Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსავალი კარგია, მსურველი არ ჩანს - რატომ აღარ ყიდულობს რუსეთი აფხაზურ მანდარინს?


როგორც წესი, საახალწლო დღესასწაულებამდე ორი კვირით ადრე, აფხაზეთში ციტრუსის ექსპორტი პიკს აღწევს, მაგრამ წელს ასე არ არის.

11 დეკემბრისთვის აფხაზეთიდან რუსეთში 10 ათას ტონაზე მეტი მანდარინი გავიდა ექსპორტზე, თითქმის 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე შარშანწინ. შარშან ცუდი მოსავალი იყო, მაგრამ დაახლოებით 25 ათასი ტონა მაინც გავიდა. არადა, წელს კარგი მოსავალია, ამბობენ, რომ 52 ათასი ტონა მაინც დაიკრიფება.

მახუნჯიელ ია გოგოხიას წინა წლებში მანდარინის მყიდველები კრასნოდარიდან, ჩეჩნეთიდან პირდაპირ სახლში აკითხავდნენ. წელს კი არც მყიდველი ჩანს და რაც იყიდება, ისიც "კაპიკებში" უნდათ. ორ კვირაში ახალი წელია და იას ოჯახს მოსავლის ნახევარიც კი არ მოუკრეფია.

"წლევანდელი არც თხილი გაგვიყიდია ჯერ, რადგან ფასი არ აქვს და 2 000 ლარიც არ გამოვა, სრულად რომ გავყიდოთ 2 ტონამდე თხილი. არადა, იმდენი შრომაა ჩადებული. ერთ თვეზე მეტი ვაგროვებდით. კილო მანდარინის ფასი ახლა 20 რუბლია (77 თეთრი), თან ახარისხებენ მაგასაც და არ ვიცით, ღირს თუ არა მოკრეფა საერთოდ. ასევე, რუბლის კურსი დაეცა და ძალიან დიდი კრიზისი გვაქვს", - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

აფხაზეთში ციტრუსებიდან ძირითადად მანდარინი მოჰყავთ. ის აფხაზეთის სავიზიტო ბარათია, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული. შარშანწინ მხოლოდ რუსეთში 68 ათასი ათასი ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე, შარშან 25 ათასი ტონა.

წლებია, რუსეთი აფხაზური მანდარინის გასაღების მთავარი ბაზარი იყო, პანდემიისას განსაკუთრებით, როცა ფედერაციის საზღვრები დიდწილად ჩაიკეტა. მხოლოდ 2020 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი რუსეთში ათჯერ გაიზარდა.

წელს კი საახალწლო სუფრაზე რუსეთში ძირითადად ჩინური და თურქული მანდარინი ექნებათ.

"რუსეთის ფედერაციაში ციტრუსები დიდი ოდენობით შედის ჩინეთიდან და თურქეთიდან. ბევრი მოვაჭრე ამ მანდარინებს აფხაზურად ასაღებს. ჩვენ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურს სამსახურს მივმართეთ ამის შესახებ", - ამბობს სოფლის მეურნეობის დე ფაქტო მინისტრი ბესლან ჯოპუა.

აფხაზური მანდარინის მიმართ რუსეთის ინტერესის დაკარგვას ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. მოსკოვი ელოდება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს გადაწყვეტილებას - ბიჭვინთის აგარაკებისა და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი ფორმალურად გადაჭრილი ისევ არ არის.

"ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკური ნაწილია, ვიდრე საბაზრო. რუსეთი ამას იტოვებს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად და შესაბამისად, ეკონომიკური ბერკეტები მძლავრი აღმოჩნდება პოლიტიკური ზეწოლისთვის. რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას, შეთავაზება ყოველთვის არსებობდა და საბაზრო ფასად მათ ახლაც შეუძლიათ საქართველოს მიმართულებით წამოიღონ ციტრუსები და ისარგებლონ ამ კორიდორით. უბრალოდ, აქაც რუსული ბლოკპოსტები ქმნიან პრობლემას. თუ გამოვა ფარულად, თორემ ისინი [რუსები] რეალურად ამას ხელს უშლიან", - ამბობს ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი.

აფხაზი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ფერმერი ნუგზარ აგრბა ეხო კავკაზასთან ჰყვება, პარადოქსია, რომ მანდარინი ბევრია, ბითუმად მოვაჭრეები კი არ ჩანან.

"ბევრი ისეთი ნაკვეთია, სადაც ორი-სამი ტონა მოსავალი არ არის აღებული და მანდარინები ისევ ხეებზეა. მოკრეფაც კი წამგებიანი ეჩვენებათ... შარშან რუსეთში ყოფნისას თავად დავრწმუნდი: მაროკოული მანდარინები, თურქული, აჭარული, ჩინური - ჩვენსას ვერ შეედრება. ჩვენი უფრო გემრიელი, წვნიანი, ჯანსაღი, უფრო სურნელოვანია... ხალხს მანდარინი ულპება, ვერ ყიდიან, გაუგებარია ვის აძლევს ეს ხელს", - ამბობს ნუგზარ აგრბა.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG