რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში, რომელიც სამი წლის წინ 22 თებერვალს დაიწყო, უზარმაზარი ნგრევა გამოიწვია – სხვადასხვა შეფასების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ყოველი მეათე სახლი დაზიანებული ან განადგურებულია.
მართალია, ზოგიერთი უკრაინული ქალაქისა და დასახლების აღდგენა უკვე მოხერხდა, მაგრამ სატელიტური სურათები ნგრევის იმ სრულ მასშტაბს აჩვენებს, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად მიმდინარე ომმა გამოიწვია.
აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი ბახმუტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლის ადგილად იქცა. მანამდე თავისი ცქრიალა ღვინით ცნობილ ბახმუტში, რუსეთის შეჭრამდე 70,000 ადამიანი ცხოვრობდა. 2023 წლის მაისში, ქალაქის მერმა, ოლექსი რევამ, განაცხადა, რომ ბახმუტი „ნანგრევებად და ფერფლად“ იყო ქცეული; ოფიციალური მონაცემებით, იქ მხოლოდ 500 ადამიანი იყო დარჩენილი.
ადამიანის უფლებათა მკვლევრების თქმით, 2024 წელს უკრაინის 576 საგანმანათლებლო შენობა დაზიანდა ან განადგურდა, რაც წინა წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children-ის მიერ გასულ თვეში გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინაში ათასობით ბავშვი დისტანციურად ან მიწისქვეშა საკლასო ოთახებში იღებს განათლებას.
„უკრაინაში საგანმანათლებლო დაწესებულებების დაბომბვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება და აბსოლუტურად მიუღებელია – თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა იანვარში ორგანიზაციის უკრაინის ოფისის დირექტორმა, სონია ხუშმა.
აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლის 66-ე სკოლა 2018 წელს გარემონტდა და ქალაქის ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლებოდა. ის 2022 წლის 10 მარტს დაიბომბა. მისი განადგურების კვალი დღემდე შესამჩნევია.
მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის კომისიის 2024 წლის თებერვალში მომზადებული ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, უკრაინის აღდგენა, სავარაუდოდ, 486 მილიარდი დოლარი დაჯდება.
2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრამდე, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი მარინკა დაახლოებით 9,000 მოსახლეს ითვლიდა. იმავე წლის ნოემბრისთვის, თითქმის პირწმინდად განადგურების შემდეგ, ქალაქი გაუკაცრიელდა. ის დღემდე დაცარიელებულია.
ამ თვის დასაწყისში, უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლექსი ჩერნიშოვის თქმით, ქვეყნის აღსადგენად უკრაინას მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება სჭირდება. თავის ფეისბუკპოსტში ჩერნიშოვმა აღნიშნა, რომ წარმოების არსებული დონის გათვალისწინებით, ქვეყანას 4,5 მილიონი მუშახელი აკლია.
აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სოლედარი, მარილის საბადოებით ცნობილი ქალაქი, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მძაფრი ბრძოლების ეპიცენტრად იქცა. ამის შედეგად, მისი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა.
2024 წლის გაზაფხულზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კიევის გარეუბან ირპენის და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხარკოვის არაერთმა მცხოვრებმა საკუთარი სახლი პირადი სახსრებით აღიდგინა.
ხარკოვში გამოკითხულთა დაახლოებით ერთი მესამედის, ხოლო ირპენში – გამოკითხულთა ნახევრის თქმით, დახმარებისთვის უკრაინის მთავრობის eRecovery პროგრამას მიმართეს. თუმცა, მათგან, ვინც საკუთარი სახსრებით აღიდგინა საცხოვრისი, 70%-ზე მეტს არ სჯერა, რომ ეს თანხები აუნაზღაურდება.
აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ რუბიჟნემ ყველაზე მძაფრი ბრძოლები და ნგრევა 2022 წლის მარტში გადაიტანა. იმავე წლის მაისიდან, ქალაქი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
მსოფლიო ბანკის, უკრაინის მთავრობის, ევროპის კომისიისა და გაეროს 2024 წლის დეკემბრის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში ყოველ მეათეზე მეტი სახლი დაზიანებული ან სრულიად განადგურებულია.
სევეროდონეცკი, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონის, ლუგანსკის ქალაქი, 2022 წელს რუსეთის მიერ ინტენსიურად იბომბებოდა. იმავე წლის ივნისში, უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარი ქალაქიდან დროებით განდევნეს; მოგვიანებით, რუსეთმა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა.
ამ თვეში მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის გრძელვადიანი დამოუკიდებლობის მხარდაჭერა მის ეკონომიკაში ინვესტირებით სურს – მათ შორის, შესაძლოა, უკრაინის მინერალური რესურსების მოპოვების უფლებით აღჭურვილი ერთობლივი კომპანიების შექმნის გზით.
რუბიოს თქმით, ეს ვაშინგტონს უკრაინაზე დახარჯული მილიარდების ანაზღაურებაში დაეხმარება, ხოლო ამ თანხის ნაწილი „ისევ უკრაინას, იქ დატრიალებული ნგრევის შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება”.
2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში მდებარე ორეხოვი, სადაც 14,000 ადამიანი ცხოვრობდა, ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქად იქცა. გავრცელებული ცნობებით, იქ რამდენიმე ასეული მოსახლეღა დარჩა.