩვენ ერთმანეთს რომ ვესაუბრებით, მაშინ ვნათლდებით, გამოცდილება ცხოვრებამ უნდა მოგვიტანოს და არა კითხვამ? ამაშია პრობლემა. წიგნი არავის წაუკითხავს, ელტონ ჯონის ისტორია არავინ არ იცის და "მაკდონალდს" აბრალებენ ლგბტ-ს ხელშეწყობას".

წიგნი სხვადასხვა ცნობილ ადამიანზე "მაკდონალდსის" მენიუში უკვე 2 წელია არსებობს. ჭყონიას თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში უკვე 200 000-მდე ეგზემპლარი გასცეს, მომღერლებზე გამოცემული სერია კი, დაახლოებით, 2 კვირით იყო ქსელში.

"ელტონ ჯონზე წიგნი ქსელიდან არ ამოგვიღია"

როგორც თემურ ჭყონია გვეუბნება, ელტონ ჯონზე წიგნების სერია, რასაც გამოხმაურება მოჰყვა, ქსელიდან არ ამოუღიათ, არამედ "პროგრამა დასრულდა", კამპანია კი სხვა ცნობილი ადამიანების შესახებ წიგნებით გაგრძელდება: "მაგალითად, დღეს გამოდის მუჰამედ ალი, შემდეგ გამოვა პელე, რომელიც ბავშვობაში ჭინჭის ბურთით თამაშობდა და გახდა ფეხბურთის მეფე", - ამბობს ის და განმარტავს, რომ ამ ყველაფრის მიზანია მკითხველს გააცნონ, როგორ ცხოვრობდნენ წარმატებული ადამიანები ბავშვობაში, რომ "ყველას შეუძლია მიაღწიოს შედეგს, ყველას შეუძლია გახდეს აინშტაინი, პელე, მუჰამედ ალი, თუ იშრომებს, იწვალებს და ცოდნას შეიძენს".

თემურ ჭყონია ასევე გვეუბნება, რომ "მაკდონალდსის" წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გაყიდვებს "აბსოლუტურად" არ შეხებია: "მე ვფიქრობ, ცივილიზებული ადამიანები საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ამ თემას უყურებენ ისეთ დონეზე, რომ რა ვიცი".

"ქართული ოცნება" vs. "ჰეფი მილი"

რამდენიმე დღეა, "მაკდონალდსის" საბავშვო მენიუსთან დართული წიგნი, ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ, "ქართული ოცნების" ლიდერების სამსჯელო თემად იქცა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 12 ივნისს ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, "მაკდონალდსის" "ჰეფი მილის" მენიუში სასაჩუქრედ წიგნი გამოჩნდა "ელტონ ჯონის სასიყვარულო ურთიერთობაზეო".

ერთ-ერთი ბოლო, ვინც განცხადება გაავრცელა, საქართველოს საპატრიარქოა, სადაც მიაჩნიათ, რომ მოზარდებთან მიმართებით ეს არის "ვერაგული და შეფარული საქციელი "მაკდონალდსის" პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა".

მანამდე იყვნენ "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებმაც მორიგეობით შეაფასეს ეს თემა და "მაკდონალდსი" ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ელტონ ჯონზე ბუკლეტის შინაარსით "აღშფოთებული საზოგადოების დიდ ნაწილზე" გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ "ეს გამაოგნებელია, აღმაშფოთებელია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა".

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე "ამაზრზენ ფაქტს" უწოდებს იმას, რომ "ჰეფი მილში" ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტში სთავაზობენ და აწვდიან "ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას".

"ეს არის ამ თემის შემოპარება და შეგუება პატარა ასაკიდან. ამ ქვეყანაში ვერავინ, ვერასდროს შეძლებს, რომ პროპაგანდას უფლებების დაცვა დაარქვას...", - თქვა მან.

"ლგბტ პროპაგანდა", "ორიენტაციაარეული ახალგაზრდები", - ეს ტერმინები მმართველი გუნდის ლიდერების "მესიჯბოქსში" ბოლო პერიოდში გახშირდა.

4 მაისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა სიტყვით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, სადაც ამტკიცებდა, რომ მტრული ძალები საქართველოში "ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ" და, რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას "უმცირესობის ძალადობისგან".

მან ისაუბრა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომლითაც იცავენ უმცირესობებს, მაგრამ ასევე დაიცავენ უმრავლესობის უფლებებს, "რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი". 20-წუთიან გამოსვლაში მაშინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თავისუფლებასთან, სიმართლესთან დაპირისპირებული ძალები მიზნების მიღწევას ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ.

"ორიენტაციაარეულ ახალგაზრდებზე" ტერმინი "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველმა პარტიამ ჩააგდო კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, ძირითადად, ახალგაზრდების მონაწილეობით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ. ირაკლი კობახიძემ ეს ტერმინი ლაზარე გრიგორიადისის მისამართით გამოიყენა, რომელიც აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დააკავეს.

ერთ-ერთი ბოლო მსგავსი განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა თსუ-ში მისულს რუსული რუბლი დაუყარეს. მისი თქმით, "ყველანაირ ორიენტაციაარეული" ახალგაზრდები ტელეკომპანია "ფორმულასთან" იყვნენ აფილირებული: "მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ."

შეიძლება თუ არა, "მაკდონალდსის" წინააღმდეგ ბრალდებები მმართველი გუნდის მხრიდან, ბოლო პერიოდის ანტიდასავლური თუ ჰომოფობიური შინაარსის განცხადებების ნაწილი იყოს, ამ კითხვას ბიზნესმენი თემურ ჭყონია ასე უპასუხებს:

"ასე ღრმად არ მიფიქრია. არ გამოადგებათ ეს თემა უბრალოდ, იმდენად პოპულარულია "მაკდონალდსი"... ანტიდასავლური თემა ყველა ქვეყანაშია, ამერიკაშიც არსებობენ კომუნისტები, მაგრამ დომინანტური არ არის, ხო? საქართველოში მოსახლეობის 90%-ს თუ ევროკავშირის და NATO-ს წევრობა უნდა, ანტიდასავლური თემა როგორ გაიმარჯვებს? მცდელობა ყოველთვის იქნება. ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა?"

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG