Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფსიქოლოგიური კომფორტის კორიდორი” - რას ჰყვება რუსული მედია საქართველოსთან აღდგენილი ფრენების შესახებ


რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან
რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან

4-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის საავიაციო რეისებს ყოველდღე უკვე ორი კომპანია ასრულებს. რუსული “აზიმუტის” პირველი რეისით თბილისში ჟურნალისტები, ბლოგერები, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლები ჩამოფრინდნენ.

მგზავრებს აეროპორტში ჟურნალისტები, გარეთ კი აქტივისტები დახვდნენ. თბილისში რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად რამდენიმე აქცია გაიმართა.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, როგორ გააშუქა ფრენების აღდგენა და საპროტესტო გამოსვლები რუსულმა სამთავრობო მედიამ - რა თემებზე გააკეთეს აქცენტი მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.

“პროდასავლურად განწყობილი საფრანგეთის მოქალაქე - სალომე ზურაბიშვილი“

პრეზიდენტი ზურაბიშვილი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა სამთავრობო რუსული მედიების სტატიებსა თუ საეთერო გამოშვებებში. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მისმა განცხადებამ, როდესაც რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას პროვოკაცია უწოდა, ხოლო მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს - არასასურველი. განხილვის საგანი გახდა პრეზიდენტის ინიციატივაც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ დროებით სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.

რუსული მედიასაშუალებები პრეზიდენტ ზურაბიშვილს პროდასავლურად განწყობილ, საფრანგეთის მოქალაქედ და ყოფილ ელჩად მოიხსენიებენ.

“ვფიქრობ, ზურაბიშვილს შეეძლო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოეთხოვა სანქციები. თუმცა საქართველო არ არის მისი ქვეყანა. ის საფრანგეთის მოქალაქეა და თუკი ვინმეს დაავიწყდა, ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო “იმპორტირებული”, შემდეგ კი პრეზიდენტის პოსტზე პირდაპირ საფრანგეთიდან. საფრანგეთში ის მრავალფეროვან კავშირებს ინარჩუნებდა, მათ შორის, დასავლური დაზვერვის სამსახურებთან. ამიტომ სავსებით რეალურია მისთვის სანქციების მოთხოვნა საქართველოს წინააღმდეგ, თუკი (საქართველო) “არასწორად” იქცევა. ეს, რა თქმა უნდა, ანეკდოტია..” - უთხრა “რადიო სპუტნიკს” ეთერში პოლიტოლოგმა - ანდრეი არეშევმა.

“ფრენების აღდგენა, პირველ რიგში, ქართველებისთვის არის მომგებიანი”

როგორც რუსული პირველი არხის ეთერში გასულ სიუჟეტებში, ასევე სხვა მედიასაშუალებებისთვის დაწერილ სტატიებში ფრენების აღდგენა - “კრემლის ჰუმანიტარული ნაბიჯი”, შეფასებულია ქართველებისთვის მომგებიან შესაძლებლობად. იშველიებენ სტატისტიკურ მონაცემებს: საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა როგორ აისახება რიგითი მოქალაქეებისა თუ ქვეყნის ფინანსურ მოგებაზე.

რუსული პირველი არხის ჟურნალისტი ჰყვება, თუ როგორ იზარალა თბილისელმა გიდმა პირდაპირი ფრენების გაუქმების გამო და როგორ უშლიან პროტესტის მონაწილეები ხელს ტურიზმის მიმართულებით დასაქმებულებს, ფულის გამომუშავებასა და ოჯახის დაპურებაში.

“პირველი ავიარეისის მგზავრები გვეუბნებიან, რომ ეს არის პირველ რიგში დროისა და ფულის ეკონომია, ადრე თუ გადაჯდომებით და ალტერნატიული მარშრუტით ორი დღე სჭირდებოდათ, ახლა სამი საათია საკმარისი“.

“პირდაპირი ფრენები საჩუქარია საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის”, - იგივე მოსაზრება მეორდება “რუსკაია გაზეტას” ვრცელ რეპორტაჟში. ჟურნალისტი “აზიმუტის” პირველ რეისს მოსკოვიდან გამოჰყვა და დეტალურად აღწერს თავის შთაბეჭდილებებს პირველ მგზავრობაზე.

ჰყვება, თუ როგორი “პროფესიონალიზმით შეხვდნენ და გაუფრთხილდნენ ქართველი პოლიციელები პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტში. ჩვენთვის, სტუმრებისთვის ორგანიზებული იყო “ფსიქოლოგიური კომფორტის კორიდორი, უნდა გაჰყოლოდი პოლიციელების მიერ მითითებულ გზას”.

“რადიკალები და დასპონსორებული პროტესტი ფრენების წინააღმდეგ...”

“თქვენ ქართველები არ დაგხვდნენ… საქართველო ასე არ იღებს სტუმრებს!” - გამუდმებით მესმის თბილისში, - “რუსკაია გაზეტას” ჟურნალისტი საპროტესტო აქციას ასე აღწერს: “აეროპორტის გარეთ ვხედავ გოგონას პლაკატით: you are not welcome”. თითქოს აქ ჩვენი ჩამოსვლა არ უხარიათ. აქციაზე ქართულად ყვირილი გასაგებია, რუსულად რომ ეყვირათ, ეგეც ლოგიკური იქნებოდა - მოსკოვიდან ჩამოფრენილ რეისს აპროტესტებენ. მაგრამ რატომ ინგლისური წარწერა? პროტესტის სპონსორების მშობლიური ენაა?”

ჟურნალისტი ამბობს, რომ აეროპორტთან აქცია ორგანიზებული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია (გულისხმობს ელენე ხოშტარიას “დროას”). “არც მის სახელს ვიტყვი და არც პარტიას დავასახელებ. პოლიტიკურ წონას არ მოვუმატებ”, - ამბობს ჟურნალისტი და იქვე მიუთითებს: “ამ პარტიას 1%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამ აქციებს კი ყველას სახელით აორგანიზებენ. ეს კი მათთვის არ უთხოვიათ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ უარყოფილია მოსკოვში მცხოვრები ქართველების ინტერესები”.

ჟურნალისტებმა პირველი რეისით საზოგადოებრივი ორგანიზაციის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლებთან ერთად იფრინეს. სწორედ მათ წამოიწყეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები და ამბობენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობის აზრს გამოხატავენ.

“რუსკაია გაზეტას” მსგავსად, სხვა გამოცემები პროტესტს უწოდებენ მცირე მარგინალი პირების, რადიკალების, პროუკრაინელების მიერ მოწყობილ მცირე მასშტაბის, დაფინანსებულ აქციებს. “ყველაფერი მოსალოდნელია, როგორც მარტის მოვლენებმა გვაჩვენა, არეულობის მოწყობის მცდელობაც, მაშინ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, თუმცა ცოტანი. ახლაც ცოტა არიან, მაშინაც ცოტანი იყვნენ. პარლამენტთან ხალხმრავლობის ილუზიის შექმნა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჯერ კიდევ მაშინ არ ჰქონდათ მხარდაჭერა. პოლიცია ძალიან კომპეტენტურად იქცეოდა, ცდილობდა არ წამოგებულიყო პროვოკაციას და, ამავდროულად, სხვადასხვა ხერხით გააგებინეს, რომ ეს ყველაფერი უპერსპექტივო იყო”, - ამბობს “რადიო სპუტნიკის” ეთერში პოლიტოლოგი ანდრეი არეშევი.

ალტერნატივა რუსი ტურისტებისთვის

ფრენების აღდგენა ქართველებისთვის არის მომგებიანი, იმეორებენ რუსი პროპუტინური გამოცემების ჟურნალისტები, პარალელურად კი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებენ ყურადღებას.

19 მაისს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” წერდა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ტურებზე მაღალი მოთხოვნა არ არის, რადგანაც მოგზაურები მიმართულებებზე ფასების შემცირებას ელიან, თუმცა დიდია დატვირთვა მოსკოვსა და თბილისს შორის განახლებულ პირდაპირ ფრენებზე.

“ტურებზე არა, თუმცა საქართველოში ფრენებზე გაზრდილია მოთხოვნა. ეს ძირითადად ჰუმანიტარულ-კერძო ხასიათის მგზავრობებია, რადგანაც საქართველო ბევრმა რუსმა აირჩია საცხოვრებელ ადგილად, სამუშაოდ, საკუთრების გაქირავებისთვის ან სატრანზიტო მიზნებისთვის. ამიტომ ტურიზმი და კერძო, საქმიანი მოგზაურობებია ამ ეტაპისთვის. ავიარეისები გადატვირთულია, თუმცა ადგილები არის სხვადასხვა თარიღზე”.

“რია ნოვოსტის” ვებგვერდზე 21 მაისს მორიგი სტატია სათაურით “თურქეთის ნაცვლად. რომელ ქვეყნებშია დასვენება უფრო იაფი, ვიდრე ალანიასა და ბელეკში?” აღწერს, რომ ბოლო წლის განმავლობაში საზაფხულო არდადეგები თურქეთში 20-30%-ით გაძვირდა, შესაბამისად, რუსი ტურისტები დასვენებისთვის ალტერნატიულ მიმართულებებს ირჩევენ, ან რუსეთში რჩებიან. სტატიაში სხვადასხვა კურორტია მიმოხილული და მათ შორის საქართველოს კურორტები. “პირველი ტურისტები საქართველოში აზიმუტის რეისით გაფრინდნენ, იქ სანაპიროზე დასვენება შესაძლებელია, ტურისტულ მიმართულებებს ვამუშავებთ, მაგალითად, ბათუმის მიმართულებით”, წერია სტატიაში.

გარდა ტურისტული დანიშნულებისა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს რუსებისთვის ახალი - ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო მნიშვნელობაც მიენიჭა. 19 მაისს გახდა ცნობილი, რომ პირდაპირ ფრენებს რუსეთსა და საქართველოს შორის კიდევ ერთი რუსი კომპანია “Red Wings”-ი შეასრულებდა.

ეს კომპანია ივნისიდან ორი - სოჭი-თბილისი-სოჭისა და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის - მიმართულებით იფრენს. საქართველოსთან ფრენების განახლებით, რუსი ტურისტებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებისკენ ახალი სატრანზიტო მარშრუტი გახდა ხელმისაწვდომი, - წერს რუსული მედია. “Red Wings”-ის ფრენები მოსკოვიდან ქუთაისში რუსებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ეს აეროპორტი ტრანსფერებისთვის მესამე ქვეყანაში, მათ შორის, ევროპაში, “რია ნოვოსტი” ამ ინფორმაციით რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს - დმიტრი გორინს ციტირებს.

ლავროვის შვილის სტუმრობისა და პროტესტის ქრონიკა რუსული სამთავრობო მედიის ყურადღების მიღმა

19 მაისს აქცია რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაპროტესტებით დაიწყო. მოგვიანებით კი, ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი - ეკატერინა ვინოკუროვა-ლავროვა, ასევე სანქცირებულ მეუღლესთან ერთად, იმყოფებოდა მაზლის ქორწილზე დასასწრებად. 20 მაისს “ყვარლის ტბასთან” ლავროვის შვილის ყოფნას აპროტესტებდნენ აქტივისტები.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პირობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს“.

“ლავროვის ოჯახთან” დაკავშირებული მღელვარება ძირითადად რუსული სამთავრობო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა.

  • 16x9 Image

    მარიამ ტაკიძე

    ჟურნალისტი. 2023 წლიდან რადიო თავისუფლების რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამის სტიპენდიატი.

XS
SM
MD
LG