Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის დეკლარაცია პრეზიდენტის ქარტიის შემდეგ - რას ნიშნავს ერთიანობა?


პრეზიდენტის "ქართული ქარტიის" შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა "ერთიანობის დეკლარაციას"
პრეზიდენტის "ქართული ქარტიის" შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა "ერთიანობის დეკლარაციას"

​​​​​​​პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ერთიანობის დეკლარაციას“ ბრიუსელში აწერს ხელს. განმარტავენ,  რომ დეკლარაცია არ ნიშნავს პარტიული გაერთიანების ვალდებულებასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით გასვლას. 

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტიის [EPP] დეპუტატების მიერ იყო ორგანიზებული.

ბრიუსელში ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეათანხმეს ერთობლივი სამოქმედო გეგმა - როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის.

  • რამ განაპირობა დეკლარაციის საჭიროება პრეზიდენტის ქარტიის შემდეგ?

დაწესებული ვადა და პარტიების აჩქარება

„ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, მაისში, „ქართული ქარტიის“ წარდგენისას. ახლა კი, ოპოზიციის ნაწილი - უკვე "ერთიანობის დეკლარაციას" აწერს ხელს.

როგორც ხელმომწერ პარტიებში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას - გაერთიანებას არც დეკლარაცია გულისხმობს და სრულად შეესაბამება „ქართულ ქარტიასა“ და მის მიზნებს.

„ერთადერთი დამატებითი პუნქტი, რაც გაჩნდა [დეკლარაციაში], არის ის, რომ - სწრაფად არის საჭირო სტრატეგიულ ხაზზე შეთანხმება და 8 ივლისისთვის თითოეულ პარტიას უნდა ჰქონდეს საბოლოო პოზიცია ერთობასთან დაკავშირებით - იქნება ეს ერთიანი სია თუ რაიმე ტიპის იზოლირებული ერთობები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და ამატებს, რომ მისი პარტია „ერთიან სიას ამ ეტაპზე გამორიცხავს“.

„ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – „ერთიანობის დეკლარაციის“ ხელმომწერ პარტიებში ბოლო დროს ორი შესაძლო პოლიტიკური ცენტრი იკვეთებოდა.

  • თუკი ერთიანი სიის იდეა საბოლოოდ დამარცხდება, მომავალი არჩევნებისთვის შესაძლოა დაჯგუფდნენ: ერთი მხრივ - „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ხოლო, მეორე მხრივ - „ლელო“, “ახალი“, “დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

ამ პარტიებიდან ერთიანი სიის იდეას მხარს უჭერენ და პრაგმატულად თვლიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, “დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

„დიდხანს ფიქრი არ შეიძლება, ქმედებაში თუ არ გადავალთ“, -„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მნიშვნელოვნად თვლის, რომ დეკლარაცია პარტიებს ვადას უწესებს და ამით სწრაფად მოქმედებისკენ უბიძგებს. დეპუტატისთვის ასევე მნიშვნელოვანია დეკლარაციის პირობა, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის დაზღვევის მიზნით, პარტიებმა სტრატეგიული პარტნიორები მოძებნონ და „დადგნენ იქ, ვისთანაც ვის მიესვლება“.

„ჩვენ ასეთი ნაბიჯი უკვე გადავდგით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და კარგი იქნება, თუკი ამ პროცესში სხვა პარტიებიც მოძებნიან თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორს, რადგან „ქართული ოცნების“ მთელი სტრატეგია და მოლოდინი არის ის, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ბევრი ოპოზიციური პარტია და გადაულახავი 10% ხმების ხარჯზე დარჩნენ ხელისუფლებაში... მათ ჩვენ ამის შანსი არ უნდა მივცეთ. არჩევანი ნათელია - ან ევროპა, ან რუსული ჭაობი“, - გვეუბნება პაატა მანჯგალაძე.

"გავაძლიეროთ ძალისხმევა მოახლოებულ არჩევნებამდე, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს არც ერთი საარჩევნო ხმა, რადგან 5% ბარიერის გადალახვა არ წარმოადგენდეს პრობლემას“, - წერია ოპოზიციური პარტიების დეკლარაციის ტექსტში.

დეკლარაცია ვერ იქცა საყოველთაო გზამკვლევად.

ნებისმიერ პროდასავლურ პარტიას აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს „ერთიანობის დეკლარაციას“ და ეს ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგალითად - „რესპუბლიკურმა პარტიამ“.

თუმცა დეკლარაციას არ უერთდებიან, მაგალითად - „ევროპული საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“.

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობას არ განიხილავს“. პარტიაში აღნიშნავენ, რომ საჭიროა ერთობა - "ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნის - საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნების ირგვლივ, რაც ვერ შესრულდება ივანიშვილის ავტორიტარული და ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილების გარეშე“ და სწორედ ამიტომ მოაწერეს ხელი პრეზიდენტის ინიციატივას - „ქართულ ქარტიას“; ხოლო დეკლარაციაში მათთვის მიუღებელი არაერთი პუნქტია - მაგალითად, ერთმანეთის კრიტიკისგან თავშეკავების შესახებ.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ მანამდე არც პრეზიდენტის მიერ ინიციირებული „ქართული ქარტიისთვის“ მოუწერია ხელი. დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ახლა აუცილებელია მხოლოდ ერთადერთი ერთობა და ეს არჩევნების დაცვაა.

„სხვა ყველაფერი მოგვრჩება უკან, თუ ამაზე არ მოხდება კონცენტრირება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის“, - ამბობს ბუჩუკური მედიასთან.

ხელმოწერა ბრიუსელში

ოპოზიციურმა პარტიებმა - „ერთიანობის დეკლარაციას“ ბრიუსელში მოაწერეს ხელი და დოკუმენტი მანამდე გამოქვეყნდა, ვიდრე ისინი საქართველოში დაბრუნდებოდნენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოპოზიციონერ ლიდერებს მასპინძლობდნენ ორდღიანი შეხვედრის ორგანიზატორი ევროპარლამენტარები: ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი, გერმანელი - მაიკლ გალერი და სლოვაკი - მირიამ ლექსმანი.

სამივე ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელია და ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობას - ბოლო არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ ევროპარლამენტში.

„ვულოცავ საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ერთიანობის დეკლარაციას. ქართული ოპოზიციის შეთანხმება მომავალი არჩევნებისთვის ძალების გაერთიანების შესახებ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად“, - დაწერა 15 ივნისს X-ზე ანდრიუს კუბილიუსმა.

"ქართული ოცნებისა" და მისი განაყოფის - "ხალხის ძალის" წარმომადგენლები მწვავე კრიტიკით გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების მიერ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას.

"რა არის აქ გასაერთიანებელი, ისედაც ერთიანი არ იყვნენ? ვის ატყუებენ? ერთადერთი მადამ პრეზიდენტთან მესიჯი მოვიდა პატრონებისგან, რომ უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ამას ასრულებს ის ქალი. მორჩა", - ამბობს დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

რა წერია დეკლარაციაში?

ტექსტის თანახმად, დეკლარაციას საფუძვლად უდევს ორი მთავარი მიზანი, რაც არჩევნების გზით უნდა იქნეს მიღწეული:

  • ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს გათავისუფლება „ოლიგარქიისა და მის მონობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისგან“;
  • საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე.

„გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავერთიანდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში. ამას გავაკეთებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ყველა მოქალაქესთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ და იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს“, - აცხადებენ ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები.

პარტიები აპირებენ გააძლიერონ ძალისხმევა მოახლოებულ არჩევნებამდე - „რომ არ დაიკარგოს არც ერთი საარჩევნო ხმა“ და პირობას დებენ - „ეთიკური ფარგლების დაცვით“ გააგრძელონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და თავი შეიკავონ ერთმანეთზე თავდასხმისგან.

ასევე: ერთობლივად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას და შექმნან ერთიანი მმართველი კოალიცია“, არჩევნების შემდეგ - „ქართულ ქარტიაში“ მოცემული პუნქტების შესასრულებლად და არ მისცენ ხმა „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ მთავრობას.

დეკლარაციის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ ერთიანი ძალით დაუჭერენ მხარს - მომავალ პრეზიდენტსაც.

იგულისხმება თუ არა აქ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა?

ოპოზიციურ პარტიებში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ - ამ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა, რადგან ჯერ არჩევნებში გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატურა არჩევნების შემდეგ უნდა გამოვლინდეს.

"ვთხოვოთ დასავლელ პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში, რადგან ამის შესაძლებლობა შეიძლება გამიზნულად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ", - წერია დეკლარაციის ტექსტში.

სამოქმედო გეგმა სახელწოდებით „ქართული ქარტია“ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, შეკრებილ სტუმრებს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააცნო და განმარტა, რომ ქარტიის ხელმოწერა პოლიტიკოსებს საერთო ალიანსში გაერთიანებას არ ავალდებულებს.

პრეზიდენტის ქარტია ოპოზიციურ პარტიებს ევროპული იდეის ქოლგის ქვეშ აერთიანებს და, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - ითვალისწინებს სწრაფი რეფორმების გატარებას ათზე მეტი მიმართულებით, რის შემდეგაც, პრეზიდენტის გეგმით, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG