პარტიების უმეტესობას საარჩევნო პროგრამები ჯერ არ გამოუქვეყნებია. იმ პარტიების საპენსიო დაპირებებს კი, რომლებმაც საარჩევნო პროგრამები უკვე გაავრცელეს, მათი საარჩევნო ნომრების ზრდადობის მიხედვით გავყვებით.
„კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 4
კოალიცია პროგრამაში არ აკონკრეტებს, მაგალითად, როდის, რამდენი ლარით ან როგორ აპირებს პენსიების ზრდას თუ სხვა სიკეთეებს პენსიონერებს.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ თავის საარჩევნო პროგრამაში წერს:
„რას მოგვიტანს [ხელისუფლების] ცვლილება? - ევროპული დონის ეკონომიკას, სოციალური დაცვის პროგრამებს, შემოსავალსა და პენსიას“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5
ამ პარტიას პროგრამა ჯერ არ გამოუქვეყნებია. მათი დაპირებები პენსიონერთათვის საარჩევნო ვიდეოკლიპებიდან ამოვწერეთ:
„ჩვენ გავზრდით პენსიას 1000 ლარამდე. ამის საშუალებას მოგვცემს ის უამრავი სიკეთე, ფინანსური, 14 მილიარდი (პარტია ირწმუნება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის წუთიდან, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 14 მილიარდი ევრო), ინვესტიცია და სხვა, რასაც ევროკავშირის გზაზე გასული საქართველო მიიღებს და ძალიან დიდი შეღავათი ექნება ყველას და მათ შორის, ბუნებრივია, პენსიონერებს.
384 ათასი ადამიანი დღეს იხდის საპენსიო სესხის პროცენტს, ამიტომ ჩვენ პირველი დეკემბრისთვის ამ სესხებს ჩამოვწერთ. და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის უფასო მედიკამენტები პენსიონერებს“.
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 9
„ძლიერმა საქართველომ“ თავის საარჩევნო პროგრამას „ილიას გზა" დაარქვა. ეს საარჩევნო სუბიექტი „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, პენსიონერებს პენსიის 1000 ლარამდე ზრდას და პენსიონერებზე მორგებულ სხვა პროგრამებს ჰპირდება:
„ძლიერი საქართველო“ დაუყოვნებლივ შეუდგება პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას. ჩვენ უმოკლეს ვადაში მივაღწევთ ამ შედეგს და ყოველწლიურად დავარეგულირებთ მას ინფლაციის შესაბამისად, რათა საზოგადოების ხანდაზმულმა წევრებმა ღირსეულად იცხოვრონ.
,,ძლიერი საქართველო“ გაზრდის პენსიას და ამას მოქალაქეებზე ორიენტირებული, რეალისტური ბიუჯეტის ფარგლებში გააკეთებს. პენსიის ზრდა სრულად დაფინანსდება, რის საშუალებასაც მოგვცემს მაღალი ეკონომიკური ზრდა, კორუფციის აღმოფხვრა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტების შეკვეცა და აზარტული თამაშების ინდუსტრიის უფრო მეტად დაბეგვრა.
საქართველოში 830 000-ზე მეტი პენსიონერია. მათგან დაახლოებით 98 000 სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული.
ხარისხიანი სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებს ყველა პენსიონერი", - წერია მათ საარჩევნო პროგრამაში.
„ძლიერი საქართველო“ პენსიონერებისთვის გეგმავს პროექტის „თაობა თაობისთვის” და პენსიონერის ბარათის „65+“ ამოქმედებასაც:
„პენსიაზე გასვლის შემდეგ 3 წლის განმავლობაში, პენსიონერს შეუძლია გახდეს ახალგაზრდა თანამშრომლის მენტორი. მას ექნება ხელფასი და შეუნარჩუნდება პენსია. პროექტში ჩართულ კომპანიებს ენიჭებათ შეღავათები. პენსიონერის ბარათი „65+” (უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებსა და კულტურულ დაწესებულებებში)".
„გახარია საქართველოსთვის“ – 25
ეს პარტია პენსიონერებს პირველ ეტაპზე პენსიის 200 ლარით გაზრდას, ხოლო ყოველ მომდევნო წელს, 100-ლარიან ზრდას ჰპირდება.
„ეტაპობრივად დავნერგავთ საპენსიო სისტემის ახალ სვეტს, რომელიც თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს დაეფუძნება, ისე როგორც ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშია.
ამ პრინციპის მიხედვით, ახალი თაობა ზრუნავს წინა თაობაზე - დღევანდელი დასაქმებულების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება მოქმედი პენსიონერების ღირსეული სიბერე. დღევანდელი დასაქმებულების პენსიას კი, იმ დროისთვის არსებული დასაქმებულები დააფინანსებენ. ეს სისტემა შესაძლებელს გახდის, დანერგვიდან ერთი წლის შემდეგ, პენსიაზე ახლად გასულმა თანამოქალაქეებმა, სტაჟისა და გამოცდილების მიხედვით, სიცოცხლის ბოლომდე, ღირსეული პენსია აიღონ.
პენსია გაიზრდება 200 ლარით პირველი წლიდან, ხოლო ყოველ მომდევნო წელს პენსია გაიზრდება 100 ლარით. პენსიონერებისთვის, განხორციელდება მათი ღირსეული უზრუნველყოფა და პენსიების ზრდა ინდექსაციის პრინციპით, რაც გამორიცხავს პენსიის ოდენობის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესაძლებლობას".
„გახარია საქართველოსთვის“ პენსიონერებს ასევე ჰპირდება „საპენსიო სესხების პრობლემის გადაჭრასაც“:
"განხორციელდება საპენსიო სესხების განულების 2-წლიანი პროგრამა. რის შემდგომაც მოხდება ამ საპენსიო სესხების გაცემის პროცესის მკაცრი რეგულირება, პირველ რიგში მნიშვნელოვნად დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები.
პენსიის გაცემის პროცესის სამართლიანი ტენდერის ჩატარებას და ამ პროცესში ბანკებისთვის კონკურენტული პირობებით მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს გააჯანსაღებს პროცესს და ხელს შეუწყობს კონკურენციის შედეგად, საპროცენტო განაკვეთების მეტად შემცირებას“, - წერია "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამაში.
„გირჩი“ – 36
საყოველთაო საბაზისო შემოსავალი - ასეთია „გირჩის“ საარჩევნო დაპირება, რომლის მეშვეობითაც პარტია შეეცდება, რომ ქვეყანაში „ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს უკიდურესი სიღარიბე“.
„საყოველთაო საბაზისო შემოსავალი — სისტემაა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას მთავრობისგან. სანაცვლოდ კი უქმდება ყველა სუბსიდიების, სოციალური დახმარების, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დიდი ნაწილი, ასევე სავალდებულო საპენსიო სისტემა და ამით დაზოგილი მთელი თანხა თანაბრად ნაწილდება ყველა მოქალაქეზე. საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ამოქმედება ზრდის ფულის გადანაწილების ეფექტიანობას. შედეგად, ფორმირდება სისტემა, რომლის მეშვეობით ჩვენ ქვეყანაში არავინ იქნება უკიდურეს სიღარიბეში".
"გირჩი" ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ ყოველთვიურად თითოეული მოქალაქე 500 ლარით დაფინანსდეს.
„ქართული ოცნება“ – 41
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საარჩევნო პროგრამა 8 ოქტომბერს წარადგინა. პროგრამის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა:
„ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335/435 ლარამდე, არამედ 350/450 ლარამდე გაიზარდოს პენსიები. 2012 წლიდან სამჯერ არის გაზრდილი პენსია“.
რას ფიქრობენ პარტიების საპენსიო დაპირებებზე ეკონომისტები?
„1000 ლარამდე პენსიის ზრდის შესაძლებლობა დღესაც არსებობს, ოღონდ აქ მთავარი ისაა, რა მიდგომით გაკეთდება ეს და რის ხარჯზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რამაზ გერლიანი, ეკონომიკის დოქტორი, რომელიც თვლის, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პირობებში, ორწლიან პერიოდში, სრულიად შესაძლებელია პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა, მაგრამ არა მომდევნო რამდენიმე თვეში:
„თუკი პარტიები ამბობენ, რომ პენსიას პირველივე წელს 1000 ლარამდე გაზრდიან, ეს შეუძლებელია, რადგან მომდევნო წლის ბიუჯეტის ნაწილზე უკვე მიდის მსჯელობა და მისი ტრაექტორიებიც ნაჩვენებია. მაგრამ 2026 წლისთვის მართლაც შესაძლებელია, რომ 1000 ლარი გახდეს პენსია. თუკი ეს ზრდა სწორად დაიგეგმება, ჩვენს ქვეყანას აქვს ამის პოტენცია“.
