12 ნოემბერს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ხუთივე დაკავებული ოპოზიციონერი თავისუფალია: გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა, ომარ სმირი და ასლან გვარამია.
პირველ სამს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, მაგრამ სოხუმის საქალაქო სასამართლომ პროცესი შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო, - ამის შესახებ ტელეგრამის არხზე დაწერა ჟურნალისტმა ელეონორა გილოიანმა, რომლის ცნობითვე, ომარ სმირსა და ასლან გვარამიაზე მასალები სასამართლოს არ მიუღია.
ცოტა ხნით ადრე სახალხო პალატის წევრმა, სოკრატე ჯინჯოლიამ მომიტინგეებთან მოლაპარაკების დროს განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მზად იყო გაეთავისუფლებინა ყველა დაკავებული - ხიდების გახსნის სანაცვლოდ.
როგორ დაიწყო არეულობა
ამბავი 11 ნოემბერს, საღამოს, სოციალური ქსელებით გავრცელდა: დააკავეს ადგილობრივი ოპოზიციის წევრები: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს.
მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ამავე შენობასთან მალევე შეიკრიბნენ დაკავებულების ახლობლები და კოლეგები. მოგვიანებით კი საპროტესტო აქციამ სოხუმის თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა.
იმავე მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზემო და ქვემო გუმისთის და კოდორის ხიდები გადაკეტეს.
აფხაზური ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერის, ასლან ბარციცის ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოება შეიკრიბა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახლახან ხელმოწერილი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ განსახილველად.
ეს „შეთანხმება" რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში თავიანთი საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის უფლებას. ცნობილია, რომ აფხაზური ოპოზიცია შეთანხმებას ეწინააღმდეგება და მისი რატიფიკაციის დღეს, 15 ნოემბერს, საპროტესტო აქციასაც გეგმავდა.
ასლან ბარციცმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ ოპოზიციონერების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა.
12 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, ტელეგრამარხით გავრცელდა აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას ვიდეომიმართვაც, რომელშიც ის ამბობდა, დაკავებულებმა 11 ნოემბერს, „პარლამენტის“ სხდომაზე „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" კანონპროექტის განხილვის შემდეგ, „პარლამენტის“ ეზოში ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ ჩაიდინეს „მართლსაწინააღმდეგო ქმედებები“, რასაც თან ახლდა „უცენზურო ლანძღვა“.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ამ ე.წ. კანონპროექტს უშუალო კავშირი აქვს რუსეთთან „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმებასთან".
11-12 ნოემბრის გვიან ღამით, არეულობის ფონზე, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „რესპუბლიკური ტრასის უკანონო ბლოკირებით გამოწვეული სიტუაციის“ გამო გამართულ სხდომაზე „ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა“ ბჟანიას „მოახსენეს ზომები, რომლებსაც მიმართავენ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბჟანიას მიერ მოწვეულ სხდომაზე ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი ქუჩუბერიამ განაცხადა, რომ ამ სამსახურის შენობის ჭიშკართან „არეულობების დროს დაფიქსირებულია თანამშრომლებზე ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევები“, ერთ-ერთი პირი კი თავისი ავტომანქანით ცდილობდა ჭიშკრის შენგრევას.
რუსული სახელმწიფო სააგენტო იშველიებდა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებასაც, რომ უშიშროების სამსახურთან შეკრებილთა ქმედებები და ავტომაგისტრალის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია.
12 ნოემბერს ასლან ბჟანიამ განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
„არ დაემორჩილოთ პროვოკაციებს. აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ საკმარისი ძალები და რესურსები ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მან.
სოხუმისკენ მიმავალი გადაკეტილი მაგისტრალები
ბოლო ორი დღის განმავლობაში სწრაფად იცვლებოდა ვითარება სოხუმისკენ მიმავალ გადაკეტილ მაგისტრალებზე.
ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ მდებარე კოდორის ხიდი ოპოზიციამ გახსნა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ ბესლან ემურხბასთან და ოჩამჩირის რაიონის გამგებელ ბესლან ბიგვავასთან მოლაპარაკებისა და დაკავებულების გათავისუფლების დაპირების შემდეგ.
დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გუმისთის ხიდზე უშვებდნენ მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. კერძო ავტომობილებისთვის ხიდი ისევ გადაკეტილი იყო.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, ედუარდ ბუთბას განცხადება, რომლის მიხედვით, სასწრაფო დახმარების მანქანები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილამდე; რომ სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი და, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გახსნილია ცხელი ხაზი.
12 ნოემბერს, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის, ვითარება ისევ შეიცვალა და გავრცელდა ცნობები, რომ ოპოზიციის მომხრეებმა კოდორის ხიდი ისევ გადაკეტეს.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლის, ლევან მიქაას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა და დილის 10 საათისთვის დაკავებული ოპოზიციონერები არ გაათავისუფლა. შუადღისთვის სოხუმისკენ მიმავალი სამივე: კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები ჩაკეტილი იყო.
ოპოზიციის პროტესტს 12 ნოემბერს გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც.
რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ ოპოზიციის პროტესტის გამო აფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებს საფრთხე არ ემუქრებათ.
„ეს არის შიდაპოლიტიკური საკითხები, რაც არანაირად არ იმოქმედებს აფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებზე“, - განაცხადა სერგეი შამბამ.
ფორუმი