Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნჰაუზენი მთვარისკენ მიფრინავს


ნოდარ მგალობლიშვილი
ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი, იგივე ჰაკი აძბა, იგივე თეიმურაზ ხევისთავი, იაგო და მიუნჰაუზენი... 26 მარტს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი.

„სპექტაკლი „გაროტა“ სიკვდილით დასჯის სცენით მთავრდებოდა. ნოდარ მგალობლიშვილის გმირი სკამზე იჯდა და არაფერს შვრებოდა. არ ვიცი, ეს რამდენი ხანი გრძელდებოდა, მაგრამ მის სახეზე იკითხებოდა ყველაფერი, რასაც ადამიანი სიკვდილამდე ერთი წუთით ადრე ფიქრობს“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური.

ნოდარ მგალობლიშვილი1931 წლის 15 ივლისს გომბორში დაიბადა. 1954 წელს შ. რუსთაველის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და მარჯანიშვილის თეატრში მუშაობა დაიწყო. 1976 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს, 1979 წელს - სახალხო არტისტის, 2001 წელს - ღირსების ორდენი. ამ უკანასკნელზე პროტესტის ნიშნად თქვა უარი.

„როდესაც ადამიანს ღირსებას ართმევენ, მას ღირსების ორდენი აღარ უნდა მიანიჭო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეიძლება მიაყენო შეურაცხყოფა, ხელფასი არ მისცე, გაუყინო და შემდეგ ორდენი მისცე. 37 წელს მეტი არაფერი ხდებოდა”,- თქვა მაშინ.

ლელა ოჩიაური ამბობს, რომ მსახიობი როლებით მაინცდამაინც არ ანებივრებდა ხალხს, ძალიან ფრთხილად არჩევდა რეჟისორსაც, რომელთანაც უნდა ემუშავა. თუ საბოლოოდ მაინც გადაწყვეტდა თამაშს, როლსაც და მწერალსაც საფუძვლიანად შეისწავლიდა. არასდროს ააგებდა როლს ეფექტებზე. მისი „სამუშაო იარაღი“მეტყველი გარეგნობა და თვალები იყო.

„ძალიან განათლებული, გემოვნებიანი და ჭკვიანი კაცი იყო და იცოდა თავისი ფასი. ეს გამოარჩევდა ბევრ სხვა მსახიობისგან. არასდროს კარგავდა ობიექტურობას. თითქოს ჯინი ჰქონდა, რამე ხარვეზი ეპოვა თავის შესრულებულ როლში და შემდეგ გამოესწორებინა.

„ჯაყოს ხიზნები“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლია ქართულ თეატრში. ცხადია, იცნობდა ჯავახიშვილის შემოქმედებას, მაგრამ მაინც 15-ჯერ წაიკითხავდა და ისეთ რაღაცებს პოულობდა... საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა როლის მიმართ და ამიტომაც გამოსდიოდა ასე ხარისხიანი“, - ამბობს ლელა ოჩიაური.

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი „ჯაყოს ხიზნებში“
please wait

No media source currently available

0:00 0:01:31 0:00

ნოდარ მგალობლიშვილი თეატრის მსახიობი იყო, თუმცა კინოშიც თამაშობდა. თეატრში მისი შესრულებული როლებია: ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“ - ფრედი; ლილი იოსელიანის„ჩვენი ერთი საღამო“ - ვახტანგი; კარლ ჩაპეკის „დედა“ - ტონი; ედუარდ როსტანის„სირანო დე ბერჟერაკი“ - ლე-ბრე; ვ. კოროსტილევის „ასი წლის შემდეგ“ - რილეევი; ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ - მოშიაშვილი; ჰენრიკ იბსენის„მოჩვენებანი“ - ოსვალდი; გრიგორ გორინის „ბარონი მიუნჰაუზენი“ - მიუნჰაუზენი; ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ - ჰაკი; უილიამ შექსპირის„ოტელო“ - იაგო; მიხეილ ჯავახიშვილის„ჯაყოს ხიზნები“ - თეიმურაზ ხევისთავი; ფეოდორ დოსტოევსკის „მარადი ქმარი“ - ტრუსოცკი...

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG