Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტმა რუსეთს მოსთხოვა, შეწყდეს "ვაგნერის" მიერ სერბი მებრძოლების დაქირავება


სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სერბი სამხედროების წვრთნაზე. 2022 წ. 3 ნოემბერი.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სერბი სამხედროების წვრთნაზე. 2022 წ. 3 ნოემბერი.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მოითხოვა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მისი ქვეყნის მოქალაქეების დაქირავება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ BBC იტყობინება.

როგორც ვუჩიჩმა თქვა, რუსული ვებსაიტები და სოცქსელების ჯგუფები სერბულ ენაზე აქვეყნებენ განცხადებებს, რომლებშიც მოხალისეებს მოუწოდებენ, ჩაეწერონ „ვაგნერის“ რიგებში. ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის კანონმდებლობა პირდაპირ უკრძალავს სერბებს უცხოეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას.

ადრე სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები და სპეცსამსახურები ამოწმებენ, მონაწილეობენ თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებში სერბეთის მოქალაქეები.

„ვაგნერის“ დამაარსებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კომპანია „არასოდეს ყოფილა სერბეთში“. პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერის“ შემადგენლობაში არ არიან სერბები და „უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილან“.

დეკემბრის დამდეგს მედიაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ „ვაგნერმა“ სერბეთში გახსნა „მეგობრობისა და თანამშრომლობის ცენტრი“.

ამერიკული გამოცემა Politico გასულ კვირაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ სულ უფრო მეტად აქტიურდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სერბეთში.

XS
SM
MD
LG