Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასჯელი რუსეთს - ქართველები გამოძევებას იხსენებენ


საქართველოს მოქალაქეების დეპორტაია რუსეთიდან. 17 ოქტომბერი, 2006 წ.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაია რუსეთიდან. 17 ოქტომბერი, 2006 წ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს ქვეყნიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის. მორალური კომპენსაცია რუსეთიდან გამოძევებულ სულ ცოტა 1500 ადამიანზე უნდა განაწილდეს.

დეპორტირებულები, ღირსებაშელახულები

რუსთაველი დავით ლაცაბიძე დეპორტაციის დღიდან იბრძვის თავისი დარღვეული უფლებებისა და შელახული ღირსების აღსადგენად.

„12 წელი ვმუშაობდი რუსეთში მშენებლობაზე. 2006 წელში მოვიდნენ და პირდაპირ სამსახურიდან წამომიყვანეს. არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი, ეგრევე სამუშაო ფორმით გამომაგდეს აქეთ და ათი დღე-ღამე ვიჯექი სერპუხოვოს ციხეში.“ - გვითხრა დავით ლაცაბიძემ, რომელიც ამბობს, რომ საბუთებიც წესრიგში ჰქონდა ლეგალურადაც მუშაობდა, მაგრამ გამოაგდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი იყო. „შუადღისას შემოიტანდნენ ხოლმე „ბალანდას“ და ეგ იყო ერთადერთი საჭმელი. ციხიდან პირდაპირ აეროპორტში ღამის ოთხის ნახევარზე წაგვიყვანეს, შეგვყარეს „გონდოლა სამალიოტში“ ერთი სამასი კაცი. ფეხზე ვიდექით, ფრენისას ერთმანეთს ვეჯახებოდით.“ - იხსენებს დავით ლაცაბიძე.

ქართველებთან ერთად გადაყვანისას კაცი იხრჩობოდა, გზაში მოკვდა და „გრუზვესით“ აქეთ გამოაგზავნეს. ადამიანი რომ მოგიკვდება და თან „გრუზინსკაია სვინიას“ რო დაუძახებ, სხვა რა უნდა ვილაპარაკო?!
ნინო ძიძავა

​დეპორტაციიდან მალევე 20 მოსარჩელესთან ერთად მან რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა. 21 მოსარჩელედან, სასამართლომ მაშინ მხოლოდ 2 ადამიანის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ ლია შიოშვილი და მისი შვილები, რომელთა სასარგებლოდ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 30 000 ევროს გადახდა დააკისრა.

რუსეთის ფედერაციამ 8 თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ შვილთან ერთად მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრა და დამამცირებელი ფორმით მატარებლით გაუშვა დაღესტნამდე. ოჯახი იძულებული გახდა ფეხით გადაეკვეთა დაღესტან-აზერბაიჯანის საზღვარი. მუცლადმყოფი ბავშვის გადარჩენა ასეთ პირობებში ლიამ ვერ შეძლო. საქართველოში ჩამოღწევის შემდეგ, გურჯაანში მან ბავშვი მკვდარი გააჩინა.

რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის პროცესი. 6 ოქტომბერი, 2006 წ.
რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის პროცესი. 6 ოქტომბერი, 2006 წ.

რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გამოძევებისას 2006 წელს სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო 48 წლის თენგიზ ტოგონიძეც, რომელიც რუსმა სამართალდამცავებმა სანკტ-პეტერბურგში დააკავეს და დაახლოებით 15 დღე ამყოფეს იზოლატორში. როდესაც ბრონქიალური ასთმით დაავადებული თენგიზ ტოგონიძე დეპორტაციისთვის მომზადებულ სხვა ქართველებთან ერთად მოსკოვში გადაჰყავდათ, ის გზაში, ავტობუსში გარდაიცვალა.

„კონსული იყო შესული, სასწრაფოს მაინც გამოუძახეთო და კაციშვილმა ყურადღება არ მიაქცია, მერე ქართველებთან ერთად გადაყვანისას კაცი იხრჩობოდა, გზაში მოკვდა და „გრუზვესით“ აქეთ გამოაგზავნეს. ადამიანი რომ მოგიკვდება და თან „გრუზინსკაია სვინიას“ რო დაუძახებ, სხვა რა უნდა ვილაპარაკო?!“ - გვითხრა თენგიზ ტოგონიძის მეუღლემ, ნინო ძიძავამ. თენგიზ ტოგონიძის ოჯახის სასარგებლოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციამ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ბრძოლა უფლებების და ღირსების აღდგენისთვის

21 დაზარალებული ქართველის საჩივარი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2007 წლის მარტში შეიტანეს. რუსეთის გამამტყუნებელი ვერდიქტი ინდივიდუალურ სარჩელებზე 2016 წლის 20 დეკემბერს დადგა. დეპორტირებულების საქმეზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთშორისი სარჩელის კომპენსაციის ნაწილი, შესაბამისად, სავარაუდოდ გავრცელდება ინდივიდუალური მოსარჩელეების იმ ნაწილზეც, რომელიც არ დაკმაყოფილებულა.

