Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სოლიდარობა ეკა ბესელიას“ - პარლამენტთან დეპუტატის მხარდამჭერი აქცია გაიმართა


„ეკა ბესელია არის მსხვერპლი. დღეს არ მაინტერესებს რა უკეთებია აქამდე. მის მიმართ პრეტენზიებს გამოვთქვამ სხვა დროს და სხვაგან. დღეს ის მსხვერპლია და ჩვენ აქ და ახლა ვუცხადებთ მას სოლიდარობას“, - ასე ამბობს იდა ბახტურიძე, ქალთა მოძრაობის აქტივისტი, რომელმაც პარლამენტის შესასვლელთან, სხვა თანამოაზრეებთან ერთად გააპროტესტა მისი სიტყვებით, ის „ტერორისტული აქტები“, რომელიც თვეებია გრძელდება ეკა ბესელიას მიმართ და რომელიც ქალებს „სოციალურად კლავს“.

იდა ბახტურიძის სიტყვებით, ის ფაქტი, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე რეალურად გამოძიებული არ არის, მეტყველებს იმაზე, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ სწორედ მისი პოლიტიკური ოპონენტები მოქმედებენ:

"გამოქვეყნდეს გამოძიების რეალური შედეგები. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ პოლიტიკოსებს ილაპარაკონ იმაზე, რომ ისინი არ არიან ჩართულნი ეკა ბესელიას წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტებში. მანამდე ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არ არის ასე. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, იყვნენ მკაცრები იმ ტერორისტული აქტების შეფასებაში, რაც დღეს ხდება ეკა ბესელიას მიმართა".

სოლიდარობის აქცია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 26 სექტემბერს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ეკა ბესელიასა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის. „ბესელიას მორალი“, - ვაზო ზარდიაშვილის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

ჟურნალისტი ნინო დანელია, რომელიც პარლამენტის შენობასთან ეკა ბესელიას მხარდასაჭერად მივიდა, ამბობს, რომ 26 სექტემბერს, საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს, რომ მათ შეუძლიათ ადამიანის დაშანტაჟება პირადი ცხოვრებით:

„ჩვენ უკვე რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციებისა და ხედვების გამო ქალების ტერორი განხორციელდა მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. პარლამენტის წევრებმა მეტი მგრძნობელობა უნდა გამოიჩინონ ამ საკითხის მიმართ და არა მხოლოდ თავად არ უნდა გააკეთონ ის, რაც ყოვლად მიუღებელია არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, არამედ ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რომ ვერც სხვებმა გაბედონ ადამიანის შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებითა და შემდეგ გასაჯაროებით“.

უმრავლეს საკითხებზე განსხვავებული პოზიციები აქვთ ეკა ბესელიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ელენე ხოშტარიას. თუმცა, ის ეკა ბესელიასთვის სოლიდარობის გამოსახატად პარლამენტის შესასვლელთან სასტვენით მივიდა:

„დღეს ეკა ბესელია სისტემის მიერაა გაჭყლეტილი. ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი. ერთი - ეს არის ადამიანის და ქალის მიმართ სოლიდარობა, რომელსაც დღეს სისტემა ებრძვის. არ შეიძლება ეს სოლიდარობის გრძნობა არ იყოს იმ ანტიპათიებზე ძლიერი, რომელიც შეიძლება გვქონდეს ადამიანებს, პოლიტიკოსებს ერთმანეთის მიმართ. და მეორე - პირადი კადრებით მანიპულირება ისეთი მანკიერი მოვლენაა, რომ ამ მანკიერი მოვლენის წინააღმდეგ ერთად თუ არ დავდგებით და თუკი საზოგადოება არ იტყვის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მსხვერპლი, ჩვენ ყველანი გამოვდივართ და ვაპროტესტებთ ასეთი ბინძური ბრძოლის მეთოდებს, სხვანაირად ჩვენ ამას ვერ მოვერევით“.

26 სექტემბერს მომხდარი ინცინდენტისთანავე, ეკა ბესელია უმრავლესობის წევრების კრიტიკის ობიექტი გახდა. მაგალითად, დეპუტატებმა დავით მათიკაშვილმა და რატი იონათამიშვილმა ეკა ბესელიას ისიც კი მოუწოდეს, რომ მას დეპუტატის მანდატი დაეტოვებინა.

თავად ეკა ბესელია ამბობს, რომ „მას ერთი წუთითაც არ იპყრობს სინანულის განცდა“ და რომ ზარდიაშვილის რეპლიკებს მხოლოდ რეპლიკით ვერ უპასუხებდა.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, ის ამბობს, რომ მისთვის ეკა ბესელიას საქციელი მოულოდნელი არ იყო:

„საზოგადოება არ არის იმის ღირსი, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოდან მსგავსი პროცესები ვანახოთ. რაც შეეხება ქალბატონ ეკა ბესელიას, მე მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. იგი მუდმივად ცდილობს ამ პროცესში თავის დამკვიდრებას“.

ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტთან გამართულ სოლიდარობის აქციას. ის მადლობას იხდის სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის.

XS
SM
MD
LG