ნევმები მუსიკალური ნიშნებია. სანამ ნოტების დღევანდელ სისტემას შემოიღებდნენ, მუსიკალურ ტექსტებს სწორედ ნევმებით ინიშნავდნენ. მე-10 საუკუნის საგალობლების კრებული, რომელიც ახლა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, ნევმული ხელნაწერია. მისი გაშიფვრა დღემდე ვერავინ მოახერხა.
საგალობლების ეს კრებული ტაო-კლარჯეთში, შატბერდის მონასტერში, მიქაელ მოდრეკილმა შეადგინა. მასში შესულია მე-10 საუკუნის ბიზანტიური საგალობლების ქართული თარგმანები და ქართველი ავტორების საგალობლებიც. სწორედ ამ ტექსტებზე არის დატანილი უძველესი ნევმული ნოტაცია.
„ეს სისტემა თვისობრივად განსხვავდება ბიზანტიურისგან. თუ რას ნიშნავს თითოეული ნევმა, დღემდე არავინ იცის. გრაფიკულად ბიზანტიურ ნევმებს ჰგავს, მაგრამ ზუსტად ისე არ იშიფრება. ამასთან, ბიზანტიურისგან განსხვავებით, ეს ნიშნები არა მხოლოდ ტექსტის ზევით არის განთავსებული, არამედ - ტექსტის ქვევითაც“, - ამბობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი ეკა დუღაშვილი.
ცოდნას, თუ როგორ უნდა წაეკითხათ ნევმები, ერთმანეთს ზეპირად გადასცემდნენ. საეკლესიო მუსიკის სპეციალისტი პროფესორი თამაზ გაბისონია ამბობს, რომ რუსებსა და ბერძნებს შემონახული აქვთ ერთგვარი განმარტებები, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის ნევმა. ქართული ნევმები ბერძნულისგანაც განსხვავდება, სომხურისა და რუსულისგანაც, მისი განმარტებები კი არ გვაქვს.
„ნოტით ერთი ბგერა აღინიშნება, ნევმა კი ნიშნავს რამდენიმე ბგერას ერთად, მელოდიურ ფიგურებს. თუ მგალობელმა ეს მელოდია არ იცოდა, ისე ვერ გაშიფრავდა. როცა ნოტების სისტემა ვიცით, ნოტებით უცნობ მელოდიასაც წაიკითხავ, მაგრამ მარტო ნევნების ცოდნით ამას ვერ იზამ“, - ამბობს თამაზ გაბისონია.
მიუხედავად სირთულისა, ქართული ნევმების გაშიფვრას ბევრი შეეჭიდა, ჯერჯერობით ყველა უშედეგოდ, ერთ-ერთი მათგანი ისტორიკოსი პავლე ინგოროყვა იყო.
„პავლე ინგოროყვამ ნევმებიდან ყველაზე ხშირად გამოყენებადი შვიდი ნევმა გამოარჩია. მათ დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი მიუსადაგა და ძალიან მარტივად, ვითომ ამოხსნა. მაგრამ არ იყო ეს სწორი და დაივიწყეს. კომპოზაიტორ ალექსი მაჭავარიანსაც სთხოვა და ამ ამოხსნილზე მაჭავარიანმა მუსიკა დაწერა, მაგრამ ეს თავად მაჭავარიანის მუსიკა იყო და არა ამოხსნილი ნევმები“, - ამბობს თამაზ გაბისონია.
მიქაელ მოდრეკილის კრებული დიდი წიგნია. მასში შესულია საგალობლები მიძღვნილი 12 საუფლო დღესასწაულისადმი, მარხვის პერიოდის საგალობლები და ასე შემდეგ. ამ წიგნმა შემოინახა ბერძნულიდან თარგმნილი ის ტექსტებიც, რომლის ორიგინალები უკვე აღარ არსებობს. კრებულზე დღემდე მეცნიერების ჯგუფი მუშაობს. იგეგმება მასში შესული მასალის შვიდ ტომად გამოცემა.