ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესს" დაუდასტურა საფრანგეთის სამხედრო უწყების ანონიმურმა წყარომ.
ცნობილი სამხედრო ჟურნალისტის იური ბუტუსოვის თანახმად კი, აღნიშნულ ბრიგადას, რომელიც უკრაინის სარდლობამ ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანზე, პოკროვსკის მიმართულებით გადაისროლა, ჯერ კიდევ ფრონტზე გაგზავნამდე შეიძლებოდა ჰყოლოდა 1000-ზე მეტი დეზერტირი. და როგორც უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, ამ ბრიგადის ისტორია არ წარმოადგენს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევას.
"გავტრიალდი და სახლში წავედი"
155-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა, "ანა კიევსკაია", სარდლობის ჩანაფიქრით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამაგალითო დანაყოფი უნდა გამხდარიყო. მისი მომზადება და აღჭურვა მთლიანად საფრანგეთის მთავრობამ ითავა. მაგრამ დანაყოფის წვრთნიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინაში დაიწყო საუბარი, რომ დეზერტირობის მასობრივი ფაქტების გამო ბრიგადა ფაქტობრივად ბრძოლისუუნაროა. ერთ-ერთი იმედისმომცემი ქვედანაყოფის, 155-ე ბრიგადის ისტორია ცნობილმა უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა და პორტალ "ცენზორ.ნეტის" მთავარმა რედაქტორმა, იური ბუტუსოვმა აცნობა საზოგადოებას. სხვადასხვა ანგარიშით, ქვედანაყოფი დატოვა დაახლოებით 1500-მა ჯარისკაცმა, რაც ბრიგადის პირადის შემადგენლობის თითქმის მესამედია.
ოლექსანდრმა, სამხედრო მოსამსახურემ, ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განმარტა, თუ როგორ და რატომ დატოვა თვითნებურად სამხედრო ნაწილი: "მთელი ტექნიკა ძველია. ჩვენ გვითხრეს: თუ რაიმეს არ ეთანხმებით, დადეთ იარაღი და გაიქეცით, ვისაც საით გინდათ". კიდევ ერთმა სამხედრომ, სახელად ოლექსიმ, სხვა ტელეარხს მსგავსი ისტორია უამბო: "სარდლობამ არ მომცა მკურნალობის გაგრძელების უფლება. მე გამოვტრიალდი და სახლში წამოვედი".
როგორც ზემოთ ითქვა, უკრაინის არმიის 155-ე ბრიგადა რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მისი პირადი შემადგენლობა წვრთნას საფრანგეთში გადიოდა. იური ბუტუსოვის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, სამხედრო ნაწილი თვითნებურად ათობით ჯარისკაცმა ჯერ კიდევ საფრანგეთში ყოფნის დროს დატოვა. ფრანგები აღშფოთდნენ, მაგრამ ეს ამბავი არ გაუხმაურებიათ. საფრანგეთის სააგენტო "ფრანს პრესს" (AFP) ანონიმურად აცნობეს უკრაინელთა დეზერტირობის შესახებ, რაც საფრანგეთში არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. "იყო გარკვეული რაოდენობის დეზერტირები, მაგრამ ეს უმნიშვნელოა, თუ გავითვალისწინებთ იმ რაოდენობას, რომელმაც წვრთნა გაიარა", - მოჰყავს სააგენტო "ფრანს პრესს" საფრანგეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლის ციტატა.
"ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ახალი საჯარისო ნაწილების ორგანიზაციულ პრობლემებს"
საფრანგეთში წვრთნის გავლის შემდეგ 155-ე ბრიგადა გადაისროლეს დონეცკის ოლქის, პოკროვსკის მიმართულებაზე.
იური ბუტუსოვი ჰყვება, რომ ბრიგადას არ ჰქონდა დრონები და რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ტექნიკა და პირადი შემადგენლობა, მაგალითად, რუსეთის უპილოტო ავიაციისგან. მიუხედავად ამისა, ბრიგადა ფრონტზე გაიყვანეს.
"ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ხარისხიანი მომზადება გაატარონ და სათავეში ჩაუყენონ ხარისხიანი მეთაურები, სერჟანტები, ყველა დონის ოფიცრები, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყონ ადამიანები, მათ ტერიტორიული გაწვევის ცენტრებში ჩააცვეს სამხედრო ფორმა და დაუსახეს ისეთი ამოცანები, რომლებიც მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა. თუ ბრიგადებში მომზადებულ ადამიანებს გაგზავნიან, სადაც არსებობს გამოცდილი და ხარისხიანი სამეთაურო შემადგენლობა, არიან სერჟანტები, ოფიცრები, არსებობს სწორი ორგანიზაცია და უზრუნველყოფა, მაშინ, დიახ, იქ აღარ იქნებოდა თვითნებურად სამხედრო ნაწილების დამტოვებელთა ასეთი რაოდენობა. ადამიანებთან მუშაობაა საჭირო! აქ კი ყველაფერი თვალის ასახვევად, შტატების დასაკომპლექტებლად კეთდება. და ამის შედეგია სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების უამრავი შემთხვევა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ახალი საჯარისო ნაწილების ორგანიზაციულ პრობლემებს", - განმარტავს ბუტუსოვი.
ახლა 155-ე ბრიგადაზე უკრაინაში ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერჯერობით ერთადერთი შედეგი მისი ხელმძღვანელობის ცვლილებაა.
საქმის წარმოება გრძელდება იმ დანარჩენი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ დანაყოფის ჩამოყალიბებაზე. ბრიგადის პრობლემები ასევე აღიარა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების ხელმძღვანელობამ. ამასთან, სამხედროები ერთხმად ამბობენ, რომ 155-ე ბრიგადის პრობლემები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. მსგავსი სირთულეები თითქმის ყველა მსგავს ახალ სამხედრო დანაყოფს აქვს. და ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს.
ქალაქი პოკროვსკი, რომლის მიმართულებითაც 155-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა, "ანა კიევსკაია" გადაისროლეს, რუსეთის სამხედრო ძალების მთავარი სამიზნეა მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ ქალაქი კურახოვე დაიკავა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რუსეთის არმია ქალაქს ყველა მხრიდან უტევს. პოკროვსკში, რომელშიც ომამდე 60 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად მხოლოდ 7 ათასი ადამიანია დარჩენილი.
"დეზერტირებით" მთელი [საინჟინრო] ბრიგადების და პოლკების შექმნა შეიძლებოდა"
ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ჯარისკაცებზე ზრუნავს, სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვების პრობლემას "ჩაკეტილ წრეს" ადარებს.
"არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც თვითნებურად ტოვებენ სამხედრო სამსახურს. პირველი კატეგორია არის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის. ან ისეთები, რომელთა მიმართაც მობილიზაციის პროცედურა დაირღვა. მაგალითად, მოხდა ადამიანის იძულებით მობილიზება", - ამბობს ანასტასია კრიშტანოვიჩი, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "პრინციპის" იურისტი. "დეზერტირობის სხვა შემთხვევებიც არსებობს. მაგალითად, ადამიანი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მსახურობდა ან კიდევ უფრო ადრე, 2014 წლიდან იმყოფება სამსახურში. მისი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი უარესდება შვებულების, როტაციისა და ნორმალური დასვენების არარსებობის გამო. მაგრამ ეს ყოველთვის არ არის მეთაურების პრობლემა. ეს არის იმის შედეგი, რომ არ ხდება ადამიანების მობილიზება. მობილიზების საკითხია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პერსონალის დეფიციტი კი იწვევს სულ უფრო მზარდ საკადრო შიმშილს, რადგან ხალხი დაღლილობისგან იფიტება".
იჰარ ფირსოვი, უკრაინის სახალხო დეპუტატი, ამჟამად საბრძოლო ქვედანაყოფში მსახურობს. იგი ამბობს, რომ უკრაინის არმიაში არ არსებობს ისეთი ჯარისკაცი, ვისაც შეხება არ ჰქონდეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვების პრობლემასთან. ამის მიზეზი, ფირსოვის თქმით, მრავალია: დაღლილობა, ოჯახში არსებული პრობლემები, გაურკვევლობა, თუ რა იქნება მომავალში. სამხედრო სამსახურის თვითნებურად დატოვების შემდეგ სამხედრო ნაწილში ადამიანის დაბრუნება ძნელია, ასეთ ადამიანებს არ ენდობიანო, - ამბობს ფირსოვი.
"როდესაც ჩვენ სამხედრო ნაწილში მოდიან სახალხო დეპუტატები ან სხვადასხვა წოდების სამხედროები, მე მათ ვთავაზობ, რომ გაგზავნონ ეს "დეზერტირები" მაგალითად საინჟინრო ნაწილში. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათთვის იოლი არ არის იმ სამხედრო ნაწილში დაბრუნება, რომელშიც იმყოფებოდნენ. იქ მათ მართალია არ ექცევიან, როგორც მოღალატეებს, მაგრამ ეჭვით უყურებენ. გარდა ამისა, ჩვენ პრობლემები გვაქვს თავდაცვითი ნაგებობების მხრივ. შეიძლებოდა "დეზერტირებით" მთელი [საინჟინრო] ბრიგადების და პოლკების შექმნა", - მიიჩნევს სახალხო დეპუტატი.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვრიდან-ოქტომბრამდე უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ 40 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვების მუხლით და კიდევ 20 ათასი - დეზერტირობის მუხლით.
პირველი დანაშაული, სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვება, უკრაინის სს-ის კოდექსით კვალიფიცირდება, როგორც სამხედრო ნაწილში დროულად გამოუცხადებლობა შვებულებიდან, მივლინებიდან, ან ერთი ნაწილიდან მეორეში გადაყვანის დროს. მეორე კი უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო ნაწილებს ტოვებენ (იარაღით ან უიარაღოდ) სამხედრო მოვალეობის თავიდან არიდების მიზნით (რედ.).
არცთუ ისე დიდი ხნის წინ უკრაინის კანონმდებლობაში შემოვიდა ნორმა, რომელიც სამხედრო სამსახურის მიტოვების პირველი შემთხვევის შემდეგ ჯარისკაცებს უფლებას აძლევს, სასჯელის გარეშე დაბრუნდნენ სამხედრო ნაწილებში. ამ შესაძლებლობით სარგებლობა დაახლოებით ექვსმა ათასმა ჯარისკაცმა მოახერხა.
ფორუმი