სახელწმიფოთშორისი საჩივარი

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სულ სამი სახელმწიფოთშორისი საჩივარი აქვს წარდგენილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მათგან 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი გაძევების საქმე პირველია და მასზე ვერდიქტი საქართველოს სასარგებლოდ ევროსასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი და ქართველების მასობრივ დაკავებას, დაპატიმრებას და დეპორტაციას ქვეყნიდან მართული ხასიათი ჰქონდა. სასამართლომ მხარეებს 12 თვის განმავლობაში საკომპენსაციო თანხის ოდენობის დადგენა დაავალა, მოლაპარაკებები ვერ შედგა, ევროსასამართლოში წარდგენილ თავის პოზიციაში კი საქართველოს დაზარალებულთა კომპენსაციის ოდენობად 70 მილიონ ევროს ითხოვდა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროსთვის ევროსასამართლოს მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებიდან მთავარი ხელჩასაჭიდი ისაა, რომ კომპენსაციის თანხა ევროსასამართლომ 7-ჯერ შეამცირა და შემცირდა ასევე კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობაც. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტს“ განუცხადა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის უფლებამოსილმა პირმა, მიხაილ გალპერინმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს მთავრობას მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემები ჰქონდა დამუშავებული, მიუხედავად იმისა,რომ 4634 გამოძევებული მოქალაქის უფლების დარღვევის გამო დავობდა.

სპეციალური სამუშაოების შემდეგ ,სტრასბურგში 2016 წლის პირველ სექტემბერს ქართულმა მხარემ 2006 წელს კოლექტიური გამოძიების მსხვერპლი 1795 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო. მათგან საბოლოოდ სასამართლომ ამ სიიდან 290 ადამიანი ამორიცხა და რუსეთს კომპენსაციის 1505 დაზარალებულზე გაცემა მოსთხოვა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი ნინო ჯომარჯიძე სასამართლოს მიერ მოყვანილ მიზეზებს განმარტავს:

  • სიაში მეორდებოდა რამდენიმე ადამიანის სახელი და გვარი
  • ინდივიდუალურ საჩივრებში რამდენიმე დაზარალებულს თანხა უკვე აღებული ჰქონდა
  • ცალკე იქნება განხილული სხვა ინდივიდუალური საჩივრების კოპენსაციის საკითხი
  • სიიდან ამოირიცხნენ პირები, რომლებიც რუსეთიდან გამოძევებულები იყვნენ 2006 წლამდე, ან 2007 წლის შემდეგ.

როგორ გაიყოფა 10 მილიონი ევრო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთმა კომპენსაციის გადახდა დღეიდან, 31 იანვრიდან სამი თვის პერიოდში უნდა დაასრულოს, ხოლო ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა გადაიხადოს.

1500-ზე მეტი ადამიანიდან კოლექტიური გაძევების თითოეულმა მსხვერპლმა 2000 ევროს ოდენობის თანხა უნდა მიიღოს, ხოლო ასევე უკანონო დაკავების, პატიმრობისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლებმა დამატებით 10 000-დან 15 000 ევრომდე.

ტატოს ბრძოლა და მონსტრის მარცხი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აქვს ყველა სახელმწიფოს, მაგრამ თუ რუსეთი გადაუხვევს ამ ვალდებულებიდან, საკითხი საგარეო პოლიტიკურ თემად იქცევა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი საქართველოს დაზარალებულ მოქალაქეებს კომპენსაციის თანხას გადაუხდის:“თუ ეს ასე არ მოხდება, რადგან ხანდახან არიან ხოლმე ქვეყნები, რუსეთი, რომლებიც დიდი ოდენობით თანხებს არ რიცხავენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება წმინდად პოლიტიკური, სამართლებრივი და საგარეო სამართლებრივი საკითხი“- უპასუხა მან რადიო თავისუფლების კითხვას.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება 16 ხმით ერთის წინააღმდეგ გამოიტანა. წინააღმდეგი რუსეთის წარმომადგენელი იყო.

XS
SM
MD
LG