„წერილები წარსულიდან“ - ამ წიგნში ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონის, მიხეილ ჯავახიშვილის, მერაბ კოსტავას... პირადი წერილებია. წიგნი თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ გამოსცა.
ალბომი მარჯორი უორდროპის წერილით იწყება. ილია ჭავჭავაძეს სწერს, შენი „განდეგილი“ ვთარგმნე და ინგლისელებს მინდა გავაცნოო. წერილიდან ჩანს, რომ, სხვა უცხოელებივით, ქართული სიტყვების ბრუნვაში ჩასმა უორდროპსაც უჭირდა. „ჩემი ძმა დიდი პატივი ქონდა, რაოდენიმე წელიწადი უკან ტფილისში თქვენი გაცნობა ქმნა“, - წერს ის. სანაცვლოდ ილიას პასუხია გამართული: „სასურველია ერმა ინგლისისამ იცოდეს, რომ ამ ჩვენ პატარა ქვეყანაშიაც საქმობს გონება და იძვრის გული“.
1873 წელს ნიკო ნიკოლაძემ ევროპაში გამგზავრების წინ „დროებაში“ წერილი გამოაქვეყნა: „მშვიდობით, მშვიდობით“. ამ წერილს ილია ჭავჭავაძე სულით ხორცამდე შეუძვრია. ნიკოლაძეს სწერს, არ მჯერა, „მდუღარე“ კაცი ხარ და ალბათ წუთიერმა მღელვარებამ გათქმევინა ეს ყველაფერიო: „ვის ესალმები და რას ესალმები? სად მიხვალ, სად? იქაო, ამბობს შენი ფელეტონი, საცა უკეთესი ცხოვრებააო. არა, ერთი მითხარ, მაგას ლუარსაბ თათქარიძე კი ვერ იზამდა?!“
აქვეა ახალგაზრდა ილიას წერილი ოლღა გურამიშვილადმი. როგორც ჩანს, გურამიშვილებს ილია სიძედ მაინცდამაინც არ მოსწონდათ და მასაც საყვარელი ქალის დამშვიდება უწევს:
„რა გაშფოთებს? შენ ჩემი ხარ, ჩემო მეგობარო, და ჩემი იქნები. დე, მამაშენმა, თუკი უნდა, უარი თქვას, განა ოლიკოს უიმისოდ არ შეუძლია ჩემად გახდომა? რას იზამს? თუ ცოტათი მაინც გიყვარვარ, მშფოთვარე ფიქრებს თავი ანებე. თავს ნუ იღელვებ. რა უნდა მოხდეს, დიდი-დიდი მზითვებზე უარი გითხრან... ნუთუ ისეთი უვარგისი ვარ, რომ პური არსობისა შრომით ვეღარ მოვიპოვო? არ იფიქრო, ჩემო მეგობარო, არ ვარ ასეთი...
შენ მაინც ღელავ და თან მოწყენილი ხარ. შენ ან სულ არ გჯერა ჩემი, ან ეჭვიანი ხარ, ძალზე ეჭვიანი, ანდა არ გებრალები... ჩვენ ხომ დიდად მომთხოვნი არა ვართ. ურთიერთ სიყვარულითა და ნდობით მცირედითაც დავკმაყოფილდებით. მაშ, რაღა გვაწუხებს? იცოდე, რომ ილიკოს შენში მხოლოდ შენ უყვარხარ და ყოველგვარ უბედურებაში შენთან წმინდა იქნება. ნუ მაწყენინებ!“
შემდეგი წერილი წლების შემდეგაა დაწერილი, ამჯერად ოლღა გურამიშვილის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელზე. წიწამურის ტრაგედია უკვე მომხდარია. ოლღა მხოლოდ იმას ითხოვს, სადმე ქმრის საფლავთან ახლოს მიეცეს ბინა:
„მსურს ვიდგე მთა-წმინდის უბანში გზის პირას. ამ ახალი ბინიდამ მე ხშირათ, ჩემ სანუგეშოთ, ავალ ხოლმე წმინდა დავითის მონასტერში მგოსანი ილიას ნეშტის თაყვანისსაცემლად“.
„ღენერალობის იმედიცა მაქვს“.
გენერლობის იმედი ნიკოლოზ ბარათაშვილს ჰქონდა. ამისთვის ჯერ დაღესტანში სამსახურია საჭიროო, ზაქარია ორბელიანს სწერს და მერე დის ქორწილის ამბავს უყვება - კატო ბარათაშვილი ახალგორში გაუთხოვებიათ და ოსური სიმღერებიც უმღერიათ. ტატო კმყოფილია, რომ და მშვიდ, მდიდარ და უვალო ოჯახში მოხვდა.
სხვა წერილში მეორე ორბელიანს, გრიგოლს, ეხუმრება: „შევიტყვეთ, რომ თურმე ფრანციცულს სწავლობ. ერთმა ქალმა შემოგითვალა: „სპარსულად ნათქვამიაო: ოც და ათ წელიწადს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო“.
შემდეგ მაიკო ორბელიანს სწერს, მისი ყველაზე გულწრფელი წერილების ადრესატს, ჩვენ წელს ოცდაექვსი წლის შევსრულდით, ყველაფერი წინა გვაქვსო... ბედის ირონიით, ამ წერილიდან ერთ წელიწადში ტატოს ავადმყოფობა მოკლავს, რამდენიმე წლის შემდეგ კი მაიკოც გარდაიცვლება.
„ვიცი, რომ გიყვარვარ, მაგრამ შენმა გაზდამ, არც შენ ჩემსავით უყვარხარ ვისმე (ერთის მეტს). ვის ნათესავებს ემდური? თითქოს არავის იცნობდე! განა ქართველებში არის მეგობრული და ნათესავებრი გრძნობა? - არა!.. ერთი შემატყობინე, რატომ ეგ შენი ქაჩალი ძმა წიგნს არა მწერს? ივანეს კიდევ არ დავემდურები, ამიტომ, შენი ძმის წყალობით, რაც ტვინი ჰქონდა, ისიც ყაბახზედ დააბნია!... მანანა მოკითხვითაც არა მკითხულობს?... ახლა ჩვენ ვიღას მოვაგონდებით, ვიღაც ორი ტლუ ბიჭი გდია ნახეჩევანში! ახლა ცა ახალია, ქვეყანა ახალია და მოდაში ოთხმოცის წლის კაცები არიან!“
„უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ“...
მიხეილ ჯავახიშვილი ქართული ენის გადაგვარებით არის შეშფოთებული, ძალიან ბევრი რუსული სიტყვა შემოვიდა, ქართველები ქართულად წერისას ისე ცოდვილობენ, თოთქოს ბერძნულს ან ლათინურს წერდნენო:
„უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში“.
ალბომში მელიტონ ბალანჩივაძის წერილიცაა ზაქარია ფალიაშვილისადმი. ხალხური სიმღერები კი მშვენივრად შეგიდგენია, მაგრამ: „ილაჯი მიაქვს ამოდენ დელა ოდელას, ორიდელა ნანინას და სხვა ამგვარს, მეტადრე იქ, სადაც სიმღერა იწყება და მთავრდება ამ იდიოტური სიტყვებით“, - წერს ის.
„წუხელ სიზმარში გნახე“
„წუხელ სიზმარში გნახე: თითქოს პატარა კი არა, მოზრდილი ვარ და მაინც აკვანში ვწევარ. მთელი აკვანი ოქროს ძაფისაგან იყო მოქსოვილი და თითოეული ძაფი სხვადასხვა ფერად ბრწყინავდა“, -წერს ოლია ოკუჯავა გალაკტიონს. გალაკტიონი საქართველოშია, ოლია - გადასახლებაში. უკვე იმედიც არა აქვს, რომ უკან დაბრუნდება. ვერც დაბრუნდა, 1941 წელს დახვრიტეს.
„ჩემო ძვირფასო, ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ. შეგხვდები კი იდესმე? ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე. შინ ყოფნა მინდა. მორჩა და გათავდა!!! თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი... ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილების წერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს. მშვიდობით!“
კიდევ ერთი ნაწყვეტი სხვა წერილიდან: „გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ. დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება“.
ძალაუნებურად მირზა გელოვანი გახსენდება: „ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში“...
არანაკლებ ტრაგიკულია თავად გალაკტიონის წერილები. მას, ილია ჭავჭავაძისგან განსხვავებით, თავისი ოლიას დამშვიდება არ გამოსდის:
„საშინელი მარტოობაა, რა უსაზღვრო უთვისტომობაა... რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას... მეშინია, ოლოლ, მეშინია!...“
„ეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით“.
„... და ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში თანდათან ვრწმუნდები: მე, თურმე, მთელ დედამიწის ზურგზე არ შემიძლია არავისთან გულწრფელი საუბარი და წერილის მიწერა... აი, თუნდაც ეს წერილი... ვერას გზით ვერ გავიგე, რა მინდა ვთქვა და რასა ვწერ“.
„შევედი ეკლესიის ეზოში და დიდხანს ვიწექი ქვაზე, შემდეგ წარწერებს ვათვალიერებდი. გავიცანი ბევრი მკვდრები... აი, თუნდაც შენო! - მითხრა ერთმა მკვდარმა. - ნუ გეწყინება და ეხლაც თუ მე შენ არ გჯობდე, დამიმტვრიე ეს ძვლებიო...“.
„ეხლა ვწყვეტ წერილი სწერას, სახლის პატრონის ბავშვი შემოვიდა და სამელნე მთხოვა. კალამიც წამართვა, ასე რომ... შენი. გ.“