პასკა, კვერცხი, ღვინო, ფქვილი, შაქარი, ზეთი, ქათამი, ლობიო, კარაქი და რამდენიმე სახეობის ტკბილეული - 2 მილიონამდე ლარის საჩუქრებს სოციალურად დაუცველ თბილისელებსა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გაუგზავნიან.
თბილისის 10 რაიონიდან ნაწილში ტენდერი უკვე დასრულდა და ხელშეკრულებებიც გაფორმდა პროდუქტების მიმწოდებლებთან, დანარჩენი ტენდერებიც ბოლო ეტაპზეა. გამარჯვებული კომპანიების ნაწილმა გამგეობებს გასაჩუქებელი პროდუქტების ნიმუშებიც გაუგზავნა. სასაჩუქრე კალათების უმრავლესობაში მოხვედრილი ფქვილი, ზეთი, გაყინული ქათამი და ნაწილობრივ ტკბილეულიც - რუსული წარმოების პროდუქტებია.
რადიო თავისუფლებას გაუგზავნეს ფოტოები, რომლებზეც, წყაროს ინფორმაციით, კრწანისელებისთვის შესაძენი გაყინული ქათმის ნიმუშია ასახული.
ქათამი, რუსეთში, სტავროპოლის მხარეშია დამზადებული და შეფუთულია რუსეთის დროშის ფერებში. წყაროს ინფორმაციით, ასეთ რუსულ ქათმებს ყიდულობს თბილისის გამგეობების უმრავლესობა.
რადიო თავისუფლებამ რუსული დროშის ფერებში შეფუთული პროდუქტის ფოტო თბილისის მერიის პრესსამსახურს გაუგზავნა და იკითხა, მართლაც დევს თუ არა ეს პროდუქტები სასაჩუქრე კალათებში? „მსგავსი შეფუთვა არც ერთ კონტრაქტორს არ აქვს“, მოგვწერეს მერიიდან და თუ რამე დამატებით გაინტერესებთ, ინფორმაცია წერილობით გამოითხოვეთო, გვიპასუხეს.
რადიო თავისუფლება ესაუბრა კომპანია „ლუანას“ დირექტორს და დამფუძნებელს. ამ კომპანიამ გაიმარჯვა რამდენიმე რაიონის ტენდერში და უკვე გააფორმა ხელშეკრულება კრწანისის გამგეობასთან. ივანე ზეგარდელმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ გამგეობებისთვის მართლაც აპირებდა რუსეთში წარმოებული და რუსული დროშის ფერებში შეფუთული გაყინული ქათმის ყიდვას, რომელსაც „სტავროპოლსკი ბროილერი“ აწარმოებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იცვლება.
ივანე ზეგარდელი: მაგ ქათამთან დაკავშირებით შეიქმნა რეალურად პრობლემა, რუსეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვერ გვაწვდიან ისედაც ამ პროდუქტს…
ოფიციალური წერილი უკვე მზადდება… მოხდება ამ ქათმის ჩანაცვლება…
რადიო თავისუფლება: ტენდერის დოკუმენტებში ჯერ არ ჩანს ჩანაცვლებაზე არაფერი..
- არ ჩანს, იცით, რატომ? - მზადდება ოფიციალური წერილი, ტექნიკური დოკუმენტაცია, აუდიტის დასკვნა გვაქვს წარსადგენი…
რადიო თავისუფლება: თქვენ ნიმუშად ხომ რუსული დროშის ფერებში შეფუთული ქათამი წარადგინეთ, ხომ არ გამოგიგზავნოთ ფოტო, არ მინდა რამე შემეშალოს…
ივანე ზეგარდელი: არა, არ მინდა, ვხვდები რაზეც მესაუბრებით და ნამდვილად ასე იყო, რუსეთის დროშა ჩვენთვისაც გარკვეული სიურპრიზი იყო იმიტომ, რომ ადრე სხვანაირი შეფუთვა მოდიოდა და იყო ეს მომენტი. თუმცა, გეუბნებით, გიდასტურებთ, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად არ შევა და არ იქნება.
რადიო თავისუფლება: გვიდასტურებთ, რომ თქვენს კონკურენტს, კომპანია „ვ.ტ“.-ს თქვენ აწვდიდით იმავე გაყინულ ქათამს?
ივანე ზეგარდელი: შპს „ვ.ტ.“ რით ჩაანაცვლებს ქათამს, და როგორ, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს ქათამი ასეთი შეფუთვით არ შევა არსად თბილისში.
რადიო თავისუფლებამ გაყინული რუსული ქათმის დარიგებაზე კრწანისის გამგეობასაც ჰკითხა. მოგვწერეს, ტენდერი კანონის დაცვით ჩავატარეთ, თუმცა პროდუქციის მწარმოებელზე ჯერ ვერაფერს გეტყვითო.
რადიო თავისუფლებას აქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შპს „ლუანამ“ უკვე წარუდგინა კრწანისის გამგეობას პროდუქციის ნიმუში, ამასვე ადასტურებს „ლუანას“ დირექტორი, თუმცა კრწანისის გამგეობაში ამ დოკუმენტის გაგზავნის შემდეგ გვითხრეს, რომ დამატებითი დეტალებისთვის საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შპს. „ვ.ტ.“-ს დირექტორს, იუზა ჯოგლიძეს, რომელმაც ტენდერები დაახლოებით 7 რაიონში მოიგო და, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათი ნაწილისთვის რუსული ქათამი უნდა ეყიდა, ზუსტად ისეთი, როგორიც შპს „ლუანას“. კომპანიის დირექტორმა რადიო თავისუფლების შეკითხვებს არ უპასუხა.
კომპანია „ვ.ტ.“ შპს „ილი ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა, მათ დამფუძნებლებს საერთო ბიზნესი აქვთ. „ილი ჯგუფი“ ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერი და მსხვილი დამფინანსებელი კომპანიაა, რომელსაც, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული.
რადიო თავისუფლებამ ამ კომპანიის ტენდერებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან მის შესაძლო კავშირზე ჟურნალისტური გამოძიება 2021 წელს მოამზადა.
თბილისის გამგეობების სააღდგომო საჩუქრების ტენდერების დოკუმენტაციაში ამ ეტაპზე კვლავ არის მითითებული, რომ რამდენიმე რუსული წარმოების პროდუქციაა. ზოგან მხოლოდ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანა წერია - რუსეთი, ზოგან რუსული კომპანიების სრული დასახელებაცაა მითითებული:
გეგმით, თბილისის ათეულათასობით მოქალაქეს სააღდგომო საჩუქრებს გამგეობები აპრილის ბოლომდე დაურიგებენ, სწორედ მაშინ გაირკვევა, საბოლოოდ, იქნება თუ არა მათ კალათაში რუსეთის დროშის ფერებში შეფუთული ქათმებიც.