თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის დაახლოებით 110-ე კილომეტრზე, სოფელ ანაგასთან ტრასა ორად იყოფა. მარჯვნივ გზა სიღნაღისკენ მიდის, მარცხნივ ტრასა გრძელდება. ტრანზიტულმა ავტომობილებმა, რომლებიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანში მიდიან, წესით, მარჯვნივ არ უნდა გადაუხვიონ, თუმცა მძღოლების ნაწილი მაინც აქეთ ხვდება.
„[მძღოლებს] გუგლი შეცდომით აჩვენებს, რომ ამ მონაკვეთის გავლით აზერბაიჯანში უფრო მოკლე გზით მოხვდებიან”, - ამბობს სიღნაღელი თამილა სულხანიშვილი, რომელიც ქალაქის გალავნის ერთ-ერთ თაღთან ცხოვრობს და წლებია აკვირდება, რატომ ეშლებათ ტრანზიტული მანქანების მძღოლებს მიმართულება.
თუკი საზღვრისკენ მიმავალი მანქანა საავტომობილო გზის 110-ე მონაკვეთზე მარჯვნივ გადაუხვევს, მას აუცილებლად მოუწევს შევლა სიღნაღში, ქალაქში, რომელსაც 4-კილომეტრიანი ციხე-გალავანი აქვს შემორტყმული. გალავანს აქვს 6 კარიბჭე, იგივე თაღი და 26 კოშკურა. კარიბჭეებიც და კოშკურებიც ერთმანეთისგან სხვადასხვა მანძილითაა დაშორებული.
აზერბაიჯანისკენ მიმავალმა მანქანამ სიღნაღში სულ მცირე ოთხი თაღი მაინც უნდა გაიაროს, რომ ქალაქიდან გავიდეს. აქედან პირველი ორი თაღის სიმაღლე დაახლოებით 4,5 მეტრია, შემდეგი თაღი 4 მეტრს აღწევს, სიღნაღიდან გასასვლელი კარიბჭე კი ყველაზე მაღალი, 6 მეტრია.
თაღი 2007 წელს სიღნაღის რეაბილიტაციის დროს რამდენიმე მეტრით ხელოვნურად ასწიეს - სხვანაირად სატვირთო მანქანებს ქალაქში სამშენებლო მასალები ვერ შეჰქონდათ.
1-ელ დეკემბერს თბილისიდან აზერბაიჯანისკენ მიმავალი ტრანზიტული სატვირთო ავტომობილი ანაგა-სიღნაღის დამაკავშირებელ 9-კილომეტრიან გზაზე მოხვდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფრთხილი სვლის შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილი კარიბჭეში გაეტეოდა, თუმცა მძღოლმა ძარა ქვით ნაგებ თაღს გამოსდო და ისტორიული ნაგებობა მთლიანად ჩამოინგრა. თაღს მანამდეც ჰქონდა დაზიანებები, ნაწილი სწორედ სატრანზიტო ავტომანქანებისგან მიყენებული.
თაღის ნანგრევები ახლაც გალავნის უკანა მხარეს აწყვია.
სიღნაღის ისტორიული გალავნის თითქმის ყველა კარიბჭე დაზიანებულია. აქაური ბიზნესმენი შალვა მინდორაშვილი, რომელსაც ქალაქში პატარა რესტორანი აქვს, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სიღნაღში ვერ შედის დისტრიბუციის მანქანების ნაწილი და სატვირთოები, რომლებიც სამშენებლო მასალებით არის დატვირთული.
„ქალაქი ისტორიის მძევალი არ უნდა იყოს, ჩვენ გვჭირდება განვითარება. უნდა დაიწყოს მსჯელობა, მოვისმინოთ ყველას აზრი და სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ისეთი, რომელიც ისტორიასაც შემოგვინახავს და ჩვენი ცხოვრებაც არ იქნება არაკომფორტული. ეს თაღები არ არის ორიგინალი და ისინი რამდენჯერმეა შეკეთებული. აქაურები ამ საკითხზე ვმსჯელობთ ხოლმე. ჩემი აზრით, შესაძლებელია, რომ ეს თაღები ოდნავ ამაღლდეს და შესაძლებელი გახდეს მანქანის გავლა“.
აქაურები ამბობენ, რომ ბევრჯერ დაზიანებული თაღები ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. კარიბჭეების ოვალურ ნაწილში აგურების ნაწილი ჩამომტვრეულია, ნაწილი კი ჩამოცვენილია.
„ეს თაღი უკვე დიდი ხანია დაზიანებულია… და ადრე თუ გვიან ჩამოინგრევა!.. აქ ვცხოვრობ და სულ მეშინია, ნგრევის დროს შიგნით არ მოვყვე”, - ამბობს თამილა სულხანიშვილი იმ თაღზე, რომელიც 1-ელ დეკემბერს ჩამონგრეულ კარიბჭეს მოსდევს და განაგრძობს: „ბოლო 3-4 წელია, უფრო ხშირად დადიან ტრაილერები, რომლებიც ბაქოში მიდიან… აქ მოდიან მანქანები, რომლებსაც რამდენიმე მისაბმელი აქვს, მერე გზას ვერ აგრძელებენ და უკანსვლით უხდებათ წასვლა. თურმე გუგლიც აჩვენებს, რომ ამ გზის გავლით მოხვდება მძღოლი აზერბაიჯანში. ნუთუ არ შეიძლება, გუგლს შეატყობინონ და ეს გასწორდეს?.. სოფელ ანაგაში, სიღნაღის გადასახვევში უნდა დადგეს ბანერები, რომელიც მძღოლს მიანიშნებს, რომ სიღნაღში არის თაღები და დიდი ავტომობილით იქ ვერ გაივლის“, - ამბობს თამილა სულხანიშვილი და იმავეს იმეორებს, რასაც შალვა მინდორაშვილი, რომელიც მესამე თაღთან ცხოვრობს.
ორივეს თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას თაღების აწევა შეუძლია.
თუმცა სიღნაღში ყველა ასე არ ფიქრობს. სოციალურ ქსელებში ამ თემაზე წამოწყებული დისკუსიის დროს ნაწილი წერს, რომ „თაღების აწევით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შესაძლოა კიდევ უფრო დაზიანდეს, რაც ისტორიის განადგურებას ნიშნავს“.
„ეს ხომ კულტურული მემკვიდრეობაა, ნება იბოძონ და სამშენებლო მასალები მცირე რაოდენობით და პატარა მანქანებით შემოიტანონ. სიღნაღი ისეთ ნიადაგზეა, ერთხელაც მოზვავდება და ჩავალთ წნორში“, - დაწერა ერთ-ერთმა სიღნაღელმა.
1-ელ დეკემბერს ჩამონგრეული თაღის ადგილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს, თუმცა რადიო თავისუფლების კითხვებს ისინი არ პასუხობენ. როდის და როგორ აღდგება ისტორიული წყაროების მიხედვით, 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენებული თაღი ან რამდენად რეალურია, რომ გალავნის კარიბჭეები რამდენიმე მეტრით ამაღლდეს, უცნობია.
რადიო თავისუფლება არც სიღნაღის მერიასა და საკრებულოში შეუშვეს. შენობის კართან საკრებულოს წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ საგზაო ნიშნების დადგმა მათ არ ეხებათ და ამ თემაზე მერმა უნდა ილაპარაკოს, მერიის პრესსამსახურმაც იქვე, შესასვლელში გვითხრა, რომ მერიაში პასუხისმგებელი პირები არ იყვნენ.