ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ავტორის, თანამედროვე ფსიქოლოგიური რომანის ფუძემდებლის, გენიალური სტენდალის შესახებ. ანრი მარი ბეილმა, რომელსაც თავი, უპირველეს ყოვლისა, კულტურტრეგერად მიაჩნდა, თავისი მთავარი ფსევდონიმი თავისი საყვარელი მოღვაწის, იოჰან იოახიმ ვინკელმანის მშობლიური ქალაქის, სტენდალის მიხედვით შეარჩია. ამ მწერლის შემოქმედებაში ევროპულ ლიტერატურაში პირველად გაჩნდა ფსიქოლოგიზმი, როგორც რომანისტიკის ფუძემდებლური ელემენტი. თავის მთავარ რომანებში, „წითელსა და შავსა“ და „პარმის სავანეში“ სტენდალმა შექმნა პორტრეტები, რომელთაც მსოფლიო ლიტერატურაზე წარუშლელი გავლენა მოახდინეს. სტენდალი იყო სამხედრო პირი, დიპლომატი, ჟურნალისტი და მწერალი. ყველაფერში, რასაც კი ხელს მოჰკიდებდა, იყო წარმატებული და სრულყოფილი. მამაცი სამხედრო, რომელმაც ნაპოლეონის რუსულ კამპანიაში გამოიჩინა თავი, დიპლომატი, რომელმაც თავისი „სამუშაო“ ქვეყანა, იტალია, ისე შეიყვარა, რომ საფლავზე იტალიური წარწერა მოითხოვა და თავს „მილანელი“ უწოდა, მამაკაცი, რომელიც თავისი ჩაცმულობითა და გალანტურობით გამოირჩეოდა — სტენდალი ყველაფერში დახვეწილი იყო.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: