რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციის მხარდამჭერებმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ კოდორის ხიდი გახსნეს.
აქციის მონაწილეებთან მივიდნენ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის "გამგებელი" ბესლან ბიგვავა. ისინი დაკავებული ოპოზიციონერების ახლობლებს დაჰპირდნენ, რომ მათ უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.
ხიდის გახსნას ადასტურებს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი რაულ ლოლუაც.
„კოდორის ხიდი განბლოკილია. მოძრაობა აღდგენილია რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ“, - განაცხადა ლოლუამ "ტასთან" კომენტარში.
ტელეგრამის არხების ცნობით, კოდორის ხიდზე შეხლა-შემოხლა იყო პროტესტანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. დეტალები არ არის ცნობილი.
აქციის მონაწილეებს ამ დრომდე კვლავ ჩაკეტილი აქვთ სოხუმისკენ მიმავალი საკვანძო საგზაო მონაკვეთები - გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.
გუმისთის ხიდზე უშვებენ მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. კერძო ავტომობილებისთვის ხიდი ისევ გადაკეტილია.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, ედუარდ ბუთბას განცხადებას, რომლის მიხედვით, სასწრაფო დახმარების მანქანები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილამდე.
მისივე განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროში გახსნილია "ცხელი ხაზი".
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი და არეულობა მოჰყვა აფხაზი ოპოზიციონერების, ომარ სმირის, გარი კოკაიას, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუას და ასლან გვარამიას დაკავებას.
აფხაზური ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერის, ასლან ბარციცის ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოების შეკრება ჩატარდა რუსეთს და აფხაზეთს შორის ახლახან ხელმოწერილი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ განსახილველად. ეს „შეთანხმება" რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში თავისი საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის უფლებას.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათ „არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინეს პარლამენტის წევრის მიმართ“. ტელეგრამის არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია "დეპუტატ" ალმას აქაბაზე.
მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკავშირდება "დეპუტატის" მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების მხარდაჭერას. დოკუმენტის დამტკიცებას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და დოკუმენტის განხილვის დღეს აქციის გამართვას გეგმავდნენ.
12 ნოემბერს, გვიან ღამით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „რესპუბლიკური ტრასის უკანონო ბლოკირებით გამოწვეული სიტუაციის“ გამო გამართულ სხდომაზე „ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა“ ბჟანიას „მოახსენეს ზომები, რომლებსაც მიმართავენ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“.
12 ნოემბერს ასლან ბჟანიამ გაავრცელა საგანგებო განცხადებაც, რომლითაც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
“არ დაემორჩილოთ პროვოკაციებს. აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ საკმარისი ძალები და რესურსები ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა მან.
ფორუმი