სამი თვის წინ, როცა სამოქალაქო ომი დასრულდა და პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი გაიქცა, სირიაში ვითარება სტაბილური გახდა, მაგრამ ბოლო დღეებში ქვეყანა კვლავ სისხლის ღვრამ მოიცვა.
ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორია“ (SOHR) იუწყება, რომ გასულ რამდენიმე დღეში შეტაკებებს ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
აქედან 745 ალავიტი სამოქალაქო პირი იყო. ალავიტები ისლამურ ეთნორელიგიურ ჯგუფს და სირიის მსხვილ რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ.
სწორედ ალავიტი იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები, მამა-შვილი ჰაფეზ და ბაშარ ალ ასადები, რომლებიც სირიას ჯამში 43 წელი მართავდნენ. ასადების მმართველობისას ალავიტებს წამყვანი თანამდებობები ეკავათ, მაშინ, როცა სირიელების თითქმის 75% სუნიტი მუსლიმია.
გასულ დღეებში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები გაქცეული პრეზიდენტის შეიარაღებული მომხრეებიც არიან.
SOHR-ის თანახმად, რომელიც ბრიტანეთიდან ოპერირებს, მაგრამ სირიის მასშტაბით წყაროების ქსელი ჰყავს, გასულ დღეებში დაიღუპა ასადის 148 მომხრე და უშიშროების მინიმუმ 125 თანამშრომელი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სამოქალაქო პირების უმეტესობა სწორედ „უშიშროების ძალებმა და მოკავშირე ჯგუფებმა“ მოკლეს დამიზნებით, ახლო მანძილიდან. გარდა ამისა, დასავლეთ სირიის დიდ ნაწილს შეუწყვიტეს ელექტროენერგია და სასმელი წყალი.
თავდაპირველად, შეტაკებები ხუთშაბათს, 6 მარტს დაიწყო გარდამავალი მთავრობის სუნიტ წარმომადგენლებსა და გაქცეული პრეზიდენტის ალავიტ მომხრეებს შორის. ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ასადის მომხრეების აჯანყებას ახშობდა. მაგრამ მეორე დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება შურისძიების მკვლელობებში გადაიზარდა.
ალავიტური სოფლების მცხოვრებლებმა სააგენტო Associated Press-ს უთხრეს, რომ ალავიტებს, განსაკუთრებით კაცებს, ქუჩაში და თავიანთი სახლების ჭიშკრებთან ესროდნენ. გარკვეულ ადგილებში ალავიტების სახლები გაძარცვეს და ცეცხლიც წაუკიდეს.
„აქ საქმე ის აღარაა, ვინ არის ასადის ყოფილი რეჟიმის მომხრე ან მოწინააღმდეგე. ეს "სექტანტური ხოცვა-ჟლეტაა", რომლის მიზანიც ალავიტების სახლიდან გაყრაა“, - ამბობს რამი აბდულრაჰმანი, SOHR-ის ხელმძღვანელი, რომელიც წლების განმავლობაში აგროვებდა მასალებს ასადის მთავრობის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე.
სირიის გარდამავალი მთავრობა ძალადობას გაემიჯნა. მათ ძალადობის გაღვივებაში „ასადის ნარჩენები“ დაადანაშაულეს, მაგრამ სამხედრო ოპერაციისას ჩადენილი ძალადობა აღიარეს, რომელიც „ცალკეულ ინდივიდებსა“ და არაორგანიზებულ ბრბოს მიაწერეს.
გარდამავალი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას თქმით, ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი კომისია, რომელიც გამოიძიებს ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
„ჩვენ პასუხს ვაგებინებთ, სრული სიმკაცრით, ნებისმიერს, ვინც ჩართულია სამოქალაქო პირების სისხლის ღვრაში, მათდამი არასათანადო მოპყრობაში, გადააჭარბა სახელმწიფოს უფლებამოსილებას ან პირადი გამორჩენისთვის გამოიყენა ძალაუფლება. კანონზე მაღლა არავინ დგას“, - თქვა შარაამ გავრცელებულ მიმართვაში, სადაც სირიელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
ირანის შესაძლო კვალი
ფილიპ სმითი, ირანის მოკავშირეებისა და შიიტური დაჯგუფებების ექსპერტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „უამრავი მტკიცებულება“ მიუთითებს სირიაში ძალადობის გაღვივებაში ირანის ჩართულობაზე.
ბაშარ ალ ასადის სირია ირანის „წინააღმდეგობის ღერძის“ ერთ-ერთი საკვანძო წევრი იყო - რეგიონული დაჯგუფების, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა.
ირანელი მაღალჩინოსნები, მათ შორის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ასადის დამხობის შემდეგ ამბობდნენ, რომ სირიელები ახალი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყდებოდნენ.
სმითის თქმით, თეირანი „კმაყოფილია, რომ ეს მოხდა“, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გამოდის, ირანს ასადისნაირი მნიშვნელოვანი მოკავშირის დაკარგვის მიუხედავად, მაინც „შეუძლია დიდი არეულობის გამოწვევა“.
„თეირანისთვის კიდევ უფრო უკეთესია, რომ "ჰაიათ ტაჰრირ ალ შამის" (სირიის ამჟამინდელი პრეზიდენტის დაჯგუფება) შეიარაღებულმა პირებმა გამოაჩინეს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის მონაწილენი შეუძლიათ იყვნენ. ირანს გადამეტებული რეაქცია ეწადა“, - დასძინა სმითმა.
გარდამავალ მთავრობას კონტროლის დამყარება უჭირს
10 მარტს სირიის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ოთხდღიანი დაძაბულობის შემდეგ, პრეზიდენტ ასადის მომხრეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ჰასან აბდულ ღანიმ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს დღეიდან თავიანთი საქმიანობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ.
ამის მიუხედავად, განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ სირიის ახალ მთავრობას ქვეყნის მასშტაბით კონტროლის დამყარება ჯერ ისევ უჭირს. ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, ახალი მთავრობის ძალებს დროდადრო უტევდნენ ასადის მომხრეები, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ისლამური სახელმწიფოს ნარჩენებიც მოქმედებს.
პარალელურად, სამხრეთ სირიაში ტერიტორიული კონტროლი გააფართოვა ისრაელმა. ზოგიერთი ცნობით, ისინი დედაქალაქ დამასკიდან 20 კილომეტრში არიან. ისრაელი სამხრეთ სირიის დემილიტარიზაციას ითხოვს.
„ისლამური სახელმწიფო უაღრესად ოპორტუნისტია და სათანადო დროს დაელოდება, სანამ დარტყმაზე გადავა. ისრაელიც ისარგებლებს ვითარებით და სირიის სამხრეთით მეტ თავდასხმას განახორციელებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კოლინ კლარკმა, Soufan Group-ის პოლიტიკისა და კვლევის დირექტორმა.
„შარაას კონტროლი მართლაც უჭირს, მაგრამ, ასე თუ ისე, ეს მოსალოდნელი იყო“, - თქვა კლარკმა.
ფორუმი