სიღნაღში ისტორიულ გალავანს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სატვირთო დაეჯახა. განადგურებულია გალავნის ნაწილი - ჩამონგრეულია თაღი, ნანგრევები საავტომობილო გზაზე ყრია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მეფე ერეკლე მეორის დავალებით აშენებული გალავნის დაზიანებული ნაწილი სიღნაღიდან სოფელ ანაგისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.
ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის პოლიციის თანამშრომლები. ტერიტორიაზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
"გალავანი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და მისი აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სიღნაღის მერიის პრესსამსახურში.
სიღნაღის ისტორიული ციხე-გალავანი 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენდა. მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია.