Accessibility links

რუსეთ-უკრაინის ომი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
როდესაც ომი შენს სახლში მოდის

როდესაც ომი შენს სახლში მოდის


9 წლის გოგონა, სახელად სოფიკა, მაკიივკიდან ევაკუაციის დროს, რომელსაც ხელში უჭირავს თავისი ზღვის გოჭი. ლუგანსკის რეგიონი, 2022 წლის 19 ნოემბერი.
9 წლის გოგონა, სახელად სოფიკა, მაკიივკიდან ევაკუაციის დროს, რომელსაც ხელში უჭირავს თავისი ზღვის გოჭი. ლუგანსკის რეგიონი, 2022 წლის 19 ნოემბერი.

უკრაინელი ჟურნალისტები რუსეთის სრულმასშტაბიან ომს მხოლოდ კი არ აშუქებენ - ისინი მის მსხვერპლთა შორისაც არიან. 

ერთ-ერთი მათგანი იყო ვიქტორია როშჩინა, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ყოფილი ფრილანსერი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა. 27 წლის ვიქტორიას გარდაცვალება ოქტომბერში დადასტურდა, თუმცა მისი ცხედარი ოჯახისთვის დღემდე არ გადაუციათ.

ის მარტო არ არის.

რუსეთის სამწლიანმა ომმა დიდი ზიანი მიაყენა უკრაინელ ჟურნალისტებს. ბევრი მათგანი სიცოცხლეს რისკავს სიმართლის გასაშუქებლად. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების რეპორტიორებიც.

მარტში ჟურნალისტ ვლადისლავ ესიპენკოს გისოსებს მიღმა ყოფნის ოთხი წელი შეუსრულდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, რომელიც მოსკოვმა სამხედრო ბაზად აქცია.

ვლადისლავი რადიო თავისუფლებისთვის სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს აშუქებდა. ის ასაფეთქებელი ნივთიერებების ტარებისთვის გაასამართლეს, რასაც ის უარყოფს. მან სასამართლოს უთხრა, რომ პატიმრობისას აწამეს.

ვლადისლავ ესიპენკო მის სასამართლო პროცესზე სიმფეროპოლში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.
ვლადისლავ ესიპენკო მის სასამართლო პროცესზე სიმფეროპოლში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი დმიტრო ევჩინი სამხრეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მძიმედ დაიჭრა. ის რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ დაუბრუნდა სამსახურს რადიო თავისუფლების კიევის ოფისში.

ევჰენია კიტაივა 2023 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზიდან მაუწყებლობდა, როდესაც რუსულ საარტილერიო თავდასხმაში მოყვა. ის უვნებელი გადარჩა და ცდილობდა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცისთვის პირველადი დახმარების გაწევას.

ევჰენიას თვეები დასჭირდა აღსადგენად. ერთი წლის შემდეგ კი მას ქალიშვილი შეეძინა. ახლა ის კვლავ ფრონტის ხაზზეა და აშუქებს მსჯავრდადებულ ქალებს, რომლებიც უერთდებიან უკრაინის არმიას, სადაც ახალწვეულთა დეფიციტია.

კორესპონდენტმა მარიან კუშნირმა ომის უმძიმესი ბრძოლები გადაიღო. ის თავის ჟურნალისტურ ჯილდოებზე არ ლაპარაკობს. ის ჰყვება მოხუც კაცზე, რომელსაც ევაკუაციაში დაეხმარა. მამაკაცი ფრონტის ხაზის სოფლის ბოლო მკვიდრი იყო.

საფრთხეები მხოლოდ ფრონტის ხაზთან არ გვხვდება.

2024 წლის შემოდგომაზე რადიო თავისუფლების კიევის ბიურომ ბომბის მუქარა მიიღო, ისევე როგორც ასობით უკრაინის სკოლამ, ბიზნესცენტრმა და სამთავრობო შენობამ.

მუქარა მოჰყვა რადიო თავისუფლების გამოძიებას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენეს რუსმა აგენტებმა უკრაინელი თინეიჯერები და ბავშვები, ზოგიერთი 12 წლამდე ასაკისა, საკუთარი ქვეყნის სამხედროების საბოტაჟისთვის.

ომის ადამიანური უბედურების მხარის გაშუქება ჩვენი საქმიანობის მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენ აღმოვაჩინეთ კორუფცია უკრაინის არმიაში, გამოვავლინეთ ოფიციალური პირები, რომლებმაც მდიდრული შენაძენები გააკეთეს საზღვარგარეთ და დავადგინეთ მოსამართლეები, რომლებიც მალავდნენ რუსეთის მოქალაქეობას.

ზოგიერთი ჩვენი რეპორტაჟი ისტორიის ნაწილი გახდა. უკრაინის ეროვნულმა საფოსტო სამსახურმა 2022 წელს კიევის ოლქის განთავისუფლების აღსანიშნავად საფოსტო მარკა გამოუშვა. მარკაზე გამოსახული სამი სურათიდან ორი რადიო თავისუფლების ფოტოგრაფის სერჰი ნუჟნენკოს მიერაა გადაღებული.

მშვიდობიანი მოქალაქეები უყურებენ განადგურებულ რუსულ ჯავშანკოლონას ბუჩაში, კიევის მახლობლად. რადიო თავისუფლების ფოტოგრაფის, სერჰი ნუჟნენკოს მიერ 2022 წლის მარტში გადაღებული ფოტო.
მშვიდობიანი მოქალაქეები უყურებენ განადგურებულ რუსულ ჯავშანკოლონას ბუჩაში, კიევის მახლობლად. რადიო თავისუფლების ფოტოგრაფის, სერჰი ნუჟნენკოს მიერ 2022 წლის მარტში გადაღებული ფოტო.

ერთ-ერთ ფოტოზე ბუჩაა, ქალაქი კიევის მახლობლად, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს და მათი გვამები ქუჩაში დაყარეს. ბუჩა უკრაინაში რუსეთის ბოროტმოქმედების სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად უამრავი სამხილისა, მოსკოვი მაინც ამტკიცებს, რომ ხოცვა-ჟლეტა დადგმული იყო.

ერთ-ერთი მსხვერპლი, ადგილობრივი მაღაზიის მფლობელი ოლექსი პობიჰაი, ტყეში, მასობრივ საფლავში დამარხული იპოვეს. ვინ მოკლა და რატომ?

რადიო თავისუფლების რეპორტიორმა დმიტრო ჯულაიმ გამოიძია ეს დანაშაული და დაადგინა პასუხისმგებელი რუსული ქვედანაყოფები. მის მიერ მოძიებულ ფაქტებზე უკრაინის პროკურატურამ ოფიციალური გამოძიება დაიწყო.

ბუჩიდან მანქანით სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარეობს ნემიშაევა, კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც დროებით დაიპყრეს რუსეთის ძალებმა.

ქალაქის მშვიდ სასაფლაოზე, მისი მშობლების სახლთან, განისვენებს ვირა ჰირიჩი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლის აპრილში დაიღუპა, როდესაც მის ბინას კიევში რუსული რაკეტა მოხვდა.

მისი ბოლო სიუჟეტი შეეხებოდა ჰოლოკოსტს გადარჩენილს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ მარიუპოლში ცხოვრობდა რუსების ალყის დროს. რადიო თავისუფლებამ გამოიძია მისი სიკვდილი და დაუპირისპირდა რუსეთის სარდლობის მთავარ ფიგურებს.

ასე ხდება, როცა ომი შენს სახლში მოდის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG