მხოლოდ 2025 წლის იანვარში ორგანიზაციამ მიიღო 8 ათასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული რუსი სამხედრო მოსამსახურის მოძებნის თხოვნა.
უკრაინასთან ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული რუსი ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. ვლადიმირ პუტინის დისშვილმა და ფონდ „სამშობლოს დამცველის“ ხელმძღვანელმა, ანა ცივილევამ დაასახელა 45 ათასი, უკრაინული მხარე კი ამტკიცებს, რომ ფრონტზე დაახლოებით 60 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა დაკარგული. ასეა თუ ისე, რუსი ქალები განაგრძობენ ქმრებისა და შვილების ძებნას, ზოგიერთი მათგანი კი, როგორც პროექტ „ოკნოს“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ომის თემას იყენებს სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშების („ექაუნთების“) პოპულარიზაციისა და ფულის შოვნისთვის.
"ინსტაგრამი ჩემი დღიურია"
ირკუტსკელი ალიონა კიპრუშინა დაახლოებით ხუთი წელია ბლოგს აკეთებს Instagram-ზე: ერთწუთიან მოკლე ვიდეორგოლებში აჩვენებს, თუ როგორ უვლის და ზრდის შვილებს, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე და როგორც გათხოვდა. 2024 წლის აპრილში კიპრუშინას ქმარმა გადაწყვიტა ფრონტზე წასვლა. აქედან მოყოლებული ალიონას ექაუნთზე პოსტების უმეტესობა ომს ეძღვნება.
„ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ სჭირდებოდა თავისი ქვეყნის სამსახურში ჩადგომა, რომ მის გარეშე არანაირად არ შეიძლებოდა, - ამბობს კიპრუშინა, - ვფიქრობდი, სულელი ხომ არ არის, რომ ტყვიებს შეუშვიროს თავი-მეთქი? ის კი მოვიდა, პირადი საქმე მაგიდაზე დადო და ყურებამდე გაღიმებულმა გამომიცხადა, რომ მიდიოდა. ძალიან ამაყობდა თავისი საქციელით! მე კი ორი სიტყვის გადაბმა ვერ მოვახერხე. სადგურზე ჩემ გარდა ყველამ გააცილა. დამეწყო უარყოფის სტადია: ძალიან ვბრაზობდი, რადგან ბავშვებთან მარტო მტოვებდა. და რაც მთავარია, ნებაყოფლობით მიდიოდა და ჩვენ შეიძლება აღარასდროს გვენახა ერთმანეთი. ისე დავბრუნდი სახლში, რომ არც კი ჩავეხუტე, თუმცა მოგვიანებით, მიმოწერისას შევრიგდით“.
ომამდე ვალერი კიპრუშინი ცდილობდა სამშენებლო ბიზნესში დამკვიდრებას, მუშაობდა ექსპედიტორად. 2021 წელს აიღო რამდენიმე მიკროსესხი: თანხები მერყეობდა 1-დან 20 ათას რუბლამდე. ფრონტზე წასვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ალიონა კიპრუშინას ქმარმა ოჯახს უცნობი ნომრიდან მისწერა, რომ „ასე არასოდეს შეშინებია“, თუმცა რას გულისხმობდა, დეტალები არ დაუზუსტებია. მაისის ბოლოს ვალერი კიპრუშინი საბრძოლო დავალებაზე წავიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ალიონამ მისი ძებნა დაიწყო რუსი სამხედრო მოსამსახურეების ნათესავების ჩეთებში.
„მისი სამხედრო ნაწილის "ზამპოლიტი" (მეთაურის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში) ვიპოვე. მითხრა, შენი ქმარი უგზო-უკვლოდ დაიკარგაო. ასე ცუდად არასოდეს ვყოფილვარ. ალკოჰოლის დალევაც კი დავიწყე, სხვანაირად ვერ გავუმკლავდი ტკივილს“, - ამბობს ალიონა.
კიპრუშინამ დაიწყო წერილების გაგზავნა სხვადასხვა ინსტანციაში. ამასობაში ქალმა გადაწყვიტა, შვილებთან ერთად ირკუტსკიდან დონის როსტოვში გადასულიყო, რათა „ქმართან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ“. ალიონა გვამების ამოცნობის (იდენტიფიკაციის) ცენტრშიც მივიდა დნმ-ის ტესტის გასაკეთებლად, თუმცა ქმრის გვამი რუსეთის არცერთ მორგში არ აღმოჩნდა. ვალერის ასავალ-დასავალი არც სამხედრო ჰოსპიტლებში იცოდნენ.
ნოემბერში კიპრუშინას დაურეკეს ადამიანის უფლებათა რწმუნებულის (ომბუდსმენის) ოფისიდან და შეატყობინეს, რომ მისი ქმარი ტყვედ ჩავარდა. ურჩიეს, ქმრისთვის მიეწერა. ამ სიახლის შესახებ ალიონამ ჩაწერა რამდენიმე ათეული „სთორი“, აჩვენა, თუ რამდენად ბედნიერი იყო, თან სხვა სამხედროების ცოლებს უზიარებდა რჩევებს, თუ როგორ უნდა მოეძებნათ დაკარგული ქმრები, რომ შეუჩერებლად ეწერათ ინსტანციებში და არასოდეს დაეყარათ ფარ-ხმალი. ბოლოს კიპრუშინამ გამოაცხადა, რომ მისი ქმარი დაბრუნდებოდა შინ მას შემდეგ, რაც მოხდებოდა ტყვეების (150-150-ზე) გაცვლა. თუმცა ვალერი კიპრუშინი გასაცვლელ ჯარისკაცთა სიაში არ აღმოჩნდა, სულ მალე კი დიდი გაუგებრობა დაიწყო:
„ომბუდსმენმა სიტყვიერად დამიდასტურა, რომ ჩემი ქმარი ირიცხება სამხედრო ტყვეთა სიაში, თუმცა უარი მითხრა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის მოცემაზე, რადგან ეს, მისი თქმით, საიდუმლო ინფორმაცია იყო. თავდაცვის სამინისტროში, სადაც სპეციალურად ჩავედი მოსკოვში, მითხრეს, რომ სამხედრო ტყვეთა სიაში ჩემი ქმარი არ ირიცხებოდა. სამხედრო პროკურატურაში ყოფნისას, დარეკეს რამდენიმე ორგანიზაციაში, რომლებიც სამხედრო ტყვეების საკითხებზე მუშაობენ. არცერთ სიაში არ აღმოჩნდა“.
ვალერი კიპრუშინის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო წითელ ჯვარსაც არ აღმოაჩნდა. ამასობაში მკვეთრად, ათი ათასამდე გაიზარდა ალიონას ინსტაგრამგვერდის გამომწერთა რაოდენობა. ამასთან, მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კიპრუშინამ დეტალურად დაიწყო საუბარი ქმრის ტყვეობაში ყოფნის შესახებ. 2025 წლის თებერვლის პირველ კვირაში მისი კონტენტი 1 მილიონმა ადამიანმა ნახა.
„ყოველთვის ვსაუბრობ ჩემს ცხოვრებაზე. ასე იყო ომამდეც – ინსტაგრამი ჩემთვის დღიურია. როდესაც ჩემი ქმარი წავიდა ფრონტზე და დაიკარგა, ამ ყველაფრის მოყოლა დავიწყე. ასე უფრო მიადვილდება ცხოვრება. ამოვთქვამ ჩემს სათქმელს, ხალხი კი თავად წყვეტს, ნახოს თუ არა“, - ამბობს ალიონა, რომელიც თავის Instagram-ზე რეკლამის განთავსებითაც იღებს შემოსავალს, თუმცა ამაზე საუბარი მას არ სურს.
"ქალის ტვირთი"
Instagram-ზე ასობით რუსული ექაუნთია, რომელთა პროფილის სათაურებში მითითებულია „სამხედროს ცოლი“, „მობილიზებულის ცოლი“, „ველოდები ქმარს ფრონტიდან“. ეკატერინა სკრიპნიკი ნოვოსიბირსკში მასწავლებლად მუშაობდა, ახლა კი საკუთარ თავს „ბლოგინგის ექსპერტს“ უწოდებს. მისი ქმარი, რომელიც მობილიზაციით გაიწვიეს, ოთხი თვის წინ დაიკარგა, რაზეც ეკატერინა საკუთარ გვერდზე წერს. დაურეკა და მისწერა ყველა სახელმწიფო უწყებას, ჩავიდა დონის როსტოვში „დაღუპულთა მიღების, დამუშავებისა და გაგზავნის ცენტრში“, რათა ჩაებარებინა საკუთარი ხარჯით გაკეთებული დნმ-ის ანალიზის შედეგები და შეევსო საძიებო ბარათი. ეკატერინას თქმით, მას მოუწია გააქტიურება, რადგან „სამხედრო მეთაურები არ იყვნენ დაინტერესებულნი მისი ქმრის მოძიებით“. თავის სთორებში ის ჰყვება, თუ როგორ იდგა რიგში სხვა ათეულობით ქალთან ერთად „დაღუპულთა მიღების, დამუშავებისა და გაგზავნის ცენტრში“. ქმრის ძებნის შესახებ ჩაწერილი ვიდეოს საპასუხოდ, როგორც ქალი ამბობს, ასობით შეტყობინება მიიღო მობილიზებული ჯარისკაცებისა და სხვა სამხედრო მოსამსახურეების ცოლებისგან.
„პირდაპირ შოკირებული ვარ შეტყობინებების სიმრავლით. ჩვენი ქვეყნის ნახევარი დაკარგულია უგზო-უკვლოდ და არავინ იცის, კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ საყვარელი ადამიანების პოვნაში, - წერს ეკატერინა, - მე არ ვმუშაობ სამხედრო სტრუქტურაში, მხოლოდ ვაზიარებ ინფორმაციას, რომელიც მე თვითონ მოვიძიე ქმრის ძენის პროცესში“.
ქალის თქმით, ქმრის ხელფასისა და დანამატის გადახდა მაშინვე შეწყდა, როგორც კი მისი ქმარი დაკარგულად გამოცხადდა.
ეკატერინას ორი შვილი ჰყავს - სამი და რვა წლის. თავის პუბლიკაციებში სკრიპნიკი აღიარებს, რომ საკმაოდ კარგად გამოიმუშავებს: აქვეყნებს რეკლამას თავის გვერდზე და იძლევა ფასიან რჩევებს ბლოგინგთან დაკავშირებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი აუდიტორია 400 ადამიანიდან 20 ათასამდე გაიზარდა.
ვიდეოს, სადაც ქალი მეგობრების ნაკლებობასა და ქმრის ომში წასვლაზე ჩივის, 4 მილიონი ნახვა აქვს, ხოლო ვიდეო, რომელშიც ბლოგერი ქმრის დაკარგვაზე ლაპარაკობს, 2,5 მილიონმა ადამიანმა ნახა.
„ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო საოცარი კანონი: თუ ქმარი უგზო-უკვლოდ იკარგება, მისი ხელფასის გაცემა წყდება. ამიტომ ქალები იძულებულნი არიან, მთელი ტვირთი საკუთარ თავზე აიღონ. ღამით სასოწარკვეთილებისგან ვტირი, რომ ქმარს ვერ ვეხმარები. დილით კი, ყველაფრის მიუხედავად, ვდგები და ცხოვრებას ვაგრძელებ“, - ამბობს ბლოგერი ქალი.
ვიდეოს, რომელშიც ის ტირის და შემდეგ ჰყვება, თუ როგორ წავიდა დონის როსტოვში ქმრის ბედის გასარკვევად, თითქმის 10 მილიონი ნახვა აქვს. ეკატერინას ბლოგზე რეკლამით სპეციალური მენეჯერია დაკავებული. მისი პროფაილის „სტატისტიკის“ განყოფილებაში ნათქვამია, რომ ეკატერინას ბლოგი თებერვლის დასაწყისში (ხუთ დღეში) 3 მილიონ ექაუნთს (ანგარიშს) ფარავდა, რაც 5000%-იან ზრდას ნიშნავს. „სკრიპნიკის გვერდზე ვიდეოს განთავსება 5-6 ათასი რუბლი ღირს, სთორებში რეკლამა - 3,5 ათასი რუბლი“, - ამბობს მენეჯერი.
„ვფიქრობ, რომ ასეთი ბლოგერები ბევრს არ გამოიმუშავებენ, - ამბობს ნატალია შჩერბაკოვა, SMM სპეციალისტი, - საშუალოდ, 3-10 ათასი რუბლი პოსტზე ან რგოლზე (რილსზე). კარგი სახელისა და ბრუნვის მქონე კომპანიები, როგორც წესი, ასეთ ბლოგერებს არ მიმართავენ“.
"ჩემი სულელი..."
ბევრი ქალი ღიად არ საუბრობს უგზო-უკვლოდ დაკარგული ქმრის ძებნაზე. ვლადა ქალაქ პროკოპიევსკიდან ერთ წელზე მეტია ეძებს ქმარს. დენისი მობილიზაციით გაიწვიეს 2022 წელს. დილით მაღაროდან გამოსულს ჩააბარეს უწყება. მასთან კავშირი ერთი წლის წინ გაწყდა. ცოლმა ძებნა დაიწყო: დარეკა სამხედრო პროკურატურაში, თავდაცვის სამინისტროში და კიდევ რამდენიმე სხვა უწყებაში. უთხრეს, რომ დენისი უგზო-უკვლოდ დაკარგული იყო და, რომ ექვსი თვის შემდეგ მას გარდაცვლილად გამოაცხადებენ.
„სამსახურის შემდეგ, ვლადა მთელ დროს ინტერნეტში ატარებდა, აქვეყნებდა განცხადებებს სპეციალურ ჯგუფებში, ათვალიერებდა უკრაინულ ჩეთებს და ა.შ. - ჰყვება ვლადას ნათესავი სვეტლანა ზახაროვა, - ერთხელაც ერთ-ერთ ვიდეოში ვლადამ თავისი ქმარი ამოიცნო, სხვა ტყეებს შორის იმყოფებოდა. ეს ვიდეო სამხედრო ნაწილის მეთაურს გაუგზავნა. მეთაურმა უთხრა, რომ სავარაუდოდ ვიდეო ძველი იყო. მოკლედ, დენისი დიდი ხნის წინ ჩამოწერეს და დაივიწყეს. ოფიციალურად, ვლადა არ არის დენისის ცოლი, ამიტომ ყველა საბუთზე დედამისს უნდა მოეწერა ხელი. დედას კი უთხრეს, თუ მოინდომებდა, შვილს გარდაცვლილად გამოაცხადებდნენ და კომპენსაციას გადასცემდნენ. ერთი სიტყვით, სისხლი გაუშრეს ქალს. ღმერთმა იცის, რა გადაიტანა და რის ფასად მოახერხა ქმრის სამხედრო ტყვეების კატეგორიაში გადაყვანა. ექვს თვეზე მეტია, რაც ოფიციალურად ირიცხება სამხედრო ტყვეთა სიაში. გვეგონა, რომ თებერვალში დაბრუნდებოდა, მაგრამ გაცვლაში ვერ მოხვდა. თავად ვლადას არ სურს ჟურნალისტებთან საუბარი, ეშინია, რომ ქმარს მისივე თანამებრძოლები გაუსწორდებიან“.
2022 წლის თებერვლიდან რუსეთმა და უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) 16 000 სამხედრო მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის დაკავების შესახებ შეატყობინეს. ბოლოს მოსკოვმა და კიევმა სამხედრო ტყვეები 2025 წლის 5 თებერვალს გაცვალეს. რუსეთში 150 ჯარისკაცი დაბრუნდა, ამდენივე უკრაინელი ტყვე გადასცეს უკრაინას.
სურგუტელი 21 წლის დანილა გუბანოვის ცხედარს რვა თვეზე მეტია ეძებენ. მისი თანამებრძოლების თქმით, ჯარისკაცი მორიგი დაბომბვის დროს დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. გუბანოვმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა თავისი ბოლო ვიდეო, რომელზეც იგინებოდა და ჩიოდა მტრის მრავალრიცხოვანი დრონების გამო.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დანილა დარწმუნებული იყო, რომ გააწესებდნენ ტაჯიკეთში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში (201-ე სამხედრო ბაზა, განლაგებულია სამ ქალაქში - დუშანბეში, კულიაბსა და ბოხტარში). ჯარისკაცის დედის, ოლესიას თქმით, სწორედ ამას დაჰპირდნენ ახალწვეულს სამხედრო კომისარიატში, მაგრამ ის მალევე აღმოჩნდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. დედამ არ იცის, როგორ მოხდა ეს: ან მოატყუეს, ან თავად გადაწყვიტა ფრონტზე წასვლა. ოთხი თვე იმსახურა. შემდეგ შეწყვიტა კავშირზე გამოსვლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაიღუპა დონეცკის ოლქის სოფელ ნოვოალექსანდრივკასთან.
„მითხრეს, რომ მისგან მხოლოდ ფეხები, ჩექმები და შარვალი დარჩა. ჭურვები რომ გამოელიათ, დანილა, სხვა ორ ჯარისკაცთან ერთად, გაიქცა ბლინდაჟისკენ, რათა საბრძოლო მასალის მარაგი აეღოთ და სანგარში გადაეტანათ. სწორედ ამ დროს მოარტყეს... დამამშვიდეს. მითხრეს, რომ გმირი იყო, რომ არ ეშინოდა... ჩემი სულელი...“ - ამბობს ოლესია გუბანოვა.
ოლესიას შესთავაზეს, გამოეცხადებინა შვილი „დაღუპულად“ და მიეღო კომპენსაცია, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების ნათესავებს ეკუთვნით, მაგრამ, როგორც ქალი ამბობს, მას ფული კი არა, შვილის სხეულის ნაწილების მოძებნა და დასაფლავება უნდა. თუ კომპენსაციას აიღებს, სამსახურები შეწყვეტენ მისი შვილის სხეულის ფრაგმენტების ძებნას. „ფულს ჩემთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - ტირილით ამბობს ოლესია.
„მეთაური მეუბნებოდა, რომ დაინახა, როგორ დაიღუპა ჩემი შვილი, მაგრამ ბოლოს მითხრა, რომ ცხედარი არ უნახავს. ვკითხე: "აორთქლდა?" მორგშიც ვერაფერი მითხრეს და ცხედარიც ვერ იპოვეს, შესაძლოა, გააფორმეს როგორც "ამოუცნობი". ყველანი ერთხმად ამბობენ: "რა გინდა ჩვენგან, 14 ათასი ამოუცნობი ცხედარი გვყავს!". მერე მაკეევკაში წავედი, სადაც მისი თანამებრძოლები ვნახე. მითხრეს, როგორ დაიღუპა. უბრალოდ გვთხოვეს, არავის ვუთხრათ, რადგან ერთი არასწორი სიტყვის გამო შეიძლება 114-ე (საჯარიმო) ბატალიონში გაგზავნონ და "გაანულონ"“, - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.
"დედა, რატომ არაფერს აკეთებ?"
23 წლის ვლადისლავ ზახაროვი მიწერილი იყო ტაჯიკეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილში, სადაც მან ერთი წელი იმსახურა, რის შემდეგაც უკრაინის ომში წავიდა. როგორც ჯარისკაცის დედა, ელვირა ამბობს, ჯარში გაწვევამდე, თავისი შვილი ორჯერ მოარიდა მობილიზაციის ტალღას.
„დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი დაყოლიებას, მაგრამ ერთხელაც მითხრა: "რადგან ისინი უკვე ორჯერ მოვიდნენ ჩემთან, ეს ნიშნავს, რომ ბედისწერაა და უნდა წავიდეო". პირველ წელს მშვიდად მსახურობდა ტაჯიკეთში, შემდეგ კი საჭირო გახდა სხვების ჩანაცვლება. მოხალისედ წავიდა. კიდევ ერთხელ ვცადე დაყოლიება, მაგრამ არაფერი გამომივიდა“, – ამბობს ელვირა.
ვლადისლავი ფრონტის ხაზზე ორი თვე მსახურობდა. მისი ტანკი ნაღმზე აფეთქდა და დაიწვა. ეკიპაჟის სხვა წევრებმა მოახერხეს გადმოხტომა, მაგრამ აფეთქების ტალღა მათაც მისწვდა - შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა. ვლადისლავის ცხედრის ამოსვენება დროის გასვლის შემდეგაც ვერ მოხერხდა, რადგან ტანკი თითქოს სადღაც გაუჩინარდა.
„მეთაურმა ჯერ მითხრა, რომ, როცა ევაკუაციას იწყებდნენ, ცხედარი იქ იყო, მაგრამ ტანკიდან ვერ ამოიტანეს, მხოლოდ გარეთ მყოფთა ცხედრები წაასვენეს. მერე, რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა და მითხრა, მეორედ რომ მივედით, ტანკი აღარ იყოო. ვერ მივხვდი, რა იგულისხმა, სად შეიძლება გამქრალიყო ტანკი? სიზმარში ვხედავ ხოლმე ჩემს შვილს, რომელიც საყვედურით მავსებს: "დედა, რატომ არაფერს აკეთებ, რატომ არ მიგყავარ აქედან?" უკვე ექვსი თვეა ვტირი, სხვა არაფერი შემიძლია, რადგან აღარ ვიცი, ვის მივმართო. მივწერე სამხედრო პროკურატურას, მივწერე ომბუდსმენს, ყველას დავუკავშირდით, მაგრამ არანაირი აზრი ჩემს მიმართვებს არ აქვს“, - ამბობს ელვირა.
ვლადისლავის სხეულს ათი თვეა ეძებენ, აპრილში დაიღუპა. სავარაუდოდ, მისი ცხედარი როსტოვის მორგში გადაასვენეს. ჯარისკაცის დედამ ორჯერ ჩააბარა დნმ-ს ანალიზი, მაგრამ შვილის გვამს მაინც ვერ მიაგნო. სამხედრო ნაწილში აცხადებენ, რომ დამწვარ ძვლებზე ექსპერტიზის ჩატარება ძალიან რთულია, ჯარისკაცის ჟეტონები და სხვა საიდენტიფიკაციო ნივთები კი არ შემორჩენილა.
რამდენი რუსი ჯარისკაცია დაკარგული?
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ 12 თვიდან 6 თვემდე შეამცირა ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც დაკარგული ჯარისკაცი სასამართლომ შეიძლება დაღუპულად გამოაცხადოს. ექსპერტებმა მაშინ განაცხადეს, რომ, ერთი მხრივ, ნათესავები უფრო ადრე შეძლებდნენ კომპენსაციის მიღებას, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ჯარისკაცის ან მისი ნეშტის პოვნის შანსი. ჯარისკაცის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანა შეუძლია სამხედრო ნაწილის მეთაურს ჯარისკაცის ახლობლების თანხმობის გარეშეც. საკმარისია მათთვის შეტყობინების ფოსტით გაგზავნა.
Mediazona-ს ცნობით, 2024 წელს რუსეთის სასამართლოებში 20 ათასი ასეთი საჩივარი შევიდა - დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე 2023 წელს. მოთხოვნების უმეტესობა წარადგინეს სამხედრო ქვედანაყოფების მეთაურებმა, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაიწყეს დაკარგული მებრძოლების ამორიცხვა საშტატო განრიგიდან და ახლების მიღება. სასამართლომ ჯარისკაცი შეიძლება გამოაცხადოს გარდაცვლილად ან „დაკარგულად“ სამხედრო ნაწილის მოთხოვნით: ორივე შემთხვევაში ჯარისკაცს ჩამოერთმევა საშტატო თანამდებობა, ხოლო მისი ოჯახის წევრები ვეღარ აიღებენ სამხედრო მოსამსახურის ე.წ. ფრონტულ ხელფასს. მათ მხოლოდ კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცის ჩვეულებრივი ხელფასის (დაახლოებით 40 ათასი რუბლის) იმედი უნდა ჰქონდეთ. ფრონტზე დაღუპულის კომპენსაციის (დაახლოებით 12 მილიონი რუბლის) მისაღებად ოჯახმა უნდა წარადგინოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„ძალიან ხშირად ხდება, რომ ნათესავები წინააღმდეგი არიან, რომ სამხედრო ნაწილმა ჯარისკაცი დაღუპულად გამოაცხადოს, - ამბობს სამხედრო ადვოკატი ანონიმურობის პირობით, - ნათესავები შიშობენ, რომ ასეთი სტატუსის მინიჭების შემდეგ, სახელმწიფო შეწყვეტს დაკარგული ჯარისკაცის ძებნას. თუმცა ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ ჯარისკაცს გარდაცვლილად ან "დაკარგულად" გამოცხადებამდეც არავინ ეძებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მართლა შეუძლებელია“.
სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთის არმიის რიგებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობაზე მსჯელობა შესაძლებელია არაპირდაპირი მონაცემებით. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პუტინის დისშვილმა ანა ცივილევამ სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეების ნათესავებმა 48 ათასი დნმ ტესტი ჩააბარეს სხეულთა ფრაგმენტების იდენტიფიცირებისთვის. ალბათ, ცივილევა არ ელოდა, რომ მისი სიტყვები მედიაში მოხვდებოდა. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ანდრეი კარტაპოლოვმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ითხოვა, რომ ეს მონაცემები არსად გამოჩენილიყო.
ფორუმი