პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე, სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება, ასაკთან შეუსაბამო შრომა და ბავშვთა უფლებების უგულებელყოფა. სწორედ ეს ჩამონათვალი იქცა იმ რვა ბავშვის სიკვდილის მიზეზად, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში წაიკითხავთ.
სკოლის კედლებზე დატოვებული ფრაზები სიცოცხლის წილ
„ამ ცხოვრების დედაც“ - ალაგ-ალაგ, ქუჩაში, ალბათ კიდევ გხვდებათ ხოლმე ეს ფრაზა. უფრო მეტად ისეთ ადგილებში, რომლებიც მერიის დასუფთავების სამსახურის ყურადღების მიღმა დარჩა. გადაქექილ ხის ღობეზე, სადარბაზოს შესასვლელში, მიტოვებული შენობის მინგრეულ კედელზე. მოკრავ თვალს უკვე გახუნებულ წარწერას და არ არსებობს, 15 წლის ლუკა არ გაგახსენდეს. ეს და კიდევ რამდენიმე მსგავსი ფრაზა, რომელიც მან „მწვანე სკოლის“ კედლებზე დატოვა, სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ლუკა სირაძე ხუთი თვის წინ, 17 დეკემბერს, იაშვილის კლინიკაში, ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ, გონზე მოუსვლელად დაიღუპა. 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს.
ორდღიანი გამოკითხვის შემდეგ, ლუკა დიღმის მასივში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და გადმოხტა. 17 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ლუკა სირაძე გარდაიცვალა, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავეს საქმის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს. ლუკა სირაძის ოჯახი ამბობს, რომ მოზარდის მიმართ პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა.
ლუკას ძმამ, ბექამ, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, დროებით სასწავლო პროცესი მიატოვა და აკადემიური წელი აიღო. დედის მარტო დატოვება არ მინდოდაო, ეუბნება ის რადიო თავისუფლებას. თავისი ძმის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის სასამართლო სხდომებს ყურადღებით ადევნებს თვალს. მომდევნო სხდომა 4 ივნისსაა დანიშნული:
„სასამართლოში უკვე დაკითხულები არიან ის თანამშრომლები, რომლებიც ლუკას გამოკითხვის დროს განყოფილებაში იმყოფებოდნენ. ახლა დაიწყო უკვე ბრალდების მოწმეების დაკითხვა და ჯერჯერობით მხოლოდ ორი-სამი მოწმეა დაკითხული. შემდეგ დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ველოდებით, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო. ეს თვეები ჩემთვისაც და დედისთვისაც ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. სექტემბრამდე სწავლა მივატოვე. ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის გადახარშვა. დედასაც უნდა დავუდგე გვერდში, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად. სამსახურის დაწყება ვცადე მიტანის სერვისში, თუმცა, მოპედი არ მყავს, მანქანით კი ძალიან ხარჯიანი გამოდგა ეს საქმე. ბუღალტრის კურსებზე ჩავეწერე, მაგრამ ვირუსის გავრცელების გამო, ეს კურსიც შეწყდა. ვირუსის გამო, ლუკას საფლავზეც ვეღარ მივდიოდით. არადა, მანამდე ყოველ კვირას ავდიოდით. კიდევ კარგი, რომ ლუკას მეგობრები ხშირად მოდიან ჩვენთან და თითქოს ლუკასთან დამაკავშირებელი ძაფის პოვნაში გვეხმარებიან“.
ლუკას სირაძის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისიც, რომ, სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „მწვანე სკოლამ“ დაარღვია მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გავრცელების წესები.
4 წლის ნინო, რომელიც სისტემას დაავიწყდა და მოკვდა
ნინო 2019 წლის 22 იანვრის დილას, საკუთარ საწოლში, დედის გვერდით გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ამბობდნენ გოგონას ოჯახის წევრები. ამას ამბობდა ბავშვის მამობილი, არკადი ძავაშვილიც, რომელიც 23 იანვარს, რადიო თავისუფლებამ სანზონაში, ზიგზაგის ქუჩაზე მდებარე ბარაკში ჩაწერა. სწორედ იქ, სადაც ერთი დღით ადრე, ბავშვი დაიღუპა. კაცი ჰყვებოდა, რომ ნინო გაციებული იყო და სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი: „დილით რომ ავდექი, ბავშვი ხროტინებდა, ცოლს ვუთხარი, მიხედე-მეთქი და დანარჩენი ბავშვები რომ გაიღვიძებენ, წამალს მერე დავალევინებო“.
გარდაცვლილ ბავშვს, სხეულზე ძალადობის ნიშნები, დალურჯებები ეტყობოდა. სიკვდილამდე 2 კვირით ადრე, 6 იანვარს, ბავშვი იაშვილის კლინიკაშიც მოხვდა. 4 წლის ნინო იქ საპატრულო ეკიპაჟმა მას შემდეგ გადაიყვანა, რაც მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. როგორც ნინოს მკურნალმა ექიმმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ძირითადი ჩივილები შემოიფარგლებოდა ზოგადი ტრავმული დაზიანებებით, ტკივილებით და იმყოფებოდა სიმპტომური მეთვალყურეობის ქვეშ. 6 იანვარს საპატრულო პოლიციამ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა. თუმცა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 8 იანვარს, ბავშვი კვლავ დედის გვერდით აღმოჩნდა.
4 წლის ნინოს დედა, ლელა ქსოვრელი, ბავშვის გარდაცვალების დღეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავა. ზუსტად 6 თვის თავზე, 2019 წლის 25 ივლისს კი ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ქალს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით:
„ლელა ქსოვრელი 2019 წლის იანვრის თვის დასაწყისიდან 22 იანვრამდე დროის პერიოდში თავის არასრულწლოვან შვილს სისტემატიურად სცემდა და ახორციელებდა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ბავშვი განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებოდა სხვადასხვა ხანდაზმულობის დაზიანებები, სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. ასევე 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლელა ქსოვრელმა თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრამვა, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა თავის ქალას ღრუში და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში, რაც გახდა არასრულწლოვანის გარდაცვალების მიზეზი“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
4 წლის ნინოს გარდაცვალების შემდეგ, 30 იანვარს, თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თანამდებობიდან გათავისუფლდა სოციალური სამსახურის 4 მუშაკი. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ბავშვის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა „ბავშვის მართვის მენეჯმენტთან“ დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან.
იმ ბარაკში, სადაც 4 წლის ნინო გარდაიცვალა, ძალადობის მსხვერპლი სხვა ბავშვებიც ცხოვრობდნენ. ნინოს სიკვდილიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს ნინოს მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი. მას ბრალად ედებოდა ნინოს 5 წლის ძმაზე ძალადობა.
სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებდა, რომ 5 წლის ბიჭზე მამინაცვალი, სავარაუდოდ, მაშინ ძალადობდა, როდესაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ.
„4 წლის გოგოს გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში მცხოვრები ორი მცირეწლოვანი მყისიერად გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში. ჩაუტარდათ ექსპერტიზა და ერთ-ერთზე დადასტურდა ფიზიკური ძალადობის კვალი“, - განაცხადეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.
პროკურატურის ინფორმაციით, რომელიც უწყებამ რადიო თავისუფლებას პირველ ივნისს მიაწოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ არკადი ძავაშვილს ერთი წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
16 წლის მუშა, რომელიც ბაგირისთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა და გაწყდა
16 წლის გიორგი ბეშკენაძემ სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის ცხრა კლასი 2019 წელს დაამთავრა. ბიჭი სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა და თბილისში, სამუშაოდ წამოსვლა გადაწყვიტა.
გიორგის, მამა და ძმა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. ის და დედა ოჯახში მარტო დარჩნენ. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებოდა.
გიორგი საკუთარ დაბადების დღეზე, 16 ივლისს დაიღუპა. სწორედ 16 ივლისს შეუსრულდა მას 16 წელი. თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე, სამუშაოს შესრულებისას, მოზარდს ბაგირი გაუწყდა, ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. გიორგის ობიექტზე მუშაობა რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა.
არასრულწლოვნის დამქირავებელი, სამშენებლო კომპანიის „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორი შიშუ პალ ბურდაკი მოზარდის სიკვდილიდან მალევე დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მისთვის უცნობი იყო, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, რადგან მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე. გამოძიება დამქირავებელს სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა.
როგორც პირველ ივნისს, პროკურატურაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ბრალდებულმა საპატიმრო რამდენიმე თვის წინ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გარდაცვლილის ოჯახთან მოლაპარაკების შემდეგ დატოვა.
იამზე ბეშკენაძე, გიორგის დედა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დამსაქმებელმა მას 15 ათასი ლარი, შვილის დაკრძალვის, ორმოცისა და საფლავის მოპირკეთების თანხა გადაუხადა:
„მოვიდნენ, მითხრეს, ნუ მოითხოვ პატიმრობას და თანხას გადაგიხდითო. ვაჭრობა დაიწყეს. ჩემმა ნათესავმა ჰკითხა, თქვენი რომ იყოს გარდაცვლილი, რამდენს მოითხოვდითო. იმათ უპასუხეს, ალბათ სადღაც 20-25 ათასსო, მაგრამ იქნებ დაგვიკლოთო. თითქოს ბავშვზე კი არა, რაღაც ნივთზე ლაპარაკობდნენ. დაკრძალვის მეორე დღეს მოვიდნენ, წავედით ნოტარიუსთან, ხელწერილი დავწერე, რომ არ ვითხოვდი დამსაქმებლის დაპატიმრებას. გადამიხადეს 15 ათასი ლარი. მერე დამპირდნენ, სახლსაც გაგირემონტებთო. სწორედ სახლის გასარემონტებელი ფულის შესაგროვებლად წამოვიდა გიორგი ქალაქში. მას მერე არ გამოჩენილან. ტელეფონზეც კი ვეღარ ვუკავშირდებოდი. აღარ დაინტერესებულან, ცოცხალი დავრჩი თუ მოვკვდი, იქნებ ის ფული რაში დავხარჯე და არც საფლავი გამიკეთებია და არც ორმოცი გადამიხდია? აღარაფრით დაინტერესებულან. ვიცი, რომ იმ კაცმა საპატიმრო დატოვა. ეს არის და ეს“.
ჯართში გაცვლილი სიცოცხლე
12 წლის გიგა მამულაშვილი, 2019 წლის 19 იანვარს, აფრიკის დასახლებაში იპოვეს გარდაცვლილი. ბიჭი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო, მედიის ცნობით, მშობლების დასახმარებლად ჯართს აგროვებდა ხოლმე.
ბიჭის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა პოლიციას 18 იანვარს შეატყობინა. მოზარდის გვამი იპოვეს სახლიდან სამ კილომეტრში მდებარე თხრილში, სადაც ის სავარაუდოდ ჯართს აგროვებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. თხრილთან ახლოს იპოვეს ჯართის მოსაძიებელი ხელსაწყო და ბავშვის ველოსიპედი.
სისხლის სამართლის საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. როგორც პირველ ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გამოძიება საქმეზე ამ დრომდე არ დასრულებულა.
გენადი, ტარიელი, თიკო და როსტომი - ცოცხლად დამწვარი ბავშვები
28 წლის ნარგიზა გველესიანი, ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, 2020 წლის 3 თებერვლის ღამეს, ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე, ხის ძველ სახლში დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, ხის სახლს ცეცხლი ისეთი სისწრაფით მოედო, რომ მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან მათი გამოყვანა ვეღარ მოასწრეს. ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო.
ნარგიზა გველესიანის დედა ამბობდა, რომ დედა-შვილები წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ სახლში დროებით ცხოვრობდნენ.
2011 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველ ოჯახს ბაღდათში, ყოფილი სტამბის შენობაში, 33 კვადრატული მეტრი ფართი გამოუყო. 2012 წლიდან ნარგიზა გველესიანი ქმართან, დედასთან, ძმასა და ოთხ შვილთან ერთად, სწორედ ამ ფართში ცხოვრობდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ამბობდა, რომ ოჯახი ყველა საჭირო დახმარებას იღებდა და მათი ჯამური შემოსავალი თვეში 1330 ლარს შეადგენდა. მეზობლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტამბის შენობაში, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ელექტროენერგია და სხვა კომუნიკაციები იყო, მათ არც შუქი ჰქონდათ, არც წყალი და არც გაზი. უარი თქვეს შემოყვანაზე, გაგვიჭირდება გადახდაო.
ბავშვების ასაკი, რომლებიც ხანძარს ემსხვერპლნენ 1-დან 8 წლამდე იყო: 8 წლის გენადი, 6 წლის ტარიელი, 5 წლის თიკო და ერთი წლის როსტომი.