Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტი მკვეთრად იზრდება - რას ნიშნავს ეს?


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ მკვეთრად გაზარდა ექსპორტი ცენტრალური აზიის  ქვეყნებთან - ყირგიზეთსა და ყაზახეთთან. 20 ივლისს აშშ-მ ახალი სანქციები დააწესა 120-მდე კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ქვეყანაში შესატანად აკრძალული  პროდუქტებით მომარაგებაში ეხმარება.

სანქციები შეეხო ყირგიზ ბიზნესმენებსა და ყირგიზულ კომპანიებს.

“ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი იყენებს ელექტრონიკისა და ტექნოლოგიების იმპორტის გასაგრძელებლად, არის რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფი მესამე მხარის შუამავლებისა და გადამზიდავების გამოყენება მომარაგებისთვის. ყირგიზეთში რეგისტირებული ბიზნესსუბიექტები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ელექტრონიკით და სხვა ტექნოლოგიებით ამარაგებდნენ. ამ გადამზიდავების ნაწილი რუსეთს აწვდიდა ორმაგი დანიშნულების ისეთ პროდუქციას, რომელსაც რუსეთი სამხედრო წარმოებაში იყენებდა”, - ასეა ახსნილი ყირგიზეთისთვის დაწესებული სანქციები 20 ივლისს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2022 წელს ყირგიზეთმა 250%-ით გაზარდა ექსპორტი რუსეთში. ექსპორტის ზრდის პარალელურად სავაჭრო და საბაჟო დოკუმენტაციაში გაჩნდა ისეთი პროდუქტები, რომლებსაც მანამდე ყირგიზეთი არ ყიდულობდა. რადიო თავისუფლების ცენტრალური აზიის ბიუროების ერთობლივმა გამოძიებამ ივნისის ბოლოს აჩვენა, რომ როგორც ყირგიზულ, ისე ყაზახურ კომპანიებს რუსეთში გააქვთ მიკროჩიპები, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტი, რომელთა ანალოგებსაც უკრაინელი სამხედროები რუსულ რაკეტებში, ტანკებში, დრონებში, შვეულმფრენებსა და რადიოსისტემებში პოულობენ. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 20 ივლისს სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდნენ ის ბიზნესები, რომლებიც რადიო თავისუფლების გამოძიებაშიც ფიგურირებდნენ.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების გადამოწმებით კი ჩანს, რომ ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, მათ შორის ის პროდუქცია, რომელიც ევროკავშირმა სპეციალურ, 38- კომპონენტიან სიაში გააერთიანა და რომელსაც რუსეთი დადასტურებულად იყენებს სამხედრო წარმოებაში, ყახაზეთსა და ყირგიზეთში საქართველოდანაც შედის.

  • როგორია საქართველოს ვაჭრობის დინამიკა ყირგიზეთთან და ყაზახეთთან?
  • რა პროდუქცია გადის საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში?
  • შესაძლოა თუ არა, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტის საბოლოო დანიშნულების ადგილიც რუსეთი იყოს?

რადიო თავისუფლებამ სცადა, ამ კითხვებზე პასუხები ოფიციალურ სტატისტიკასა და ღია წყაროებში ეპოვა.

სუსტი სავაჭრო პარტნიორობიდან უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანამდე

მხოლოდ 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყირგიზეთში წლიური ექსპორტი 1360,1%-ით გაიზარდა, ყაზახეთში 280,4%-ით.

2023 წლის ივლისის მონაცემებით, ორივე ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში მოხვდა და მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავა.

საერთო ექსპორტში, ყაზახეთში ექსპორტმა 9,8% შეადგინა, ყირგიზეთში ექსპორტმა 9,2%. 2 წლის წინ ყაზახეთი და ყირგიზეთი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორების ათეულში საერთოდ არ იძებნებოდა. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტში ყაზახეთს 3,1 % ეჭირა, ყირგიზეთს 0,8%.

იმ პროდუქციის ანალიზი, რომლებიც საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააქვთ. აჩვენებს, რომ ორივე ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტზე სისტემატურად გადის ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, მათ შორის ისეთებიც, რაც ევროკავშირმა სანქციების მე-11 პაკეტის გამოქვეყნებისას ცალკე სიაში გააერთიანა. ამ სიაში შემავალი 38 დასახელების ელექტრონული საქონელით ვაჭრობა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მათ ბრძოლის ველზე იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებული ყურადღებით კონტროლდება როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მიერ. 38 დასახელების პროდუქტიდან საქართველოდან 2022-2023 წლებში ექსპორტზე ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადის 11 დასახელების პროდუქტი.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ კონკრეტული ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი და ჩვენ ახლა ამ [38 დასახელების] ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული“, - თქვა ერთი თვის წინ, 28 ივნისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა და განმარტა, რომ რუსეთში დეფიციტური პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან ძირითადად სახმელეთო გზით ხვდება. ის საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ჯეიმს ო'ბრაიენთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სანქციების საკითხებში, დევიდ ო სალივანთან ერთად ესტუმრა. საქართველოში სტუმრობამდე ო'ბრაიენს საქართველო დასახელებული ჰქონდა იმ 5 ქვეყანას შორის, სადაც სანქციების გვერდის ავლის პრობლემის “იდენტიფიცირება მოხდა”. ამ სიაში საქართველოს გარდა იყო სომხეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყაზახეთი.

“კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნესშესაძლებლობად გამოიყურება, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველზე აღწევს. მათ უნდა იცოდნენ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი ამ ქვეყნებში თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, რომ რულეტს თამაშობენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა.

საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს ფინანსურ სანქციებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მატება”, - თქვა 13 ივნისს, ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიმ ო'ბრაიენმა და განმარტა, რომ ზოგი ელექტრონული საქონლით ვაჭრობა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლომდე რუსეთთან ლეგალური იყო, მაგრამ ახლა ეს რეალობა შეცვლილია.

იმის პირდაპირი მტკიცებულებები, რომ საქართველოდან რუსეთში სანქცირებული ან აკრძალული პროდუქცია ხვდება, ამ დრომდე არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება ყოველ ჯერზე, როცა საუბარი საერთაშორისო სანქციების აღსრულებას შეეხება, ამტკიცებს, რომ საქართველოს საზღვრები მკაცრად კონტროლდება და საეჭვო ტვირთები საბაჟო კონტროლს ვერ გადის. ამავე დროს, საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები აჩვენებს, რომ ეს პროდუქცია, რომელთა ნაწილი ომამდე საერთოდ არ გადიოდა საქართველოდან ექსპორტზე, ახლა ყაზახეთის და ყირგიზეთის გარდა გადის ასევე სომხეთში, აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთში - ესაა ქვეყნები, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი “შავ ხვრელებად” იყენებს. საგარეო ვაჭრობის ღიად არსებული მონაცემები არ მოიცავს ცნობებს იმის შესახებ, კონკრეტულად ვინ და რომელი კომპანიებია ჩართული ცალკეული პროდუქტის ექსპორტ-იმპორტში.

ძვირადღებული ავტომობილები ერთი ღარიბი ქვეყნიდან მეორეში

საქართველომ რეკორდულად გაზარდა ავტომობილების ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. 2023 წელს ქვეყანაში შემოსული მანქანების თითქმის სრული უმრავლესობა სხვა ქვეყანაში ექსპორტზე გასატანად იყო განკუთვნილი.

ავტოექსპორტში ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ 2023 წლიდან საქართველომ ძვირადღირებული ავტომობილების გატანა დაიწყო ყირგიზეთში, ქვეყანაში, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ათას დოლარს მცირედით აღემატება.

მხოლოდ 2023 წლის მაისში ყირგიზეთში საქართველოდან 1288 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რომელთა საშუალო ფასი 42 ათასი დოლარი იყო. წინა წლის ამავე თვეში საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი მხოლოდ 6100 დოლარი იყო. 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან იმაზე მეტი ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა ყირგიზეთში, ვიდრე გასული 5 წლის განმავლობაში ჯამში.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის მიხედვით, რუსეთში აკრძალულია 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტირება. ყირგიზეთში ექსპორტის მაღალი საშუალო ფასი შესაძლოა მიუთითებდეს, რომ იქ ექსპორტირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლოსაა ან აჭარბებს ამ ზღვარს. იმის თქმა, რომ საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთის ფედერაციაა, შეუძლებელია, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავტოექსპორტში საშუალო ფასის და ექსპორტის მოცულობის ზრდა ყველაზე მკვეთრი ყირგიზეთის მიმართულებითაა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 ივლისამდე საქართველოდან ყირგიზეთში 13 326 სატვირთო და მსუბუქი მანქანა გავიდა ექსპორტზე, რომელთა ღირებულება 310 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია ყაზახეთშიც - მხოლოდ 2023 წლის აპრილში აქ იმდენი მანქანა გავიდა ექსპორტზე, რამდენიც 2018-2021 წლებში ჯამში. 2022 წლის დეკემბერში, გასული 5 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ერთ თვეში ექსპორტზე ათასზე მეტი ავტომობილის გატანის ფაქტი ყაზახეთში. რაც ამ ქვეყანაში ავტოექსპორტს გამოარჩევს მეზობელი ყირგიზეთიდან, არის ის, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდის პარალელურად მკვეთრად არ იზრდება ავტომობილების საშუალო ფასი.

XS
SM
MD
LG