საქართველოს საკითხებზე მომუშავე სამი მაღალი რანგის ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ პოლიციის მიერ დემონსტრაციების დაშლის გამო.
„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებით პარლამენტში“, - წერენ დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიკსერი.
- დევიდ მაკალისტერი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა;
- მარინა კალიურანდი - ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე;
- სვენ მიკსერი - ევროპარლამენტის ესტონელი წევრი და საქართველოს შესახებ მომხსენებელი.
ევროპარლამენტარების შეფასებით, კანონპროექტი, რომელიც 17 აპრილს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმას წარმოადგენს.
„ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია. იგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ისინი მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებენ, „არ უღალატონ ქართველი ხალხის მისწრაფებებს“.
სამი ევროპარლამენტარი 18 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავს სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დასაშლელად ძალის გამოყენების გამო.
„მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვის უფლება ფუნდამენტური უფლებაა და იგი ერთგულად უნდა დაიცვან, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განურჩეველი ძალის გამოყენება არ შეიძლება, გამართლებული იყოს“, - წერენ ისინი.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია“.
ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია.
15-17 აპრილს საქართველოში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
16 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ხელკეტები.
აქციებზე არაერთი ადამიანი დაშავდა.
პროტესტი შარშან დემონსტრაციების შედეგად გაწვეული „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას მოჰყვა.
კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღეს.
ევროპელი ლიდერების განცხადებით, ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
საერთაშორისო გამოხმაურებებს შორის რუსეთის ფედერაცია ერთადერთია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ტრაექტორიას უწონებს.