საბრძოლო მოქმედებების ერთი წლის თავზე კი, ქალების, მამაკაცების, ბავშვებისა და ლგბტ პირების მიმართ სექსუალური ძალადობის ასობით შემთხვევა აღირიცხა უკრაინის პროკურატურის მიერ, ხოლო ქვეყნის სულ უფრო მეტი ტერიტორიის დეოკუპაციის შემდეგ ასეთი ძალადობის სულ უფრო მეტი შემთხვევა გამოდის სააშკარაოზე.
ამ მასალაში გიამბობთ იმის შესახებ, თუ რას აწყდებიან ის უკრაინელი მამაკაცები და ქალები, რომლებმაც სექსუალური ძალადობა გადაიტანეს და როგორ იძიებს ხელისუფლება მსგავს შემთხვევებს.
სექსუალური ძალადობა, როგორც წამებისა და გენოციდის ფორმა
სექსუალური ძალადობა - რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩადენილი ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია. ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველი დღეებიდან ადამიანები ჰყვებოდნენ რუსი სამხედროების ძალადობის შესახებ და დახმარებას ითხოვდნენ. დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე, 2022 წლის სექტემბერში უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის ინიციატივით სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური სამმართველო შეიქმნა. გენერალური პროკურატურის ამ დანაყოფს ხელმძღვანელობს პროკურორი ირინა დიდენკო, რომლის ხელშიც გაიარა სექსუალური ძალადობის არაერთმა, მათ შორის, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრის გაუპატიურების შემთხვევამ.
„ძალიან მძიმეა, როდესაც ოჯახში დედას და შვილს გააუპატიურებენ, რადგან ეს მთელი ოჯახის ტრაგედიად იქცევა. მოზრდილთა და ბავშვთა ფსიქოლოგები მათთან ცალკე მუშაობენ. ხუთი, ექვსი რუსი სამხედრო ერთ-ერთ მსხვერპლს ოცდაათი დღის განმავლობაში აუპატიურებდა. 83 წლის ქალის ჯგუფური გაუპატიურება, 4 წლის ბავშვის გაუპატიურება, 12 წლის ბავშვის გაუპატიურება, რომელიც შემდგომ ორსულობით დასრულდა - ეს ფაქტები საკმარისია იმისათვის, რომ შოკში ჩავარდე“, - ამბობს დიდენკო.
სექსუალური ძალადობა, რომელიც ადამიანებმა ომის პირველ დღეებში განიცადეს, - უკრაინელი პროკურორის თქმით, - ძალიან ხშირად იღებდა წამების ფორმას და ასევე ძალადობის გამოვლენის ინსტრუმენტად იქცა.
„დაზარალებულს შორის არის ღია გეი. როდესაც რუსმა სამხედროებმა მისი ორიენტაციის შესახებ შეიტყვეს, ამის შემდეგ ის 8 კაცმა გააუპატიურა. ამჟამად მოხერხდა მისი მდგომარეობის დასტაბილურება. უკრაინელი ქალებისა და მამაკაცების მიმართ გამოიყენებოდა ასევე სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები, მათ შორის, გენიტალიების მრავალფეროვანი წამება“, - ამბობს დიდენკო.
რუსეთის საოკუპაციო ჯარის მოქმედება გენოციდის ნიშნებსაც ატარებს, - ამბობს „იურფემის“ (ასოციაცია „ქალი იურისტები უკრაინისათვის“) თავმჯდომარე, კრისტინა კიტი. მისი თქმით, რუსი სამხედროები სექსუალური ძალადობის დროს ისე აკეთებენ, რომ დაზარალებულებმა ვერასოდეს გააჩინონ შვილები, ხოლო უკრაინელმა ერმა შეწყვიტოს არსებობა.
„საჭიროა, რომ თვალი მივადევნოთ რუსი სამხედროების მხრიდან ჩადენილი ქმედებების და მოტივებისა მთელ ჯაჭვს და მუდმივი აქცენტირებაა საჭირო იმაზე, რომ ეს არ არის გაუპატიურების ან ადამიანის იძულებით გაშიშვლების ცალკეული შემთხვევა“, - ამბობს კრისტინა კიტი.
ამ მოსაზრებას იზიარებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ლა სტრადა-უკრაინის“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინა ბოროზდინა, რომლის თანახმად, თუ ქალი ან მამაკაცი შეიარაღებულ ჯარისკაცს დათანხმდა სქესობრივ აქტზე ან გაშიშვლდა მის წინაშე, ასეთი ქმედება მაინც განეკუთვნება სექსუალურ ძალადობას. უსიტყვო თანხმობა ნებაყოფლობითად არ ითვლება, თუ ის მომხდარია მუქარის და ფიზიკური ძალადობის ქვეშ, - ამბობს ბოროზდინა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის თანახმად, ასობით ადამიანმა განიცადა სექსუალური ძალადობა და მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს, მაგრამ მათგან მხოლოდ 155 დათანხმდა მომხდარზე ჩვენების მიცემას და საქმეების სასამართლოში გადაცემას. სასამართლოებში გადაცემულ საქმეთა უდიდესი უმრავლესობა ქალების მიმართ ძალადობას შეეხება. განსახილველად სასამართლოებს ასევე გადაეცათ არასრულწლოვნებზე ძალადობის 11 საქმე.
„ადამიანებს მშვიდობიან დროსაც უჭირთ ძალადობის თაობაზე შეტყობინება, ომის დროს მტრის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რომ არაფერი ვთქვათ. სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას 155 ადამიანი დათანხმდა, მაგრამ დაზარალებული ბევრად მეტია. მათთან ახლა ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ, რათა დაეხმარონ მათ მოჰყვნენ იმ ვითარებაზე, რომელიც შეემთხვათ. მათი ისტორიები - ჩვენი იარაღია. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მათ ეყოფათ გამბედაობა მოწმედ გამოვიდნენ“.
სექსუალური ძალადობის სასამართლოებში გადაცემული რიცხვი
უკრაინის მთავარი პროკურატურის ცნობით, ძალადობის შემთხვევების უმრავლესობა კიევისა და ხერსონის ოლქებშია მომხდარი. აღსანიშნავია, რომ ხერსონში ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მამაკაცების მიმართ სექსუალური ძალადობისა. მთელი უკრაინის მასშტაბით პროკურორებმა სასამართლოებს გადასცეს მამაკაცების მიმართ ძალადობის 38 საქმე, რომელთაგან 37 ხერსონის ოლქზე მოდის.
ამ ოლქში ადგილობრივი მოსახლეობა განაგრძობს რუსეთის ოკუპაციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო ახალი ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესში უკრაინელი სამხედროები და სამართალდამცველები პოულობენ წამების ოთახებს. მსგავსი წამების ოთახები ოკუპანტების მიერ იქმნებოდა უკრაინის სხვა ოკუპიებულ ოლქებში, მაგრამ იქაურ სასმართლოებში სექსუალური ძალადობის შესახებ ბევრად ნაკლები საქმეა შესული. პროკურორი დიდენკო ძალადობის შემთხვევების ნაწილს უკავშირებს ოკუპანტების მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ უკრაინელი სამხედროების ახლობლებსა და წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებზე.
უკრაინის ტერიტორიების მტრისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის გენერალური პროკურატურის თანამშრომლები ადგილზე გამომძიებლებსა და ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობენ. ისინი ესაუბრებიან დაზარალებულებს, ეხმარებიან მათ დახმარების მიღებაში, აგროვებენ სამხილებსა და ჩვენებებს. გამოძიების შემდეგ პროკურორები მიმართვებს, დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში, სასამართლოებს გადასცემენ. ამის შემდეგ დაზარალებულებს სთავაზობენ დასავლეთ უკრაინაში მოწყობილ თავშესაფრებში გადასვლას, ან საზღვარგარეთ გამგზავრებას, რათა მათ ოპერატიულად მიიღონ ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
„ისინი ცდილობენ ქალის სხეულზე ძალადობით დაამცირონ სხვა ეროვნება“
სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დახმარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ირინა დიდენკოს თქმით, ისინი ერთობლივად აფასებენ დაზარალებულის მდგომარეობას, უნიშნავენ თერაპიისა და პრეპარატებით მკურნალობის კონკრეტულ კურსს. კლინიკური ფსიქოთერაპევტი უნგრეთიდან, მარიან ზისი, ტრავმისა და ე.წ. მოლოდინთან დაკავშირებული ტრავმების შესწავლით არის დაკავებული. იგი ამბობს, რომ სექსუალური ძალადობა არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანში წარმოშობს ტრავმას, არამედ წარმოშობს მემკვიდრეობით ტრავმასაც, რომელიც, ერთი მხრივ, აახლოებს დახმარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძალოა გააუფასუროს ცალკე აღებული ადამიანის ტკივილი. რადგან სექსუალური ძალადობა მხოლოდ ერთი ადამიანის ტრავმა არ არის.
„მომხდარის კოლექტიური ხასიათია ის, რაც ომის დროს ჩადენილ ძალადობას განასხვავებს. ეს ნაწილობრივ კარგიც არის და - ცუდიც, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრავმა. აგრესორების ჩვენებებიდან ჩვენ გვესმის, რომ ისინი არა მხოლოდ კონკრეტულ ქალს აუპატიურებენ, არამედ ისინი აუპატიურებენ სხვა მამაკაცის, სხვა ეროვნების ქალს. ისინი ცდილობენ ქალის სხეულზე ძალადობით დაამცირონ სხვა ეროვნება. და ამისგან ყველაზე მეტად იტანჯებიან ისინი, ვინც ეს საშინელი ვითარება გამოიარა. მაგრამ სექსუალური ძალადობა ეს არის ქვეყნის ყველა მამაკაცისა და ქალისადმი გაგზავნილი მესიჯი. მეორე მხრივ, რაკი ეს ძალადობა ასეთი დიდი რაოდენობის ადამიანების მიმართ მოხდა, ქალებმა შესაძლოა იფიქრონ: მე ხომ კიდევ ერთი მათგანი ვარ, როგორ შემიძლია ვიგრძნო თავი საშინლად და განადგურებულად, როდესაც ზუსტად იგივე ამბავი ასობით და ათასობით სხვა ადამიანს შეემთხვა?“, - ამბობს მარიან ზისი.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი სექსუალური ძალადობა ძალიან ხშირად ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავრცელებულ ტრავმატულ გამოცდილებას წარმოადგენს, - ამბობს ფსიქიატრი ლილა ჰარდი, ომის დროს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების უნგრულ ფონდ Cordelia-ს ხელმძღვანელი.
„როდესაც ეს [ძალადობა] სამხედრო მოქმედებების დროს ხდება, ტრავმული გამოცდილება გადაჯაჭვულია არა მხოლოდ პიროვნების დამცირებასა და დევნასთან, არამედ იმის გააზრებასთანაც, რომ საფრთხის ქვეშ ექცევიან ე.წ. ოჯახური და სოციალური დახმარების ქსელები. ეს ამცირებს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების იმედს მაშინაც კი, თუ ისინი [ძალადობის] ამ სიტუაციას თავს დააღწევენ“, - ამბობს ჰარდი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის მაისში შეიტანა კანონში ცვლილება, რომელიც სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას ითვალისწინებს. ამიერიდან ის ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებსაც არ გააჩნიათ მოქალაქეობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე მათზე, ვინც ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს სასტიკი მოპყრობის, წამების, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სისხლისსამართლებრივი დანაშაულის მსხვერპლად იქცა.
„მათ, ვინც სექსუალური ძალადობა განიცადა, აქვთ უფლება მიიღონ კონსულტაცია პირველადი უფასო დახმარების ფარგლებში და ისარგებლონ ადვოკატის მომსახურებით. ჩვენთან უკვე მუშაობს რამდენიმე ცენტრი გადარჩენილთათვის. სახელმწიფო დონეზე განიხილება კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციისა და შუალედური „რეპარაციის“ გადახდის შესაძლებლობა და მნიშვნელობა“, - ამბობს „იურფემის“ თავმჯდომარე, კრისტინა კიტი.
შიშისა და სირცხვილის გრძნობის გამო, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა ტელეგრამის არხში გახსნა ანონიმური ჩატბოტი ომთან დაკშვირებული სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ადამიანებისათვის, რომლებსაც ამ ფორმით შეუძლიათ ანონიმურად და კონფიდენციალურად დატოვონ ინფორმაცია მათ მიერ გამოვლილ განსაცდელზე.
ამავდროულად, ცხელი ხაზის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ მიიღოს ფსიქოლოგიური დახმარება, იურიდიული თუ ინფორმაციული კონსულტაცია. მსურველის მიერ განხორციელებული ზარი უფასოა. უკრაინის სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ დეპუტატებთან ერთად სექსუალური ძალადობისგან დაზარალებული ადამიანებისათვის დახმარების ხაზი აამოქმედეს ასევე ასოციაცია „იურფემის“ იურისტმა ქალებმაც.
„თუ ადამიანი არ იღებს ფსიქოლოგიურ დახმარებას, არ მუშაობს ფსიქოთერაპევტებთან, მაშინ მას არ შეუძლია მიმართოს სამართალდამცველ ორგანოებს და ჩაერთოს სისხლისსამართლებრივ პროცესში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულები იძლეოდნენ ჩვენებებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას და სამხილებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს უფლებადამცველი კრისტინა კიტი.
„ცდილობდა არასრულწლოვნის გაუპატიურებას, იარაღს მირტყამდა თავში და მახრჩობდა“
აქტიური საბრძოლო მოქმედებების პროცესში ძალიან ძნელია კონკრეტული დამნაშავეების მოძებნა და მათი პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ ეს შესაძლებელია. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინელმა პროკურორებმა შეძლეს არანაკლებ შვიდი რუსი სამხედროს იდენტიფიცირება, რომლებიც სავარაუდოდ უკრაინელი მოქალაქეების სექსუალურ ძალადობაში არიან ბრალდებულნი. გამოძიების თანახმად, ეს სამხედროები ასევე ეჭვმიტანილნი არიან მკვლელობებში, ომის წესების დარღვევასა და წინასწარი შეთქმულების საფუძველზე პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულში.
მთელი განვლილი წლის განმავლობაში უკრაინელმა პროკურორებმა ორ რუს სამხედროს წაუყენეს ბრალდება. 2022 წლის ნოემბერში ჩერნიგოვის რაიონულმა სასამართლომ რ. კულიევს და ა. ჩუდინს 10 და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა „ომის წესების და კანონების დარღვევისა“ და არასრულწლოვნის გაუპატიურების არაერთი მცდელობის, მკვლელობის მუქარის მუხლით.
„2022 წლის მარტში კულიევი, რომელიც ჩერნიგოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, არაერთხელ შეეცადა ადგილობრივი არასრულწლოვნის გაუპატიურებას, მას თავში იარაღს ურტყამდა და ახრჩობდა. გარდა ამისა, არაერთხელ მიაყენა სხეულზე დაზიანება მის ძმას და ამ უკანასკნელს ფეხებში სროლით აშინებდა“, - აცხადებენ უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისში.
სექსუალური ძალადობის გამოძიებისა და სამხილების ეფექტიანი შეკრების მიზნით, უკრაინელი უფლებადამცველები გასული წლის ოქტომბერში ბოსნია-ჰერცეგოვინელ კოლეგებს შეხვდნენ.
ამ შეხვედრის შედეგად უფლებადამცველ ცენტრ „ზმინას“ წევრებმა გამოაქვეყნეს რეკომენდაციები, რომლებიც ასევე ეხება ძალადობაგამოვლილებთან საუბარს, პროცესუალურ ნიუანსებს და მსგავს საქმეებში სახელმწიფო ვალდებულებას.
„ომის დროს ჩადენილი სექსუალური ძალადობა - ეს არის ადამიანის უფლების დარღვევა. ამიტომ მომავალში ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ რეპარაციაზე, ვინაიდან ასეთი სახის დანაშაული კოლოსალურ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას“, - ამბობს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ლა სტრადა-უკრაინის“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინა ბოროზდინა.
ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები დახმარებას უწევენ უკრაინას გამოიძიოს ომის დანაშაულები, მათ შორის, სექსუალური ხასიათის დანაშაულები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს უკრაინაში ინტერვენციის განმავლობაში.
კიევის უცხოელი პარტნიორები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კოორდინაციით, ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების დევნისა და დასჯის მიზნით სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, იურიდიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს ვესაუბრე. ჩვენ სერიოზული და თავშეკავებული ოპტიმიზმის მომხრეები ვართ და დარწმუნებული ვართ, რომ დამნაშავეების დასჯა საკმაოდ რეალისტურია. ჩვენი კოლეგები და პარტნიორები "იურფემიდან" გვეხმარებიან სტრატეგიული დოკუმენტების დაწერაში, რადგან უკრაინული გამოცდილება უნიკალურია. ჩვენ ვამუშავებთ საკუთარ მეთოდებს, შემდეგ კი საერთაშორისო რეალობებთან მათ ინტეგრირებასა და ადაპტირებას ვახდენთ“, - ამბობს ირინა დიდენკო, უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან არსებული სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სამხედრო დანაშაულების გამოძიების სპეციალური სამმართველოს თავმჯდომარე.
ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის საკითხებზე უკრაინის გენერალური პროკურატურის ინიციატივით შეიქმნა უკრაინელ და საერთაშორისო სპეციალისტთა და ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც უკრაინის მხრიდან კოორდინაციას უწევს იურისტ ქალთა ასოციაცია „იურფემი“.
„ყველა დაზარალებულს განსხვავებული წარმოდგენა აქვს სამართლიანობაზე. ერთ ნაწილს სურს დამნაშავეებისა და მათი დამჩაგვრელების ციხეში ჩასმა, მეორეს - კომპენსაციის მიღება სახელმწიფოსგან რეაბილიტაციისა და სამედიცინო დახმარების სახით. მესამე ნაწილისთვის მნიშვნელოვანია იმის გარანტია, რომ მსგავსი დანაშაულია არ განმეორდეს. ამის გარანტია რეპარაციის ერთ-ერთი ფორმაა და ჩვენ შეგვიძლია ის უზრუნველვყოთ მხოლოდ მაშინ, თუ დამნაშავეებს პასუხს მოვთხოვთ და დავსჯით“, - ამბობს „იურფემის" თავმჯდომარე კრისტინა კიტი.
22-23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის წინ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია ჩატარდა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ სესიაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მოთხოვნით. რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან 141-მა, მათ შორის - საქართველომ.
გაერო აუცილებლად მიიჩნევს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების გზით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინა.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.