Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტო, რომელზეც ბაბჩენკოს „სიკვდილია“ ასახული, სიცრუის მკვებავი


მაიკ ეკელი, რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი ჰყვება, თუ რატომ არ იჩქარა რადიო თავისუფლებამ, რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს, „სიკვდილის“ ამსახველი ფოტოსურათის გავრცელება: არამარტო იმიტომ, რომ პირქვე დავარდნილი, სისხლის გუბეში მცურავი კაცი შემზარავი სანახავი იყო. ეჭვს ბადებდა იმ ფოტოს წარმომავლობაც, რომელიც პუტინის კრიტიკოსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს, მკვლელობის შესახებ ამბიდან სწრაფადვე გავრცელდა. შემდეგ გაირკვა, რომ ფოტო დადგმული იყო. ​

პირველმა, ვინც ეს დადგმული ფოტო გაავრცელა, ყოფილი უკრაინელი რეპორტიორი ივენ ლაუერია. ახლა ის ვაშინგტონის გარეუბანში, არლიგტონში ბაზირებულ საკოსულტაციო ფირმაზე Trident Group LLC მუშაობს, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებზე, გამოძიებაზე, სადაზვერვო მონაცემების მოპოვებაზე, კონფლიქტების პრევენციაზე, რისკების საერთაშორისო კონტროლზე, სპეცოპერაციებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაცვაზე სპეციალიზდება. მისი ხელმძღვანელი იური კოშკინია. მან დაუდასტურა რადიო თავისუფლებას, რომ ლაუერი Trident-ზე მუშაობს, თუმცა არ იცის მისი კავშირის შესახებ ბაბჩენკოს სპეცოპერაციის საქმესთან.

თავად ლაუერმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ყალბი ფოტო მან უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებში მომუშავე წყაროდან მიიღო, თუმცა უარი თქვა წყაროს ვინაობის დასახელებაზე.

უკრაინელი სამართალდამცველები „მოკლული“ ბაბჩენკოს დადგმულ ფოტოსაც წარმატებული სპეცოპერაციის ნაწილად მიიჩნევენ. ამით მათ თითქოს ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე აიცილეს თავიდან და, შედეგად, ბაბჩენკო იხსნეს დაკვეთილი მკვლელობისგან და, თანაც, ამ საქმეში მონაწილეობის გამო რუსული სპეცსამსახურებიც ამხილეს.

„მაგრამ პრესის თავისუფლების დამცველები გმობენ ასეთ მიდგომას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს როგორც სამართალდამცველთა, ისე მედიაორგანიზაციის

სანდოობას“,- წერს მაიკ ეკელი და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ხელმძღვანელის კრისტოფ დელორის განცხადებას ციტირებს:

„კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა, რათა ყველა სხვა პოლიტიკური მკვლელობა ეჭვქვეშ დადგეს“.

ავტორი იმაზეც მიუთითებს, რომ ეს ყალბი ფოტო ბევრმა აიტაცა სოციალურ ქსელში და ის არ გამორჩენია არც Twitter-ის პრორუს მომხმარებელს, სახელად „ანტიკარატელს“. მისთვის ეს ყალბი ფოტო იმის არგუმენტად იქცა, რომ ამიერიდან აღარ შეიძლება ენდო, მაგალითად, ეგრეთ წოდებულ თეთრმუზარადიან მაშველებს, რომლებიც ომში გახვეულ სირიაში მშვიდობიან მოქალაქეებს ეხმარებიან.

„შემდეგ ჯერზე, როცა მაჩვენებთ „თეთრი მუზარადების“ ფოტოებს სირიიდან, მე გაჩვენებთ „პუტინის მიერ მოკლული „მკვდარი არკადი ბაბჩენკოს“ ფოტოს. უკრაინამ მთელი ჟურნალისტიკა მოიხმარა, რათა ამიერიდან აღარასოდეს ენდო ემოციურ სტატიებსა და ფოტოს“.

თავად ბაბჩენკოს, რომელიც იძულებული გახდა მუქარის გამო რუსეთი დაეტოვებინა, თავისი სიკვდილის ამსახველი ყალბი ფოტოს შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა ცოლს ბოდიში მოუხადა, რადგან მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და მადლობა გადაუხადა უკრაინის უშიშროების სამსახურს გაწეული შრომისთვის.

მოგვიანებით ბაბჩენკომ Twitter-ზე რუსეთის ხელისუფლების მისამართით თქვა:

„მე პირობა დავდე, რომ 96 წლის ასაკში მოვკვდები, მანამდე კი პუტინის საფლავზე ვიცეკვებ და, ტვერის მოედანზე (მოსკოვში) მდგარ აბრამსზე (ამერიკული ტანკი) ასული, სელფის გადავიღებ. ამის გაკეთებას შევეცდები“.

XS
SM
MD
LG