ომბუდსმენის ანგარიში: ბოშათა მდგომარეობა მძიმეა
გიორგი გვახარიას სტუმარია სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი. გადაცემა „საუბარი თავისუფლებაზე“ ეძღვნება სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის იმ ფრაგმენტს, რომელიც ბოშათა მდგომარეობას ასახავს განათლების, ჯანდაცვის, ინტეგრაციისა და დასაქმების თვალსაზრისით. 8 აპრილი ბოშათა მსოფლიო დღეა. ბოშებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვთ პრობლემები. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ თემი მცირერიცხოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გახშირდა ბოშების მიგრაცია ევროპასა და თურქეთში, ხელისუფლება ისევ გამიჯნულია ბოშათა თემისგან. კობა ჩოფლიანის თქმით, ბოშების ძალიან მცირე ნაწილია სტაბილურად დასაქმებული. ბოშების უმრავლესობას მოუწესრიგებელი აქვს დოკუმენტები, ბოშა მოწაფეების დიდი ნაწილი დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ თავს ანებებს სწავლას. სახალხო დამცველი ამას ბოშების მძიმე სოციალური მდგომარეობით ხსნის.