მაგალითად, ერთ-ერთი დაქირავებული, რომელიც ნარკოტიკების გასაღებისათვის იყო ნასამართლევი, სიკვდილის შემდეგ მამაცობის ორდენით დააჯილდოვეს და პეტერბურგში საზეიმოდ დაკრძალეს. ხოლო მკვლელობისთვის ნასამართლევი „ვაგნერელის“ პატივსაცემად სარატოვის ერთ-ერთი სკოლის ფასადზე მემორიალური დაფა დაამონტაჟეს.
ცოტა ხნის წინ კი რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა „ვაგნერის“ მოიერიშე ქვედანაყოფის მეთაურს, ანტონ ელიზაროვს, რომელიც ადრე თაღლითობისთვის ყოფილა ნასამართლევი.
„სურდა ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან“
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრთა საზეიმო დაკრძალვა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში იმართება. როგორც წესი, სწორედ დაღუპვის შემდეგ გამოდის სააშკარაოზე მსჯავრდადებული „ვაგნერელების“ საპატიმროში ყოფნისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის მანამდე უცნობი ამბები.
ამის ბოლო მაგალითია უკრაინაში დაღუპული ყოფილი პატიმარი და „ვაგნერის“ დაქირავებული, ალექსანდრ გლიზინი, რომელიც ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში მდებარე მშობლიურ ქალაქ ურაიში დაკრძალეს. ომამდე გლიზინი სვერდლოვსკის ოლქში მდებარე გამოსასწორებელ კოლონიაში იხდიდა სასჯელს და სწორედ იქიდან შეუერთდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, რომლის რიგებშიც დაღუპვამდე იბრძოდა. ადგილობრივ ცნობებს თუ დავუჯერებთ, გლიზინი უკრაინაში „გმირულად დაღუპულა“. მაგრამ თუ რაში მდგომარეობს მის გმირობა, უცნობია. ოჯახის ახლობლებს არ სურთ იმაზე საუბარი, თუ რისთვის იხდიდა სასჯელს საპატიმროში ალექსანდრ გლიზინი.
„არ ვიცი. ჩვენს სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით. მაგრამ მცირე ვადა ჰქონდა მისჯილი. ომში იმიტომ წავიდა, რომ სურდა სუფთა ფურცლიდან დაეწყო ცხოვრება და სიცოცხლეში რაიმე სასარგებლო გაეკეთებინაო“, - უთხრა გლიზინის დამ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.
მაგრამ უკრაინული ტელეგრამის არხებით გავრცელებული ცნობებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული „დაქირავებული“ გლიზინი თავის დროზე საპატიმროში პედოფილიის მუხლით მომხვდარა. მაგრამ გლიზინის სულ მცირე სამმა ნაცნობმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ იგი ციხეში ძარცვის გამო იჯდა.
საკუთარი დედის სასტიკი მკვლელობისთვის მსჯავრდებული “ვაგნერელი“
კსკ „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული ყოფილი დამნაშავის საზეიმო დაკრძალვის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა სვერდლოვსკის ოლქში მოხდა. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, ამას წინათ სვერდლოვსკის ერთ-ერთ რიტუალურ დარბაზში გამოეთხოვნენ და შემდეგ საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული დაქირავებული, სერგეი მოლოდცოვი, რომელიც საკუთარი დედის სასტიკი მკვლელობისთვის ყოფილა ნასამართლევი. ადგილობრივმა ურალის გამოცემა Е1-მა გამოაქვეყნა სერგეი მოლოდცოვის საბრალდებო დასკვნის ის ნაწილი, რომელშიც მის მიერ ჩადენილი დანაშაულია აღწერილი. „ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. მოლოდცოვი თავისი მოხუცი დედის ბინაში იმყოფებოდა. მან ხელებითა და ფეხებით არანაკლებ ექვსი დარტყმა მიაყენა დედას თავის, წელისა და კიდურების არეში“, - წერს ადგილობრივი გამოცემა.
იანვრის დასაწყისში ვოლგოგრადში უკანასკნელ გზაზე გააცილეს სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ კიდევ ერთი მებრძოლი, მარკ ზაროდკინი. მისი გვარი 2021 წელს აღმოჩნდა ადგილობრივ გამოცემებში მას შემდეგ, რაც ზაროდკინმა მოკლა თავისი ნაცნობი და შემდეგ მოკლულის გაუჩინარების ინსცენირებას შეეცადა.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი „ვაგნერელის“, დენის კოვზირინის პატივსაცემად მემორიალური დაფა აღმართეს სარატოვის №11-ე სკოლაზე. მაგრამ, როგორც რადიოსადგურ „ბი-ბი-სის“ რუსულმა სამსახურმა დაადგინა, კოვზირინი ნასამართლევი ყოფილა მკვლელობისა და იარაღის შენახვისთვის.
„ფრონტზე ყველა ერთია“
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, პუტინის „მზარეულად“ ცნობილმა, ევგენი პრიგოჟინმა, რომელიც გასულ წელს პირადად ხელმძღვანელობდა ზოგიერთი პატიმრის საომრად გადაბირებას, საჯაროდ მოითხოვა, რომ ოფიციალური პატივით დაეკრძალათ ფრონტზე დაღუპული დაქირავებული პატიმრები. პრიგოჟინმა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურადაც მიმართა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მებრძოლი დმიტრი მენშიკოვი დაიღუპა.
„ჯერ კიდევ გუშინ მე ვარწმუნებდი დმიტრი მენშიკოვს, რომ საჭიროა ომში წასვლა და სამშობლოსთვის სიკვდილი, რაც მან ღირსეულად გააკეთა. თუმცა, დღეს მისთვის პეტერბურგში სასაფლაოზეც კი არ მოიძებნა ადგილი. ასეთი სიტუაცია აღმაშფოთებელია“, - წერდა პრიგოჟინი ვიაჩესლავ ვოლოდინს.
მას მხედველობაში ჰყავდა ნარკოტიკების გასაღებისათვის ნასამართლევი დმიტრი მენშიკოვი, რომელსაც უკრაინაში სიკვდილის შემდეგ მიენიჭა მედალი „მამაცობისთვის“. რუსეთის პარლამენტის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი, უსიტყვოდ დაეთანხმა გავლენიანი პრიგოჟინის წინადადებას. „ფრონტზე ყველა თანასწორია: მოხალისეებიც, კსკ “ვაგნერის“ მოხალისეებიც და სამხედრო მოსამსახურეებიც. არ შეიძლება მათი დაყოფა, როცა საუბარია სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნაზე“, - ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საიტზე გამოქვეყნებულ ვოლოდინის კომენტარში.
საბოლოო ჯამში, ნასამართლევი მენშიკოვი პეტერბურგის ბელოოსტროვსკის სასაფლაოზე მოწყობილ გმირთა ხეივანში დაკრძალეს.
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის ცნობით, დონეცკის ქალაქ სოლედარის იერიშის დროს კსკ „ვაგნერმა“ მოკლულის სახით უამრავი მებრძოლი დაკარგა. როგორც გამოცემა „ფრთხილად! ახალი ამბებია“ იუწყება, დაღუპულთა გადმოსასვენებლად „ვაგნერი“ ქირაობს დიდი სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებსაც შუამავალი ფირმის სახით დაახლოებით 60 000 რუბლს ($870) უხდის 6 ტონა „ტვირთ 200“-ის წამოღების სანაცვლოდ. ერთი რეისის დროს მათ შეუძლიათ დაახლოებით 70 ცხედრის წამოღება. თუ რამდენი ასეთი რეისი შესრულდა უკრაინიდან, ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული პრაქტიკისგან განსხვავებით, არც კსკ „ვაგნერი“ და არც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა არ ასაჯაროებენ უკრაინაში მიმდინარე ომში განცდილ დანაკარგებს.
სამაგიეროდ ევგენი პროგოჟინმა იანვრის დასაწყისში განაცხადა, რომ ომიდან დაბრუნდა წარსულში ნასამართლევ „ვაგნერელთა“ პირველი ჯგუფი, რომელთა ყველა წევრს მოეხსნა ნასამართლობა. ექსპერტების შეფასებით, მთლიანად უკრაინაში საომრად გაიგზავნა ციხეებში „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული დაახლოებით 40 000 პატიმარი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 იანვრის საღამოს გამოაცხადა რუსეთის არმიის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის დაკავების შესახებ. ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ ქალაქი ერთი დღით ადრე და მხოლოდ „ვაგნერის“ დაჯგუფების მიერ მთლიანად იქნა აღებული.
ცენტრმა „დოსიემ“ დაადგინა სოლედარზე იერიშში მონაწილე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა მეთაურის ვინაობა. იგი აღმოჩნდა როსტოვის ოლქში მცხოვრები, ადრე თაღლითობისთვის ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი.
„ვაგნერის“ პრესცენტრის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პროგოჟინმა ელიზაროვი საზოგადოებას გააცნო, როგორც „სოლედარის ოპერაციის სარდალი“ და დაახასიათა, როგორც გამოცდილი მეთაური, რომელმაც ქალაქი ორი კვირის განმავლობაში „წუწუნის გარეშე“ აიღო. მაგრამ პრიგოჟინს მისი ვინაობა არ დაუსახელებია. მოგვიანებით სამხედრო უწყებასთან დაახლოებული ტელეგრამის არხებით გავრცელდა ცნობა, რომ „ვაგნერის“ მოიერიშე ქვედანაყოფის მეთაურს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
რა კომპრომატები აქვს დევნილ მედვედევს პრიგოჟინზე?
მაგრამ ცოტა ხნის წინ „ვაგნერი“ საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა გახვეული მას შემდეგ, რაც რუსული გასამხედროებული ჯგუფის ყოფილმა მეთაურმა ანდრეი მედვედევმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა ნორვეგიისგან.
„უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან პირველად ხდება, რომ „ვაგნერის“ ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში გაიქცა და მზადაა ჩვენება მისცეს“, - წერს უფლებადამცველი ფონდის, Gulagu.net-ის დამაარსებელი ვლადიმირ ოსეჩკინი.
ტომსკის ოლქის მოსახლე მედვედევმა „ვაგნერთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივლისში გააფორმა, ოთხი თვის ვადით. ის ლუგანსკის ოლქში მიავლინეს და ერთ-ერთი ქვედანაყოფი ჩააბარეს. მედვედევი ამბობს, რომ მონაწილეობდა ბრძოლებში ბახმუტის სიახლოვეს და იყო ყოფილი მსჯავრდადებულის, ევგენი ნუჟინის მეთაური. ნუჟინი, როგორც ვარაუდობენ, „ვაგნერის“ წევრებმა უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მოკლეს.
ნორვეგიაში მედვედევი გეგმავს ჩვენების მიცემას „ვაგნერის“ დამაარსებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ. კერძოდ, თუ როგორ უსწორდება „ვაგნერი“ ბრძოლიდან გაქცეულებს.
„ჩემთვის ცნობილია ათი ადამიანის დახვრეტის შესახებ. მათ შორის ორი არ იყო ტყვე, ისინი ნებით დაქირავებულები იყვნენ. ისინი ბრძოლის ველზე დაიჭრნენ, წავიდნენ პერვომაისკის ჰოსპიტალში და იქიდან შეეცადნენ გაქცევას. ისინი სასაზღვრო პოსტზე დააკავეს. მოვიდა ჯგუფი „მედი“, კომპანია „ვაგნერის“ უსაფრთხოების სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფი და დახვრიტა ისინი“, - ამტკიცებს ყოფილი დაქირავებული, ანდრეი მედვედევი.
თავის მხრივ, პრიგოჟინმა სამხედრო ტყეებისადმი „სასტიკ მოპყრობაში“ დაადანაშაულა ანდრეი მედვედევი, რომელსაც კსკ „ვაგნერის“ დამფუძნებელი „ვაგნერის“ ნორვეგიული ბატალიონის „ნიდხეგის“ წევრს უწოდებს.
„ის პასუხისგებაში უნდა ყოფილიყო მიცემული ტყვეებისადმი სასტიკი მოპყრობისთვის. კსკ „ვაგნერის“ უსაფრთხოების სამსახურს მოეპოვება ამომწურავი მასალა და მზად არის, რომ გადასცეს რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს. ის (მედვედევი) დღემდე იმყოფება ძებნაში. იყავით ფრთხილად, ის ძალიან საშიშია“, - წერს ევგენი პრიგოჟინი.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
უკრაინამდე რუსეთი „ვაგნერს“ იყენებდა სირიასა და აფრიკაში. „ვაგნერელები“ ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში. აშშ-ს პრიგოჟინისა და „ვაგნერისთვის“ სანქციები აქვს დაწესებული.
- ამ კვირაში, გამოცემა Politicо წერდა, რომ შეერთებული შტატები აგროვებს ინფორმაციას „ვაგნერელების“ საქმიანობაზე სერბეთში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ განიხილავს „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს.
- აშშ აპირებს აღკვეთოს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობა. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ, რომელიც 12 იანვარს ბელგრადში შეხვდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხვა საკითხებთან ერთად განიხილა „ვაგნერის“ საქმიანობა.
- ამ შეხვედრის შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მოითხოვა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მისი ქვეყნის მოქალაქეების დაქირავება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის.
- „ვაგნერის“ დამაარსებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კომპანია „არასოდეს ყოფილა სერბეთში“. პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერის“ შემადგენლობაში არ არიან სერბები და „უკვე დიდი ხანია არ ყოფილან“.