უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ თვალშისაცემად გაზარდა ექსპორტი როგორც რუსეთთან, ისე დსთ-ს სხვა ქვეყნებთან. რუსეთის მეზობლებთან სავაჭრო ნაკადების ზრდა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ პუტინი სანქციებისთვის გვერდის ავლას პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახმარებით ახერხებს, - თვლის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ღია მონაცემების შესწავლით ვეცადეთ დაგვენახა, რა პროდუქცია გადის საქართველოდან რუსეთში და როგორ შეცვალა ეს სურათი ომმა.
იმის გადასამოწმებლად, შესაძლებელია თუ არა საქართველოდან რუსეთში ისეთი პროდუქციის გაგზავნა, რომელიც იქ სანქციების გამო რთულად იყიდება, ინტერნეტში ნაპოვნ სატრანსპორტო კომპანიებთან ვრეკავ.
პირველ კომპანიაში, სადაც ქართულენოვანი ოპერატორი მხვდება, მეკითხებიან, apple-ის პერსონალური კომპიუტერი, რომელიც მინდა, რომ სანქტ-პეტერბურგში გავაგზავნო, ახალია თუ არა. apple-ი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი დატოვა. ახლა ამ ამერიკული პროდუქციის შეძენა ტექნიკის მაღაზიებში თითქმის შეუძლებელია, თუმცა „შავ ბაზარზე” apple-ის კომპიუტერებიც და ტელეფონებიც ისევ იყიდება.
ქართულ გადამზიდავ კომპანიაში მეუბნებიან, რომ ახალი კომპიუტერის გაგზავნა პრობლემა არ არის, მაგრამ ერთ ჯერზე სამზე მეტს ვერ წაიღებენ. ეს მომსახურება ლეპტოპის ღირებულების 15% დამიჯდება. კომპანია ტვირთს რუსეთში კვირაში ორჯერ ატანს ავტობუსს, რომელსაც მგზავრები მიჰყავს.
მეორე კომპანიის წარმომადგენელს ვეკითხები, შემიძლია თუ არა რუსეთში დრონები გავაგზავნო. შემიძლია. დიდი ზომის დრონის წაღება შეიძლება გართულდეს, მაგრამ პატარებს „უპრობლემოდ გააგზავნიან”. კომპანიას ტვირთი კვირაში ოთხჯერ მიაქვს თბილისიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან. სერვისის ღირებულებას ადგილზე დაითვლიან. დრონებს როგორც უკრაინა, ისე რუსეთი საომარი ოპერაციებისთვის იყენებს.
კიდევ ერთ კომპანიაში ვრეკავ და ვკითხულობ, შემიძლია თუ არა ცნობილი ევროპული ბრენდების ტანსაცმლის გაგზავნა. ომის დაწყების შემდეგ ბევრმა ცნობილმა მოდის სახლმა დატოვა რუსეთი. აღმოჩნდა, რომ ტანსაცმლის გაგზავნა შეუზღუდავად შემიძლია, გაგზავნის ხარჯი ერთეულის მიხედვით დაითვლება.
ინტერნეტში ათობით ისეთ კომპანიას იპოვით, რომლებსაც ტვირთი საქართველოდან რუსეთში მიაქვთ. მათი უმეტესობა წლებია ამას აკეთებს. საერთაშორისო კომპანიების გარდა, რომლებსაც სათავო ოფისები ძირითადად მოსკოვში აქვთ, ნახავთ პატარა გადამზიდავებსაც ოფისებით საქართველოში.
რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, დიდმა კომპანიებმა ახალი სერვისი დაამატეს - მათ შეუძლიათ პროდუქტი სხვა ქვეყანაში გიყიდონ და თავად გააგზავნონ რუსეთში. ეს სატრანსპორტო კომპანიები ამბობენ, რომ შეუძლიათ სასურველი პროდუქციის ყიდვა როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებშიც, მათ შორის საქართველოშიც.
გადამზიდი კომპანიები რუსეთის მოქალაქეებს უხსნიან, რომ მათ კარგად იციან, როგორ აირიდონ თავიდან ის სირთულეები მესაზღვრეებსა და მებაჟეებთან, რაც ამ საქმეში გამოუცდელ ადამიანს შეიძლება შეექმნას. მათ საიტებზე წერია, რომ ყველგან, სადაც მუშაობენ, ჰყავთ ადგილობრივი კონტრაქტორები, რომლებიც რუსეთში გასაგზავნ პროდუქტს თვითონ თავისთვის ან შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის ყიდულობენ.
სერვისი, რომლებსაც რუსული სატრანსპორტო კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ, თითქმის იდენტურია: კლიენტებს შეურჩევენ, შეუძენენ და ტრანსპორტირებისას დაუზღვევენ პროდუქტს. მფლობელი შეძლებს მარშრუტზე ტვირთის მოძრაობაზე დაკვირვებასაც.
რუსეთში ტვირთების გაგზავნა შეიძლება ზღვით, ჰაერით და ხმელეთით. საქართველოდან რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებშიც პროდუქცია ძირითადად ავტომობილებით მიაქვთ.
კერძო პირს ტვირთის გასაგზავნად სჭირდება მხოლოდ თავისი, მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლი და ტვირთის აღწერა. იურიდიული პირების შემთხვევაში საჭიროა კომპანიის რეკვიზიტები, დეკლარაცია, ტვირთის თანმხლები სერტიფიკატები, ტექნიკური დოკუმენტაცია და ინვოისი.
DATAFORCRISIS-ი, პლატფორმა, რომელიც სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში იკვლევს რუსი მიგრანტებისთვის მნიშვნელოვან თემებს, აჩვენებს, რომ საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს პოლიტიკის შემდეგ ყველაზე მეტად ეკონომიკური საკითხები აინტერესებთ.
2022 წელს ამ თემაზე 200 ათასამდე პოსტი დაიწერა, რომლებმაც ჯამში მილიონზე მეტი ინტერაქცია დააგროვეს. მიგრანტების სენტიმენტები ეკონომიკაზე უაღრესად პოზიტიურია, ქართულენოვანი ინტერნეტმომხმარებლებისგან განსხვავებით.
ავტოდილერები რუსული საბანკო ანგარიშებით რუსთავის ბაზრობიდან
„მე ახლა თბილისში ვარ, მშვენიერი ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ შესანიშნავი ღვინით და საუცხოო ბუნებით, არამედ ძალიან დაბალი ფასებითაც ავტომობილებზე”, - წერს რუსი ბლოგერი ვალერია, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ავტომობილებით ვაჭრობის ბიზნესშია ჩართული. მხოლოდ იუტუბზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსთავის ავტობაზრობაზე ჩაწერილ ასობით ვიდეოს ნახავთ, სადაც რუსულენოვანი დილერები ევროპული და ამერიკული მანქანების ყიდვას სთავაზობენ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს.
ავტოდილერების ნაწილი ღიად წერს, რომ მათ ანგარიშები რუსულ ბანკებში აქვთ გახსნილი იმისათვის, რომ ფულის საქართველოში გადმორიცხვისას პრობლემები არ შეიქმნას.
გაინტერესებთ რომელი ამერიკული ავტომობილის ყიდვაა შესაძლებელი 300 000 რუბლით საქართველოში 2023 წელს? - კითხულობს რუსთავის ავტობაზრის ფონზე მდგარი დავით გრეული, ერთ-ერთი რუსულენოვანი ავტოდილერებიდან. მის კომპანიას მანქანები საქართველოდან რუსეთის გარდა გადააქვს ყაზახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში. საექსპორტო ავტომობილების ნაწილს აქვე ყიდულობს, ნაწილს შეერთებულ შტატებში ონლაინაუქციონებზე. დავითის კომპანიონი, ტანია მატიუნოვა 2023 წლის იანვარში ჩაწერილ ვიდეოში ჰყვება, რა ღირს კონკრეტული ავტომობილები საქართველოში.
- TOYOTA TAV4 - 2018 წლის, 18 000$
- TOYOTA CAMRY - 2021 წლის, 25 500$
- TOYOTA PRIUS - 2019 წლის, 14 900$
- TOYOTA PRIUS PRIME, 2021 წლის, 24 700$
ავტომობილები და მათი ნაწილები, რომლებიც საქართველოდან გადის, რეალურად რეექსპორტია. ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოტანილი ავტომობილების ასეთი მასშტაბური ექსპორტი რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს პროდუქტი გაძვირდა, რუსეთში მცხოვრებლები კი ახერხებენ მაინც შეიძინონ ის მანქანები, რომელთა მწარმოებლებიც უარს ამბობენ რუსეთში საკუთარი პროდუქციის გაყიდვაზე.
ავტომობილების გაზრდილ იმპორტზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა 22 მარტს პარლამენტში თქვა, რომ დიახ, ავტომობილებზე სანქციები ვრცელდება, თუმცა იმ დათქმით, რომ მათი ღირებულება 50 000 ევროზე მეტი უნდა იყოს. საქართველოდან კი, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ძირითადად იაფფასიანი, ნახმარი ავტომობილები გადის.
კიდევ რა გადის საქართველოდან რუსეთში?
ექსპორტ-იმპორტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დღეს რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
2022 წლის ივნისში, როცა საქართველოს საბაჟო პუნქტებზე სანქცირებული საქონლის შემოტანა/გატანის მცდელობის მხოლოდ 92 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ფინანსთა სამინისტრომ დეპუტატ თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად უთხრა, რომ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით გადასატან და უკან გასაბრუნებელ ტვირთებს შორის იყო:
- გემის ნაწილები
- რძის პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო დანადგარის ნაწილები
- თიხამიწის მილი და მონობლოკი
- კორპის საცობი
- ლაბორატორიული რეაგენტები, გამრეცხი საშუალებები, ლაბორატორიული პლასტმასის ნაწარმი
- ხსნარი აკრილის ან ვინილის პოლიმერების ფუძეზე
- საკვები დანამატები, ხილის სასმელი, ტუალეტის წყალი
- სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემები, საკალიბრაციო ხსნარები
- რეფლექტორები და ალუმინის რადიატორები
- კომპიუტერული ტექნიკა
- ავტონაწილები
- მობილური ტელეფონები
- კომპიუტერის მაინერის 307 პლატა
- ფრეონით დატვირთული 20 ცალი ბალონი
2023 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ათასზე მეტია ისეთი შემთხვევა, როცა ქართველმა მესაზღვრეებმა სანქცირებული ტვირთი საზღვრიდან გააბრუნეს.
„მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა, რომელიც ცდილობდა დეპუტატები დაერწმუნებინა, რომ საუბარი საქართველოს მიერ სანქცირებული ტვირთის გატარების შესახებ ჭორია და მტკიცებულებებს მოკლებული.
აი, რამდენიმე მონაცემი, რომელიც აჩვენებს, რა ტიპის პროდუქტების მიწოდება გაიზარდა საქართველოდან რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:
- 2022 წელს საქართველოდან ორჯერ მეტი ავეჯი, სამშენებლო კონსტრუქციები და არაორგანული ქიმიის პროდუქტები გავიდა, ვიდრე წინა წელს.
- 2022 წელს რუსეთში გავიდა იმაზე მეტი პარფიუმერული, კოსმეტიკური და ტუალეტის საშუალებები, ვიდრე 2009-2016 წლებში ჯამში.
- 2022 წელს 90%-ით გაიზარდა რუსეთში ელექტრული მანქანების, მოწყობილობებისა და მათი ნაწილების ექსპორტი 2021 წელთან შედარებით.
- 2022 წელს რუსეთში ექსპორტზე გატანილი ცილოვანი ნივთიერებები, მოდიფიცირებული სახამებლები, წებოები და ფერმენტები საერთო ჯამში უფრო მეტია, ვიდრე 2009 წლიდან 2021 წლამდე სულ ამ ტიპის პროდუქცია.
- 2022 წელს საქართველოდან რუსეთში გავიდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციაც: ორთოპედიული სამარჯვები, ლითონსაჭრელი, სახარატო და სხვა ჩარხების ნაწილები, ფოტოფირები, ცენტრიფუგები, აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავად ან გასაწმენდად.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ უკრაინაში ომის პარალელურად გაზარდა იმპორტი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც რუსეთის „პარალელურ იმპორტში“ აქტიურ მონაწილეობაში ამხილეს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მაისში რუსეთმა „პარალელური იმპორტი” დააკანონა, რაც მწარმოებლის ნებართვის გარეშე მისი პროდუქციის დიდი ოდენობით რუსეთში უპრობლემოდ შესატანად გახდა საჭირო.
რუსეთის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წლის 6 თვეში ქვეყანაში ასე 17 მილიარდი დოლარის საქონელი შევიდა. „პარალელური იმპორტი” სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად მიიჩნევა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ოფიციალურად საქართველო მიერთებულია საერთაშორისო სანქციებს, თუმცა ამის პარალელურად მთავრობის წევრებმა არაერთხელ დააყენეს სანქციების ეფექტიანობა და საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ საჯარო განცხადებებში.
„ჩემი ღრმა რწმენით, საქართველო გამოიყენება ტრანზიტად რეექსპორტისთვის და სანქციების გვერდის ავლისთვის. ექსპორტი იზრდება ისეთ ქვეყნებთანაც, რომლებიც რუსეთის მოკავშირე ქვეყნებად ითვლება, მაგალითად, სომხეთთან და ყაზახეთთან. ეს აჩენს ლოგიკურ აზრს, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს რეექსპორტთან. საქართველოში შემოდის პროდუქცია, აქ ხდება წარმოშობის ქვეყნის ცვლილება და გადის რუსეთში”, - ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ყაზახეთი და სომხეთი, რომლებსაც ის ახსენებს, უკვე მოხვდნენ დასავლეთის ყურადღების ცენტრში, როგორც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებისთვის შექმნილი სქემების მონაწილე ქვეყნები.
გასულ წელს სომხეთმა იმაზე ბევრად მეტი აიფონი იყიდა, ვიდრე ოდესმე - სავარაუდოდ ამ ტელეფონების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში რეექსპორტზე გავიდა.
2022 წლის მიწურულს ყაზახეთმა 4-ჯერ მეტი სარეცხი მანქანები შეიძინა ევროკავშირის ქვეყნებისგან, ვიდრე ამას მანამდე აკეთებდა - გაჩნდა ეჭვი, რომ მილიონი ევროს ღირებულების დანადგარები რუსეთის ფედერაციაში რეექსპორტისთვის იყო განკუთვნილი, სადაც ამ ტექნიკის მიკროჩიპები შესაძლოა გამოეყენებინათ სამხედრო წარმოებაში. ამ ვარაუდს ამყარებს ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ დატოვებულ სამხედრო ტექნიკაში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ამოღებული მიკროჩიპები.
BBC-ის რუსულ სამსახურს ყაზახეთში ღიად უთხრეს ტექნიკის მაღაზიებში, რომ მათ ქვეყანას რუსები იმ პროდუქციის საყიდლად იყენებენ, რომელიც რუსეთში ოფიციალურად აღარ შედის.
სომხეთი და ყაზახეთი რუსეთთან ერთად იმ ტოპ ათ ქვეყანაში შედიან, რომლებშიც საქართველომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე. გაზრდილია სამომხმარებლო ტექნიკის გატანის მაჩვენებელიც.
„საბედნიეროდ, დღესდღეობით არ მაქვს არანაირი დადასტურებული ფაქტი იმის შესახებ, რომ საქართველოდან სანქცირებული პროდუქცია ხვდება რუსეთში და იმედი მაქვს, ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ როცა რუსეთზეა საუბარი, ყოველთვის არსებობს საფრთხე თუნდაც შავი ხვრელების არსებობის ან არალეგალური გზების გამოყენების”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გუდაბანიძემ, ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორმა.
დსთ-ს ქვეყნებში ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდა 2022 წლიდან გახდა განსაკუთრებით თვალშისაცემი. 2023 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ნახევარზე მეტი, 58% დსთ-ს ქვეყნებში გავიდა, რუსეთი კი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა.
ექსპორტის ზრდას ცალსახად დადებით მოვლენად აფასებს ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი, გიორგი გუდაბანიძე, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველო გაცილებით მეტს უნდა აკეთებდეს ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.
„გასაგებია, რომ გვეზრდება ეკონომიკა, გვეზრდება საგარეო ვაჭრობა, უფრო მეტ პროდუქტს ვყიდით, მაგრამ ვყიდით ძალიან არასასურველ, ბევრი საფრთხის შემცველ ბაზარზე… რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია კოლაფსის გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისთვის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გუდაბანიძემ.
* მასალა შექმნილია Forset-თან თანამშრომლობით, პროექტის, Data for Crisis Fellowship ფარგლებში.