Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომეგას“ ჩანაწერები: ვინც არ ენდობა ყურებს, არ ენდობა არც თვალებს


„ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოვა, მანამდე პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 22 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სარდაფის ინციდენტთან დაკავშირებულ დეტალებს ასახავს. ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიცია ცდილობდა განემარტა პარლამენტის სპიკერისთვის, რომ სახუმარო ნამდვილად არ არის ბიზნესმენის „დარეკეტების“ ამსახველი ვიდეოჩანაწერი და არც ის ფაქტი, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის გვარი არაერთ დანაშაულში ფიგურირებს. კობახიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს არჩევნების შემდეგ მიხედავენ, თუმცა პერსპექტივა მაინც ბუნდოვანია.

ფარული ჩანაწერების მთელ იმ სერიასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა, ოპოზიცია პარლამენტში ძალოვანი მინისტრებისა და მთავარი პროკურორის დაბარებას ითხოვს. ეს ინიციატივა 22 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზეც დაისვა, მაგრამ საკითხი არ განხილულა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოკლედ განაცხადა, რომ ამის გაკეთება 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუმცა ფაქტია, რომ ფარულ ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევს „ქართული ოცნება“.

ვიდეოჩანაწერების შემდეგ, რომლებიც აუდიოჩანაწერებს მოჰყვა, ახლა უკვე სამგანზომილებიან ვერსიას (3D) ელოდება პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ 22 ოქტომბერს თქვა, რომ ვიდრე ასეთი ვერსია არ გამოჩნდება, „პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში“. ირაკლი კობახიძის ეს ხუმრობა სრულიად უადგილოდ მიიჩნია ოპოზიციამ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, „გამოქვეყნებული ვიდეოვერსია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებობს კრიმინალური მმართველობა და ადამიანთა ჯგუფი ეწევა ბიზნესის რეკეტს“.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი ვოლსკიც გამოვიდა სიტყვით. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ ნაწილი ფარულ ჩანაწერებში ასახულ საუბრებს დადგმულად მიიჩნევს და ოპოზიციას „ჩამოყალიბებული თაღლითის“, ბიუჯეტის მოვალე ზაზა ოქუაშვილის მფარველობაში დასდო ბრალი. შემდეგ, ამავე სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე დაინტერესდა, რატომ ხუჭავს თვალს ხელისუფლება ფარცხალაძის დანაშაულებრივ ქმედებებზე წარსულის ორი ფაქტის გათვალისწინებით:

  • როდესაც მთავარი პროკურორის პოსტზე მუშაობისას ოთარ ფარცხალაძემ სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და საკნიდან გაიყვანა ვანო მერაბიშვილი.
  • როდესაც აუდიტის სამსახურის კონკრეტული ანგარიშით უკმაყოფილო ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა სახელმწიფოს მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას.

აუდიოფაილები ვიდეოფაილებმა 22 ოქტომბერს შეცვალა. „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ჰყვება, თუ როგორ მოხდა „ავარია“, ანუ ინციდენტი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, სარდაფში. 2017 წლის 19 აპრილით დათარიღებული ფარული ჩანაწერი ასახავს შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობენ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და, სავარაუდოდ, კომპანიის სხვა მენეჯერები. საუბრის მიმდინარეობისას ლევან ყიფიანი ისტორიის ნაწილს თავისით ჰყვება, ნაწილსაც - საუბრის სხვა მონაწილეების შეკითხვების საფუძველზე აზუსტებს და ირკვევა:

  • ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოხვდა ოთარ ფარცხალაძის სარდაფში, რომელიც ჩანაწერში „სპეციალურ ოფისად“ არის მოხსენიებული;
  • ლევან ყიფიანი ამბობს, რომ მან ფარცხალაძეს შეაგინა, რის გამოც მას მოგვიანებით პასუხი მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილმა;
  • ლევან ყიფიანს სარდაფში სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს;
  • ლევან ყიფიანი აბსოლუტურად გააშიშვლეს და, როგორც ზაზა ოქუაშვილი აღნიშნავს ჩანაწერში, ეს ყველაფერი ჩამწერი მოწყობილობის ძებნის მიზანს ემსახურებოდა;
  • ლევან ყიფიანი ამბობს, რომ მას ფარული ჩაწერა არ ჰქონდა განზრახული;
  • ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძე „ძველი ბიჭივით“ იმიტომ იქცეოდა, რომ მას მხარდაჭერა აქვს ბიძინასგან.

თუკი ვიდეოჩანაწერის პირველ ფრაგმენტში მხოლოდ სამი ადამიანი მონაწილეობდა, კონფლიქტის დარეგულირების საკითხის განხილვის დროს საუბარში ხუთი ადამიანია ჩართული. მათ შორის კვლავ არიან ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი. ამ ეპიზოდში წარსულში არსებული კონფლიქტის დარეგულირების კონტექსტში სახელდებიან ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) და პოეტი დავით მაღრაძე. საუბარია შუამავლობის ცალკეულ ეპიზოდებზე ბიძინასა (წყაროს ინფორმაციით, იგულისხმება ივანიშვილი) და ოთარ ფარცხალაძესთან.

სპორტის ყოფილი მინისტრი ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო მანამდე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებშიც, თუმცა მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საუბრები მან და ზაზა ოქუაშვილმა საგანგებოდ, შეთანხმებულად ჩაწერეს. აუდიოფაილების ვიდეოფაილებით შეცვლის შემდეგ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ტყუილს საბოლოოდ აეხდება ფარდა და ვისაც არ ესმოდა, დაინახავს და ახლა მაინც დაიჯერებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG