იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, თათია უდესიანს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად, 31 დეკემბერს, მხოლოდ ეს მისწერეს:
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად 1 თვის ვადაში ცალმხრივად შეგიწყდებათ შრომითი ურთიერთობა“.
6 იანვარს, თათიამ ფეისბუკზე საჯაროდ დაწერა, რომ ის გაათავისუფლეს მხოლოდ მხოლოდ იმ მოტივით, რომ ხელი მოაწერა საჯარო განცხადების ტექსტს:
„იმ ტექსტს, რომლის შინაარსზეც, რომ ჰკითხოთ, "ყველა მხარე" უპირობოდ თანხმდება“ - და სადაც ეწერა, რომ „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს და იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს“.
თათია უდესიანი, რომლის რწმენითაც, საჯარო სექტორის განვითარებისთვის, წლების განმავლობაში უდიდესი შრომა და რესურსია ჩადებული, ამბობს, რომ ამ სისტემის ჩამოშლას ასე მარტივად არავინ შეეგუება. ისიც, როგორც მისი არაერთი გათავისუფლებული კოლეგა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს, თუმცა გული სწყდება, რომ ჯერჯერობით, გაურკვეველი დროით, მათთვის საჯარო სამსახურის კარი დაიკეტა:
„გულდასაწყვეტია. მაშინ როდესაც მართლა გააზრებულად და შეგნებული გადაწყვეტილებით ვემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას“, - გვითხრა თათია უდესიანმა.
საჯარო სამსახურებში ახლა საახალწლო არდადეგებია, ამიტომ სხვადასხვა უწყებიდან პასუხის მოპოვება კიდევ უფრო რთულია. ჩვენ მაინც ვითხოვეთ კომენტარი იუსტიციის სამინისტროში, მერიაშიც, რატომ ათავისუფლებენ ამდენ ადამიანს მკაფიო ახსნა-განმარტების გარეშე, თუმცა ამ ეტაპზე არცერთი უწყებიდან ჯერ პასუხი არ გვაქვს.
თათიას მსგავსად, სასამართლოში იბრძოლებს ნინო ტყეშელაშვილიც, საჯარო მოხელე 15-წლიანი გამოცდილებით, რომელიც 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს და რომელიც ასევე 31 დეკემბერს გაათავისუფლეს.
ნინომ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლების პროცესს „პოლიტიკური ნიშნით წმენდა“ უწოდა.
რადიო თავისუფლებასთან ამ ვიდეოინტერვიუში კი გვიამბო როგორც თავისი ამბავი, ისე, ზოგადად, საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლების პროცესის სხვა დეტალებიც.
იმ საჯარო მოსამსახურეებს, ვინც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება. მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრი“, „საია“, „სამართლიანი არჩევნები“.
შეიქმნა თავად საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78 მუხლი“, რომელიც ამ ეტაპზე სამართლებრივ დახმარებას უწევს 66 გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს.
მათგან 45 - საჯარო რეესტრიდან გამოშვებული მოხელეა, დანარჩენი - თბილისის მერიიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან და შსს-დან დათხოვნილი ადამიანები.
განცხადებები შესულია თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან.
* მოგვიანებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უარყო დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და გაავრცელა განცხადება, რომელიც წერია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1 მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია.
"სამსახურს საჯარო მოხელეების გარდა ამ პერიოდის განმავლობაში დამხმარე და არამუდმივი ამოცანების, მათ შორის ექსპერტული სამუშაოს შესასრულებლად ათობით მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა სხვადასხვა პირთან გაფორმებული და არც ერთი მათგანი ვადაზე ადრე არ გათავისუფლებულა", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ეტაპზე ოთხ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს ეხმარება სამართლებრივად „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ოთხი საქმე ექნება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“.
50-ზე მეტ საჯარო მოხელეს უწევს იურიდიულ დახმარებას „სამართლიანი არჩევნები“ - როგორც გვითხრეს, აქედან 6 საქმე უკვე სასამართლოშია. მათგან ნაწილი ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს, ნაწილს ხელშეკრულების ვადები ამოეწურა.
არის შემთხვევებიც, როცა მოხელეები გაათავისუფლეს მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური საქმიანობის გამო. ასევე, დიდი ნაწილის გათავისუფლება უკავშირდება კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებული, ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმოწერას.
ბოლო დღეებში 16 გათავისუფლებული საჯარო მოხელის შეტყობინება შევიდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცხელ ხაზზეც.
თეო ზაქარაშვილმა, რომელიც ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორი და მთავარი იურისტია, გვითხრა, რომ მათთან მისული ადამიანების უმრავლესობას შრომითი ხელშეკრულებები ვადების ამოწურვის შემდეგ აღარ გაუგრძელეს. მათ შორის არიან საჯარო რეესტრის თანამშრომლები, რომლებსაც აქამდე, ეს ხელშეკრულებები ავტომატურ რეჟიმში უგრძელდებოდათ. ამჯერად ეს ასე აღარ მოხდა - 30-31 დეკემბერს ისინი გაათავისუფლეს.
რა პრინციპით შეარჩიეს სწორედ ეს და არა სხვა საჯარო მოხელეები?
ამ შემთხვევაშიც, ვინც „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მიმართა, ხელმომწერია 78-ე მუხლის შესრულების მოთხოვნის განცხადებისა, არის აქციის მონაწილე, აქტიურად და ღიად გამოხატავდა პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე, არ ერიდებოდა ფეისბუკზე კრიტიკული პოსტების წერას.
„მათი გათავისუფლების საერთო ნიშანი არის მათივე კრიტიკული პოზიცია - მათი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, - შენიშნავს თეო ზაქარაშვილი.
სამსახურიდან გაათავისუფლეს როგორც საშუალო რგოლის მენეჯერები, ისე საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული მოხელეებიც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი ამბობს, რომ კიდევ არაერთი საჯარო მოხელე მოელის უახლოეს ხანებში გათავისუფლებას. ამ მოლოდინს მათ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები უჩენს:
„ამ კანონის მიღებით კი ეს საჯარო მოხელეები ხდებიან აბსოლუტურად დაუცველები. მათ არ რჩებათ არც სოციალური გარანტიები, არც სამსახურის შენარჩუნების შესაძლებლობა. არც მათ პროფესიონალიზმს, არც მათ შესრულებულ სამუშაოს, არც მათ მიღწევებს აღარ აქვს მნიშვნელობა. სამსახურის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება ხელმძღვანელების, პოლიტიკური თანამდებობის პირების და ერთი პარტიის გადაწყვეტილებაზე“, - ამბობს თეო ზაქარაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
გათავისუფლებული საჯარო მოხელეების საქმეებზე დაკვირვებით იკვეთება კიდევ ერთი დეტალი - მათი უმრავლესობა თავისი საქმის პროფესიონალია. არცერთი მათგანის საქმეში არ წერია, რომ მათ რაღაც ვერ შეასრულეს.
და კიდევ, „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიიჩნევენ, რომ ეს ის საჯარო მოხელეები არიან, ვის კარიერულ განვითარებაშიც სახელმწიფომ არცთუ მცირე რესურსი ჩადო, თუმცა დღეს ამავე სახელმწიფომ არც კი გაარკვია მათი პროფესიული მომზადების დონე - მისთვის ამ მოხელეების გასათავისუფლებლად, მათი კრიტიკული პოზიცია საკმარისი აღმოჩნდა.
თეო ზაქარაშვილის ვარაუდით, გათავისუფლებების მეორე ტალღას სახელმწიფო რეორგანიზაციის მიზეზით ახსნის და ამაში მას ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საჯარო მოხელის დაცვის სტანდარტი გაუარესებულია.
სახელმწიფოს წინააღმდეგ, აქამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არცერთ დავაში, რომელშიც მონაწილეობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, არ დადასტურებულა, რომ სახელმწიფომ ეს მოხელეები ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით გაუშვა სამსახურიდან.
„ამას სახელმწიფო მხოლოდ ფორმალურად აცხადებს ხოლმე, თუმცა მალევე ვხედავთ, რომ გაზრდილია შტატების რაოდენობა და ხელფასებიც... თუ ეს მართლა რეორგანიზაციის მიზნით გააკეთეს, მაშინ რა საჭირო იყო სამართლებრივი ნორმების ასე გაუარესება? სავარაუდოდ, კიდევ ბევრ უკანონო გადაწყვეტილებას დაწერენ და რასაც იღებდა ხოლმე ასეთი უკანონო გადაწყვეტილებების შემდეგ საჯარო მოხელე, სრულ კომპენსაციას, ზიანის ანაზღაურებას თუ აღდგენას სამსახურში, ის ამას ვეღარ მიიღებს“.
სწორედ ეს აფიქრებინებთ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების უფლებების დამცველებს, რომ ამ პროცესს აქვს სხვა მიზანი - ისეთი საჯარო სამსახურის შექმნა, სადაც კრიტიკული აზრი არ იარსებებს - ეს იქნება დამორჩილებული საჯარო სამსახური.
გაქრება "ინსტიტუციური მეხსიერება"?
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც საჯარო სამსახურებში უახლოეს მომავალში გაჩნდება, თუ არაფერი შეიცვალა, ინსტიტუციური მეხსიერების (მოგროვილი ინფორმაცია განვითარების ეტაპების, რეფორმების შესახებ, რაც საჯარო სამსახურში იქმნებოდა) დეფიციტი იქნება, - ასე ვარაუდობს გოგა ხატიაშვილი, იურისტი და ყოფილი საჯარო მოხელე, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ თანამშრომელი.
გოგა გვიყვება, რომ როცა საჯარო სამსახურები საერთაშორისო ორგანიზაციებში ანგარიშებს აგზავნიან, ინფორმაცია გროვდება სწორედ იმ მოხელეებისგან, ვინც მუდმივად ჩართულია ამ პროცესში, პირდაპირ კავშირზეა დონორებთან, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების თუ თანამშრომლების გადამზადების პროცესში:
„აი, ამ ადამიანებისგან საჯარო სექტორის გამოშიგვნა ხდება ახლა და თუ ასე გაგრძელდება, ამ ინსტიტუციური მეხსიერების მქონე ადამიანი აღარ დარჩება საჯარო სექტორში“, - გვეუბნება გოგა ხატიაშვილი და შენიშნავს, რომ ბოლო დღეებშიც სწორედ ასეთ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ.
მათ შორის არიან ის ადამიანები, ვინც ევროკავშირის სავალდებულო კითხვარის პასუხებს წერდა.
გოგა ხატიაშვილის შეფასებით, დღეს ყველაფერი გადაწონა პოლიტიკურმა კონტექსტმა. საჯარო მოხელეებს წაართვეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ ადამიანების გათავისუფლება კი, მისი აზრით, სხვა საჯარო მოხელეების გაფრთხილებასაც ნიშნავს.
„რომ თუ ისინი გაბედავენ და რამეს გააპროტესტებენ, იმავე ბედს გაიზიარებენ. ამიტომაც კეთდება ყველაფერი ასე თვალსაჩინოდ და სწრაფად, რომ ამ პროტესტს საჯარო სამსახურში მასობრივი გაგრძელება არ ჰქონდეს და ეს მუხტი ამ გაგდებებით ჩაკლან“.
როგორც ყოფილი საჯარო მოხელე, გოგა ხატიაშვილი თავის დაკვირვებასაც გვიზიარებს, თუ როგორ უყურებს საჯარო სამსახური თანამშრომელს: თუ მან რამეზე პრეტენზია გამოთქვა, ესე იგი, ის სახელმწიფოს მტერია. და ეს, მისი სიტყვებით, განსაკუთრებით შესამჩნევია ძალოვან უწყებებში:
„ასე იყო იქაც, სადაც მე ვმუშაობდი. მაგალითად, თუ შსს-ში, პირობითად რომ ვთქვა, შემოიტანდნენ რაიმე კანონპროექტს უწყების საქმიანობის შესახებ, შენიშვნები არ უნდა გქონოდა. არადა, შეუძლებელია, რომ რაღაც კომენტარი მაინც არ გქონდეს ასეთ დროს. მაგრამ ეს სისტემა ასეა აწყობილი: იქ განსხვავებული აზრი ძალიან ყვირის“.
მოხელის დასამორჩილებლად, საჯარო სამსახურში გამოიყენება კიდევ ერთი მეთოდი - თუ ის მაინც ღიად გამოთქვამს კრიტიკულ აზრს, მის წინააღმდეგ იწყება საქმის დისციპლინური წარმოება და სწორედ ამ გზით იშორებენ თავიდან ასეთ საჯარო მოხელეებს. თუმცა გათავისუფლებების ბოლო ტალღის დროს, სახელმწიფოს ეს მეთოდი არ დასჭირვებია.
ამ პროცესში კიდევ ერთი დეტალია - დახარჯული რესურსი, რომელიც ჩაიდო სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ასობით საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლებაში - მათ ტრენინგებში, სასწავლო ვიზიტებში უცხოეთში და ა.შ. და ეს, ხშირად, იყო სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტები.
ამ საჯარო მოხელეების ნაწილი, თავისით, გათავისუფლების გარეშეც წავიდა სისტემიდან და დაგროვილი ცოდნაც გაიყოლა. ახლა მათ უკვე გათავისუფლებული მოხელეებიც დაემატნენ.
„მე ვფიქრობ, რომ იგივე საჯარო სამსახურის რეფორმაც, რომელიც თავის დროზე იყო ძალიან წარმატებული, დასავლეთისგან მხარდაჭერილი, დღეს კრახის წინაშე დგას - როგორც ამ მასობრივი გათავისუფლებების, ისე იმ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამოც, რომლითაც საჯარო სამსახური გახდა უფრო პოლიტიზირებული, კიდევ უფრო გაიზარდა საჯარო მოხელეზე ზეწოლის საფრთხე და ეს რეორგანიზაციაც გახდა პოლიტიკური წმენდის იარაღი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გოგა ხატიაშვილმა.
ის წუხს, რომ უახლოეს მომავალში, სერვისები, რომელსაც დღეს სახელმწიფო აწვდის ადამიანებს, ამ საჯარო მოხელეების გათავისუფლების ფონზე, შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს.
ეს კი, ისევ საქართველოს მოქალაქეებს დააზარალებს და დააშორებს ყველა იმ მოდელს, რომლითაც ქვეყანა ევროპასთან დაახლოებას ცდილობდა.
ერთადერთი, რამაც, გოგა ხატიაშვილის აზრით, შეიძლება ეს პროცესი შეიძლება შეაჩეროს, რაც შეიძლება ბევრი საჯარო მოხელის ერთიანობაა.
საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ ვარაუდი ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გაჩნდა, როცა თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა და 30 ნოემბერს ღია წერილიც გამოაქვეყნა.
მერე თბილისის მერი კახა კალაძე პროევროპული პროტესტისადმი სოლიდარულ თანამშრომლებსაც გამოეხმაურა და თქვა, „ამას ველოდებოდი კიდეც, რადგან რეორგანიზაცია გვაქვს გამოცხადებული და ბევრი ცვლილება იგეგმებაო“.
მან „სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობაც“ ახსენა და თქვა, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებშიო. მერიიდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებას კი „ტყუილი და სპეკულაცია“ უწოდა.
ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი საჯარო მოხელეა გათავისუფლებული სამსახურიდან. მათ ნაწილს ამის შესახებ ჯერ საჯაროდ არ უსაუბრია და არც რომელიმე ორგანიზაციისთვის მიუმართავს სამართლებრივი დახმარებისთვის.