Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" ოპოზიციის აკრძალვაზე ისევ ფიქრობს - იოლია ამის გაკეთება?


„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, მაგრამ ოპონენტების გაქრობის წინასაარჩევნო დაპირებას ძალაში ტოვებს.
„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, მაგრამ ოპონენტების გაქრობის წინასაარჩევნო დაპირებას ძალაში ტოვებს.

ოპოზიციის გაქრობა ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომლისთვისაც „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მხარდაჭერას სთხოვდა. არჩევნების შემდეგ კი, „ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც შეძლებს.

კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვის პროცესის წამოწყება შეუძლია მთავრობას და პარლამენტის მინიმუმ 30 დეპუტატსაც.

პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება კი შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს.

  • რამდენად რთულია პოლიტიკური პარტიის აკრძალვა?
  • რა გამოცდილება არსებობს საქართველოში და სხვაგან?

„ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო, მაგრამ ოპონენტების გაქრობის წინასაარჩევნო დაპირებას ძალაში ტოვებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც შესაძლებელია და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ - თუ ისინი [ოპოზიციური პარტიები] გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას”.

„მეორე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, შეიძლება, ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით - „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი ერგო, ხოლო ოთხ ოპოზიციურ ჯგუფს, ჯამში - 61. ოპოზიცია ცესკოს შედეგებს არ აღიარებს და მომავალი პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს.

არჩევნების წინ, „ოცნების“ ლიდერები გასამართლებითა და აკრძალვით ემუქრებოდნენ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ - „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, „სატელიტებსა“ და „მემკვიდრე პარტიებს“, რაშიც ოპოზიციური პარტიების ძირითადი სპექტრი ექცევა.

„ვინც არ უნდა გადალახოს [საარჩევნო] ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს თავიდან“, - უთხრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს არჩევნებამდე, 2024 წლის აგვისტოში. იქვე ითქვა, რომ აკრძალულ პარტიას საპარლამენტო მანდატებსაც ჩამოართმევენ.

კონსტიტუციონალისტები თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ პარტიის აკრძალვას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება ეს განზრახვა ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დაასახელა“, - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა, ოქტომბერში.

ოპონენტების ასაკრძალად, „ოცნება“ მხარდამჭერებს სთხოვდა საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ მინიმუმ 113 სადეპუტატო მანდატის მოპოვებაში დახმარებას.

რა შემთხვევაში უქმდება პარტია?

საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონებით - „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. აკრძალვის, ანუ საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
  • ომის ან ძალადობის პროპაგანდა
  • ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება
  • შეიარაღებული ფორმირების შექმნა

სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს [30 დეპუტატი].

როდესაც კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობას, მოპასუხეა პოლიტიკური პარტია.

რა საფუძველს ხედავს “ოცნება”?

არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საფუძვლად - კონსტიტუციური წყობილების შესაძლო ხელყოფას ასახელებს; არჩევნებამდე კი ძირითადად აცხადებდნენ, რომ აკრძალვას საფუძვლად დაედებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება - რაც, თავის მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირდება.

„ქართული ოცნება“ ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას სდებს ბრალს და რუსეთ-საქართველოს ომს „გლობალური ომის პარტიის“ დაკვეთად თვლის.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ წარსულში ჩადენილი ქმედება ვერ ჩაითვლება პარტიის აკრძალვის საფუძვლად.

„უნდა არსებობდეს აშკარა და მყისიერი საფრთხე, დღეს. შესაძლებელია წარსულში არსებული ქმედებები გამოიყენო იმის მტკიცებულებად, რომ მსგავსი შეიძლება განმეორდეს; მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა აჩვენო [ქმედების] განგრძობადობა. სხვა შემთხვევაში, ვერ დააკმაყოფილებს აშკარა და მყისიერი საფრთხის ტესტს - ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტი“, - ეუბნება ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას.

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ ასევე კონკრეტული ქმედებებით უნდა იყოს დადასტურებული საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობასთან/ ძალადობით შეცვლასთან დაკავშირებული ბრალდება და, პოლიტიკური ჯგუფების ცალკეული პირების განცხადებები საფუძველს ვერ შექმნის.

„უნდა დამტკიცდეს, რომ პარტია სისტემურად, პროგრამულად ახორციელებს ამ ქმედებას და არ არის ცალკეული წევრების ინიციატივა. თუკი ცალკეული წევრის დანაშაული გამოიკვეთება, პასუხი უნდა აგოს მან და არა მთელმა პარტიამ“, - განმარტავს მენაბდე. ის ვერ ხედავს ვერცერთ კონკრეტულ საფუძველს, რომლის მიხედვითაც საქართველოში შესაძლოა დადგეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მტკიცებულებების პრობლემა არ ექნება.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის 51-ე ნომრის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მტკიცებულებები საკმარისზე მეტი აქვთ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ თუ არა - ამ საკითხზე ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმსჯელებენ.

„საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწოდებულია, ანტიკონსტიტუციური განცხადებები აკეთოს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს გაუწიოს ორგანიზება“, - უთხრა ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ინსტიტუციაში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა - პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურა თუ „აგენტების კანონის“ შეჩერების საკითხი - სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან სკეპტიციზმს არ მალავდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების ძლიერ ზეგავლენაზე ლაპარაკობდნენ. ამ ზეგავლენას უარყოფენ ხელისუფლებაც და სასამართლოც.

რა არის მიზანი?

„უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხის და ქვეყნის მტერია“, „გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა პროსახელისუფლებო „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამავე ინტერვიუში ის “მკაცრი სასჯელით” დაემუქრა ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მისი პარტიის წევრებსაც . საპატიო თავმჯდომარე მთელ ოპოზიციას „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“, „მომხრეებად და სატელიტებად“ თვლის.

წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ - თუკი დღევანდელი ოპოზიცია არ აიკრძალა - საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები ვერ გამოჩნდებიან და ვერც სრულფასოვანი არჩევნები ჩატარდება.

ოპოზიციური პარტიები და ექსპერტები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ ხელისუფლების სურვილზე - გააქროს ოპოზიცია და სათავისოდ მოასუფთაოს პოლიტიკური ველი.

აგვისტოში, როდესაც ოპოზიციის აკრძალვასა და ამ საფუძვლით - ბარიერგადალახული ოპოზიციონერებისთვის მანდატების გაუქმებაზე ლაპარაკობდა, ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ არ იქნება პრობლემა - თუკი პარლამენტში „ოცნება“ სულ მარტო დარჩება.

რა გამოცდილება არსებობს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა სექტემბრის დასაწყისში ფეისბუკპოსტში დაწერა, რომ - „ევროსაბჭოს სახელმწიფოებს შორის პარტიების აკრძალვის 150-მდე ფაქტია“. ჩამონათვალშია: უკრაინა 22, საფრანგეთი 13, რუმინეთი 9, ესპანეთი 4, იტალია 3, ნიდერლანდები 3, ბელგია, გერმანია, ავსტრია, ესტონეთი, მოლდოვა, დიდი ბრიტანეთი.

„პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ინო წილოსანის განცხადება მანიპულაციურია. ის არ აკონკრეტებს, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში აკრძალული პარტიები ნაცისტური, კომუნისტური, სეპარატისტული ან ისლამისტურია და ძალადობრივი, ტერორისტული, სიძულვილის ან დისკრიმინაციის წამქეზებელი, ან სეპარატისტული საქმიანობის გამო აიკრძალა, რითაც ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - ასე ახსნა „ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადება “მითების დეტექტორმა”.

ფაქტების მკვლევარმა პორტალმა ისიც დაადგინა, რომ წილოსანს მაჩვენებლები აღებული ჰქონდა უკრაინელი მკვლევრის, ბოჰდან ბერნაცკის სტატიიდან [„რატომ და როდის კრძალავენ დემოკრატიები პოლიტიკურ პარტიებს“]. თუმცა სტატიის დანართში ჩამოთვლილი ყველა ჯგუფი არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას და, მაგალითად, საფრანგეთის შემთხვევაში, სამი ასოციაცია ფეხბურთის ქომაგებს აერთიანებს.

პოლიტიკური პარტიების გაუქმების მაგალითები ევროპის ქვეყნებშიც მოიძებნება, თუმცა - თითოეული შემთხვევა, შიდა კანონმდებლობის გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მკაცრი სტანდარტებით ფასდება.

„პარტიის აკრძალვა სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე რთულად განსახორციელებელი ქმედებაა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილულია ათეულობით ასეთი საქმე, თუმცა უდიდეს უმრავლესობაში, სახელმწიფოებმა ვერ დაადასტურეს პარტიების აკრძალვის აუცილებლობა. არის ძალიან ბევრი ასეთი საქმე თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ - თუმცა არის საქმეები, როცა სასამართლომ დაადასტურა აკრძალვის საფუძველი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახუშტი მენაბდე.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, 1945-დან 2015 წლამდე ევროპის 20 ქვეყანაში 50-ზე მეტი პარტია აკრძალეს.

მათ დიდ ნაწილს ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე პარტიები წარმოადგენენ.

ჩამონათვალშია, მაგალითად:

  • საბერძნეთის კომუნისტური პარტია [1947]
  • გერმანიის სოციალისტური რაიხის პარტია [1952]
  • გერმანიის კომუნისტური პარტია [1956]
  • ჰოლანდიის სახალხო კავშირი [1979]
  • ავსტრიის ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია [1988]
  • სერბეთის დემოკრატიული პარტია ხორვატიაში [1995]
  • თურქეთის კეთილდღეობის პარტია [1998]
  • მაკედონიის ორგანიზაცია „ილინდენი“ ბულგარეთში [2001]
  • ჩეხეთის მუშათა პარტია [2010]

ზოგიერთ ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, რამდენიმე პარტია აკრძალეს.

მკვლევრები შენიშნავენ, რომ - აკრძალული პარტიების დიდი წილი ახალგაზრდა ან არასრულ დემოკრატიებზე მოდის. ამასთან, აკრძალული პარტიები ძირითადად მხარდამჭერების ვიწრო ჯგუფებს აერთიანებენ.

„ოცნებაში“ პარტიების აკრძალვას “ჩვეულებრივ დემოკრატიულ პროცედურას” უწოდებენ და ხშირად ახსენებენ მოლდოვასა და უკრაინას.

2022 წლის ივნისში უკრაინის სასამართლომ აკრძალა პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა, პარტია „სიცოცხლისთვის“ (OPZZh), რომლის ლიდერიც რუსეთის პრეზიდენტის მეგობარი და ნათლიმამა - ვიქტორ მედვედჩუკი იყო.

მედვედჩუკი 2022 წელს, უკრაინაში დააკავეს და სახელმწიფო ღალატის მუხლით გაასამართლეს. შემდეგ, კიევმა ის მარიუპოლში მებრძოლი „აზოვის“ პოლკის წევრებში გაცვალა და მოსკოვს გადასცა.

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20-მდე პარტია აკრძალეს. ყველა მათგანი რუსეთთან კავშირის გამო - ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. მათ ნაწილს, OPZZh-ის მსგავსად, საპარლამენტო ფრაქციაც ჰქონდა: „ოპოზიციური ბლოკი“, „ჩვენები“, „შარის პარტია“.

2022 წლის ივლისში, უკრაინაში ბოლომდე მიიყვანეს კომუნისტური პარტიის აკრძალვის პროცედურებიც.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ომში მყოფი უკრაინის მაგალითი არ გამოადგება.

2023 წლის ზაფხულში, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული პარტია „შორის“ აკრძალვის საფუძველი დაადგინა.

ეს პარტია დასავლეთის მიერ სანქცირებული ოლიგარქის, ძებნილი მსჯავრდადებულის - ილან შორის მიერ იყო დაფუძნებული. დადასტურებულია შორის კავშირები მოსკოვთან. ის კვლავ ცდილობს რუსეთის ინტერესების გატარებას მოლდოვაში.

შორი ჩართული იყო 2014 წლის მოლდოვის საბანკო სკანდალში, როდესაც თაღლითებმა მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან ჯამში მილიარდი დოლარი მოიპარეს.

ილან შორს ხედავდნენ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემის უკან, მოლდოვის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე.

საქართველოში პარტიის გაუქმების ერთადერთი შემთხვევა არსებობს

1991 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ აკრძალა საქართველოში საბჭოთა დროს მოქმედი კომუნისტური პარტია და სხვა კომუნისტური გაერთიანებები, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის 1991 წლის 26 აგვისტოს განცხადების საფუძველზე.

1997 წელს, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მონათესავე პარტიის წევრის განაცხადი, რომლითაც ის კომუნისტური პარტიის აკრძალვის კანონიერების განხილვას ითხოვდა. სასამართლოს განჩინებაში წერია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG