Accessibility links

მსოფლიო
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ფრანგული ატომური ქოლგა და გერმანული 500 მილიარდი - ევროპის „წყალგამყოფი მომენტი“

ფრანგული ატომური ქოლგა და გერმანული 500 მილიარდი - ევროპის „წყალგამყოფი მომენტი“


ვაშინტონისგან განსხვავებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიუსელში მეტად მეგობრულად დახვდნენ
ვაშინტონისგან განსხვავებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიუსელში მეტად მეგობრულად დახვდნენ

6 მარტს ბრიუსელში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა იქ ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს და თავდაცვის ხარჯების ზრდაზე შეთანხმდნენ. პარალელურად მაკრონი ევროპელებს ატომურ თავდაცვას სთავაზობს და გერმანია სამხედრო ხარჯებს ზრდის.

„ეს წყალგამყოფი მომენტია ევროპისთვის და უკრაინისთვის, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის წევრისთვის“, - თქვა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 6 მარტს, როცა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გახსნა. იქ იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

„ევროპა ცხადი და არსებული საფრთხის წინაშეა“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

სამიტამდე ორი დღით ადრე მან ევროკავშირის ლიდერებს ევროპის გადაიარაღების გეგმა წარუდგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა მიმდინარე კვირაში წარადგინა ევროპის გადაიარაღების გეგმა
ევროკომისიის პრეზიდენტმა მიმდინარე კვირაში წარადგინა ევროპის გადაიარაღების გეგმა

გეგმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საკუთარი თავდაცვისთვის ჯამში 800 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ეს მოიცავს 150 მილიარდ ევრომდე ღირებულების მექანიზმსაც, საიდანაც ბრიუსელი წევრ სახელმწიფოებს სესხს მიაწვდის გადაიარაღების დასაფინანსებლად.

6 მარტის შეკრებაზე ევროპელმა ლიდერებმა ამ გეგმას მხარი დაუჭირეს. მათ შორის იყო უნგრეთიც, რომელმაც ხელი არ მოაწერა შეხვედრაზე მიღებულ კიდევ ერთ დოკუმენტს - უკრაინის მხარდამჭერ ტექსტს. ეს ვერც იმან შეცვალა, რომ წინა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ელისეს სასახლეში სადილზე უმასპინძლა.

საბოლოოდ, განცხადება ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს სახელით გავრცელდა - ყველასი უნგრეთის გარდა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა, ხაზი გაუსვეს, რომ არ შეიძლება უკრაინის შესახებ უკრაინის მონაწილეობის გარეშე გაიმართოს მოლაპარაკებები და პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.

„უკრაინაში სიტუაცია შეიცვალა, განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის გათვალისწინებით. ეს იყო ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის ამოსავალი წერტილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

ბირთვული ქოლგა

ემანუელ მაკრონი მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი იყო. ევროპელ კოლეგებთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე, მან სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ საფრანგეთის ბირთვული ქოლგის დანარჩენ კონტინენტზე გავრცელების შესახებ დისკუსია უნდა დაიწყოს.

„გადავწყვიტე, გავხსნა სტრატეგიული დებატი ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების ჩვენი ბირთვული ქოლგით დაცვის შესახებ“, - განაცხადა მაკრონმა დაახლოებით 15-წუთიან გამოსვლაში, სადაც მეტი დეტალის დაზუსტებისგან თავი შეიკავა.

ევროპას ამჟამად ამერიკული ბირთვული ქოლგა იცავს, რაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლითაა გათვალისწინებული და გულისხმობს, რომ ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმის ტოლფასია.

საფრანგეთის პრეზიდენტს თავდაცვის ხარჯების გაზრდაც სურს
საფრანგეთის პრეზიდენტს თავდაცვის ხარჯების გაზრდაც სურს

საფრანგეთმა ბირთვული იარაღი 1960-იან წლებში მაშინდელი პრეზიდენტის, გენერალ შარლ დე გოლის ინიციატივით განავითარა, რომელსაც არ სურდა, ფრანგები ამერიკელებზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი.

საფრანგეთი ახლა ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა ბირთვული იარაღით. მათ ბირთვული პროგრამის შენახვა წლიურად 5,6 მილიარდი ევრო უჯდებათ და ამჟამად 290 ბირთვულ რაკეტას ფლობენ.

შედარებისთვის, აშშ-ს 5044 ბირთვული რაკეტა აქვს, რუსეთს კი - 5580. ჯამურად, ეს ორი ქვეყანა აკონტროლებს მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების 88%-ს.

ბირთვული იარაღი ბრიტანეთსაც აქვს, თუმცა ბრიტანული პროგრამა მნიშვნელოვანწილად აშშ-ზეა დამოკიდებული.

„ვინ უნდა დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება?“, - თქვა მაკრონმა 5 მარტის გამოსვლაში და იქვე პირობა დადო, რომ საფრანგეთი გაზრდის თავისი თავდაცვის ხარჯებს და გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

გერმანია თავდაცვის ხარჯებს გაზრდის

გერმანიის 23 თებერვლის არჩევნებში გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი კანცლერი ჯერ არ გამხდარა, მაგრამ კულისებს მიღმა უკვე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია.

ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც დიდი ალბათობით რამდენიმე კვირაში შექმნიან ახალ სამთავრობო კოალიციას, 500-მილიარდევროიანი სპეციალური ფონდის შექმნა სურთ, საიდანაც ინფრასტრუქტურის და თავდაცვის ხარჯებს დააფინანსებენ.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი (მარცხნივ) და სოციალ-დემოკრატების ლიდერი ლარს კლინგბაილი 4 მარტს, ისტორიული შეთანხმების შესახებ გამოცხადებისას
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი (მარცხნივ) და სოციალ-დემოკრატების ლიდერი ლარს კლინგბაილი 4 მარტს, ისტორიული შეთანხმების შესახებ გამოცხადებისას

მათი მთავარი წინაღობა „ვალის მუხრუჭის“ სახელით ცნობილი საკონსტიტუციო ჩანაწერია, რომელიც გერმანიის მთავრობას ვალის აღებას უზღუდავს. ამ ზომას დიდი ხანი ემხრობოდნენ ქრისტიან-დემოკრატები და ფრიდრიხ მერცი, მათ შორის ბოლო საარჩევნო კამპანიის დროსაც, მაგრამ მოვლენების მოულოდნელი განვითარების კვალდაკვალ, აზრი შეიცვალეს.

მათ ახლა სურთ, რომ „ვალის მუხრუჭი“ აღარ გავრცელდეს თავდაცვით ხარჯებზე.

„ჩემთვის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად ევროპა ისე გავაძლიეროთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აშშ-სგან დამოუკიდებლობას მივაღწიოთ“, - თქვა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე ფრიდრიხ მერცმა, რომელიც აქამდე აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობის მხარდამჭერი იყო.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სამთავრობო კოალიცია აღდგომამდე, ანუ 21 აპრილამდე ჩამოყალიბდება, თუმცა 500-მილიარდიან ფონდთან დაკავშირებით მისი პარტია და სოციალ-დემოკრატები უფრო ჩქარობენ - მათ სურთ, შესაბამის კანონებს ბუნდესტაგში 18 მარტს უყარონ კენჭი, მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი მოწვევის ბუნდესტაგში ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და „მემარცხენე პარტიას“ (DIE LINKE) ჯამურად საკმარისი რაოდენობის მანდატები ექნებათ, რათა საკონსტიტუციო ცვლილება დაბლოკონ.

ხიდების აღდგენა

სამხედრო ხარჯების ზრდის აუცილებლობაზე შეთანხმების მიუხედავად, ევროპელი ლიდერების პრიორიტეტი აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენა რჩება.

„უნდა უზრუნველვყოთ, ცივი და დინჯი გონებით, რომ აშშ-ის დახმარება გარანტირებული იყოს მომავალ თვეებსა და წლებში, რადგან უკრაინის თავდაცვაც დამოკიდებულია მათ მხარდაჭერაზე“, - თქვა ბრიუსელში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც თანამდებობას მალე დატოვებს.

აშშ-ს თავის სატელევიზიო მიმართვაში ემანუელ მაკრონიც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ „აშშ მათ მხარეს დარჩება“, თუმცა დასძინა, რომ ევროპა ალტერნატივისთვის უნდა მოემზადოს და „მისი მომავალი ვაშინგტონში ან მოსკოვში არ უნდა წყდებოდეს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG