“უკრაინის გმირი ევჰენი ბოვა. უკრაინის გმირი ლევ პაშკო. უკრაინის გმირი დენის პროკოპენკო. დმიტრო კოზაცკი – ცნობილი ორესტი, ფოტოგრაფი „აზოვსტალიდან“. მიკოლა კუში და კონსტანტინ ნიკიტენკო. კატერინა პოლიშჩუკი – „პტაშკა“, მარიანა მამონოვა, ვალენტინა ზუბკო, იანა შუმოვეცკა, ზორიანა რეპეცკა, ანასტასია ჩერნენკა.
სულ 215 გმირი. გაცვლა ახლახან დასრულდა. ჩვენი ხალხი სახლში მიგვყავს”, - გამოაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 სექტემბრის ადრეული დილით. 21-22 სექტემბრის ღამეს, სანამ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების გამო პროტესტები მძვინვარებდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასაწყისიდან ტყვეების ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა - რუსეთმა უკრაინას 215 ტყვე, 55 რუს ჯარისკაცსა და პატიმარ ვიქტორ მედვედჩუკში გაუცვალა. მოლაპარაკებებში უშუალოდ იყო ჩართული თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ტყვეთა გაცვლა მან პირველად 19 სექტემბერს, ამერიკულ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში ახსენა.
გაცვლის პირობების თანახმად, ხუთი აზოველი მეთაური - ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა, დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი და სვიატოსლავ პალამარი ომის დასასრულამდე ანკარაში უნდა დარჩნენ. რუსეთიდან გათავისუფლებულ ტყვეთა შორის “აზოვის” დანაყოფის სულ 108 მებრძოლი იყო, და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის ინფორმაციით, 124 ოფიცერი. ტყვეებში იყვნენ “პტაშკა” კატერინა პოლიშჩუკი, მოხალისე პარამედიკოსი, რომელიც ალყაში ყოფნის დროს სიმღერით უმაღლებდა განწყობას “აზოვსტალში” ჩაკეტილებს. სახლში ბრუნდება მედიკოსი მარიანა მამონოვაც, რომელიც ფეხმძიმობის უკანასკნელ თვეებშია. ტყვეობაში იმყოფებოდა კიდევ ორი ფეხმძიმე ქალი, იანა შუმოვეცკა და ანასტასია ჩერნენკა.
ტყვეთა შორის იყო ათი უცხოელიც - ხუთი ბრიტანელი, ორი აშშ-ის,მაროკოს, ხორვატიისა და შვედეთის მოქალაქეები, რომელთაგან სამს, შონ პინერს, ეიდენ ესლინსა და საადუნ ბრაჰიმს დახვრეტა მიუსაჯა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“.
უცხოეთის ათი მოქალაქე რუსეთმა დიდ გაცვლას “მიაყოლა”. „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ცნობით, “აზოვის” ხუთი მეთაური 55 რუს ტყვეში გაიცვალა, 200 ადამიანის სანაცვლოდ კი რუსეთმა დაიბრუნა პუტინის ნათლიმამა, უკრაინის პრორუსი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი.
მედვედჩუკის “გახსენება” ნახევარი წლის შემდეგ
67 წლის ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის მოქალაქეა და პოლიტიკაში 90-იანი წლებიდანაა ჩართული. ოთხგზის რადის დეპუტატი ცნობილია რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ლობირებით. 2012-ში მისი ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მოძრაობა “უკრაინის არჩევანი”, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის “ფედერალიზაციას”, რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებასა და რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. თებერვლის ბოლოს, მალევე ომის დაწყებიდან რუსეთის დანაყოფები ქალაქ კუპიანსკში თავისუფლად შეუშვა მედვედჩუკის გუნდის წევრმა, კუპიანსკის მერმა გენადი მაცეგორამ.
თუმცა, ომის დაწყებისთვის მედვედჩუკი უკვე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას სახელმწიფო ღალატი და ისეთი საქმიანობა ედება ბრალად, რომელიც ძირს უთხრიდა „უკრაინის ეკონომიკურ უსაფრთხოებას”, მას ასევე რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ედავებიან.