მართალია, რამაზ გერლიანი ოპოზიციურ პარტიებს უწონებს პენსიის ზრდის დაპირებასა და ამის პოტენციალსაც ხედავს, თუმცა, თვლის, რომ ბუნდოვანია, როგორ და რა გზებით გეგმავენ ისინი ამ ზრდის მიღწევას:
„სამწუხაროდ, მე ვერ ვნახე ამ წინადადებებში ყველაზე რეალისტური გათვლა - და ეს არის გამარჯვების შემთხვევაში, პირველივე წელს, სახელმწიფოს ხელთ არსებული ქონების კერძო საკუთრებაში გადასვლა, რაც გაზრდის საგადასახადო შემოდინებებს და შედეგად, ძალიან სწრაფად და მარტივად გავზრდით არა მხოლოდ პენსიას.
კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს სახელმწიფო საწარმოები, ჩამოხსნან ისინი ბიუჯეტიდან და ეს თანხები გადაისროლონ პენსიონერებისთვის. დააკვირდნენ, რამდენი ასეული მილიონი იხარჯება სახელმწიფო კომპანიებში, რომლებიც კონკურენციაში შედიან კერძო სექტორთან და მათ აკნინებენ.
2 მილიარდ დოლარზე მეტი რაოდენობის ქონებაა დარჩენილი სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც პრობლემებს ქმნის და ლაპარაკი უნდა იყოს მის განკერძოებაზე. ამის მერე უკვე, რასაკვირველია, რეალისტურია ნებისმიერი დაპირება, არათუ 1000, არამედ პენსიის 1500 ლარამდე ზრდაც კი 2-წლიან პერსპექტივაში“, - ამბობს რამაზ გერლიანი.
ფაქტობრივად, იმავეს იმეორებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი.
მისი თქმით, რეალურია პენსიის 1000 ლარამდე გაზრდაზე საუბარი, თუკი სხვა, „ნაკლებ საჭირო პრიორიტეტებზე“ იტყვის ხელისუფლება უარს:
„მე რომ მკითხოთ, ძალიან ბევრი ხარჯია საქართველოს ბიუჯეტში ისეთი, რომლის გაუქმებაც შეიძლება და თუკი ასეთი პრიორიტეტი ექნება მთავრობას, იმ თანხების მიმართვა საპენსიო უზრუნველყოფისთვის კარგ შედეგს გამოიღებს. მაგალითად, ბიუროკრატიული ხარჯები, სახელმწიფო დახმარების ხარჯების შემცირება სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებისთვის, სუბსიდიები, რომელთა გამოც უკვე დიდი ხანია აკრიტიკებს „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო უნდა შეეშვას ასეთი სუბსიდიების გაცემას, მით უმეტეს, სახელმწიფო საწარმოების მიმართ“.
თუმცა, მეორე მხრივ, გია ჯანდიერი არც იმას გამორიცხავს, რომ თეორიული ვერსიები პენსიების ზრდის გზების თაობაზე, პრაქტიკაში რთული განსახორციელებელი იყოს:
„მაგალითად, „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ დააწესებს მაღალ გადასახადს სათამაშო ბიზნესზე, შეამცირებს, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ხარჯებს... ეს თეორიული ვერსიები პრაქტიკაში შესაძლოა, ცოტა რთული განსახორციელებელი იყოს, რადგან ჯერ ერთი, მოსალოდნელია, რომ ის რესურსები, რომლებიც შეიძლება ამ გზით გამოთავისუფლდეს, არ ეყოს პენსიების ზრდას და მეორეც - სათამაშო თუ სხვა ბიზნესს უფრო მაღალი გადასახადი რომ დაუწესო, ეს ეკონომიკურ ზრდას არ მოემსახურება. მოსალოდნელია, რომ ეს დააფრთხობს იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ სფეროში მოქმედებენ და მათ გარშემო არსებულ სხვა ბიზნესებსაც.
ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სურვილების დონეზე, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში აღმოჩნდები, შემდეგ შეიძლება ვეღარ გაგიადვილდეს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომ მგონია, რომ არ იქნება ადვილი ამ დაპირების ასეთი გზით შესრულება.
როცა 300 ლარიდან 1000 ლარამდე გეგმავ პენსიის გაზრდას, ეს ნიშნავს, რომ გჭირდება დაახლოებით 6-დან 7 მილიარდ ლარამდე დამატებითი რესურსი. რამდენად მოხდება ამ თანხის მობილიზება სხვადასხვა მიმართულების ბიუჯეტის შემცირებით, არ ვიცი“, - ამბობს გია ჯანდიერი.
კიდევ ერთი დაპირება, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილს პენსიონერებისთვის აქვს, ეს არის საპენსიო სესხების „განულება“, „ჩამოწერა“.
საქართველოში, თითქმის ყოველ მეორე პენსიონერს, პენსიით უზრუნველყოფილი სესხი აქვს აღებული, ანუ, ბანკის მევალეა და თან საკმაოდ მაღალ პროცენტში - საპენსიო სესხის განაკვეთი დღეს 26%-ია.
უფრო მაღალი იყო საპენსიო სესხის განაკვეთი წინა წლებში. 2017 წლამდე სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%-მდეც კი ადიოდა. 2019 წელს საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 31%-მდე დავიდა.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 800 ათასზე მეტი ასაკით პენსიონერია აღრიცხული. მათგან 350 ათასზე მეტი საპენსიო სესხს იღებს.
2023 წლის მონაცემებით, პენსიონერებს და სოციალური დახმარების ამღებ პირებს ბანკისგან ნასესხები ჰქონდათ 401 331 743 ლარი.
„გავანულებთ სესხებსო? ანუ, თავისი ჯიბიდან გადაიხდიან? თუ ბანკს დაატერორებენ? ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს ამ სესხების განულების ტვირთი? თუ ბიუჯეტი იღებს ტვირთს, კი ბატონო, მისაღებია. თუმცა, ვეჭვობ, შესაძლოა, ისევ რაიმე რეგულაციას შემოგვთავაზებენ, გაართულებენ სესხის აღებას, დაწესდება ასაკობრივი ცენზი და ისევ საჭიროების მქონე პენსიონერი დაზარალდება.
რა იგულისხმება სესხის განულებაში? სესხის პატიება თუ ამიერიდან ნულოვანი პროცენტით გაცემა? დავუშვათ 1000-ლარიანი სესხი აქვს პენსიონერს აღებული. ამ 1000 ლარს რის ხარჯზე პატიობ? კარგია თუ აპატიებენ, მაგრამ გვითხრან, რის ხარჯზე. ამას ბიზნესს დააკისრებენ, როგორც ჯარიმას, რომ აქამდე ისედაც ბევრს ართმევდნენ, თუ, რა გზით მოხდება ეს? ეს არ არის 90-იანი წლები, რომ ზედაპირულად გასცე დაპირებები“, - აი, ეს კითხვები აქვს რამაზ გერლიანს იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც პენსიონერებს სესხების „განულებას“, „ჩამოწერას“ ჰპირდებიან - ერთნი პირველი დეკემბრიდან და მეორენი ორწლიანი პროგრამის საფუძველზე.
რამაზ გერლიანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და გიორგი გახარიასაც, როგორც პრემიერ-მინისტრს, თავის დროზე ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეცვალათ რეალობა, რომ პენსიონერებს წლების განმავლობაში არ ეხადათ განსაკუთრებით მაღალი პროცენტი საპენსიო სესხზე:
„სესხს გასცემს ერთი მონოპოლისტი ბანკი, რომელსაც თავის დროზე, ჯერ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიანიჭა ეს უფლებამოსილება და შემდეგ, გახარიას პრემიერმინისტრობის დროს, ეს სისტემა ძალაში დატოვა, მაშინ, როდესაც ხელეწიფებოდა მისი შეცვლა.
მივესალმები, თუკი ეს წინადადება იქნება რეალისტური, თუკი იტყვიან, რომ შეიქმნება რეალური კონკურენცია, თუკი პროცენტს ხელისუფლება დაასუბსიდირებს და შემდეგ უკვე დაიწყება ახალი ათვლა.
თუკი ისე მოხდა, რომ პენსიონერებს საერთოდ ჩამოართმევენ სესხის აღების უფლებას, ეს ძალიან ცუდი იქნება. თუკი ამ უფლებას დაუტოვებენ დაბალ პროცენტში და სუბსიდირების ნაწილში შეეხიდებიან, კარგი იქნება. სწორედ ამ ნაწილში უნდა გაჩნდეს კონკურენცია და პენსიონერმა თვითონ უნდა შეარჩიოს, რომელ ბანკს მიმართოს სესხისთვის.
„ნაციონალურ მოძრაობასაც“ და გახარიასაც ხელეწიფებოდა ამ კონკურენციის შექმნა და ახლა რატომ უნდა დავუჯერო ან მე და ან სხვამ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს სისტემა შექმნეს და დატოვეს, რომ ამიერიდან შეცვლიან?“, - კითხულობს რამაზ გერლიანი.
საპენსიო სესხების „განულებასა“ და „ჩამოწერასთან“ დაკავშირებით კითხვები აქვს გია ჯანდიერსაც:
„ამ სესხების უკან მარტო ბანკი და ბანკის თანამშრომლები არ დგანან. ეს ფული ვიღაცის დეპოზიტია და თუ შენ ადგები და გაანულებ სესხს, უნდა ჩათვალო, რომ ვიღაცის დეპოზიტს დაუწესე ხარჯი. მაგალითად, დეპოზიტის 3%-იან სარგებელზე შეიძლება ბანკმა გითხრას, რომ ამის საშუალება აღარ არის და იძულებულია შეამციროს დეპოზიტის სარგებელი. ამიტომ ეს არ არის ცალმხრივი ამბავი, შენ შეიძლება კეთილი სურვილები გამოძრავებდეს, მაგრამ ამას მოჰყვება თავისი შედეგები“, - ამბობს გია ჯანდიერი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ დაპირებას 2025 წლისთვის პენსიის 35-ლარიანი ზრდის თაობაზე, რამაზ გერლიანი ამბობს, რომ სამწუხაროა, როდესაც 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ ძალას, უკეთესი წინადადების შეთავაზება არ შეუძლია საზოგადოებისთვის.
„დავაკვირდეთ, ამ 12 წელში, როგორ მაჩვენებელზე გავიდა ინფლაცია. როდესაც ამბობენ, რომ 120 ლარიდან 350 ლარამდე გაიზარდა პენსია, რეალურად, რამდენია ეს პენსია? ვინმემ დათვალა, როგორი იყო პენსიონერის კალათის ინფლაცია? სინამდვილეში გაიზარდა კი პენსია? ჩვენ ვიცით, რომ პენსიონერის მომხმარებლის კალათაში შედის ისეთი საქონელი და მომსახურება, რომელიც ორჯერ უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე იყო ინფლაციური პროცესი. ინფლაცია თუ იყო 13%, საპენსიო კალათა 30%-ით გაძვირდა.
დღევანდელ ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ პენსიის მინიმალური ოდენობა 500 ლარით მაინც განისაზღვროს. მოლოდინი მქონდა, რომ ეს რაოდენობა მაინც დასახელდებოდა მათი მხრიდან“.
პენსია საქართველოში - 2012-2024 წლები
2023 წლის მონაცემებით, პენსიონერთა 71% ქალია, 29% კაცი. ეს სხვაობა ორი მნიშვნელოვანი გარემოებითაა განპირობებული - საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკში გადიან, კაცები - 65 წლის ასაკში. ამასთან, ქვეყანაში კაცების სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა 67.5 წელია, ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 75.4.
- 2012 წელს საქართველოში პენსიის რაოდენობა შეადგენდა 125 ლარს;
- 2013-2014 წლების – 150 ლარი;
- 2015 – 160 ლარი;
- 2016-2018 – 180 ლარი;
- 2019 – 200 ლარი;
- 2020 – 220 ლარი;
- 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით - 220 ლარიდან 240 ლარამდე გაიზარდა, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერებს კი – 25 ლარი დაემატათ და მათი პენსია 275 ლარი გახდა.
- მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მომატებულ პენსიაზე კიდევ 20%-იანი დანამატი მიიღეს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებმა პენსიონერებმა. შესაბამისად, 2021 წლიდან, იქ მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერების პენსია 288 ლარი გახდა, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერების პენსია - 330 ლარი.
- 2022 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია - 20 ლარით, 260 ლარამდე გაიზარდა; 70 წელს ზემოთ პირებისთვის - 300 ლარამდე (მატება 25 ლარი). მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დასახლებაში 70 წლამდე პირთა პენსია 312 ლარი გახდა (მატება 24 ლარი); 70 წელს ზემოთ პირებისთვის - 360 ლარი (მატება 30 ლარი).
- 2023 წლის პირველი იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და გახდა 365 ლარი. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის 440 ლარი.
- 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და განისაზღვრა 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდა.
ასაკობრივი პენსია გაიზარდა 2024 წლის იანვრიდანაც. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 50 ლარით გაიზარდა და 415 ლარი გახდა. მაღალმთიან დასახლებებში - 500 ლარამდე.
70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და შეადგინა 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის 378 ლარი.
ფორუმი