27 თებერვალს, იმ დღეს, როცა მისი გუნდის წევრი კუპიანსკის მოსახლეობას ეუბნებოდა, უკრაინამ მიგატოვათ და თქვენზე რუსეთის არმია იზრუნებსო, ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. უკრაინელებმა ის 12 აპრილს კვლავ დააპატიმრეს, ერთ კვირაში კი მედვედჩუკმა პატიმრობიდან ვიდეო გაავრცელა, სადაც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს სთხოვს, გაიცვალოს უკრაინელ ჯარისკაცებსა და სამოქალაქო პირებზე მარიუპოლიდან, რომელიც ძლიერი შეტევის ქვეშაა.
მაშინაც და მოგვიანებითაც, როცა მაისში “აზოვსტალის” სამხედროები ტყვედ ჩაბარდნენ, კრემლი ამ თხოვნას ცივად შეხვდა.
„მედვედჩუკი უკრაინის მოქალაქეა, რუსეთთან კავშირი არ აქვს და არ არის სამხედრო. ხოლო იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც "აზოვსტალში" ტყვედ ჩაბარდნენ, საუბარია სამხედროებსა და ნაციონალისტური ფორმირებების წევრებზე. ამიტომ, სრულიად სხვადასხვა კატეგორიის პირები არიან“, - უთხრა 23 მაისს, ჟურნალისტებს დმიტრი პესკოვმა, რუსეთის სახელმწიფო მდივანმა.
დღეს კი, როცა ტყვეები გაიცვალა, პროპაგანდისტული მედიის გავლით კრემლმა მედვედჩუკის “კეთილი საქმეები” გაიხსენა. ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მმართველმა დენის პუშილინმა ისიც თქვა რომ უმძიმდა “დამნაშავეების” გაშვება, მაგრამ “ჩვენი ბიჭების სიცოცხლე ყველაზე მნიშნვნელოვანია. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენიანები მივატოვოთ, და არ მივატოვებთ” - თქვა მან დანარჩენ 55 მებრძოლზე.
მნიშვნელოვანი მოვლენები ტყვეების გაცვლმადე
პუშილინმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ მოლაპარაკებები არაერთხელ ჩაშლილა უკრაინული მხარის გამო. თუმცა ზელენსკი აზოველების შეპყრობიდანვე მათ შინ დაბრუნებას ღირსების საკითხად მიიჩნევდა. ამაზე საუბარი “აზოვსტალის” დაცემიდანვე დაიწყო:
“ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას იღებდნენ საკუთარ თავზე გაერო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და რუსეთის ფედერაცია, როცა პირობა დადეს, რომ ისინი [ტყვეები] უსაფრთხოდ იქნებიან და დაელოდებიან გაცვლის რომელიმე ფორმატს”, - უთხრა მან უკრაინულ არხს “Украина 24”, 20 მაისს.
მოსკოვში აზოველების გასამართლებას განიხილავდნენ ან, ყოველ შემთხვევაში, ამის ფიქრის საფუძველს ქმნიდნენ. 17 მაისს დუმის დეპუტატი ანატოლი ვასერმანი ლობირებდა კანონს, რომელიც “ნაცისტი დამნაშავეების” გაცვლას აკრძალავდა. ამ იდეას მხარი დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმაც დაუჭირა, თუმცა საბოლოოდ, დეპუტატებს ის არ განუხილავს. რუსეთში აზოველების გასამართლების ილუზიას ბოლომდე ინარჩუნებდნენ, ე.წ. დნრ-ის რესპუბლიკის ფილარმონიაში რკინის გალიაც კი იდგა, სადაც აზოველები ტრიბუნალის დროს უნდა ჩაესხათ. არ დარჩენილა ბრალდება, რომელიც მებრძოლებს არ წარუდგინეს, ომის დანაშაულიდან, კანიბალიზმამდე.
მიუხედავად ამისა, 29 ივნისს მაინც შედგა ტყვეთა გაცვლა, სადაც 95 ტყვე “აზოვსტალის” დამცველი იყო, 43 - “აზოვის” დანაყოფის წევრი. ეს, სექტემბრამდე, ყველაზე დიდი გაცვლა იყო, ტყვეთა ტოლი რაოდენობით - 144/144-ზე.
აქედან ზუსტად ერთი თვის თავზე უბედურება დატრიალდა: ოლენივკის საპყრობილის აფეთქებას 53 ტყვის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა დიდი ნაწილი “აზოვსტალიდან” იყო წაყვანილი. უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა აფეთქება ერთმანეთს დააბრალეს. უკრაინაში ამბობდნენ, რომ რუსეთი მარიუპოლელი ტყვეების წამების ფაქტებს მალავდა, რუსები კი ამბობდნენ რომ უკრაინამ “თავიდან მოიშორა” სახიფათო მოწმეები, რომლებიც ჩვენებებს იძლეოდნენ უკრაინის სამხედრო დანაშაულებზე. რუსეთი უკრაინას აშშ-სგან მიღებული HIMARS-ის ტიპის რაკეტის გამოყენებას აბრალებდა, საკუთარი ვერსიის გასამტკიცებლად კი ინტერნეტში რაკეტის ნამსხვრევების ფოტოები გაავრცელა. ამ საქმის ხელმისაწვდომი ვიზუალური მასალით რამდენიმე დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდა. „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტები ჟანა ბეზპიატჩუკი და პოლ ადამსი ექვს სამხედრო ექსპერტს ესაუბრნენ, რომლებმაც ერთი და იგივე თქვეს - რაკეტის თავდასხმისთვის აფეთქება ზედმეტად ლოკალური იყო, და არც გარდაცვლილთა სხეულები ჰგავდა მსგავსი იერიშით დასახიჩრებულს. ოლენივკის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად გაერო და წითელი ჯვარი დღემდე არ შეუშვეს.
გუშინ გათავისუფლებული ტყვეების ნაწილი სწორედ ოლენივკის საპყრობილიდანაა წამოყვანილი. სხვები ე.წ. დნრ-ის სხვა საპატიმროებში ჰყავდათ. “აზოვის” დანაყოფის ყოფილი მეთაური მაქსიმ ჟორინი Current Times-ს ესაუბრა, რა პირობებში ჰყავდათ ჯარისკაცები რუსებს:
“[შიმშილობა] გამოიარა ყველამ, ვინც დონეცკის წინასწარ დაკავებაში იყო და ნაწილობრივ მათ, ვინც ოლენივკის კოლონიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მათ, ვინც დონეცკის წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდა, აბსოლუტურად ყველას, გამონაკლისის გარეშე, აწამებდნენ, სცემდნენ, აიძულებდნენ სრულიად გამოგონილ, გიჟურ დოკუმენტებზე ხელის მოწერას. აიძულებდნენ ადამიანებს, ხელი მოეწერათ იმაზე, რომ ვითომდა აწამებდნენ სამოქალაქო პირებს ან სადღაც დებდნენ ასაფეთქებელს. თანაც ისეთ მისამართზე ან დასახლებულ პუნქტში, სადაც ეს ადამიანები არასდროს არ ყოფილან და არ იციან”.
ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული ბოლო მოლაპარაკებები სულ რამდენიმე დღის წინ უშედეგოდ დასრულდა. ეს გარიგება გაეროს ინიციატივით დაიწყო და რუსეთიდან, უკრაინის ტერიტორიის გავლით ამიაკის გადაზიდვას ეხებოდა. ამიაკი ნიტრატის სასუქის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რუსეთის ვოლოგდის რეგიონიდან ის მილსადენით ოდესის პორტში მიდიოდა. ომის დაწყებიდან მილსადენი ჩაკეტილია. 16 სექტემბერს, Reuters-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ თანახმაა მილსადენის გახსნაზე ტყვეების დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა წინადადება კრემლმა უარყო.
მით უფრო დაუჯერებელია, რატომ გაცვალა რუსეთმა უკრაინელი ტყვეების უპრეცედენტო რაოდენობა სულ რაღაც ერთ კვირაში - პროცესში აშკარად უფრო მეტი უხილავი მექანიზმია ჩართული, ვიდრე საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამას მაქსიმ ჟორინის სიტყვებიც ადასტურებს:
“მინდა, ყველას ესმოდეს, რომ სინამდვილეში ეს იყო უფრო ღრმა პროცესი, უფრო რთული პროცესი. მისი არსი მდგომარეობდა არა უბრალოდ ადამიანების ადამიანებზე, სწორხაზოვან გაცვლაში. უკრაინამ უბრალოდ ფენომენალურად გამოიყენა ყველა პირობა, რომელიც ახლა გარშემოა, მათ შორის ფრონტზე, ეკონომიკის, დიპლომატიის სიბრტყეში, და გამოვიდა ეს გაცვლა“.